Friday, September 16, 2011

ბავშვობის მოწყენილი დღეების ნახატები და ბროკ პოდუჩეკი

ბავშვობაში, როცა მოწყენილ დღეებში სახლში ვიჯექი, სკოლის ამბები არ მადარდებდა და გარშემო ჩემხელა არავინ დაიარებოდა, ჩემი არაკომუნიკაბელურობა რომ მომეშორებინა და ბავშვებთან თამაში მესწავლა, სასაცილო რამეებს ვხატავდი და მაგიდის უჯრაში ვაწყობდი მანამ, სანამ ძალიან ბევრი არ დაგროვდებოდა და მერე ერთიანად არ გადავყრიდი.

ცოტა მერე, როცა სკოლის ამბები მადარდებდა და დღეები ისევ მოწყენილები იყვნენ, მაინც არაკომუნიკაბელური ვიყავი და მოწყენილ დღეებში დახატულ რამეებს კედლებზე ვაკრავდი, სანამ იმდენი არ დაგროვდებოდა, რომ ყველას ერთად ჩამოვკრეფდი და სადღაც გადავყრიდი.

კიდევ უფრო ცოტა მერე, როცა ჩემი და გაიზარდა და კედლებზე უკვე მის ნახატებს ვაკრავდით.

მაშინ რომ გვეფიქრა, რომ ეს ნახატები მოწყენილ დღეებში დახატული სულელური ბავშვური რაღაცეები კი არა, მშვენიერი რამეები იყო და იმის მნიშვნელობის შეგრძნება გვქონოდა, რასაც ჩვენ ვაკეთებდით, შეიძლება ყველაფერი სულ სხვანაირად ყოფილიყო.

შეიძლება ჩვენ ახლა ვინმე ბროკ პოდუჩეკები ვყოფილიყავით, ხატვა გაგვეგრძელებინა და სულ სხვა ამბებში ვყოფილიყავით გახვეულები.

მართალია, სულაც არ ვიცი, ვინაა ვინმე ბროკი და როგორ ცხოვრობს, თვლის თუ არა, რომ რასაც აკეთებს, მნიშვნელოვანია და საერთოდ, აქვს თუ არა ბედნიერების ისეთი  მძლავრი მოთხოვნილება, როგორიც მე მგონია, რომ ყველა ნორმალურ ადამიანს უნდა ქონდეს.

ან ფიქრობს თუ არა საერთოდ იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია საქმე, რომელსაც აკეთებს.

ან რას იფიქრებდა, რომ გაეგო, რომ ერთმა ტკბილმა და გენიალურმა ნასტასიამ სადღაც შორს მაგისი ბლოგი იპოვა და იმის მერე ფიქრობს, რის მიხედვით ანიჭებენ ადამიანები ამ თუ იმ რამეს მნიშვნელობას, სახელს, სტატუსს.
მაგრამ მე სრულიად არაფერი არ ვიცი ვინმე ბროკზე გარდა იმისა, რომ  ამერიკელი უნდა იყოს, ხატავს და მუსიკას წერს, გამოფენების მოწყობაც მოუსწრია აქამდე და არის ასე.
სიმართლე რომ ვთქვა, არც არაფერში მაინტერესებს ვინაა ეს ბიჭი, ბავშვური ნახატებით და ისეთი მუსიკით, ახლა თითქმის ყველა მეორე რომ წერს.

და საერთოდ, ეს ბიჭი არაფერ შუაშია.
უბრალოდ, რაც დრო გადის, უფრო და უფრო ხშირად ვფიქრობ, რატომ ხდება ის, რაც ხდება.
როგორ უნდა ისწავლო ბედნიერების და კმაყოფილების შეგრძნება და როგორ უნდა გიყვარდეს საქმე, რომელსაც აკეთებ და საერთოდ, რის მიხედვით ირჩევ საქმეს, რომლის კეთებასაც იწყებ.

წესით ბოლო პერიოდში ბედნიერების და კმაყოფილების უფრო მეტი მიზეზი მაქვს, ვიდრე აქამდე მქონია.
 მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ვზივარ ხოლმე დილიდან საღამომდე და ვერაფრით ვერ ვხვდები, როგორ მოხდა, რომ მე ახლა სადმე სუფთა ჰაერზე კი არა, აქ ვზივარ; მე სადმე კი არ დავდივარ, აქ ვზივარ. მე რამე საოცრებას კი არ ვაკეთებ, აქ ვზივარ. დაღამებამდე აქ ვზივარ. გარეთ უფრო საინტერესო რამეები ხდება და სადმე სხვაგან უფრო სიამოვნებით ვიქნებოდი, მაინც აქ ვზივარ.

ნელნელა სრულიად გაცნობიერებულად და გეგმაზომიერად უარს ვამბობ რაღაცეებზე, რაც როდესღაც მნიშვნელოვანი იყო.

სურვილები და ოცნებებიც შეიცვალა ამასობაში და თავისუფალ დროსაც ძირითადად ძილში ვატარებ.
ხანდახან მახსენდება  რომ ეს ყველაფერი ბუნებრივია. ჩვენ გზადაგზა ვიზრდებით და დიდი გოგოები და ბიჭები კიდე სხვანაირად ცხოვრობენ, ყველა ბროკისნაირი კი არ არის, მერეც ბავშვივით რო აგრძელებს ცხოვრებას .

არაბუნებრივი ის არის,  ყოველ დილას ჩემი თავის რომ ვუხსნი,  ყველაფერი თავის ადგილზეა, ასე მილიონობით ადამიანი ცხოვრობს, რაც დრო გადის, ადამიანები უფრო და უფრო კარგავენ აღფრთოვანების უნარს და არაფერი ამაში საოცარი არ არისთქო.




















პ.ს. შემოდგომა სრულიად შემოდგომური და ისეთია, როგორსაც ველოდებოდი.
ამ შაბათ კვირას ბევრს ვიძინებ და მიუხედავად იმისა, რომ კვირა საღამოს უკვე დასვენებული სახე მექნება, მაინც არ მეცოდინება, რა მოხდებოდა, როდესღაცა ხატვა მოსაწყენი საქმე რომ არ მომჩვენებოდა/