Thursday, January 27, 2011

ცუდი ამბების კორექტულად მოყოლის ესთეტიკა

ვერაფრით ვერ დავაფიქსირე, როდის ისწავლეს ჩემმა ნაცნობებმა, მეგობრებმა და შემთხვევითმა გამვლელებმა ცუდი ამბების ისე კორექტულად მოყოლა და შეტყობინება, რომ მათი კორექტულობით გული ამიჩუყდეს და ლამის მადლობაც კი გადავიხადო, რომ რაღაც ისე არ არის, როგორც ყველაზე მეტად უნდა ყოფილიყო.

ფაქტია ისწავლეს, მე კიდევ ამ ბოლოს სულ უფრო და უფრო ნაკლებ რამეს ვაფიქსირებ და როდესმე, როცა ბევრი ან ცოტა დრო გავა, ამ პერიოდს აუცილებლად გავიხსენებ, როგორც ყველაზე მუქ ლურჯ პერიოდს, განუწყვეტელი ყავის სმით, ფრანსუა ოზონის ფილმებით, ამოჩემებული ილუსტრატორებით, შავ-თეთრის ფოტოების კოლექციებით და საშინლად დიდი ყურსასმენებით, როცა  სამსახურში მხოლოდ იმიტომ დავდიოდი, რომ ნაკლები დრო დამრჩენოდა სისულელეებისთვის და უფრო გათიშული ვყოფილიყავი. აქ  სრული უფლება მაქვს ყოვლად ინდიფერენტული ვიყო და მინიმუმამდე დავიყვანო კონტაქტები. იდეალური კომპანიაა, იმას კი არ გავს, სადაც ასე მინდოდა გადასვლა. 

მერე ალბათ აღვნიშნავ, რომ მაშინ ყველაზე მეტად მიჭირდა კონცენტრაცია და იმაზე უფრო მგზნებარედ ფრაგმენტული ვიყავი, ვიდრე როდესმე და სულ არ ქონდა მნიშვნელობა, ტკბილი ნოემბერი რომ წინა წელში დარჩა, მოულოდნელად კარგი საღამოები მოულოდნელადვე ამოიწურა, და იმ სამივე სურვილმა, წინა წლის მიწურულში ყველაზე მკვერთად განსაზღვრულად რომ მინდოდა, არსებობის უფლება დაკარგა.  გუშინ გვიან ღამე სულ ბოლოსაც ვადა გაუვიდა.მე სრულიად მოულოდნელად ამტკივდა თავი და დღეს იმაზე გვიანობამდე მეძინა, ვიდრე ჩვეულებრივ.

სამაგიეროდ, გუშინ გვიან ღამით დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში ვისმენდი რომ ყოველგვარ მოლოდინს გადავაჭარბე, დასანანია რომ აქამდე  არ იცოდნენ ჩემი ჯანსაღი დამოკიდებულებების და სწორი ხედვების შესახებ არაფერი, და მეტიც, სრულიად წარმოუდგენელი და უცნაური,  მაგათ ცხვირწინ ვიზრდებოდი და როგორ ვერ შენიშნეს.

მე გული ამიჩუყდა და სულ ვეღარ ვუთხარი, ადამიანებო, აბა მე რა ვიცი, თქვენ მაინც რაღა გჭირთ და რატო ვერ ამჩნევთ იმას, რისი შემჩნევაც შეუმჩნევლობაზე უკეთესი იქნებოდათქო.  სულელური მადლობების წყება გადავიხადე და პირობა დავდე, არასატელეფონო საუბრებისთვისაც აუცილებლად შემოგივლითთქო. ეს ხასიათი თუ რამდენიმე დღეს შემრჩა, შევუვლი კიდეც და სულ არ გამიკვირდება, მერე თუ იტყვიან, ეს ბავშვი ნამდვილი არანორმალურია. სრულიად გაურკვეველი პრინციეპებით ისე ცხოვრობს, ვითომც აქ არაფერიო.

სამი გამოცდა დამრჩა და იმის მოფიქრება, ბაკურიანი ჯობია არდადეგებისთვის თუ ბათუმი. თან მარტო წასვლაც არ მინდა, არადა, ისე არანორმალურად მჭირდება დასვენება, როგორც როგორც წესი ნოემბრის ბოლო დღეებში მჭირდება ხოლმე.
თან მეშინია, სადმე რომ წავალ და უკან დავბრუნდები, ხომ ყველაფერი ისევე დამხვდება, როგორც ახლაა და მერე უფრო ცუდი იქნება მთელი ეს კორექტულად მოყოლილი ცუდი ამბები. მე კიდე სულ მინდა მთელი ეგ სისულელეები, სადმე უგზო-უკვლო წანწალის წამოწყების იდეით ვარ შეპყრობილი. 
გამიზარდე რა ბოს ხელფასი, უფრო სწრაფად რომ ვიყიდო რაიმე ჯიშის ბილეთი

ღმერთო ჩემო, ისეთი უცნაურია მთელი ეს ამბები, გაგიჟება შეიძლება.

p.s.არც კი იფიქროთ, რომ წუწუნის მეტს არაფერს ვაკეთებ და ყოვლად აუტანელი გოგო ვარ. ყველა ჭირი თუ ერთად დაგატყდათ თავს, შესაძლოა თქვენ ჩემზე ბევრად აუტანლები გახდეთ.