Wednesday, January 12, 2011

გენიალური გოგოს და მუსიკის ამბები, ზამთარში ნაბიჯების ტემპს რომ გირეგულირებს

ალბათ გახსოვთ  ლეგენდარული ოჯახი, სერჟ გინგსბურგის და ჟან ბირკინის?

აი, ზუსტად იმათი, სიმღერებში ”ინტიმური ხმები” (:D) რომ ისმოდა და ქალი ძალიან, ძალიან ლამაზი იყო და კაცი თითქმის შეუხედავი და ფაქტობრივად ხელიდან წასული, უბრალოდ,  ჭკვიანი და ქარიზმატული.

ხო, ზუსტად იმ ბირკინის, ზაფხულში ზუგდიდში რომ მღეროდა დევნილების მხარდასაჭერად და ჩემნაირი გულჩვილი ადამიანები ემოციებს რომ ვერ მალავდნენ, როგორ უცნაურად ბერდებიან და იცვლებიან ადამიანებიო.
ალბათ მათი ქალიშვილიც გახსოვთ, შარლოტა, რომელიც საოცრად გავს მამას და რომლის განსაკუთრებით  მესამე სტუდიური ალბომიც ყველა იმ ადამიანისთვისაა, რომელიც ამტკიცებს, ქალის ჭკუაზე არასოდეს გამივლიაო.

ალბომი ზუსტად საწინააღმდეგოში დაგარწმუნებთ.
 პირველივე ორი სიმღერა ისეთ რიტმებზეა აგებული, მოგინდება შენი გზა არასოდეს დამთავრდეს და შენ ნაბიჯებს ეს რითმები არეგულირებდეს, მესამე უკვე ფრანგულია და ისეთი, ოჯახური მემკვიდრეობის სუნი რომ ადის. ვოკალს თბილი ჟღერადობა აქვს, შენ ჩამოჯდომა გინდება და რამე თბილ, ოდნავ  ბნელ კაფეში გულახდილი საუბარი. მე არ ვიცი ფრანგული და არც ის, რაზე მღერის შარლოტა, ამ სიმღერაში, მაგრამ ვიცი, როგორ  შემიძლია გავიგო მისი ტკბილი, ნაკლებდინამიური ტექსტი. თუ თანმდევი ოდნავ პათეთიკური ინსტრუმენტალი ხელს არ შემიშლის, ნა-ნა-ნა-ნა ნა-ნა-ნა-ნა..
ეს გოგო გენიალურია.
მარტო ამ ალბომის გამო არა, ზოგადად არის გენიალური.
როდესღაცა, აწ უკვე წინა წლის მიწურულს, ავდექი და თითქმის ყველა ფილმი ვნახე, სადაც თამაშობდა.
 ქუჩაშიც სულ მაგას ვუსმედი,  აი, განსაკუთრებით რესპუბლიკის მოედანზე, რედისონის გვერდზე რომ ჩამოუხვევ და თაბუკაშვილს ჩამოუყვები, იქიდან  ისე გადის გზა ჩემ სახლამდე, თაბუკაშვილის დანგრეული სახლების ეზოებიდან გამოძურწულ უპატრონო კატებსაც კი ვერ შეამჩნევ.


ბოლოს რომ შევხედე,  last.fm-ზეც ჯერ ისევ  პირველ ადგილას მყავდა, მერე ვფიქრობდი, მუზამეზე დავწერ ოფიციალურ და რაღაც ისეთ რეცენზიას, გულზე რომ მოხვდება კაცს და შეუყვარდება, ბოლოს და ბოლოს ალბომში შესული ყველა სიმღერა მინუს ერთით Beck-ს ეკუთვნის და ამ გადარეულმა შარლოტამ მაშინ ჩაწერა, ავტოკატასტროფის მერე ტვინში სისხლის გაჟონვით სიკვდილს რომ გადაურჩა და საავადმყოფოდან ისევ ჯანმრთელი გამოვიდა, უბრალოდ, მერე ამტკიცებდა, ახლა უკვე სხვანაირად ვუყურებ ცხოვრებასო.
მაგრამ მერე ვიფიქრე, ისე ჩემთვის და ისე არა მხოლოდ ამ ალბომისთვის მიყვარს, ოფიციალური რეზენზია შეუფერებელი იქნებათქო, ახლა სამსახურის საქმეები მომწყინდა და მაინც გადავწყვიტე პრივატულ  გარემოში მომეყოლა ჩემი სიყვარულის ამბები. ისე,რეცენზიების და გასერიოზულების გარეშე.

გუშინ  კიდევ  last.fm-ზე ისეთი წერილი მივიღე, ლამის მართლა სხვანაირად შევხედო ცხოვრებას.
გადასარევია, ეს თუნდაც წელიწადში ერთხელ ისეთი წერილები და შემსრულებლები, მერე სულ რომ გაგახსენდებიან.


ხო, მადლობა შარლოტა რომ გაზაფხულივით ზამთრის მაინც სუსხიან ამინდებში შენს გამო გარეთ გასვლა ყოველთვის სასიამოვნო იყო.

ადამიანებს ისე ჭირდებათ, ვიღაცა რომ ასე ამოჩემებულად უყვარდეთ, გადასარევი ქენი, ეს სიმღერები რომ ჩაწერე და იმ ფილმებში ითამაშე, თორემ კაცმა არ იცის, ვინ განსაზღვერავდა ამ ზამთარში ჩემი ნაბიჯების ტემპს და როგორ დავარწმუნებდი ადამიანებს, რომ ქალის ჭკუაზე როდესღაც ყველას გაუვლია, ზოგჯერ სიამოვნებითაც კი.

პ.ს. სამსახური ზოგჯერ არც ისე აუტანელია, თუ იმ დღეს ლექციები არ გაქვს.
 მე ჯერ კიდევ არ ვიცი ნამდვილად თვალშისაცემია  ჩემი ასოციალურობა და სიმყუდროვე თუ მარტო მე მელანდება ამ გაზაფხულივით ზამთრის სამუშაო დღეების ბოლოს.

ფაქტია რომ აუტანლად მიჭირს დილას საწოლიდან გადმოფორთხება, კონცენტრაცია და ბედნიერების ისეთივე აიტანელი მოთხოვნილება მაქვს, როგორც ყველა ნორმალურ ნასტასიას უნდა გააჩნდეს.