Thursday, January 6, 2011

გამოუხატავი ემოციები

დასვენების დღეების შემდეგ ისე გამიჭირდა სამსახურში  ჯდომა, ხერხემალი ორმაგად ამტკივდა.

აქ ჯერ კიდევ  შემორჩენიათ ეს სადღესასწაულო განწყობა და ორმაგად აუტანლები არიან. 
ისეთი პირი უჩანთ, იმ კვირაშიც სადღესასწაულოები იქნებიან.
მე კიდევ მინდა ვიტირო და ვთქვა, რომ აღარ მინდა აქ სიარული.
მერე აღარასოდეს აღარ მოვიდე

დასვენების დღეების მერე აქციის დარბევის კადრების ყურება იმაზე მეტად გამიჭირდა, ვიდრე  დღეს სამსახურში ჯდომა. 

მინდოდა მეთქვა, რომ უსინდისობაა, როცა გაიძულებენ, ამდენი უკმაყოფილება და ზიზღი გქონდეს. ასე ძალიან არ მოგწონდეს ის, რაც შენ გარშემო ისე ხდება, ვითომც არაფერი განსაკუთრებული.

სინამდვილეში მთელი ეგ ამბავი დაგროვილი აგრესიის, პერედოზიროვკების, უკულტურობის, უპატივცემულობის და იმის ბრალია, რომ იცი, ამით ქვეყანა არ დაიქცევა, დიდიდიდი, ვინმეს ცხოვრება ან ქვეყანა შეაძულო.
  დიდი საქმე.

ორდღიანი ძილის მერე ძალიან გამიჭირდა შევშფოთებულიყავი ბავშვებიან კლიპზე.

მარტო ის ვთქვი, რომ მანდატურებისგან ნუგეშცემული ბავშვების გამოჩენა სამართალდამცავების ფორმაში ლოგიკურია თქო.

ერთმანეთის გაიშვიათებული ნახვების შემდეგ გუშინ  ძალიან გამიჭირდა ჩემი მეგობრების ყურებისას კიდევ ერთხელ დარწმუნება იმაში, რომ ჩვენ მართლა გავიზარდეთ, ყველას ჩვენ-ჩვენი საქმეები, გოგოები, ბიჭები, ახალი მეგობრები, პრობლემები და სიხარულებები გვაქვს და ასე ერთად თუ მოვხვდებით, მხოლოდ ამ ჩვენი საკუთარი ამბების გაზიარებაღა დაგვრჩენია.
ასე, შეხვედრიდან, შეხვედრამდე.

ვერ ვიტან ეგეთ თემებზე რომ ვკონცენტრირებ ხოლმე.

 კუნდერას ვკითხულობდი მერაღაცამდენედ და რაღაცატომ მხოლოდ ახლა მივხვდი, რატომ ვუბრუნდები ხოლმე.
კუნდერა ამბობს, რომ ქალებს ხშირად გონიათ, რომ საკმარისად გადასარევები, გენიალურები და ამომწურავები არ არიან და ხშირად ისე იქცევიან, როგორც თავიანთი ჭკუით გენიალურები, გადასარევები და არაჩვეულებრივები იქნებოდნენ.

ხოოდა, სულელები არიან, იმიტომ რომ მერე სულ საშინელება ემართებათ.

მეც ხშირად მგონია ხოლმე, ომ რრაღაც მაკლია. მოსაწყენი და ძველმოდური ვარ, ან თავხედი და ეგოცენტრიკი, ან რამე სხვა უბედურება, მაგრამ მაგაზე როგორც წესი არ ვლაპარაკობ.

მგონია, რომ ეგეთ რამეებზე როცა ლაპარაკობ, ავტომატურად დამშვიდებას ითხოვ, -  არა, სულაც არ ხარ ეგეთი, ყველაფერი კარგად არისო.
მაგის მოსმენა კიდე სულაც არ მინდა.
 პრობლემის დანახვა და გადაჭრა მინდა.
ეგ რთულია.
ხოოდა, მეც  ვამბობ ხოლმე, ტკბილი ძილი ჩემო ტკბილო ნასტასია, ან გენიალური ნასტასია ასე ფიქრობს და მართალიც არის თქო. 
მართალიც ვარ, უბრალოდ, მთელი ის უბედურება მარტო "კუნდერას ქალებს" არ ჭირთ.

შიგადაშიგ ალბათ მეც ვიქცევი ისე, როგორც კუნდერას სულელი ქალები.

სულაც არ ვტირი მაშინ, როცა უნდა ვტიროდე, არ ვლაპარაკობ იმაზე, რაზეც უნდა ვლაპარაკობდე, მნიშვნელოვანიდან არამნიშვნელოვან ამბებზე თვალისდაუხამხამებლად გადავდივარ და მგონია, რომ გარშემო უბედურებები სამსახურების, სამართალდამცავების, სახელგადარქმეული ბოლშევიზმის და გარეთ არალოგიკურად წვიმიანი ამინდის ბრალია.

სინამდვილეში ზუსტად ვიცი, რომ მთელი ეგ ამბები გამოუხატავი ემოციების, თვითმუხრუჭების, დიალოგის სიმცირის  და ეგეთი რამეების ბრალია.

არადა, ისე მინდა ეს არდადეგები გრძელი იყოს, მე იმ სამსახურში გადავიდე, რომელზეც ასე ხშირად ვფიქრობ, ზამთარში გაზაფხულის სუნი მცემდეს და ხერხემალი არ მტკიოდეს, რომ კინაღამ დამავიწყდეს შობა რომ მოდის.
გილოცავთ.


პ.ს. ჩემო ტკბილო ნასტასია, ეგეც ფოტოა და იმიტომ არიან ეს ადამიანები ბედნიერები, თორემ რეალურად ალბათ ისინიც შენსავით დადიოდნენ სამსახურებში, იღლებოდნენ პასუხისმგებლობა/ვალდებულებებით და ასე ფირფიტებით ან რამე სხვა ეშმაკობებით მხოლოდ  კარგ ხასიათზე ყოფნისას იტყუებდნენ თავს, რომ ყველაფერი კარგად არის.

ეგ როცა გინდა, შენც კარგად გამოგდის.
მთავარია ემოციების უფრო მკვეთრად გამოხატვა ისწავლო.