Monday, January 10, 2011

სუფთა ჰაერის და მეგობრული დამოკიდებულებების უპირატესობები

საკმარისია თბილისიდან რამდენიმე საათით გავიდე, ავტომატურად მიჩნდება სადმე პროვინციაში ხის ფერადი, რიკულებიან აივნიანი სახლის ქონის  და გულახდილი საუბრების ყოვლისმომცველი სურვილი.


მეორე შედარებით მარტივია, პირველს როდის დავისაკუთრებ, კაცმა  არ იცის.

შობასაც ეგრე, ავდექი და სულ რაღაც რამდენიმე საათით გავედი თბილისიდან.

ბორჯომში რომ შევედი, უკვე ისე მინდოდა ხის აივნიანი სახლი, ერთი სული მქონდა ბაკურიანში მალე ავსულიყავით, ყურადღება სხვა რამეზე რომ გადამეტანა.
გზაში ეს ნაძვები ისე ლამაზად იყო დათოვლილი, მეღიმებოდა.
ბაკურიანში ბავშვობის მერე არ ვყოფილვარ მგონი და ისე ვნერვიულობდი და ისე მაინტერესებდა ინტერნეტში ნაპოვნი და ისე დაჯავშნილი სასტუმრო როგორი იქნებოდა.
რომ არ მომწონებოდა, ალტერნატიულის მოძებნა იმაზე კოშმარი იქნებოდა, ვიდრე ის, რომ აგერ უკვე წლებია უშედეგოდ ვოცნებობ სადმე პროვინციაში ხის სახლზე.

აღმოჩნდა, რომ ჩემი ინტუიცია სანდო ყოფილა.
სასტუმრო იდეალური ადგილას იყო, საკმაოდ ზემოთ ჩურჩხელების და ნაქსოვი წინდების გამყიდველების დახლებიდან. შესაბამისად, აივანზე როცა გახვიდოდი, ნაკლები ადამიანი გეჩხირებოდა თვალებში.
სამაგიეროდ, მთები ჩანდა უფრო ახლოს.
საკვები საკუთარი მეურნება გვაქვს და იმითი მზადდებაო, ანუ სანდო და ნატურალური.
სასტუმროს მეპატრონე კომუნიკაბელური და ყურადღებიანი. შენი და რამდენი წლის არის და საუზმეზე რა უყვარს, სამსახურში სტრესის მერე მთაში უნდა დაისვენოო და ეგეთი ამბები რომ არ ეზარებოდა, ისეთი.
მოკლედ, გადასარევი.

სანამ ჩვენი ქუვეითელი მეგობარი იმას არკვევდა, თოვლი იჭმეოდა თუ არა, ლოლუბის წარმოშობას ადგენდა და ნამდვილი მთების ნახვით გამოწვეულ სიხარულს ფოტოაპარატის მეხსიერებაში ინახავდა, აივანზე ვიჯექი და ვფიქრობდი, რომ საოჯახო სასტუმროები ზუსტად საჩემოა.
აბა რომელი შერატონის მფლობელი დაინტერესდება ჩემი სამსახურის ამბებით, ჩამოუჯდება კლიენტებს, შთაბეჭდილებებს მოაყოლებს და დაიმახსოვრებს, ვის ტკბილი ყავა უყვარს და ვის უშაქრო ჩაი.

არც ერთი, რა საკვირველია.
არადა, ხო ცხადია, რომ ადამიანებს უყვართ, როცა ვინმე მათით ინტერესდება.

ხოოდა, ქალაქგარეთ რომ გადიხარ, თუ აივნიანი ჭრელი სახლი არ გაგაჩნია, გულახდილი საუბრების დეფიციტი მაინც უნდა მოიშორო და საოჯახო სასტუმროში წახვიდე.
მე მხოლოდ რამდენიმე საათი მქონდა სუფთა ჰაერის საყლაპავად. 

სამაგიეროდ, ახლა ნამდვილად ვიცი, რომ კუბოკრული საროჩკით და წითელი ზამშის ბათინკებით, ყველანაირი საკითხავი მასალის გარეშე წასვლა არ შეიძლება იქ, სადაც რამდენიმე საათით მიდიხარ, რაც არ უნდა გიხდებოდეს, კლეჩატი საროჩკა და წითელი ზამშის ბათინკები, იმიტომ რომ თუ იქ დარჩენა მოგინდა, ეგრე მოუმზადებელი დიდი ხნით ვერ დარჩები.
ეგეც ჩვენ. ნუ ჩრდილი მე, ცხადია.

გუშინ  ჩემმა დამ მომწერა, ლამაზი ფიფქები თოვდა ღამეო.

არადა, სულ მეგონა, რომ არ მიყვარდა სამთო კურორტები.
ახლა ვფიქრობდი, რომ სამთო კურორტების სიყვარულისთვის სულაც არ არის საჭირო თხილამურებზე დგომა, სუფთა ჰაერის სიყვარული და დასვენების გამძაფრებული მოთხოვნილებაც საკმარისია.
ხოოდა, იმედია გამოცდების მერე ისევ ლამაზი ფიფქები მოთოვს რომელიმე შაბათ-კვირას.
.
ისე, საოცარ სამთო კურორტებს რომ გვიხსნიან ქვეყანაში,უფრო სწორად, საოცარ სამთო კურორტებად შეფუთულებს, ეს ვიდეო რომ ენახათ, არა?
პ.ს.
ხვალ საშინელი ორშაბათი მაქვს და თუ ვინმე ჩემთან ურთიერთობას გადაწყვეტს, მხოლოდ სასიამოვნო რამეები მითხარით.