Showing posts with label წანწალი. Show all posts
Showing posts with label წანწალი. Show all posts

Tuesday, April 2, 2013

რომი


რომი არაჩვეულებრივი ქალაქია და სულ არ მიკვირს, ყველა გზა რო მანდ მიდის. 

პირველი, რამაც ყურადღება მიიქცია, ჩემთვის უჩვეულოდ სუფთა ჰაერი იყო. ამ რამდენიმემილიონიან ქალაქში, სადაც გარდა იმისა, რომ არაჩვეულებრივი კლიმატია, ზუსტად იმდენი ხე და მწვანე სივრცეა, რამდენიც ადამიანის ჯანმრთელობისთვისაა საჭირო. აქაც, სტამბულშიც და მერე პარიზშიც, ერთადერთი, რასაც შურის გარეშე ვერ ვუყურებდი, დიდი, სუფთა, ლამაზი პარკებია, სადაც შეგიძლია წახვიდე და ბედნიერი იყო. მივხვდი, რატომ დავწანწალებდი სტუდენტობის დროს ყოველ შაბათ-კვირას ქალაქგარეთ. თბილისში  არ არის ადგილი, სადაც წყნარად დაჯდები/დაწვები და გარშემო ხეები იშრიალებენ.


საერთოდ, რომი სამოთხეა.
ხალხი მხიარული და სიცოცხლით სავსეა, ქალაქი ულამაზესი, საჭმელი გემრიელი და იაფი, ამინდი თბილი - რა შეიძლება მოგინდეს კაცს მეტი. ვინმე თუ მკითხავს, როდის ვიყავი ძალიან ბედნიერი, სხვა რამდენიმე დღესთან ერთად, ის ორი საათი გამახსენდება, როცა  მე და ზაზა Piazza del popolo-ზე მზეს ვეფიცხებოდით, ლუდს ვსვამდით და არაფერზე არ ვფიქრობდი გარდა იმისა, რა მაგარი რამეა ცხოვრება.





მითოლოგია

რომში (ისევე, როგორც სხვა ბევრ ქალაქში), არალეგალი  ფერადკანიანები ტურისტებზე ნადირობენ და ცდილობენ, მათ სხვადასხვა რამე აყიდინონ. ასე დადიან საღამოობით ვარდებით. ამბობენ, ეს ვარდები სასაფლაოებიდან მოაქვთ და უბედურების  მეტი არაფერი მოაქვსო. 


ახალი პაპი

ყველას, დიდსაც და პატარასაც, პრესასაც და მოსახლეობასაც მოწონს ახალი პაპი. ჩემი მეგობარი, რომელიც უკვე რამდენიმე ხანია რომში ცხოვრობს, მიყვებოდა, რა ამაღელვებელი იყო მისი პირველი გამოსვლა პეტრეს მოედანზე.  ჩვენი რომაული სახლის გამქირავებელი (რომელიც ასევე წინა პოსტში რეკომენდირებულ Airbnb.com-ზე ვიპოვეთ) გვიყვებოდა, როგორი უბრალოა, როგორ დადის პატარა ტაძრებში, ელაპარაკება  ყველა შემხვედრს და არ ეპუება დაცვას, რომელიც პროტოკოლისა და მის დაცვას ერთად ცდილობს. ამბობდა, ასეთი საოცარი ადამიანი ჯერ არ გვინახავსო. 

პრესაც მაგას წერს, ასეთი კაცი თუ შეძლებს კათოლიკურ სამყაროში არსებული კრიზისის დაძლევას და ვატიკანის შერყეული რეპუტაციის აღდგენასო.
მე არ ვიცი, როგორია ის, მაგრამ თავისთავად ის პრეცედენტი, რომ წინა პაპმა თავისი ნებით თქვა ძალაუფლებაზე სურვილი და ისიც, რომ ეს თავისი ნებასურვილით ამბობს უარს პრივილეგიებსა და ფუფუნებაზე, ჩემს პატივისცემას იწვევს. ვისურვებდი, ორივე შემთხვევა მისაბაძი მაგალითი გახდეს სხვა სასულიერო პირებისთვისაც, თუმცა ეჭვი მეპარება.

ვატიკანში წასვლა ჩვენ ვერ მოვასწარით, შემდეგისთვის დავიტოვეთ. მეორედ აქ ალბათ მერე წავალ, მარიამი ცოტა დიდი რომ იქნება და ამ გრანდიოზულ პარკებში სირბილი და უგემრიელესი ნაყინით პირის ჩატკბარუნება შეეძლება.

რეკომენდირებული სანახავი - ვუდი ალენის ბოლო ფილმი კიდევ ერთხელ.  მანამდე კი ეს, ცხოვრების ბედნიერ მომენტებს უხდება. 


Sunday, March 31, 2013

სტამბული


თურქ ქალებს უყვართ პაპიროსი.
თურქ კაცებს უყვართ ქუჩებში გამოფენა ჩაის ჭიქებით და დილიდან საღამომდე მუსაიფი.
თურქ ბავშვებს უყვართ ტრამვაიზე უკან შეხტომა და ისე მგზავრობა.
თურქულ რესტორნებში მომუშავეებს უყვართ გამვლელ-გამომვლელზე ნადირობა და ყველა ღონის ხმარება მათ დასაწმუნებლად, რომ იქ, სადაც ისინი გეპატიჟებიან, ყველაზე კარგია.
ბოსფორის ყურეში მფრინავ თოლიებს (ისევე როგორც ყველა სხვა თოლიას) უყვართ თევზების ჭამა და ყურისწამღები კივილი.


მე შემიყვარდა ქუჩა, რომელსაც უმანკოების მუზეუმში მიყვარხარ და კიდევ ერთი-ორი მაღაზია. 

სტამბული იმაზე ლამაზი, მოწესრიგებული და განვითარებული აღმოჩნდა, ვიდრე მე წარმომედინა. არქიტექტურაც ჩვენზე უკეთესი აქვთ, ბევრად ახალი მანქანებით დადიან, დიდი პარკები აქვთ, მომსახურებითაც გვჯობიან და ქუჩაშიც უფრო საქმიანი, არამჭმუნვარე სახეებით დადიან. ეგ კი არა, ქუჩებში კატებისთვის თავშესაფრებია აშენებული, რომ ცუდ ამინდებში თბილად გაათენონ ღამე. ამის ნახვის მერე ორჯერ მძიმეა შიმშილით მკვდარი ბავშვები, ყოფილი ჩინოვნიკების ცოლების მხრიდან საქმის გარჩევა საპარტიარქოსთვის პასუხისმგებლობაზე და საპარტიარქოს წარმომადგენლების მტკიცებითი ტონი, საკუთარ გულისხმიერებაზე საუბრისას. 



ოკლედ, სტამბულს  ეტყობა ათა თურქის ხელი და ევროპისკენ სწრაფვის სურვილი.  ერთი დღეში მოვასწარით დიდი ვერაფერი: მხოლოდ თევზის რესტორანში სადილი, უმანკოების მუზეუმის ნახვა, აია-სოფიას მიმდებარე ტერიტორიაზე სეირნობა, იაპონურ რესტორანში ვახშამი და ჩვენი სახლის გამქირავებელთან საზოგადო თემებზე საუბარი.


ჩვენი სახლის გამქირავებელი

არსებობს გადასარევი საიტი, Airbnb.com- რომელიც აუცილებლად უნდა შეიყვროთ, თუ სადმე გამგზავრებას  გეგმავთ და სასტუმროებში ბევრი ფულის დახარჯვა არ გეხალისებათ. ეს არის საიტი, სადაც დარეგისტრირებულია ათასობით ადამიანი, რომელიც საკუთარ სახლებს ან სახლების ოთახებს აქირავებს,  სხვადასხვა ქალაქებიდან. 

შედიხარ, უთითებ შენთვის სასურველ დროს, ქალაქს, თანხას და რა გინდა სულო და გულო, არ არსებობს, რამე შენთვის შესაფერისი ბინა არ იპოვო.
ასე ვიპოვეთ ქალაქის ცენტრში ჩვენი ბინა, რომელიც თურქეთში 4 წლის წინ ირლანდიიდან შვებულებაში ჩამოსული და დღემდე იქ მცხოვრები ბიჭისგან ვიქირავეთ. კარგი ბიჭი იყო, ამბობდა, არ შემეძლო უფროსების თვალებში ციცინი და დადგენილ საათებში მუშაობით ბედნიერი ყოფნა, მსგავსი დამოკიდებულებები ნერვებს მიშლიდა, ახლა ბევრად კარგად ვცხოვრობ, წარმოდგენა არ მაქვს, აქ როდემდე დავრჩებიო. მიყვარს ეგეთი ხალხი, ადრე მეც ვფიქრობდი, ეგრე მეცხოვრა. როცა შვილი გყავს, მსგავსი სურვილებს სხვა სურვილები ანაცვლებს.



შვილი

რამდენიმე საათში ისე მომენატრა, მთელი 10 დღის მანძილზე, შეკუმშული გულით დავდიოდი.
მესამე თუ მეოთხე დღეს, პარიზში მესიმზრა, რომ მულენ რუჟში მივდიოდით, მარიამიც თან გვყავდა, ოღონდ, სხვა ფორმატის მარიამი. ხალხმრავალ ადგილებში შეგეძლო ქინდლში ჩაგეტვირთა, ისე გეტარებინა და მერე ისევ ამოგეყვანა. ერთი ეგ იყო, ქინდლში რომ ვტვირთავდი, მეშინოდა, რომ ჰაერი არ ეყოფოდა, ცუდად ისუნთქებდა და ყურზე მიდებული ქინლდით დავდიოდი შეშინებული.
რომ გავიღვიძე, ჩემ თავს შევახსენე, რომ ბავშვს დამშვიდებული და ბედნიერ დედა ჭირდებოდა. ამის მიუხედავად მთელი ის დღე საშინლად მტკიოდა თავი.



The National 

სტამბული ისეთი ქალაქია, ერთხელ რო ჩახვალ, კიდე ჩასვლა მოგინდება. 23 ივნისს The National-ის კონცერტია. ვინ იცის, იქნებ კიდევ წავიდეთ. 



პ.ს. რეკომენდირებული საკითხავი: - ფამუქის "სტამბოლი - მოგონებები და ქალაქი"
რეკომენდირებული სანახავი: - უმანკოების მუზეუმი (გული ამიფანცქვალდა, სხვა მრავალ გამოცემასთან ერთად, სტენდზე ქართულიც რო დამხვდა).
რეკომენდირებული მაღაზია: - DOGO 
მეტი ფოტოს სანახავად, Follow instagram-ზე :) 

Saturday, June 16, 2012

child of flowers and the rain

გუშინ გვიან საღამოს პიტნის ჩაის ვაყენებდი და კაცმა არ იცის რატომ, ის დღე გამახსენდა, ბურგჰაუზენში რომ ვიყავი. უფრო სწორად, ის საღამო, ბურგჰაუზენის ნახვის მერე უკან რომ უნდა დავბრუნებულიყავი სახლში, საშინლად რომ ციოდა, რკინიგზის ბაქანზე კაციშვილის ჭაჭანება არ იყო, ღამდებოდა და მე მეგონა, რომ ჩემი მატარებელი აღარ მოვიდოდა.

ადრე გაზაფხული იყო, დღე რომ ჯერ კიდევ არ არის კარგად გაზრდილი და ადრე რომ ბნელდება და იმ უკაცურ სადგურზე  ჩემს გარდა არავინ არ იყო, ვინც თავის მატარებელს დაელოდებოდა. სადგური  ისეთი იყო, ევროპაში რომ იშვიათია.  უბრალოდ ბაქანი, ყველანაირი სტაფის, კეთილგანწყობილი ინფორმაციის გამცემების და კაფეტერიის გარეშე.დასაჯდომიც კი არ ქონდა. რომ მახსენდება, ვფიქრობ ხო არ დამესიზმრა თქო. ეგეთი სადგური სულ ორი მაქვს გერმანიაში ნანახი. ერთი სადღაც კიოლნის ზემოთ და ერთი ეს. აი, ხაშურიდან ბორჯომისკენ რო მიდიხარ, გზად რო გხვდება, ეგეთი სადგური.

სადგურის უკაცრიელობა ჩემთვის იმის ნიშანი იყო,  რომ მე მატარებლების გრაფიკი ამერია  და ვინაიდან ეს ბურგჰაუზენი დედამიწის კაი მიკარგული სოფელი იყო და სულ რამდენიმე კინკილა ტრანსპორტი უდგებოდა,  ამ ბაქანზე ღამის გათევის პერსპექტივა მემუქრებოდა.
 უკვე იმ გეგმებს ვსახავდი, როგორ დავაკაკუნებდი ყველაზე ახლო მდებარე სახლის კარებზე და ვითხოვდი ღამის გასათევს და ვინაიდან გერმანელების სიკეთის დიდი იმედი არ მქონდა, მერე შემდეგ კარზე როგორ დავაკაკუნებდი, მერე იმის შემდეგზე და ასე, ამ ფიქრებში ვიყავი  და საშინელ, უსაშინლეს, მუყაოს სიგარეტის მორიგ ღერს ვეწეოდი, მატარებელი რომ მოვიდა. ეგ სიგარეტი იმ ერთადერთხელ ვიყიდე, ხელფასამდე დარჩენილი ბოლო ცენტებს ვითვლიდი და ვინაიდან საგრძნობლად იაფი ღირდა, ვიფიქრე, გავწირავ თავს თქო.

ხოდა გუშინ გვიან ღამით ეგ სიხარული გამახსენდა, ძალიან გაყინულს და იმედგადაწურულს უცბად რაღაც ძალიან რო გაგეხარდება, რა მაგარია.

კაცმა არ იცის რატო გამახსენდა ეგ ამბავი. ალბათ იმიტომ, რომ ახლა ჩემი ცხოვრება სულ სხვანაირად გამოიყურება: ძირითად დროს სახლში ვატარებ და  მიხარია რომ გამიჩნდა დრო კითხვისთვის, ძილისთვის, ჩემი საკუთარი სიმშვიდეებისთვის.
მაწუხებს სიცხე და ადამიანების სიშტერე.
კვირაში რამდენიმე სტატიას ვწერ, მუცლის ბინადრის მოძრაობებს ვაკვირდები და ვფიქრობ, რომ მე ძალიან ჭკვიანი ადამიანი ვარ, რომელმაც ზუსტად იცის რაზე უნდა იოცნებოს და ვინაიდან იმაზე, რაზეც უნდა ვიოცნებო ხოლმე დაჟინებით ვოცნებობ, მერე აუცილებლად სიტყვა-სიტყვით მიხდება. შედეგად  უფრო  ბედნიერი ვხდები და ეს და სხვა მსგავსი ამბები მგონია ხოლმე რო მე არა, ვიღაც სხვას გადახდა თავს.


საღამოობით როცა ჩაის ვსვამთ ხოლმე, ან აივანზე ვგრილდებით, ერთმანეთს ჩვენი ბავშვობის ამბებს ვუყვებით და იმის გამოცნობას ვცდილობთ მუცლის ბინადარი როგორი იქნება, ვხვდები, რომ სულ ცოტაც და ჩვენი ბავშვობის ამბები სამუდამოდ გადაიწევს უკანა პლანზე და მთავარ თემად  ახალი ადამიანის ცხოვრება გვექნება.

ეგ სრულიად ბუნებრივი კანონზომიერება  რაღაცნაირად მასევდიანებს ხოლმე. იმიტომ რომ ხვდები როგორ უცბად ხდიან მშობლების ამბებს ბავშვები უმნიშვნელოებს, შენც როგორ იშვიათად ინტერესდები იმით, როგორ ცხოვრობდნენ მშობლები, როგორ უკითხავად იქმნი მათზე არასრულ წარმოდგენას მხოლოდ იმ ამბებით, რის გაგებასაც დაინტერესების გარეშე ახერხებ და ხვდები, რომ ცოტაც, სულ ცოტაც და შენ ამბებსაც იგივე მოელის.და ამბებს ვინ ჩივის,  შენ თვითონაც  რაღაცნაირად უფრო დიდივით და ჭკვიანივით უნდა მოიქცე, იმიტო რო შენი წილი პასუხისმგებლობა გაქვს და მარტო საკუთარი თავი კი არა, წერტილაკის ადამიანად ქცევა გაბარია.

მოკლედ, რთული ამბავია და სავარაუდოდ ყველაფერი ისევე ჩვეულებრივ მოხდება გზადაგზა, როგორც აქამდე, უბრალოდ, როცა ეგ ყველაფერი შენ თავს ხდება, გგონია რომ რაიმე განსაკუთრებულში გაყავი თავი და ამ წინასწარი სენტიმენტებით შენ თავს მიმდინარე მოვლენებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ძენ, თუ რაღაც ეგეთი. ზუსტად არ ვიცი, რა ქვია ასეთ საქციელს.

მუცლის ბინადარი კიდე, უსახელო და  დაახლოებით 2 კილო თავისთვის დატივტივებს და სულ არ იცის, როგორ გვაინტერესებს გარეთ მყოფებს როგორი იქნება. 

Sunday, June 19, 2011

არტ-გენი

არასოდეს არ მომსვლია აზრად არტ-გენზე თბილისის გარდა სადმე წავსულიყავი.
წელს წავედი მირზაანში და გადასარევადაც მოვიქეცი. 

მანქანიდან გადმოსვლისთანავე სუფთა ჰაერმა,სოფლის არომატებმა, მწვანე ბალახმა, ფუტკრების ყოვლად საშიშმა ბუდეებმა, ჭრიჭინების  და ჩიტების ხმაურმა და ა.შ. "პრელესწებმა" სრულად ბედნიერ ადამიანად მაქცია. 

და საერთოდ, მე ვფიქრობ, რომ არტ-გენი, რომელიც აგერ უკვე რამდენი წელია შესაშური დაჟინებით ტარდება და აგერ უკვე რამდენი წელია თითქმის ერთსა და იმავე კოლექტივებს და ადამიანებს აერთიანებს, ამდენი ხნის განმავლობაში მუსიკალური ფესტივალიდან, რომელსაც ფოლკლორის აღორძინებისთვის უნდა შეეწყო ხელი და ჩვენი არტი და გენი გაეერთიანებინა,  ერთმანეთთან შეხვედრის, კომუნიკაციის, სიარულის, სხვა ადგილების გაცნობის მიზეზად უფრო გადაიქცა. შეიძლება ეგ არტ-გენის არა და ჩვენი საკუთარი  გენების და არტების ამბავია და მეტი აღარც გვინდა აღარაფერი, ან მეტის რესურსი აღარ გვაქვს და უბრალოდ, კომუნიკაციაც მნიშვნელოვანია.

ხოოდა, როცა ეგრე ხდება, მერე დიდად აღარ ფიქრობ იმაზე, ისევ თვითმყოფადია თუ არა ქართული ფოლკლორი, ვითარდება თუ არა და კარგია თუ არა, რომ ერთსა და იმავე სიმღერას ათი სხვადასხვა შემსრულებელი ასრულებს ერთი დღის განმავლობაში. 
იმიტომ კი არა, რომ მწვანე ბალახმა და სუფთა ჰაერმა გაგაბედნიერა და სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანი გახდა, იმიტომ რომ სხვა შენც არაფერი შეგიძლია.
 ვერავის ეტყვი, წადი ახალი ჩაკრულო შექმენი და მომავალ არტ-გენზე  ისე მოდიო. 

მოკლედ, არტ-გენი გუშინ მირზაანიდან  დაიწყო, 23-ში რუსთავში იქნება, 25-26-ში მალთაყვას ტბის პირას და მერე უკვე ივლისის ბოლოს თბილისში. 
მე განსაკუთრებით მალთაყვას ტბას ველოდები. მგონია რომ ძალიან ლამაზი იქნება და წინასწარ მიხარია. 
ხრიდოლი / ქართული საბრძოლო ხელოვნება



ეს ყოვლად საყვარელი არსება ფოროსმანის ნახატი ყოფილა. რომლის ორიგინალიც კაცს არ აქვს
ნანახი, ნეგატივიდანაა აღდგენილი.
მე სულ მეგონა, რომ ფოროსმანის ნახატები მაინც ვიცოდი, მაგრამ მუზეუმში
შებორიალება-გამობორიალების შედეგად დავადგინე, რომ რაღაცეები სულაც არ ვიცოდი და
ვერც წარმოვიდგენდი, თუ ნიკალას ფუნჯის შედეგი იყო ( მაგ. თამარ მეფე ეტრატით და
ეტრატის გარეშე და სხვ. )
და ნიკალას ტიპებს უფრო კეთილი თვალები ქონიათ, ვიდრე მე ბავშვობაში მეგონა.
აქედან დასკვნა, რაღაცეები კია სიეთი, ბავშვობაში რო გაიგებ და მერე აღარასოდეს აღარ
უბრუნდები( მაგალითად,ლადო ასათიანი, დიდგორის ბრძოლა, ფოროსმანი, ამდერსენი და ა.შ) ,
მაგრამ ზოგჯერ მიბრუნებები კარგი რამეა. 


პოსტი ამავე თემაზე, შეგიძლიათ იხილოთ ჩორვენთანაც , თუ ჯერ კიდევ არ ცაგილაგებიათ ჩანთა და დამგზავრებიხართ არტ-გენს. 

Monday, March 14, 2011

Bits Of My Weekend

ერთი კარგი ბლოგერია, კარგა ხნის წინ აღმოვაჩინე, იმას აქვს ხოლმე ეგეთი პოსტები, Bits  of my weekend, თავისი მეგობრის, კატის, მოგზაურობების, საჭმელების და ოთახების სურათებს დებს ხოლმე, კაი ტიპია მოკლედ.
 რამე ანალოგი არ არის ეს პოსტი, უბრალოდ, მინდოდა კიდევ ერთხელ მეთქვა ჩემი თავისთვის : "კი, ჩემო ტკბილო ნასტასია, ნამდვილად გენიალურია, როცა 23  წლის ხარ, ლამაზი და მშვენიერი და გიხარია, რომ გაზაფხული უკვე მოვიდა. "
რადიაცია ალბათ გაიზრდება, სამუშაო კვირაც თავის წილ ნერვებს წაიღებს და მე გამიჭირდება ხვალ დილას ადრე ადგომა, მაგრამ დიდი არაფერი, მე  ვიცი ჩემი წილი ბედნიერებები სად შეიძლება გამოიქექოს.
ბედნიერ კვირას გისურვებთ :)
პ.ს. ამის წინა პოსტი სულაც არ იყო ისეთი საშინელი, რომ კაციშვილს არ წაეკითხა, მერე რამ დიდი იყო, ბოლოში მშვენიერი ამბები ეწერა. 

Monday, January 10, 2011

სუფთა ჰაერის და მეგობრული დამოკიდებულებების უპირატესობები

საკმარისია თბილისიდან რამდენიმე საათით გავიდე, ავტომატურად მიჩნდება სადმე პროვინციაში ხის ფერადი, რიკულებიან აივნიანი სახლის ქონის  და გულახდილი საუბრების ყოვლისმომცველი სურვილი.


მეორე შედარებით მარტივია, პირველს როდის დავისაკუთრებ, კაცმა  არ იცის.

შობასაც ეგრე, ავდექი და სულ რაღაც რამდენიმე საათით გავედი თბილისიდან.

ბორჯომში რომ შევედი, უკვე ისე მინდოდა ხის აივნიანი სახლი, ერთი სული მქონდა ბაკურიანში მალე ავსულიყავით, ყურადღება სხვა რამეზე რომ გადამეტანა.
გზაში ეს ნაძვები ისე ლამაზად იყო დათოვლილი, მეღიმებოდა.
ბაკურიანში ბავშვობის მერე არ ვყოფილვარ მგონი და ისე ვნერვიულობდი და ისე მაინტერესებდა ინტერნეტში ნაპოვნი და ისე დაჯავშნილი სასტუმრო როგორი იქნებოდა.
რომ არ მომწონებოდა, ალტერნატიულის მოძებნა იმაზე კოშმარი იქნებოდა, ვიდრე ის, რომ აგერ უკვე წლებია უშედეგოდ ვოცნებობ სადმე პროვინციაში ხის სახლზე.

აღმოჩნდა, რომ ჩემი ინტუიცია სანდო ყოფილა.
სასტუმრო იდეალური ადგილას იყო, საკმაოდ ზემოთ ჩურჩხელების და ნაქსოვი წინდების გამყიდველების დახლებიდან. შესაბამისად, აივანზე როცა გახვიდოდი, ნაკლები ადამიანი გეჩხირებოდა თვალებში.
სამაგიეროდ, მთები ჩანდა უფრო ახლოს.
საკვები საკუთარი მეურნება გვაქვს და იმითი მზადდებაო, ანუ სანდო და ნატურალური.
სასტუმროს მეპატრონე კომუნიკაბელური და ყურადღებიანი. შენი და რამდენი წლის არის და საუზმეზე რა უყვარს, სამსახურში სტრესის მერე მთაში უნდა დაისვენოო და ეგეთი ამბები რომ არ ეზარებოდა, ისეთი.
მოკლედ, გადასარევი.

სანამ ჩვენი ქუვეითელი მეგობარი იმას არკვევდა, თოვლი იჭმეოდა თუ არა, ლოლუბის წარმოშობას ადგენდა და ნამდვილი მთების ნახვით გამოწვეულ სიხარულს ფოტოაპარატის მეხსიერებაში ინახავდა, აივანზე ვიჯექი და ვფიქრობდი, რომ საოჯახო სასტუმროები ზუსტად საჩემოა.
აბა რომელი შერატონის მფლობელი დაინტერესდება ჩემი სამსახურის ამბებით, ჩამოუჯდება კლიენტებს, შთაბეჭდილებებს მოაყოლებს და დაიმახსოვრებს, ვის ტკბილი ყავა უყვარს და ვის უშაქრო ჩაი.

არც ერთი, რა საკვირველია.
არადა, ხო ცხადია, რომ ადამიანებს უყვართ, როცა ვინმე მათით ინტერესდება.

ხოოდა, ქალაქგარეთ რომ გადიხარ, თუ აივნიანი ჭრელი სახლი არ გაგაჩნია, გულახდილი საუბრების დეფიციტი მაინც უნდა მოიშორო და საოჯახო სასტუმროში წახვიდე.
მე მხოლოდ რამდენიმე საათი მქონდა სუფთა ჰაერის საყლაპავად. 

სამაგიეროდ, ახლა ნამდვილად ვიცი, რომ კუბოკრული საროჩკით და წითელი ზამშის ბათინკებით, ყველანაირი საკითხავი მასალის გარეშე წასვლა არ შეიძლება იქ, სადაც რამდენიმე საათით მიდიხარ, რაც არ უნდა გიხდებოდეს, კლეჩატი საროჩკა და წითელი ზამშის ბათინკები, იმიტომ რომ თუ იქ დარჩენა მოგინდა, ეგრე მოუმზადებელი დიდი ხნით ვერ დარჩები.
ეგეც ჩვენ. ნუ ჩრდილი მე, ცხადია.

გუშინ  ჩემმა დამ მომწერა, ლამაზი ფიფქები თოვდა ღამეო.

არადა, სულ მეგონა, რომ არ მიყვარდა სამთო კურორტები.
ახლა ვფიქრობდი, რომ სამთო კურორტების სიყვარულისთვის სულაც არ არის საჭირო თხილამურებზე დგომა, სუფთა ჰაერის სიყვარული და დასვენების გამძაფრებული მოთხოვნილებაც საკმარისია.
ხოოდა, იმედია გამოცდების მერე ისევ ლამაზი ფიფქები მოთოვს რომელიმე შაბათ-კვირას.
.
ისე, საოცარ სამთო კურორტებს რომ გვიხსნიან ქვეყანაში,უფრო სწორად, საოცარ სამთო კურორტებად შეფუთულებს, ეს ვიდეო რომ ენახათ, არა?
პ.ს.
ხვალ საშინელი ორშაბათი მაქვს და თუ ვინმე ჩემთან ურთიერთობას გადაწყვეტს, მხოლოდ სასიამოვნო რამეები მითხარით.

Sunday, January 2, 2011

პოსტ ამბები


სარკე გასაწმენდი იყო, სამაგიეროდ კალენდარი იყო სულ ახალი და 2011ის.
თქვენი ღვინო არ მინდა, ჩემი არაყი ჯობიაო. 
გვანცას მგონი ჩემ მეგობრებს შორის ყველაზე მეტად უხდება დღესასწაულები.
თუ თოვლი გინდა. ფშავში უნდა წახვიდეო, მითქვამს მე ^^
პირველში ღამე ისე საკრალურად და გულმოდგინეთ თოვდა, მეორე დღეს ვერც კი იბუზღუნებდი, რატო უფრო დიდი არ დადეო

მეორე დღეს თითქმის სულ მეძინა.
ვიღვიძებდი, ჩაის ვსვამდი, რამე ფილმს ვრთავდი და ზუსტად 10 წუთში მეძინებოდა.
ეგრე "ვნახე" სამი ფილმი,
სიზმარი, სადაც მოვკალი ჩემი ძველი მეგობარი და
 სიზმარი, სადაც არ მახსოვს რა ხდებოდა, მახსოვს რომ ბედნიერების სუნი იდგა.

მთელი დღის ძილმა მიშველა და დღეს დილას შედარებით ადამიანურად გამოვიყურებოდი. ეს მზეც ისე ანათებდა, ადექი, ნასტასია, ისეირნე, ჰაერი და სიმშვიდე ისუნთქეო, იძახდა.
არადა, ისეთი ცუდია, რამე რომ გინდა იყნოსო და ისეთი  მარტივი მიზეზები გიშლის ხელს, როგორიც ეს სულელი გრიპია.
მაინც ვისეირნე.
მთელი სამი დღე თვალს ვერ  ვაშორებდი. ულამაზესებია.
  • ისე მინდა ჩემი ამბები პრივატული იყოს და მხოლოდ იმ ადამიანებისთვის არსებობდეს, ვინც პირველად იკითხავს.
  • ისე მინდა ყველა ჩემ ამბავს საკუთარი პატრონი და ადრესატი ყავდეს.
  • ისე მინდოდა დღეს სახლში მალე მოსვლა, ცხელი აბაზანა და მერე თბილად შეფუთნულს ფილმების ყურება, ოღონდ გუშინდელივით არა, თავიდან ბოლომდე.
პ.ს. მე წავედი ფილმების საყურებლად, თქვენ კიდე მოდით და მომიყევით თქვენი პოსტ ამბები. იქნება და რამე კარგს მოიცავს.

Friday, December 31, 2010

ოდნავ ძველმოდური და ოდნავ მოსაწყენი ახალი წელი

ვფიქრობდი, არაფერს არ დავწერ, მით უმეტეს გასული წლის შეჯამებებს, საუკეთესო ემოციიებს, პოსტებს, ალბომებს, ფილმებს და ადამიანებს არ გავიხსენებ და ერთად წინასაახალწლო პოსტში არ შევყრი თქო.

ვფიქრობდი, დღესასწაულის შეგრძნება იმას უნდა გაუჩინო, ვისაც ყველაზე მეტად ჭირდება შენი გვერდზე ყოფნა იმ დღეებში, ყველა ერთად და ყველა ყველგან როცაა თქო.

ვფიქრობდი, ეგ წელსაც მოვა, წავა და მერე რა, ჩემი არდადეგები დამთავრდება და  მერე უკვე გამოცდებზე ფიქრი მომიწევს, მერე დასვენებაზე და მერე სხვა ჯანდაბებზე.

და საერთოდაც, ვფიქრობდი, რომ მე ნამდვილად ის ოდნავ ძველმოდური და ოდნავ მოსაწყენი  თავხედი ადამიანი ვარ, რომელსაც შეუძლია თავისი ამბები თავისთვის მშვიდად ინახოს, სამი კვირა არაფერი დაწეროს, მერე მოვიდეს და თქვას, რა ახალი წელი, დრო ისე გადის, თვალის დახამხამებასაც ვერ ასწრებ, მაგრამ ჩვენს გარშემო დიდი არაფერი იცვლებაო.

ხოოდა, მოვედი და ეს ყველაფერი გადმოვალაგე.

ახალ წელს ფშავში ვხვდები, მეგობრის ბაბუასთან. მარტო ცხოვრობს, ცისფერი თვალები, დიდი წარბები და დაუსრულებელი ამბები აქვს.
ცოტა არ იყოს და გაციებული ვარ, მაგრამ ეგ არაფერი. იქნება და როდესმე ვისწავლო თბილად ჩაცმის პრელესწები. თან სანამ გაციებული ვარ, ბევრ ჟოლოიან და ლიმნიან ჩაის დავლევ.

 ხოო, ამ ფოტოებს ძალიან დიდი ხანია ვინახავ, დროსთან ჩემი გაფაქიზებული დამოკიდებულებებისთვის სამკურნალოდ კარგი საშუალებაა.ავდგები და ახლა გაგიზიარებთ.
Students at San Francisco State College (1966)


ეს მხოლოდ იმიტომ , რომ  ახლა ალბათ ასეთი აღფრთოვანებით
 ტელევიზორს ან გაზეთებს  ცოტა თუ უყურებს. არადა,
რა ბედნიერი სახეები აქვთ, ღმერთო ჩემო.

სამწუხაროდ, გამოშვების თარიღები არ ვიცი.არადა, გენიალურია :)
Bathing nude, c.1930, Germany

1930 წელი.
Toby Creek

ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურრი ფოტოგრაფის Christer Strömholm-ის პატარაობა
 და პარიზის 50იანი წლებია. მერე გაიზარდა და ისეთი ფოტოენბი გადაიღო
სულ ამ გამოხედვის დამსახურება მგონია, ამ ფოტოზე რომ აქვს.

პ.ს.
კიდევ მაქვს რაღაცეები, მაგრამ სხვა დროს

მრავალს და შეეცადეთ ბენდიერები იყოთ.
უკეთესს ვერც ამ და ვერ ვერერთ წელში ვერაფერს გააკეთებთ :)