Saturday, June 16, 2012

child of flowers and the rain

გუშინ გვიან საღამოს პიტნის ჩაის ვაყენებდი და კაცმა არ იცის რატომ, ის დღე გამახსენდა, ბურგჰაუზენში რომ ვიყავი. უფრო სწორად, ის საღამო, ბურგჰაუზენის ნახვის მერე უკან რომ უნდა დავბრუნებულიყავი სახლში, საშინლად რომ ციოდა, რკინიგზის ბაქანზე კაციშვილის ჭაჭანება არ იყო, ღამდებოდა და მე მეგონა, რომ ჩემი მატარებელი აღარ მოვიდოდა.

ადრე გაზაფხული იყო, დღე რომ ჯერ კიდევ არ არის კარგად გაზრდილი და ადრე რომ ბნელდება და იმ უკაცურ სადგურზე  ჩემს გარდა არავინ არ იყო, ვინც თავის მატარებელს დაელოდებოდა. სადგური  ისეთი იყო, ევროპაში რომ იშვიათია.  უბრალოდ ბაქანი, ყველანაირი სტაფის, კეთილგანწყობილი ინფორმაციის გამცემების და კაფეტერიის გარეშე.დასაჯდომიც კი არ ქონდა. რომ მახსენდება, ვფიქრობ ხო არ დამესიზმრა თქო. ეგეთი სადგური სულ ორი მაქვს გერმანიაში ნანახი. ერთი სადღაც კიოლნის ზემოთ და ერთი ეს. აი, ხაშურიდან ბორჯომისკენ რო მიდიხარ, გზად რო გხვდება, ეგეთი სადგური.

სადგურის უკაცრიელობა ჩემთვის იმის ნიშანი იყო,  რომ მე მატარებლების გრაფიკი ამერია  და ვინაიდან ეს ბურგჰაუზენი დედამიწის კაი მიკარგული სოფელი იყო და სულ რამდენიმე კინკილა ტრანსპორტი უდგებოდა,  ამ ბაქანზე ღამის გათევის პერსპექტივა მემუქრებოდა.
 უკვე იმ გეგმებს ვსახავდი, როგორ დავაკაკუნებდი ყველაზე ახლო მდებარე სახლის კარებზე და ვითხოვდი ღამის გასათევს და ვინაიდან გერმანელების სიკეთის დიდი იმედი არ მქონდა, მერე შემდეგ კარზე როგორ დავაკაკუნებდი, მერე იმის შემდეგზე და ასე, ამ ფიქრებში ვიყავი  და საშინელ, უსაშინლეს, მუყაოს სიგარეტის მორიგ ღერს ვეწეოდი, მატარებელი რომ მოვიდა. ეგ სიგარეტი იმ ერთადერთხელ ვიყიდე, ხელფასამდე დარჩენილი ბოლო ცენტებს ვითვლიდი და ვინაიდან საგრძნობლად იაფი ღირდა, ვიფიქრე, გავწირავ თავს თქო.

ხოდა გუშინ გვიან ღამით ეგ სიხარული გამახსენდა, ძალიან გაყინულს და იმედგადაწურულს უცბად რაღაც ძალიან რო გაგეხარდება, რა მაგარია.

კაცმა არ იცის რატო გამახსენდა ეგ ამბავი. ალბათ იმიტომ, რომ ახლა ჩემი ცხოვრება სულ სხვანაირად გამოიყურება: ძირითად დროს სახლში ვატარებ და  მიხარია რომ გამიჩნდა დრო კითხვისთვის, ძილისთვის, ჩემი საკუთარი სიმშვიდეებისთვის.
მაწუხებს სიცხე და ადამიანების სიშტერე.
კვირაში რამდენიმე სტატიას ვწერ, მუცლის ბინადრის მოძრაობებს ვაკვირდები და ვფიქრობ, რომ მე ძალიან ჭკვიანი ადამიანი ვარ, რომელმაც ზუსტად იცის რაზე უნდა იოცნებოს და ვინაიდან იმაზე, რაზეც უნდა ვიოცნებო ხოლმე დაჟინებით ვოცნებობ, მერე აუცილებლად სიტყვა-სიტყვით მიხდება. შედეგად  უფრო  ბედნიერი ვხდები და ეს და სხვა მსგავსი ამბები მგონია ხოლმე რო მე არა, ვიღაც სხვას გადახდა თავს.


საღამოობით როცა ჩაის ვსვამთ ხოლმე, ან აივანზე ვგრილდებით, ერთმანეთს ჩვენი ბავშვობის ამბებს ვუყვებით და იმის გამოცნობას ვცდილობთ მუცლის ბინადარი როგორი იქნება, ვხვდები, რომ სულ ცოტაც და ჩვენი ბავშვობის ამბები სამუდამოდ გადაიწევს უკანა პლანზე და მთავარ თემად  ახალი ადამიანის ცხოვრება გვექნება.

ეგ სრულიად ბუნებრივი კანონზომიერება  რაღაცნაირად მასევდიანებს ხოლმე. იმიტომ რომ ხვდები როგორ უცბად ხდიან მშობლების ამბებს ბავშვები უმნიშვნელოებს, შენც როგორ იშვიათად ინტერესდები იმით, როგორ ცხოვრობდნენ მშობლები, როგორ უკითხავად იქმნი მათზე არასრულ წარმოდგენას მხოლოდ იმ ამბებით, რის გაგებასაც დაინტერესების გარეშე ახერხებ და ხვდები, რომ ცოტაც, სულ ცოტაც და შენ ამბებსაც იგივე მოელის.და ამბებს ვინ ჩივის,  შენ თვითონაც  რაღაცნაირად უფრო დიდივით და ჭკვიანივით უნდა მოიქცე, იმიტო რო შენი წილი პასუხისმგებლობა გაქვს და მარტო საკუთარი თავი კი არა, წერტილაკის ადამიანად ქცევა გაბარია.

მოკლედ, რთული ამბავია და სავარაუდოდ ყველაფერი ისევე ჩვეულებრივ მოხდება გზადაგზა, როგორც აქამდე, უბრალოდ, როცა ეგ ყველაფერი შენ თავს ხდება, გგონია რომ რაიმე განსაკუთრებულში გაყავი თავი და ამ წინასწარი სენტიმენტებით შენ თავს მიმდინარე მოვლენებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ძენ, თუ რაღაც ეგეთი. ზუსტად არ ვიცი, რა ქვია ასეთ საქციელს.

მუცლის ბინადარი კიდე, უსახელო და  დაახლოებით 2 კილო თავისთვის დატივტივებს და სულ არ იცის, როგორ გვაინტერესებს გარეთ მყოფებს როგორი იქნება.