Wednesday, January 19, 2011

მზევ შინ შემოდი

ეს სურათი უძველესია. მე კიდევ
ისეთი მსუქანმკლავებიანი,
სინდისი რო მქონდეს, წავშლიდი.
ამ დროს მე მიყვარს.
ტომუშკამ მე ვხედავ მზეს და თქვენც დაინახეთ, თუ კაი ხალხი ხართო.

რატომაც არა თქო, მაგრამ მერე ვიფიქრე, ისედაც  არეული პერიოდი მაქვს, კონცენტრაცია მიჭირს, გაღვიძება მიჭირს, ყურადღების მოკრეფა მიჭირს, რა დროს მზეა, თან ხალხი თოვლს უფრო ნატრობს, ვიდრე მზეს თქო.

მერე ვიფიქრე, ამ ბლოგზე სულაც და სულაც აღარაფერს აღარ დავწერ და თვითგამოხატვის სხვა გზას ვიპოვი, ისედაც საკმარისი ვწერე, როდესმე ხომ ყველაფერი მთავრდება თქო.

მერე არაფერიც აღარ ვიფიქრე, ავდექი და ამ პოსტის წერა დავიწყე.მზის და პოზიტივების ხათრით, შიგადაშიგ პოზიტივებს გამოვთლი და სხვენზე შემოვაწყობ ხოლმე.


პარასკევი:
  • თმა კიდევ ერთხელ შევიღებე და უფრო წითელია. თმების შემღებავმა აზა დეიდამ პავლიაშვილის მოსკოვის ბინის ფოტოები იძულების წესით დამათვალიერებინა, სამაგიეროდ მითხრა, ჯანსაღი თმა გაქვსო. ძალიანაც კარგი.
  • მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ისე ვიჯექით, როგორც რეანიმაციაში სხედან ხოლმე, სანამ ვინმე ძალიან ახლობელი კვდება და მე ჯერ კიდევ ვერ გავიგე, მთელი ეს ამბავი კარგია თუ ცუდი,იმ საღამოს  გემრიელად ვიტირე და ხომ სისულელეა, მაგრამ რაღაცნაირად კარგი იყო.  ემოციების დაბლოკვა ცუდი ამბავია, მე კიდევ  იმდენი ხანი მეგონა, რომ  ნამდვილ ნასტასიას არ უნდა ეტირა. სულაც არ არის ეგრე. თუ რაღაც შენთვის მნიშვნელოვანი სულელურად მთავრდება, ისე რომ ვერ იგებ, მარტო შენთვის იყო მთელი ეს ამბები მნიშვნელოვანი თუ კიდევ ვინმესთვის დედამიწის ზურგზე, როცა ვერ ხვდები რატომ ზიხარ ასე, თითქოს ვინმე რეანიმაციაში გიკვდებოდეს, ზუსტადაც რო უნდა იტირო.
შაბათი: 
რეკომენდირებული საკითხავი
დილას სავარაუდოდ გვიანობამდე მეძინა. მერე ავისხი გუდა ნაბადი კი არადა, ლეპტოპი,  საჯაროს საშვი, თერმოსით ყავა და გემრიელი ზღაპრები ვიკითხე საღამომდე.

ნატამ თქვა, საჯარო ისევ ის მგონია, კატალოგები რომ იყო და გათბობა მხოლოდ ქართველოლოგიის დარბაზში იყოო. მაშინ აბა რომელი ერთი ვიოცნებებდით ინტერნეტსა და ციფრულ კატალოგებზეო. იმის მერე სულ რამდენიმე წელი გავიდა.

მე მაშინ ზღაპრებს არ ვკითხულობდი, ნატას ბავშვი არ ყავდა და ერთმანეთისთვის ბევრად მეტი დრო გვქონდა.
სამაგიეროდ, ასე ზუსტად არ ვიცოდი, რომ ხშირად ნახვების და სხვადასხვა ცხოვრების სტილის მიუხედავად მაინც ასე მიყვარდა.

კვირა:

  • ძველი ტელეფონი უმოკლეს დროში ნორმალურ ფასად გავყიდე ვიღაც ემიგრანტზე. ყავის სანაცვლოდ მომიყვა ოკეანის კუნძულებზე საფრანგეთის ლეგიონის მოღვაწეობის ამბებს, აფრიკაში მსახურობის სირთულეებს და კიდე იმ ემიგრანტულ ამბებს, ყველა ერთმანეთს რომ გავს.მე მაინც გული მიჩუყდება მაგ დებილი ამბების მოსმენისას და ჩემი ყველაზე დეპრესიული წელი მახსენდება ხოლმე.
  • 2 ახალი სათვალე, 2 ახალი ჟაკეტი, დიდი და გრანდიოზული ყურსასმენები  და მაქმანებიანი თეთრეული ვიყიდე. იმდენი ხანია საყიდლებს ვგეგმავდი და სულ მეზარებოდა. ყველაფერი მომწონს. სანდრომ თქვა, მთელი ტელეფონის ფულით ყურსასმენები უნდა გეყიდა და მერე იქნებოდი მაგარიო, მაგრამ სად ესმით კაცებს რომ ქალებს ბევრი გასართობი და სისულელე  ერთად ჭირდებათ. ასე რომ საყიდლები გენიალური იყო.საღამოს კონცერტზე ვიყავით.
  •  პირველად ცხოვრებაში ნამდვილი იაპონელი მუსიკოსების კონცერტზე. კონცერტი ნარმალნო, სამაგიეროდ ჩვენ წინ ვიღაც წყვილი ცეკვავდა ისე, ლოგიკური იყო ადრე რომ წამოვედით. როცა ჩემი საკუთარი ამბები არ მაკმაყოფილებს, სულაც არ არის გადასარევი ვიღაც შემთხვევით გადაყრილების უადგილო ბედნიერებები. ყოველ შემთხვევაში მაშინ ეგრე ვიფიქრე.

ორშაბათი
მეგონა, რომ ლექტორების გულისხმიერების მეტი დიდი არაფერი მექნებოდა აღსანიშნი.
მერე ბაბისა ვნახე და კიდე მერე აღმოჩნდა, რომ პლიუს ერთი ბიძაშვილი მეყოლა.
მამა მთელი საღამო იძახდა, ჩვენ გვარში 5 შვილი მგონი არავის ყოლიაო.

მე კიდევ  სინდისი მქენჯნიდა, რომ ბავშვები რაც მეტია, სიხარული ნაკლებია. და საერთოდ, რაღაცას რომ არ ელოდები და ისე მოდის, ზედმეტი ვნებათაღელვების გარეშე, ჩვეულებრივი მოვლენა გგონია. 
რაღაცეები სულ რომ ხდება, ეჩვევი და აღარ გიხარია და საერთოდ,
ამ პაწაწუნა, 2 კილო და 200 გრამ, 48 სანტიმეტრიან არსენებას სულ არ ადარდებს, მეხუთეა თუ პირველი. მერე კიდე ალბათ ადგება და კაი ტიპი გაიზრდება და ჩვენც ჩვეულებრივად შეგვიყვარდება.ვინ იცის, ჩვენ რო ბებრები ვიქნებით და ეგ ახალგაზრდა, იქნებ აღვფრთოვანდეთ კიდეც. 23 წელი კაი დიდი სხვაობაა.
კი, 23 წლის მერე მე ნამდვილად სოლიდური ასაკი მექნება.
მერე ალბათ ასე მტკიცედ აღარ მექნება გადაწყვეტილი, რომ ან ჩვეულებრივ არ უნდა მოხდე, ან კაი ტიპი უნდა გამოხვიდე, როცა გაიზრდები, იმისთვის რომ გარშემომყოფებს სიყვარულის მეტი გზა არ დაუტოვო. კაია სოლიდური ასაკი, მკვეთრი მიჯნები უნდა იშლებოდეს წესით.
სოლიდურ ასაკში ჩვეულებრივ შეგიძლია მოხდე.ახლა არა. რა წესია.


სამშაბათი
როგორც იქნა დავამთავრე რაღაც მორეფერატო და დავტოვე კათედრაზე. საშინლად უკმაყოფილო ვარ, ბევრად უკეთესი მინდოდა ყოფილიყო, მაგრამ ეგრეა, სამსახური და სწავლა და არანაირი თავისუფალი დრო ერთად.

სამსახურში საქმეებს მალე მოვრჩი და "ბავშვები" ვნახე.
ბავშვები ძველი კარგი მეგობრების განსაკუთრებით ალერსიანი სახელია. მე მიყვარს რომ რაც დრო გადის ინდივიდუალიზმის დონე იმატებს და გასაცვლელი ამბებიც უფრო საინტერესო და ნაკლებ სავარაუდოა.
ხოოდა, მერე რა რომ უფრო და უფრო ნაკლები დრო გვაქვს ერთმანეთისთვის, სამაგიეროდ, ერთმანეთი გვყვავს.


შემდეგ პოზიტივებამდე.
მე ვხედავ მზეს კი არადა, მზევ შინ შემოდი რომ ერქვას ამ პროექტს, უფრო მომეწონებოდა.
ხოოდა, ამ პოსტს თუ დაუჯერებ, ყოველდღე სხვადასხვა განწყობები მქონია.