Sunday, November 14, 2010

ტკბილი ნოემბერი

შარშან, ზუსტად 13 ნოემბერს მე და გვანცა პარიზში წავედით.

მე თარიღებს ვერ ვიმახსოვრებ, გვანცამ გამახსენა ბარისახოს ავტობუსში.


ბარისახოს ავტობუსი საშინლად დაფეხვილია და ხრიგინით დადის. ტუსოს ხრიგინის შეეშინდა და მთელი გზა ჩემ კალთაში იჯდა.

რაც ჩამოვედი, მე სულ მგონია რომ ტუსოს ადგილას ერთი დიდი სიცარიელეა და ჯერ ვერაფრით ვერ შევეგუე იმას, რომ ტუსო ახლა სულ იქ იცხოვრებს.

იქ, სადაც ტუსო ახლა სულ იცხოვრებს, გვანცა ანის უყვებოდა, როგორ ვეძებდი მე პარიზისკენ მიმავალ ავტობუსში სიყვარულს, რომელიც პარიზისთვის იქნებოდა განკუთვნილი.
მაშინდელი სიყვარულის ძებნა იმიტირებული და უშედეგო იყო.

ხვალიდან ისევ სამუშაო კვირა იწყება, მე ისევ ველოდები დაკარგული წერის უნარის აღდგენას და მანამდე ტკბილი ნოემბრით ვტკბები, ჩემებს და შემოდგომის ბოლო ფოთლებს ვიგებ და იმედია, ტუსოს სიცარიელე ძალიან დიდხანს არ იქნება ასე შესამჩნევი.

აი, იმიტომ მეშინია ხოლმე, მოსვლების, მერე გარანტირებული წასვლები რომ ახლავს ხოლმე.

ხოოდა, ბევრი ტკბილი თვე მე სიცარიელების ამოსავსებად და არაიმიტირებული სიყვარულებისთვის.

თქვენც კეთილო ადამიანებო.

პ.ს.
ტკბილი ნოემბერი გვანცას ფრაზაა და საავტორო უფლებები დაცულია.