Tuesday, November 23, 2010

ისლის სახლი

ნინამ დაწერა რამდენიმე დღის წინ, წამყე ბეთანიისკენო.

მე ისლის სახლი გამახსენდა და ეს ადგილი, რომელიც შარშან იტალიიდან ავსტრიაში მიმავალ გზაზე შემხვდა.

მაშინ მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ საქართველოში  ჩამოსვლის შემდეგ მოწყენილობისგან მოვკვდებოდი და არასოდეს არ მიფიქრია იმაზე, რომ მოწყენილობაზე უარესი გარემოა, რომელიც გაუცნობიერებლად გშტამპავს, გზღუდავს და რაღაც პერიოდის შემდეგ მხოლოდ რამდენიმე კონკრეტულ და გაცვეთილ თემაზე შეგიძლია ფიქრი, მხოლოდ ყველაზე ხშირად ხმარებადი სიტყვების გამოყენებით და მხოლოდ  დუნე ემოციებით.

რაც მთავარია ამას გვიან ხვდები და მერე თავს იმართლებ, რომ ჩვეულებრივია, როცა აღარ გეწერინება, ჩვეულებრივია, როცა გადაღლილი და გაღიზიანებული ხარ, ჩვეულებრივია, როცა სახლში გამოკეტვები გინდა, ჩვეულებრივია, როცა ისლის სახლები და შორეული მაგისტრალები გახსენდება  ემოციების გარეშე ჩვეულებრივია.

ხო, შეიძლება  ჩვეულებრივია, რა თქმა უნდა უარესებიც არსებობს და საერთოდ, ყველაფერს 2 მხარე აქვს, მაგრამ მე საშინლად არ მომწონს ის, რომ ცხოვრება კვირის დღეებად დაიყო, კარგი რამეები მარტო დასვენების დღეებში ხდება. არაფერიც, დღეს დასვენების დღეცაა და დღესასწაულიც, მაგრამ არაფერიც არ ხდება.

გუშინ გვიან ერთ-ერთ კაფეში მეგობრებს ველოდებოდი და ვფიქრობდი, რომ აბაზანის შემდეგ ყველაზე კარგად კაფეებში ვფიქრობ, როცა ვინმეს ველოდები და ის ვინმე დასაშვებზე მეტად იგვიანებს, მაშინ. მერე ბევრი მეძინა და ახლა აღარ მახსოვს იმ კაფეში რას ვფიქრობდი.

მალე ალბათ კიდევ ერთხელ და ცოტა ხნით გადავკვეთავ საზღვარს და მერე მოგიყვებით როგორია დაბადების დღე აზერბაიჯანში

ბედნიერი დასვენების დღეები და დღესასწაულები ყველას, ვისაც სრულიად დაავიწყდა ის, რომ ყველა დღე სრულუფლებიანია და ისლის და საოცნებო სახლები მხოლოდ შორეულ მაგისტრალებზე არსებობენ, შენ კი შენ სახლში ბედნიერად ცხოვრება უნდა ისწავლო ბოლოს და ბოლოს.