Tuesday, November 30, 2010

Fast Food

მე უბრალოდ ვიფიქრე, რომ ჩვენ ჩვენს თავებს ადამიანებს მზა სახით ვთავაზობთ. მაგალითად, ჩემ შემთხვევაში, ადამიანებმა იციან, რომ ნასტასია ტკბილია, მოდიან და ამბობენ, ჩემო ტკბილო ნასტასიაო და არც ფიქრობენ, რომ სიტკბოს გარდა შეიძლება კიდევ რამე სხვა დამახასიათებელი თვისება ამომექექოს.
ერთი ნიშანი უკვე საკმარისია, ხოოდა, მეტს აღარ ვეძებთ.

იციან, რომ  მაწანწალა ვარ და მთავაზობენ აქ, იქ და იმის იქით წასვლას, ისე, რომ არც ფიქრობენ, შეიძლება სახლში ჯდომა და ძილი უნდოდესო.
იციან, რომ მე ცუდ რეჟიმში ვცხოვრობ და ცოტა თავისუფალი დრო მაქვს, შესაბამისად, კვირის განმავლობაში არავინ მაწუხებს, რა გეგმები გაქვს ფრაზით. მე ხომ არ მცალია, მეტიც, თუ გაღიზიანებული ვარ, მეპატიება.

  milla jovovich - dj puppy ink by nastasia
აი, დაახლოებით ისე, როგორც იციან რომ ჩემ ბიძაშვილს ჭამა  უყვარს და კვირაში რამდენჯერმე შესაბამის დაწესებულებებში ეპატიჟებიან, არადა, ვინმემ რომ კინოში დაპატიჟოს, არანაკლები სიამოვნებით წავიდოდა.
ან ჩემი მეგობარი, რომელიც ყველასადმი კეთილგანწყობილია და შესაბამისად, ადამიანები მას მხოლოდ საკუთარ პრობლემებზე უყვებიან და საუკუნეში ერთხელ თუ კითხავენ, შენს თავს ხომ მშვიდობაა, მარტო მე რომ გეწუწუნებიო.

ზუსტად ისეთი ამბავია, ზარმაცი, უინტერესო და ქრონიკულად გაღიზიანებული დიასახლისი სუპერმარკეტში ნახევარფაბრიკატებს რომ ყიდულობს, მომზადების წესს კითხულობს და საჭმელი 10 წუთში მზად არის. უნდა დაამატო ცოტაოდენი მარილი, ცხელი წყალი და ეგაა. ან შედგი აერღუმელში, დაიბრაწება, აშიშხინდება და მიიტანეთ სუფრაზე.

არადა, არ არის ეგრე. ყველაზე სასიამოვნო ისეთ ადამიანებთან ურთიერთობაა, რომლებიც ახალ შენ თავებს აღმოგაჩენინებენ, გეტყვიან, რომ საშინელი დღის მერე ძილი ყველას შეუძლია, შენ კი უნდა ადგე და ხიდიდან გადახტე, ან რამე ეგეთი. როცა გასარუჯად წოლის მაგივრად ტალღებში შეგათრევენ, ან რამე უსახურ მინდორში კარვის გაშლის მაგივრად კიდევ რამდენიმე საათს წვიამში გატარებენ, სანამ ყველაზე ლამაზ სოფელში არ აღმოჩნდები და გაკვირვებისგან ყბა არ ჩამოგივარდება, ბედნიერებისგან კი გზაში რომ კვდებოდი, ისიც კი აღარ გაგახსენდება.

ყველაზე მაგარია:
როცა შენ თვითონაც გავიწყდება შენი ყველაზე მკვეთრად ჩამოყალიბებული თვისებები და ისე ირგებ ახალ ემოციებს, ადგილებს, თვისებებს.
როცა მარკეტში ჩასვლის და პლასტმასის ნახევარფაბრიკატის ყიდვის მაგივრად შენ თვითონ ამზადებ გემრიელ საკვებს, ექსპერიმენტებს ატარებ, თეფშებზე ლამაზად ალაგებ, შესაბამის დესერტს ურჩევ და ა.შ.
მაგარია, რომ  უშინაარსო დღეებით სტრესს არ აიკიდებ და არაჯნმრთელი საკვებით კუჭის დაავადებას, მაგრამ ვის აქვს მაგდენი დრო.

დაბადების დღეზეც კი თითქმის ნახევრად მზა ტორტი მქონდა. წელიწადში ერთხელაც კი დამეზარა ავმდგარიყავი და ჩემს საკუთარ თავზე მეზრუნა. არადა, ღმერთო ჩემო, როგორ მიყვარს როცა სამზარეულოში ბევრი პროდუქტები ყრია და მე ჯერ კიდევ არ ვიცი საბოლოოდ საჭმელს რა ერქმევა, ხარშვისას რა სუნი დატრიალდება და ოჯახის რომელ წევრს მოეწონება განსაკუთრებით.

ხო, მე საჭმელების კეთება მიყვარს, უბრალოდ,  იშვიათად ვიცლი ამისთვის.
ხო, მე მიყვარს ექსპერიმენტები.
ხო, მე ექსპერიმენტები მაშინაც კი მიყვარს, როცა ამის თავი კაცმა რომ მკითხოს არ მაქვს.
ხო, თუნდაც თავსმოხვეული და დაძალებული, მერე რომ აღმოჩნდება გადასარევი.

ხო, მე ახალი ენერგიების აღმოჩენა მჭირდება, უბრალოდ, გარშემო ყველა გამოფიტულია და ყველა ერთხმად თანხმდება, რომ ნასტასია ტკბილია, ესე იგი, მას მეტი თვისება არ ჭირდება.

ხო, განსხვავება fast food-სა და ჩვენს შორის თითქმის ნულოვანია, ჩვენ ზარმაცი მომხმარებლები ვართ და მნიშვნელობა არ აქვს რა შემთხვევას განვიხილავთ.

უბრალოდ, ზოგ ადამიანს ცხვირზე სხვადასხვა რამეები აწერია:
”ის საშინლად ცხარე და უჟმურია, მასთან ურთიერთობაში უკეთესია, თუ დისტანციას დაიცავთ. მომზდების ვადა: თქვენ მოთმინებაზეა დამოკიდებული.”
ან
”მას გადასარევი ნერვები აქვს, სათნო და კეთილია, ცოტა მოსულელოც, მოსამზადებლად დაგჭირდებათ ცოტაოდენი ღიმილი, გულისმიერება და ილუზიის შექმნა, რომ  ყოველთვის უსმენთ. ვარგისიანობა: გულისრევის შეგრძნების გაჩენამდე.”
ან:
”ის საშინლად პრეტენზიული და ამბიციურია. გამოიჩინეთ სიფრთხილე და კეთილგონიერება. წინააღმდეგ შემთხვევაში შესალოა მოიწამლოთ:”
”რეკომენდირებულია ფეხმძიმე ქალებისთვის, მოაქვს სიმშვიდე და სტაბილურობის განცდა”
”მას მხოლოდ ზაფხულში მიირთმევენ, ცივად. გაცხელებას არ ექვემდებარება, გემოს კარგავს”.
”18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არ არის რეკომენდირებული, ცუდი მანერები აქვს, ემოციებს ვერ აკონტროლებს, ხშირად ბილწსიტყვაობს და დიდად თავსაც არ უვლის.მალფუჭებადია”.

ხოოდა. ეგრე. 
დაბორიალობ მერე ზარმაცი და უფანტაზიო დიასახლისივით თბილ და სასაიმოვნოდ განათებულ სუპერმარკეტში და კალათში ყრი სწრაფად მოსამზადებელ პლასტმასის ნახევარფაბრიკატებს.

არადა, ღმერთო ჩემო, რა გადასარევია, ჯანმრთელი საკვები და კარგი არომატები.