Thursday, December 2, 2010

სამი ერთმანეთზე სულელური, მაგრამ გენიალური ამბავი

ფეხსაცმელებში ქვებიანი გოგონას ამბავი 

ქსეროასლების გადამღები გოგონა წიგნს ისე ისროდა, მეგონა ბლინებს აცხობდა.

ბლინებს ბებია მაჭკატებს უზახის და როცა დედა პირველად მივიდა მასთან რძლის ამპლუაში, ჰკითხა, მაჭკატების გამოცხობა იცოდა თუ არა. დედამ არაო.
მერე გაირკვა რომ იცოდა, უბრალოდ, მაჭკატების არა, ბლინების გამოცხობა.

მე თვითონ ბლინებზე მეტად სიტყვა მაჭკატები მიყვარს, ბავშვობის, ლინდგრენის წიგნების და საზაფხულო არდადეგების განწყობა მოაქვს.

ის გოგო, წიგნს რომ ასე საშინლად, ბლინებიანი ტაფასავით ისროდა, საშინლად დეპრესიული სანახავი იყო. შეწუხებული სახე, უძილო თვალები და უემოციო გამომეტყველება ქონდა. ეჭვი მაქვს ქსეროასლების გადაღების მაგივრად, მაჭკატების ცხობით ან წიგნების კითხვით რომ დაკავებულიყო, უფრო ბედნიერი იქნებოდა.

არადა, ფეხსაცმელებში კენჭები ეყარა და კლიენტიდან კლიენტამდე მათი გადმოყრით ირთობდა თავს. მუქ  და ერთმანეთთან შეუსაბამო ტონებში ეცვა და დიდი, მრგვალი საყურეები ეკეთა. წამოსვლისას მადლობა თქო და გამოუძინებელ სახეს გაკვირვებულიც დაამატა და ისე იკითხა, მე მითხარი რამეო.

ხო, ნუ, ეგეთი ჩვევა მაქვს, მადლობას მაშინაც კი ვიხდი, როცა არავის ჭირდება.
კიდევ  ერთხელ თუ ამოვჩნდი მასთან და ისევ ისე დაახეთქა წიგნები, აუცილებლად ვეტყვი, რომ ჯობია, მაჭკატები აცხოს. მერე ხელებზე გემრიელი სუნი აუვა და ძილისთვისაც მეტი დრო დარჩება. იქნებ ოდნავ მიმზიდველიც გახდეს.




ნაგვის ურნის მომხმარებლების ამბავი

ჩვეულებრივი დილა იყო და ლექციაზე მივდიოდი. რომელღაცა გაჩერებაზე ერთმანეთის თანმიმდევრობით ჩალაგდნენ მგზავრები. იქვე ნაგვის ურნა იყო. ერთმანეთის მიყოლებით ჩალაგებულებმა ერთმანეთის თანმიმდევრობით გადაყარეს ბილეთები ურნაში და გზა გააგრძელეს.
უცნაური სანახაობა იყო.
უფრო უცნაური ის, რომ ჯიბეში ხელი რომ ჩავიყავი, 10ზე მეტი ბილეთი მედო, არადა, არასოდეს არ მიფიქრია, რომ მენაგვე ვიყავი.





თავმოხდილი მარკერის და ბისექსუალების ამბავი

თავმოხდილი მარკერი ჩემ ოთხმოცდარაღაცაწლის ლექტორს უჭირავს ხოლმე სამსაათიანი და უშესვენებო ლექციის განმავლობაში.
მე თითქმის ვერასოდეს ვერ ვიგებ რას ლაპარაკობს ჩემი ოთხმოცდარაღაცაწლის ლექტორი მხოლოდ იმიტომ, რომ მთელი სამსაათიანი ლექციის განმავლობაში მარკერს ვუყურებ და ვფიქრობ: ” აი, ის ახლა დაშრება, მერე ამას რამის დაწერა მოუნდება დაფაზე და ვერაფერსაც ვერ დაწერს, იმიტომ რომ არ დააფარა ის ოხერი თავი”.

მერე იმაზე ვფიქრობ, რომ ფსიქოპატი ვარ, დილას ლექციაზე მხოლოდ იმიტომ რომ მივდივარ რომ თავმოხდილ მარკერზე ვიფიქრო და სამი საათი შესვენების გარეშე ვიჯდე.
ფსიქოპატი იმიტომაც ვარ, რომ პანიკური შიში მაქვს, ფიჯნიდან ყავა ან ჩაი არ დაიქცეს და კიდევ ბევრი სხვა სისულელის გამოც.

რაც მთავარია, როცა ლექტორს დაფაზე რამის დაწერა უნდა ხოლმე, მარკერი მართლაც გამშრალია, და მე მშვიდად სუნთქვას ვიწყებ: ”აი, ხო ვფიქრობდი, აი, დაეფარებინა თავი, აი, მე მართალი ვიყავი...”
თქვენ შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ მე რეალურად ვწუხდები ყოველ ორშაბათს, პირველიდან ოთხ  საათამდე ჩემი კონცენტრაცია მხოლოდ მარკერს რომ ეკუთვნის.
სულაც არ არის  მხიარული ამბავი,მით უმეტეს,  როცა 23 წლის ხარ და ლექტორი თუ კითხულობს ბი-ზე დაწყებული რომელი სიტყვა გახსენდება, სადაც ბი - ს ორის გაგება აქვს, შენ ბისექსუალს პასუხობ და გაკვირვებულ  სახეს უხსნი, რომ ბილინგვაც კი გაგახსენდა, მაგრამ ეგ სულაც არ არის ისეთი აქტუალური, ამიტომაც არ თქვი.

პ.ს. მოკლედ, ათიათასჯერ მითქვამს და კიდევ ვიტყვი, რომ სწავლის პროცესი გადასარევია, მარკერების, დეპრესიული გოგოების და სანაგვე ყუთების მიუხედავადაც, უბრალოდ, სწავლა და მუშაობა ერთად მითია, რომელიმე აუცილებლად ეწირება და თუ ორივე გადაურჩა მსხვერპლობას, ან შენ ეწირები, ან შენი ურთიერთობები.

ჩემი პირველი შესაწირი აღმოჩენილი ფსიქოპატია და უძილო თვალებია.
მიუხედავად ამისა, ყოველ დილას ადგომისას რომ არ ვიტირო ხოლმე, ჩემ თავს ვეუბნები: ”არა უშავს, ჩემო ტკბილო ნასტასია, შენ ხომ დიდი გოგო ხარ უკვე და იცი, რომ უსაქმურობაზე და უცოდინრობაზე საშინელი კატასტროფა მხოლოდ ცუნამია, ამიტომ, ადექი და საღამოს უფრო ჭკვიანი იქნები”.

მოკლედ, ეგრეა ამბები. დღეს სამსახურიდან რომ გამოვედი თბილი და სასიამოვნო ქარი იყო. ირაკლიმ განიავება და გამზეურება არ გაწყენდაო. მართალია.

ხვალ უკვე პარასკევია. ბედნიერი შაბათ-კვირა თქვენ :)