Friday, December 3, 2010

ანგუსი და ჯულია/იულია



მთელი ბავშვობა მინდოდა რომ ჩემზე დიდი ძმა მყოლოდა. თან ისე, ახირებულად, რომ არ ვიცი რად მინდოდა, მაგრამ ვიცი მაინც ძალიან რომ მინდოდა. მერე გავიზარდე და მივხვდი, რომ რეალურ რამეებზე უნდა იოცნებო და უფროს ძმაზე ოცნება შევწყვიტე. ორი თვის წინ ავსტრალიელი ანგუსისა და იულიას/ჯულიას მეორე ალბომის დეგუსტაციისას მივხვდი, რატომ მინდოდა მთელი ბავშვობა უფროსი ძმა.


როცა იულია/ჯულია ხარ და შენ ძმას ანგუსი ქვია, მაშინ შეგიძლია მუსიკაზე კი არ წერო, მუსიკა წერო. მაშინ შეგიძლია ისე იმღერო, როგორც 9 წლის ნაწნავებიანმა და მოფრიალეკაბიანმა, ჭორფლიანმა გოგონამ, ახლახანს რომ გაიღვიძა და მინდორში გარბის ძაღლთან ერთად. შეგიძლია შენი მუსიკა ისე ჟღერდეს, როგორც ტალღების ხმა ავსტრალიის სანაპიროებზე და ზღვის სუნსაც კი იგრძნობენ შენი მსმენელები. შეგიძლია შენ ძმას დაუმტკიცო, რომ კარგი მუსიკის კეთბა სულაც არ არის ძნელი და რომ ყველაფერი შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს ადგილობრივ მუსიკალურ ფესტივალზე გამოსვლით დაიწყო. სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში კი შენ ახალ ალბომს ათასობით ადამიანი თავისით დაელოდება დედამიწის სხვადასხვა კუთხეში.

ეს ადრე დავწერე მუზეზე, როდესაც მათი მეორე ალბომით აღფრთოვანდი, ახლა კი ჩემი ავსტრალიელი და-ძმა პარისში ჩავიდნენ, კონცერტი გამართეს და მთელი ეს ფოტო და ვიდეო მასალა, მაგ ამბებს ასახავს. ხოოდა, გადასარევია, როცა პარიზში კონცერტს ატარებ, როცა შენ თვითონ გიხარია შენი წარმატებულობა და სულაც არ იცი, რომ სადღაც საქართველოში, თბილისში პარასკევ საღამოს ვინმე ნასტასია დგას და ამ ყველაფრით გულაჩუყებული და გახარებულია.


ხოოდა, პარიზში თოვლი მოსულა, ანგუსს სასაცილო, გამხდარი და დიდძუძუებიანი ქალი დაუხატავს, მათ მომავალ გეგმებზე ჯერ ახალი არაფერია ცნობილი, მეც აღარ ვოცნებობ უფროს ძმაზე, უბრალოდ, ვფიქრობ, რომ გადასარევია, როცა შეგიძლია უცხო ადამაინების ამბები ასე გაითავისო.


პ.ს. გუშინ თეკლე-თეომ დაწერა ფეისბუქზე, ესენი ნასტასიამ შემაყვარაო და ვიფიქრე, იქნებ ვინმეს კიდევ უნდოდეს შეყვარება და აი ისინიც, შეიყვაროსთქო.
ეგეთ დროს ვხვდები ხოლმე, რომ მიყვარს, ჩემ სიყვარულებს და სიხარულებს სხვებსაც ვუზიარებ.

ერთადერთი, რაც ჯერ კიდევ ვერ მოვიფიქრე, ისაა, ჯულია უფრო ლამაზად ჟღერს თუ იულია.