Monday, December 6, 2010

ამიტომაც ავიწოწე ნაძვის ხესავით

"მე ვარდივით ლამაზი ვიყავი,
შენ გვერდით წოლით კი ყვითელ ფორთოხალს 
დავემსგავსე"



მნიშვნელობა არ აქვს, ერთ მშვენიერ დღეს აიღებ ხელში ქაბულელი წიგნებით მოვაჭრეს და წაიკითხავ თუ არა სულმოუთქმელად. ის ჩვენთვის ძალიან სხვა ქვეყანაა, ძალიან სხვა კულტურით და ადვილად შესაძლებელია მათზე ფიქრისას საბოლოო დასკვნა უბედურების და განუვითარებელი მუსლიმების კატეგორიის მიკუთვნება იყოს.

მე ისიც კი არ ვიცოდი, იქ თუ მყინვარივით მთები იყო და ჩადრზე უარეს რამეში გახვეული ქალები ასეთ რამეებს წერდნენ.
მაგრამ ეგრეა.
ამ ყველაფერს მტვრიან, ომიან, სისხლიან, მშიერ და ჩვენთვის ველურ ავღანეთში ჩადრიანი ქალები წერენ. ღმერთო ჩემო, როგორ სიამოვნებით მოვხარშავდი მათთან ერთად ბრინჯს, თუ ეს მათთან ლაპარაკის საშუალებად გამოდგებოდა.

"მომეცი ხელი საყვარელო, გადავიმალოთ მწიფე ყანაში, 
რათა ერთმანეთს ვეალერსოთ,
 ან კიდევ ერთად დაგვცენ გულში ლახვარი"


"მე მდინარეში გადავეშვები, 
მაგრამ დინება არ გამოყოლებს.
ჩემს ქმარს რატომღაც ბედი უღიმის,
რადგან მდინარე მე ყოველთვის
ნაპირზე მრიყავს"


"ხვალ დილით ადრე მე შენს გამო ვიცი მომკლავენ, 
და გევედრები ნუ უარყოფ, რომ შენც გიყვარდი."




"ვნება ჩემთვის უცხო იყო 
და ამიტომაც ავიწოწე ნაძვის ხესავით"


"შენი ბაგე  შეახე ჩემსას, 
თავისუფლება მიეცი ენას, რაღა მოგითხროს, 
სიყვარულის უშრეტ ძალაზე"


" შემომხვიე მკლავები, გულში ჩამიკარ!
ჯერ მომეხვიე!
მერ ეკი ჩემი ხავერდოვანი ბარძაყების სინაზით დატკბი!
ჩემი ტუჩები შენ გეკუთვნის, დაეწაფე, ნუ გეშინია!
ბაგე შაქარი კი არ არის, რომ გადნეს და გაქრეს."


"მე შენ მოგიძღვნი ჩემს ბაგეებს...
შენ ეზიდები ჩემს მაღალ სურას, რომლიდანაც
წყალი იღვრება და სულმთლად მასველებს." 


"მე ფერფლად გაქცევ, 
როგორც კი თვალებს წამიერად შემოგანათებ."

ეს 1967 წელს გადაღებული ფოტოა ავღანეთში, Paghman Gardens-ში

ეს ქაბულია.ახლო წარსულიდან.

პ.ს. 
მამამ თქვა, ავღანეთში ქართველებიც ბლომად არიანო და მერე გამახსენდა, რომ ომის დროს იბრძოდნენ იქ, საბჭოთა მოქალაქეობის ეგიდით. ვიფიქრე, საინტერესო იქნება, მათი ნახვა და ენობრივ მასალაზე დაკვირვება თქო, მაგრამ მერე კიდევ ერთხელ კარგად გადავათვალიერე ჩემს ტვინში არსებული ცოდნა ამ ქვეყანაზე და მივხვდი, რომ მნიშვნელობა მართლაც არ აქვს ის გოგონა გეცნობა თუ არა და ეს წიგნი წაგიკითხავს თუ არა, იქ მართლა ძალიან საშიში, იქ ბედნიერებაზე 1000ჯერ მეტი უბედურებაა და ალბათ არც მე არ მოვხარშავდი ამ ქალებთან ერთად ბრინჯს სიამოვნებით.
უბრალოდ, ომი რომ ადგეს და ჯანდაბის იქით წავიდეს დედამიწიდან, ყველაზე კარგი იქნება, რაც მას შეუძლია გააკეთოს.
თქვენთვის კი ეს წიგნი რეკომენდირებულია :)
უკაცრავად, ორშაბათი მძიმე დღეა.