Thursday, February 3, 2011

ზამთრის არდადეგები, ვერ გადაგდებული სავარცხელი და გაზაფხული, რომელსაც ტანით ვგრძნობ

                                                                                              გადააგდე სავარცხელი _
                                                                                              ტყე გაჩნდება,
                                                                                              ცეცხლი გაჩნდება,
                                                                                              ღველფი გაჩნდება...

ბავშვობაში დიდად არ მიყვარდა ზღაპრები და ახლა, როცა ზღაპრების კითხვის დრო დიდად არ გამაჩნია, სულ ვფიქრობ, რომ რა სამწუხაროა, ბავშვობაში ბევრი ზღაპარი რომ არ  წაგიკითხავს, უფრო მეტი კაი პასაჟი გექნებოდა თავში ჩემო ტკბილო ნასტასია თქო.

რაც გავიზარდე დიდად არ მიყვარდა სავარცხელი, ამიტომ ერთი მაქვს და ისიც ჩემი დისაა.

ვერ გადავაგდე სავარცხელი, არც ცეცხლი გაჩენილა, არც ღველფი.

ტყე გაჩნდა, იმიტომ რომ ერთ მშვენიერ შაბათ საღამოს ვიფიქრე: ცუდი განწყობები არაფერში არ მჭირდება,  თან სამი გამოცდაც უკვე ჩაბარებული მაქვს  და ყველა მნიშვნელოვანი არა მოსმენილი, ამიტომაც ავდგები და გადასარევ ხასიათზე დავდგებითქო.

იმის მერე სულ ასე ვარ.
იმასაც კი აღარ ვაქცევ ყურადღებას, როგორ ვკონცენტრირებთ ადამიანები ჩვენთვის მოსახერხებელ და ხელსაყრელ ფაქტებზე და როგორ ეფექტურად ვიქმნით ზუსტად ისეთ რეალობას, როგორიც კონკრეტულ დროს და კონკრეტულ სივრცეში გვჭირდება.


სემესტრის საბოლოო დასკვნა 98 - 100 -100- 87 - 93 - ია. თქვენთვის დიდი არაფერი ინფორმაციაა, მე მიხარია უბრალოდ.
ეგენიც და ისიც, რომ დღეს 3 საათიდან უკვე ზამთრის არდადეგები მაქვს, მე კიდევ  ისე ველოდები ამ არდადეგებს, როგორც ალბათ მეორე კლასში უნდა დავლოდებოდი, საგუნდაოდ რომ წავიდოდი და დედა არ მომაძახებდა, მალე მოდი, სამეცადინო გაქვსო.


მაშინ არც არდადეგებს ველოდებოდი და არც ზღაპრები მიყვარდა და საერთოდაც, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი კეთილისმსურველები ამბობენ შენ სუსტ მხარეებს სახალხოდ ნუ აცხადებ ხოლმე, უფრო კეთილგონივრული იქნებაო, მე მაინც ვთვლი, რომ რაღაცეების მისახვედრად დრო მჭირდება, ზოგჯერ იმაზე მეტი, ვიდრე რეალურად მაქვს.
 (ამიტომ, სანამ მე თვითონ არ გეტყვით ხოლმე, კარგად ვარ და ყველაფერი გენიალურად არისთქო,  ნუ შეეცდებით დამაჯეროთ, მაინც არ დაგიჯერებთ მაშინვე. )

ეგ არაფერი, სამაგიეროდ, რასაც მერე ვხვდები, ის მართალია ხოლმე.
აი, ზუსტად ეგრე მივხვდი, რომ 2 წლიანმა ბლოგზე წერამ ისეთი  წერის სტილი ჩამომიყალიბა, როგორიც სრულიად გამოუსადეგარია რეფერატებისა და სტატიებისთვის.
 ყველაფერი ესსეებს გავს. სამაგიეროდ, კარგად იკითხება, მაშასადამეების გარეშე.

და ალბათ კარგი იქნება, გავითვალისწინო ჩემი კეთილისმსურველების კეთილგონივრული რჩევები, ცოტა ხნით მაინც მოვეშვა აქ პოსტვას და რამე სერიოზულს მივყო ხელი.
ალბათ ეგრეც ვიზამ.

კიდევ იმასაც ზუსტად მივხვდი, რომ წლების განმავლობაში მარტო ცხოვრებამ ყველაზე ხშირ და სასიამოვნო მოსაუბრედ საკუთარი თავი მიქცია, ამიტომაც ბედნიერი არდადეგები ჩემო ტკბილო ნასტასია და შენ სულაც არ იცი, რა კარგია, როცა სახლში ბევრი ახალი წიგნი გაქვს, წინ არდადეგები და სხეული გაზაფხულის მოახლოებას გრძნობს. 

შენ შეიძლებოდა ვინმე ეგვიპტელი გოგო ყოფილიყავი და აქციებზე მდგარიყავი, ან 800ჯერ დევნილი და კარავში გაგეთენებინა უკვე მერამდენე ღამე, ან სულაც აქტიური ფრანგი ან გერმანელი სტუდენტი და სწავლის გადასახადის გაუქმება მოგეთხოვა აბსოლუტურად სამართლიანად, და მიუხედავად იმისა, რომ ეგ ყველაფერი ახლაც გაწუხებს და იდეაში ჩვენ ამ სულელურად პატარა სამყაროში ყველა ერთი ვართ, უბრალოდ, სხვადასხვა დროსა და სივრცეებში გადანაწილებულები, ახლა შენ უბრალოდ, ტკბილი ნასტასია ხარ, კრიზისები და გამოცდები რომ უკან მოიტოვა და ბედნიერებისთვის ბევრი წიგნებით და ზამთრის არდადეგებით რომ დაასაჩუქრეს.