Showing posts with label ზღაპარი. Show all posts
Showing posts with label ზღაპარი. Show all posts

Sunday, August 28, 2011

მთის სულების და ჩვეულებრივი გოგოების წინასაშემოდგომო ამბები


"ამ მთებში ერთი სული ცხოვრობს, ბაბუა მიყვებოდა მის შესახებ, რაც თავისი ბაბუასგან ქონდა გაგონილი. 
სულს ახალგაზრდა ქალიშვილის სახე აქვს. გრძელი შავი თმა კოჭებამდე სწვდება. ძალიან შავი და წვრილი თვალები აქვს. არასოდეს იღიმება. 

ამბობენ, თუ გაიცინა, მის მომაჯადოებელ სილამაზეს მთებიც კი ვერ ვერ გაუძლებენ, ჩამოიშლებიანო. ტანზე ხვიარა მცენარეების კაბა აცვია, ზამთარ-ზაფხულ ყვავილები უფარავს სხეულს. როცა დადის, სურნელოვაბი ნიავი ყვავილების ჭრელ ფურცლებს აფრიალებს. ლეოპარდზე ამხედრებული დასეირნობს ტყეში. ყველგან გარეული ცხოველების გუნდი დაყვება. 

თურმე ერთ დღეს სული მდინარეში ბანაობდა. უცებ შენიშნა, რომ ახალგაზრდა კაცი უთვალთვალებდა. სულმა ლეოპარდს უბრძანა, უცნობი მასთან მიეყვანა. მხეცი კაცს ეცა და ქალბატონს მიგვარა. საბრალოს შიშისა და გაოცებისგან გული წაუვიდა. 

სულს დანახვისთანავე შეუყვარდა თავისი ტყვე. თითები დაისველა და ფრთხილად მოწმინდა ლამაზი სახე.
კაცი გონს მოვიდა. უამბო, რომ ტყეში გზა აებნა, შინ კი ავადმყოფი დედა ელოდებოდა. ვაჟი სულს დაჰპირდა, როგორც კი დედა გამოკეთდება, შენთან დავბრუნდები და ერთად ვიცხოვროთო. 
შეთანხმდნენ, ერთი თვის შემდეგ მთვარის დღესასწაულზე  მთის წვერზე შეხვედროდნენ ერთმანეთს. სულმა ვაჟი გაუშვა და თან ვეფხვი გააყოლა ტყეში გზის გასაგნებად. 

დადგა მთვარის დღესასწაულის დღეც. სავსე მთვარემ ღამე დღესავით გაანათა. სულმა თმაში ულამაზესი ყვავილები ჩაიბნია. მოკაზმვას რომ მორჩა, ველური კატებით გარშემორტმულმა მთის წვერზე საქმროს დაუწყო ლოდინი.
 მზე ამოვიდა, გადაიხარა, ჩავიდა...კაცი კი არ ჩანდა. "რატომ არ მოვიდა? ნუთუ სხვა ქალთან დარჩა?" ფიქრები არ ასვენებდა ქალს. სევდამ მოიცვა. მაშინვე ჭექა-ქუხილი გაისმა, ელვამ ღრუბლები გააპო, ქარიშხალმა ხეები ფესვებიანად დაგლიჯა, ველური 
ცხოველები სულის ირგვლივ გაიშოტნენ და ყმუილი მორთეს. 

ახალგაზრდა კაცი სულთან არასოდეს დაბრუნებულა. იმ დღის შემდეგ, როცა ცუდი ამინდია,როცა ქარი ზმუის და ზღვა ბობოქრობს, ამბობენ, რომ მიტოვებული სული საკუთარ ბედს დასტირის. ხოლო როცა კარგი ამინდია და მზე ანათებს, ამბობენ, სულს ისევ მიეცა იმედი და კვლავ სატრფოსთან შესახვედრად ემზადებაო..." 


უკვე ისე აგრილდა, მშვიდად შემიძლია ჩექმებით და კაშნეებით სიარული, საღამოობით ჩაის დაყენება და შაბათ-კვირას სახლში ჩაბუდებულს ისეთი კრაწუნა წიგნების კითხვა, როგორიც მაგალითად "ციური მშვიდობის კარიბჭეა", ანუ იმ წიგნის, საიდანაც არის  ზემოთმოყვანილი ნაგლეჯი.

წიგნი დიდი არაფერი, უბრალოდ, ამ ნაგლეჯმა მთელი ის ამბები  გამახსენა, ბაბუა რომ მიყვებოდა ხოლმე და იმანაც იმიტომ იცოდა, რომ თავისმა ბაბუამ მოუყვა თავის დროზე და აგერ უკვე რამდენი ხანია, მსგავსი აღარაფერი მსმენია, 
არც დავინტერესებულვარ, არც მიკითხავს და ასე.


სამაგიეროდ, სრულიად მომავალზე ორიენტირებულ პროფესიას დავეუფლე, ახალი ტექნოლოგიები, არატრადიციული მედია, საზოგადოებასთან ვურთიერთობ და ასე. წარმატებული გოგო ვარ, უკვე იმდენი ხანია ხან სად და ხან სად ვმუშაობ, კაცმა არ იცის. აგერ ბოლო რამდენითაცა წელია, არ დამისვენია და ამ ზაფხულსაც მხოლოდ რამდენიმე დღით გავყავი ცხვირი ქალაქიდან, მაგრამ, მერე რა.  კარგი ამბებიც თავზესაყრელია.  

ზაფხულის მიწურულს, ზუსად ისე, როგორც ჩემ თავს კაი ხნის წინ შევპირდი, ახალი სამსახური ვიშოვე, სადაც ამ ჩემ კაი ხნის წინ დაუფლებულ ახალ პროფესიას ვიყენებ,  ბევრი საქმის გამო თავს სრულიად რეალიზებულად ვგრძნობ და დროც ისე მალე გადის, თვალის დახამხამებას ვერ ვასწრებ. საოცნებო ამბავია. 

მაგრამ არასამუშაო საათებში, ჩაიებიან საღამოობით და გრილ უქმეებზე, მაინც ისე  
ვტირი, მთის სული რომ ვიყო, ჭექა ქუხილი  დაიწყებოდა.

მაგრამ ვინ მე და ვინ მთის სული. ამიტომაც არ წვიმს გრილ უქმეებზე და ჩაიებიან საღამოობით და ამიტომაც ყველას გონია, რომ დედამიწის ზურგზე ყველაფერი გადასარევად არის. 

ბედნიერი შემოდგომა ჩვენ ყველას

Thursday, February 3, 2011

ზამთრის არდადეგები, ვერ გადაგდებული სავარცხელი და გაზაფხული, რომელსაც ტანით ვგრძნობ

                                                                                              გადააგდე სავარცხელი _
                                                                                              ტყე გაჩნდება,
                                                                                              ცეცხლი გაჩნდება,
                                                                                              ღველფი გაჩნდება...

ბავშვობაში დიდად არ მიყვარდა ზღაპრები და ახლა, როცა ზღაპრების კითხვის დრო დიდად არ გამაჩნია, სულ ვფიქრობ, რომ რა სამწუხაროა, ბავშვობაში ბევრი ზღაპარი რომ არ  წაგიკითხავს, უფრო მეტი კაი პასაჟი გექნებოდა თავში ჩემო ტკბილო ნასტასია თქო.

რაც გავიზარდე დიდად არ მიყვარდა სავარცხელი, ამიტომ ერთი მაქვს და ისიც ჩემი დისაა.

ვერ გადავაგდე სავარცხელი, არც ცეცხლი გაჩენილა, არც ღველფი.

ტყე გაჩნდა, იმიტომ რომ ერთ მშვენიერ შაბათ საღამოს ვიფიქრე: ცუდი განწყობები არაფერში არ მჭირდება,  თან სამი გამოცდაც უკვე ჩაბარებული მაქვს  და ყველა მნიშვნელოვანი არა მოსმენილი, ამიტომაც ავდგები და გადასარევ ხასიათზე დავდგებითქო.

იმის მერე სულ ასე ვარ.
იმასაც კი აღარ ვაქცევ ყურადღებას, როგორ ვკონცენტრირებთ ადამიანები ჩვენთვის მოსახერხებელ და ხელსაყრელ ფაქტებზე და როგორ ეფექტურად ვიქმნით ზუსტად ისეთ რეალობას, როგორიც კონკრეტულ დროს და კონკრეტულ სივრცეში გვჭირდება.


სემესტრის საბოლოო დასკვნა 98 - 100 -100- 87 - 93 - ია. თქვენთვის დიდი არაფერი ინფორმაციაა, მე მიხარია უბრალოდ.
ეგენიც და ისიც, რომ დღეს 3 საათიდან უკვე ზამთრის არდადეგები მაქვს, მე კიდევ  ისე ველოდები ამ არდადეგებს, როგორც ალბათ მეორე კლასში უნდა დავლოდებოდი, საგუნდაოდ რომ წავიდოდი და დედა არ მომაძახებდა, მალე მოდი, სამეცადინო გაქვსო.


მაშინ არც არდადეგებს ველოდებოდი და არც ზღაპრები მიყვარდა და საერთოდაც, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი კეთილისმსურველები ამბობენ შენ სუსტ მხარეებს სახალხოდ ნუ აცხადებ ხოლმე, უფრო კეთილგონივრული იქნებაო, მე მაინც ვთვლი, რომ რაღაცეების მისახვედრად დრო მჭირდება, ზოგჯერ იმაზე მეტი, ვიდრე რეალურად მაქვს.
 (ამიტომ, სანამ მე თვითონ არ გეტყვით ხოლმე, კარგად ვარ და ყველაფერი გენიალურად არისთქო,  ნუ შეეცდებით დამაჯეროთ, მაინც არ დაგიჯერებთ მაშინვე. )

ეგ არაფერი, სამაგიეროდ, რასაც მერე ვხვდები, ის მართალია ხოლმე.
აი, ზუსტად ეგრე მივხვდი, რომ 2 წლიანმა ბლოგზე წერამ ისეთი  წერის სტილი ჩამომიყალიბა, როგორიც სრულიად გამოუსადეგარია რეფერატებისა და სტატიებისთვის.
 ყველაფერი ესსეებს გავს. სამაგიეროდ, კარგად იკითხება, მაშასადამეების გარეშე.

და ალბათ კარგი იქნება, გავითვალისწინო ჩემი კეთილისმსურველების კეთილგონივრული რჩევები, ცოტა ხნით მაინც მოვეშვა აქ პოსტვას და რამე სერიოზულს მივყო ხელი.
ალბათ ეგრეც ვიზამ.

კიდევ იმასაც ზუსტად მივხვდი, რომ წლების განმავლობაში მარტო ცხოვრებამ ყველაზე ხშირ და სასიამოვნო მოსაუბრედ საკუთარი თავი მიქცია, ამიტომაც ბედნიერი არდადეგები ჩემო ტკბილო ნასტასია და შენ სულაც არ იცი, რა კარგია, როცა სახლში ბევრი ახალი წიგნი გაქვს, წინ არდადეგები და სხეული გაზაფხულის მოახლოებას გრძნობს. 

შენ შეიძლებოდა ვინმე ეგვიპტელი გოგო ყოფილიყავი და აქციებზე მდგარიყავი, ან 800ჯერ დევნილი და კარავში გაგეთენებინა უკვე მერამდენე ღამე, ან სულაც აქტიური ფრანგი ან გერმანელი სტუდენტი და სწავლის გადასახადის გაუქმება მოგეთხოვა აბსოლუტურად სამართლიანად, და მიუხედავად იმისა, რომ ეგ ყველაფერი ახლაც გაწუხებს და იდეაში ჩვენ ამ სულელურად პატარა სამყაროში ყველა ერთი ვართ, უბრალოდ, სხვადასხვა დროსა და სივრცეებში გადანაწილებულები, ახლა შენ უბრალოდ, ტკბილი ნასტასია ხარ, კრიზისები და გამოცდები რომ უკან მოიტოვა და ბედნიერებისთვის ბევრი წიგნებით და ზამთრის არდადეგებით რომ დაასაჩუქრეს.

Sunday, July 4, 2010

2 სიბილა და 27 დაკარგული კოცნა

გუშინ თუ გუშინწინ ვიპოვე, მომეწონა, შემიყვარდა და გადავწყვიტე რომ ჩემია.
არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ ძალიან ტკბილია და სიბილა ქვია.

ჯერ ვერ მივხვდი, რატომ მეცნობოდა სახელი, მერე მივხვდი რომ რამდენიმე წლის წინ ზუსტად ეგრე ვიპოვე, მომეწონა და შემიყვარდა არაჩვეულებრივი ფილმი "ოცდაშვიდი დაკარგული კოცნა" და გოგონა, რომელიც ამბობს, რომ უბრალოდ არ შეუძლია ჩვეულებრივი იყოს, რომ მის გენში არის რაღაც არანორმალური. ფილმი მართლაც არაჩვეულებრივია, გოგონა ულამაზესი და მასაც სიბილა ქვია.

მე ხომ სახელების და ჟღერადობის და საერთოდ, ათასი ჯურის მაგიის მჯერა, ხოოდა, იმისიც მჯერა, რომ სიბილას სიმღერები იმიტოა ასე რბილი და ბედნიერი, რომ სიბილა ქვია.

ხო, თამომ დამთაგა თურმე, რა გიყვარს ყველაზე მეტადო. თეგ თამაშის მიხედვით 5 რამე უნდა მიყვარდეს.
ხოოდა, ასე, დილის ძილი და მერე პირველი ფინჯანი ყავა მიყვარს აუცილებლად შავი პურის კარაქიან ტოსტთან ერთად, ადამიანები, ყელში კოცნა, წანწალი (მოგზაურობასაც რომ ეძახიან ხოლმე უფრო ზრდილობიანად, აი ის) და კიდევ 2 000 რამე, რაც იმდენად გათავისებული და ჩემია, რომ ვეღარც ვგრძნობ, ისე მიყვარს.

ხოოდა, უცნაური ამბავია ეს სიყვარულები, დაკარგული კოცნები და რბილი და არარბილი ქალები.
მე სულ მგონია, რომ რაღაცეებს იმიტომ ვკარგავთ, რომ ვაცნობიერებთ, რას ვკარგავთ.
და კარგ რამეებსაც იმიტომ ვერ ვიყვარებთ, რომ ვერ ვხვდებით, ის რაღაცა ნამდვილად კარგია და ჩვენია თუ არა.
და საერთოდაც, მივხვდი, რომ ყველანაირი პროგრესისა და განვითარებისთვის, უფრო, უფრო და ათასჯერ უფრო მეტად ჭკვიანები უნდა ვიყოთ.


პ.ს. ერთი მეგობარი იტალიაში წავიდა, მეორე ჩინეთიდან ჩამოვიდა, მე სულ რაღაც 4 დღეში მაგისტრატურის გამოცდები მაქვს და სულ რაღაც 10 დღეში ბათუმის ჯაზ ფესტივალზე  წავალ.
როცა ღამის რომელღაცა საათია, შენ მეგობართან რჩები და გარეთ ძაღლებიც კი არ ყეფენ, არ გჯერა,  გგონია, რომ ცხოვრება გადასარევია და ბედნიერებას რა უნდა.
მე კიდე დღეს საბოლოოდ  ვაღიარე, რომ კატასტროფულად მეშინია ერთმანეთს აწყობილის კარგი ამბების, სულ მგონია, რომ რაღაც არაბუნებრივი ხდება და ასე დიდხანს არ გაგრძელდება.
არადა, არ არის რეკომენდირებული ეგეთი შიშები.

მოკლედ, ეს მიყვარს და მინდოდა აქაც მქონოდა:

უბრალო არითმეტიკის გარეშეც
ვხვდები რომ ასს - სამოცდაცამეტი
არ აკლდება,
რომ ოცდაშვიდი არ იყოფა
ჩვენ ორზე სიბილა!


ჩემი პირველი სიყვარულის
შენ პირველ ქმართან _ დამარხვასთან
ერთად მივხვდი,
რომ გაიყიდე სიბილა!


ჩახმახზე მომართული კერტების,
ყველა კუთხეში მიმოფანტული ნაყინის
და სამი წლის დაძველების
მერეც მახსოვსავით, რომ
ტფილი (სივით) ხარ _ მადის აღმძვრელი
სიბილა!


ყველა დაჟანგული კადრის
და გაბზარული ლავიწის
მერეც ვიცი,
დამტოვე სიბილა!


მენატრები, მენატრები, მენატრები
მე_ჯახები, მე_ლანდები, მე_ღამეები
მიტევენ სიბილა!


(მიუწვდომელია გზები შენი უფალო...)


დამანაწევრე, გამაბაზრე და დამალაგე
თავზე შენი ფეხები
გაპარსულ-გალაკული.
(ოღონდ დაბრუნდი)
გამშალე და შემიფარდე
ყველა შენ საყვარელი სიბილია...


შენეულ ცხრილზე
გადამამრავლე და ჩამყევი
ფეხით _ “ტრეტის”
დაცურებულ
საქანელასთან
ან უთუთო თუთებთან
ვერნერის ბაღში


გსუნთქავ სიბილა

Saturday, January 16, 2010

სულ ასე ხდება ხოლმე...


პირველი ნაწილი იმისა,რაც ბოლო დღეებში ჩემი ტვინიდან ამოვქეექე...

 

სულ ასე ხდება ხოლმე. . .

ამოვდივარ, ყველა და ყველაფერი ერთად მხვდება, თავიდან ბევრს ვლაპარაკობ და ბევრს ვუღიმი, მერე ვითიშები და მერე ვხვდები რომ ან არაფერი  ან ძალიან ბევრია და მერე ასე ხდება ხოლმე. . .



არ ვიცი რატო,მაგრამ მგონია რომ რამე სხვა განზომილებაში ამოვყოფ ხოლმე თავს...

 ფაქტია რომ ჩემი სხვა განზომილება აღარ მეორდება. . .

ბებიაჩემი ისევ შამანდება და გაუჩერებელი ხმადაბალი ბუტბუტი აღარ
არსებული სამყაროდან და აუტანელი სიცხე ისევ ქმნის მირაჟებს. . .

გზაზე აუცილებლად შეგხვდება ქალი,რომელიც სულ გხვდებოდა ხოლმე,ძირითადად ზაფხულობით,ძირითადად მთვრალი და ძირითადად ნაკვალევების მაგივრად კითხვის დამტოვებელი უბედურების შესახებ. . .

ვიღაცეები აუცილებლად წაიღებენ სადმე შენ მშვიდ საღამოს და  ისევ დაელოდები ნისლიან დილას,მერე ნისლის გადასვლას და ჭიუხების გამოჩენას. . .



ადრე სხვა ამბები ხდებოდა ხოლმე:

ადრე  ამოდიოდა დედა და მამა, ამოყავდათ პატარა მე,რომელსაც ყველაზე მეტად წითელი მამლის ეშინოდა და ზუსტად ამ წითელმა მამალმა მოპარა სოსკა. . .

კიდე,დედამ ყველაზე მწვანე და გემრიელი ბულიონი მოხარშა ზუსტად მაშინ, როცა სახლის წინა გზაზე მეცხვარეებმა ჩამოიარეს,ცხენებით,ჯორებით და დიდი მეცხვარის ძაღლებით. . .


გოგონას ცხენზე უნდოდა შეჯდომა,მაგრამ ჯორზე შესვეს და ამასობაში ბულიონი მეცხვარის ძაღლებმა შეუჭამეს. . .

მერე,როცა ცოტა უფრო გაიზარდა და  მერეც,როცა კიდე  უფრო გაიზარდა, უკვე ცხენებზე ჯდებოდა ხოლმე, მოუკაზმავზე და სიცხის და ცხენის სუნის ჰიბრდი დაუმთავრებელი სიარულის სურვილს იწვედა. . .
ჯორები კი.. . .
ერთხელ მიწისძვრა მოხდა,სახლები სულ დაინგრა და ერთი ჯორი ნანგრევებში მოყვაო,უთხრეს დედამ და მამამ. . . სულ ეგონა მერე რა,მოყვა და გამოვიდა. ზაფხულში მიხვდა რომ ნანგრევებიდან როგორც წესი,ცოცხლები არ გამოდიან. . .

ახლა იქ, ბავშვობის სოფელში სულ მიტოვებული. სახლები და ნანგრევებია. . .
ვიცოდი ხოლმე რო ასე მოხდებოდა...

ვიცოდი რომ მოხუცები სულ ვერ იქნებოდნენ...
ვიცოდი რომ სოფელი,სადაც მარტო მოხუცები ცხოვრობენ,თვითონაც ბერდება ...
ვიცოდი რომ მარტო დატოვებული მოხუცები კიდევ უფრო სწრაფად ბერდებიან...
არადა,ის,რაც ნანგრევებში მოყვა,მოხუცებზე მეტად ჩვენ გვჭირდებოდა...
იქ ჩემი მეგობრის დედის თეთრი კაბა იდო სკივრში...
ბაბუას თაროზე ჭრაქები ეწყო და
საღამოობით ბალახების ჩაის ვადუღებდი


აბალახებული ბილიკებიდან მარტო ის რჩებოდა ბილიკად,რომელზეც შენ გაივლი...
გაგონილიდან მარტო ის ამბავი რჩება,რაც დავიმახსოვრე. . .
ზღაპრებიდან მარტო იმას ყვებიან საღამოობით,რომელსაც თვითონ ისმენდნენ ხოლმე ძილის წინ და
ნანგრევებიდან იშვიათად გამოდის ვინმე ცოცხალი...
აქ კი სულ ასე ხდება ხოლმე. . .

ამოვდივარ, ყველა და ყველაფერი ერთად მხვდება, თავიდან ბევრს ვლაპარაკობ და ბევრს ვუღიმი,მერე ვითიშები და მერე ვხვდები რომ ან არაფერი ან ძალიან ბევრია და მერე ასე ხდება ხოლმე. .

თან უკვე ვიცი,რომ ნანგრევებიდან ცოცხლები აღარ გამოდიან. . .

ის ბებოც მოკვდა, შელოცვები რომ იცოდა და კიდე ხინჯილ-ბუნჯილა თუ რაღაც მსგავსი თამაში რო მასწავლა ჭრელი ძაფებით. . .


ბებოს ხუცესი ქმარიც  და საფიხვნოდ წოდებული ბანიც, გრძელი საღამოებით, სამფეხაზე ჩამომჯდარი დაღლილი მამ-ბიძებით და პირდაპირ სოფელში დათვლილი ამვლელ-ჩამვლელით. . .

ის წყაროც დაშრა,სოფლის შუაში რო იყო და იქვე მდგარი ადგილის დედაც ისე აბალახდა,ადგილის ჭაღარა ბებოს დაემსგავდა. ალბათ, ჭრელი წინდების ქსოვას დაიწყებდa,ვინმე სულიური რო მოიპოვებოდეს ახლო-მახლო…

ის ჩიტის საფლავიც დამავიწყდა სად იყო, როდესღაცა ნაჭერში გახვეული რო დავმარხე და ის აღმართიც დამიპატარავდა,ადრე გულამომსკდარი რო ავდიოდი და უსასრულო მეჩვენებოდა. . .


აღმართზე მარჯვნივ და მარცხნივ ძალიან ბევრი ჟოლოს ბუჩქები იყო და სოფელში ერთი დიდი,მსუქანი, ღორმუცელა კაცი ცხოვრობდა,რომელიც ჟოლოს ბუჩქებს მუსრს ავლებდა. . .

ერთხელ ისეთ ფრიალო კლდეზე იყო აფორთხებული და ქვემოდან ისეთი მრგვალი ჩანდა, დათვი მეგონა. . . ისე,მაგ გზაზე სულ რაღაცეები მეგონა ხოლმე. . .

ერთხელ,საღამოს მომინდა ასვლა, ბნელდებოდა და წვიმას იწყებდა,მაგრამ ისე სასტიკად მომინდა,ვთქვი წავედი თქო და წავედი. . .

მერე რა თქმა უნდა წვიმამ დაიწყო, მე ჯერ ისევ შუა გზაში ვიყავი და თავშესაფრის ძებნაში ყველაზე დიდი ხის ქვეშ ამოვყავი თავი. . .

მერე ვიღაცამ გამოიარა, მოკაზმული ცხენით და სიმპატიურმა. . .

ხანგრძლივი ლექცია წამიკითხა,რომ მთაში წვიმაში ხის  ქვეშ ყველაზე საშიშია,მეხები ცვივა ციდან და იმ ჩემ უსასრულო აღმართზე ცხენით ამიყვანდა. . .

სიმპატიურობა რა თქმა უნდა,აღმართის ბრალი იყო,დანარჩენი მართალი და მეც იმის მერე კიდე ათასჯერ ავედი აღმართზე წვიმაში. უბრალოდ თავშესაფრებს აღარ ვეძებდი და სიმპატიურებს აღარ ველოდებოდი. . . ისევ შეუკაზმავი ცხენები მერჩივნა. . .

p.s. გაგრძელება იქნება რაც შეიძლება მალე  :)

Friday, December 25, 2009

ელფრუდი (ნაწიილი I)

 მოგესალმებით, მე zurriuss ვარ და ეს ჩემი პირველი guest პოსტია ამ ბლოგზე. წინასწარ დიდი მადლობა ნასტასიას :)
ჯერ კიდევ 3 წლის იყო ელფრუდი, როდესაც პირველად დასცინეს უცნაური ფორმის ყურების გამო. მაშინ იგი მშობლებმა მოყინული ტბის სანახავად წაიყვანეს. უბრალოდ, ჩასხდნენ მარხილში და სახლთან ახლოს მდებარე ნაძვის უდაბური ტყის შუაგულში სასწაულებრივად გაჩენილი პატარა, მრგვალი ტბისაკენ გასწიეს.
სხვათა შორის, ეს ტბა 3 წლის წინ გაჩნდა. ერთხელ ერთმა მთვრალმა მეტყევემ მოშარდვა გადაწყვიტა და ამ პროცესის თვალდახუჭული გაკეთება დააპირა. უცებ რომ წყლის ჩხრიალის ხმა მოესმა, თვალი გაახილა და დაინახა რომ მის წინაშე ნაძვის ხე კი არა, მრგვალი ტბა იყო.
პატარა ელფრუდმა ბევრი ირბინა, ისრიალა და იფორთხიალა მოყინულ ტბაზე. როცა დედამ გაოფლილ ბავშვს ქუდი მოხადა, გარშემომყოფთ სიცილი წასკდათ. მშობლები გაწითლდნენ და მაშინვე ააფარეს ელფრუდს ყურებზე ხელი. ბიჭმა კი, ყველას და გასაოცრად, ცრემლები მოიწმინდა, სახე სიხარულით აანთო, დიდივით თვალი ჩაუკრა და წასაყვანად მოექაჩა მშობლებს.
ამ ამბის შემდეგ ელფრუდზე საუბრისას მხოლოდ "ყურები" ეკერათ პირზე. ბიჭს კი ეს არანაირად არ წყინდა. არც ბოღმა ედო გულში. რა ექნა? ასეთი რამ  მის ბუნებას არ ახასიათებდა. არა, ერთხელ კი ძალიან ეწყინა. მაგრამ მხოლოდ ერთხელ. სასწავლებელში 10 წლის ელფრუდს თანაკლასელი შეუყვარდა. დაგნი მაშინ 12–ის იყო და ძალიან სწყინდა, რომ, 6 წლის ბავშვის გარეგნობის გამო, ყველა სათუთად ექცეოდა. ისე კი წუნია იყო და მისი მოსაწონი არა და არ გამოჩნდა მთელს საქარყინულეთში. ერთხელაც ელფრუდი მივიდა, სახლიდან წამოღებული ყინულის ტორტის ნაჭერი (თავისი წილი) მიუტანა და უთხრა, რომ ისეთი ლამაზი თვალები ჰქონდა, როგორც დეიდა აფროდიტეს. დაგნი ყველაფერს მოელოდა, მაგრამ "დეიდას" არა! უცებ მიხვდა, რომ ბავშვური "რა ცაკალელია" ერჩივნა, ვიდრე "დეიდა აფროდიტე" და ელფრუდს უპასუხა: "შენი ცალი ყური, ქუდიდან რომ გიჩანს, უცნაურად გაბრტყელებულია და ასევე უცნაურად მიმზერს..."
იმ დღეს ელფრუდმა ძალიან ინერვიულა. ამან კი თავისი ქნა და რამდენიმე თვეში გაირკვა, რომ ბიჭი თურმე აღარ იზრდება. დაღონდნენ ოჯახში. ბევრ ექიმს შემოატარეს, მაგრამ ყველა მხრებს იჩეჩდა, არც მიზეზი ვიცით და არც წამალიო. ელფრუდს ეს არ ადარდებდა. გადაწყვიტა, რომ ბედია ასეთი და მორჩა.
ზამთრეულის ტყესთან მდებარე პატარა სოფელში სულ თოვლი იდო. ზამთარ–ზაფხულ არემარე ქათქათებდა. მართალია, ზაფხულობით არ თოვდა, მაგრამ წელიწადის სხვა დროს იმდენს მოაფიფქავდა, რომ გადნობას ვერ ასწრებდა. ზამთრეულის ტყეში ყველაზე მაღალი ნაძვებია მსოფლიოში. მათი სიმაღლე 50 მეტრზე მეტია. ასე რომ არ იყოს, თოვლის უზარმაზარი საფარიდან ისინი სულაც არ გამოჩნდებოდნენ. ტყე ერთადერთი ადგილია, სადაც ნიადაგი ჩანს, დანარჩენ ტერიტორიაზე უზარმაზარი თოვლის საფარია. სახლებიც მაღალია და მათს პირველ სართულებზე, ოდესღაც ქუჩაზე გამავალი კარი რომ ჰქონდათ, ახლა საკუჭნაოები და სათავსოებია. ერთხელაც, თოვლი რომ გადნეს, გამოჩნდება, რომ სახლები ორსართულიანი კი არა, ექვს და შვიდსართულიანებია და ყველა სართულზე კარი აქვთ. ეს იმიტომ, რომ თოვლის სიმაღლე ყოველ წელს ნელ–ნელა მატულობს.
ამასობაში გავიდა 8 წელიც. ერთხელაც ელფრუდი ტყიდან სახლში ბრუნდებოდა და გზაზე უშველებლად გრძელღეროიან სოკოებს (იცით რატომაც) მოათრევდა. უცებ იგრძნო, რომ რატომღაც ვეღარ მიდის. ტყიდან ახალი გამოსული იყო, ამიტომ იფიქრა, სოკოს ღეროები ხეებს გამოედო და ისინი არ უშვებდნენ. მოჰქაჩა ღონივრად და ზურგსუკან რაღაცამ ზღართანი მოადინა. ელფრუდი შეხტა, შემდეგ ცახცახით მიიხედა უკან. ყურები ქუდიდან ტოტებივით გამოშვეროდა. როცა თავი 90 გრადუსით შეაბრუნა, თოვლზე ფეხი გამოჩნდა. 91 გრადუსი – ფეხი მოძრაობს, 92 – ფეხი ნაცრისფერია, 93, 94, 95... 180 გრადუსი – ძირს ჩრდილოური ირემი გდია, რომელსაც თან ადგომა ეზარება, თან სოკოს ღეროებს მიირთმევს და თან ძააან მაგრად ღადაობს ელფრუდის ყურებზე:
– აუ, გიხდება ეგ რაღაცები. რქები გაკლია და ვერავინ გაგვარჩევს. შენი სახელი, კაცური კაცი?
–ელფრუდი. ელფი დამიძახე. და ყურებზე ტყუილად მეკაიფები. მაინც არ ავვარდები.
–მოკლედ, ელფ, რას საქმიანობ ბოლო ხანებში?
–...
–ჰოე, ბიჭო, მე შენ გელაპარაკები. ამოიღე ხმა!
ამაოდ ცდილობდა ირემი ელფრუდის მოსულიერებას. საკუთარ თავში ცხოველთამოსაუბრეობის ნიჭის აღმოჩენამ ისე გააოცა, რომ გული წაუვიდა. ირემმა ხან თოვლი მიაპკურა სახეზე, ხან შეაგინა, მაგრამ ვერაფერს გახდა. ბოლოს რქები უთავაზა თავში და ელფრუდიც მოსულიერდა.
–ვაიჰ... რა მაინტერესებს ახლა: ეს მე ვლაპარაკობ შენს ენაზე თუ შენ ლაპარაკობ ჩემსაზე? – ეკითხება ელფრუდი.
–შენ რომელი პასუხი გირჩევნია გული რომ არ წაგივიდეს?
–მიდი, რა.
–დიახ, ელფ, შენ ლაპარაკობ ცხოველთა ენაზე და მე ეს დიდი ხნის წინ შევამჩნიე. როცა ადამიანი კარგავს ერთ რამეს, შურდულურად (უნდა მეხმარა "ავტომატურად", მაგრამ ავტომატის მნიშვნელობა იქ არ იციან. უფრო მშვიდი ხალხია) იძენს მეორეს. აბა, გამოიცანი, როდის შეიძინე ცხოველთა ენაზე მეტყველების ნიჭი? :)
–ჰმ.... როცა სასწავლებელში ყინულის ტორტი დაგვირიგეს და მე რომ დავკარგე?
–არა, ბოთე. ეგ კი არ დაკარგე, შენმა ბეყერა იანჰუსმა შეგიჭამა.
–აბა, როცა ჩემი საყვარელი ფეხსაცმელი გამეხა?
–არა, ელფ. გონება დაძაბე, – ირემი ნელ–ნელა ტრანსში შემყვანი თვალებით ეკითხება, – რაააა მოხდაააა იმმმმმ დღღეეეესსსსს?
–აუ, თუ არც მეტყვი, რააა! – გაბრაზდა ელფრუდი
–კაი, ხო. როცა აღმოაჩინეს, რომ აწი ვეღარ გაიზრდები, მაშინ გაგეხსნა ცხოველების ენაზე მეტყველების ნიჭი. ასე რომ, გილოცავ, ბიჭო! ოღონდ ახლა მეგობრებში ბლატავი არ გამაგონო, თორემ მოგითრევენ ათას ტარაკანას, ვირთხას და მიდი და ელაპარაკე მაგათ. შენთვის გეუბნები, არ გააბაზრო ეგ ამბავი, თორემ დაზარალდები.
–მართალი ხარ. ტყეში დავჯდები და იმით დავკმაყოფილდები, რომ რა ცხოველის ან ფრინველის ხმასაც გავიგონებ, მარტო მე მეცოდინება მისი შინაარსი.
–ეუჰ, ნამეტანი კეთილი ხარ ბიჭო შენ. ელფ, იცი რა? მუშაობ სადმე?
–კი. ტყიდან სოკოები მომაქვს და მეზობლებს ვურიგებ.
–გიხდიან რამეს?
–კი, სამ მადლობას. კვირაში 15 ოჯახს ვემსახურები  ანუ 45 მადლობა მაქვს და მყოფნის, რა.
–ჰმ... –დიდმნიშვნელოვნად ჩაიღმუილა ირემმა, – სამსახურის გამოცვლაზე უნდა ვიფიქროთ.
–რატომ, ეს სამსახური ცუდია?
–პრინციპში, შენნაირებისთვის ზედგამოჭრილია: მთელი დღე სოკოებს კრეფ და მერე კვირაში 45 მადლობით გაგაქვს თავი. მაგრამ მე ვგრძნობ, რომ მეტი შეგიძლია.შენი ძალა და ნიჭი სწორად უნდა გამოიყენო.
–აბა, რა ვქნა სხვა?
–საქმეც ეგ არის, რომ აქ მეტს ვერც ვერაფერს იზამ. მაგრამ... ისე ღირს შენზე დაფიქრება. კარგი ბიჭი ხარ. წესიერი, ზრდილობიანი, რაც მთავარია, კეთილი. ჩემი ორი ჩლიქივით გიცნობ. სხვათა შორის ზამთრეულის ტყეში რომ უცნაურად მრგვალი ტბა არის და არ ათოვს, რატომ ხდება თუ იცი?
–იმიტომ, რომ გარშემო უზარმაზარი ნაძვებია არ ატარებენ თოვლს.
–აუ, ბიჭო, ცოტა ფანტაზია იხმარე, რა! გონება დაძაბე, ელფ. ნუ გადამრევ ახლა...
–აბა, ჯადოსნურია?
–არიქა, მიხვდა.
–მერედა, რა ეტყობა მაგ ტბას ჯადოსნურობის?
–ის, რომ მე იქ ვცხოვრობ...
–შიგ ტბაში? – ჩაეკითხა გაოცებული ელფრუდი.
–შიგ ტბაში, – დამაჯერებლად უპასუხა ირემმა. მოკლედ, რაშია საქმე. ამდენი დროც არა მაქვს. ხვალ საღამოს, სრიალს რომ მორჩებიან, მოხვალ ტბასთან...
–მაგ დროს არ გამომიშვებენ....
–ნუ მაწყვეტინებ. რქაზე ეს ზანზალაკი მომხსენი. სპეციალურად ამ შემთხვევისთვისაა. მომხსენი? კარგი ხარ. ისე კი გამიყრუა თავი... ჰოდა როცა სახლიდან გამოსვლას დააპირებ, მაშინ გაარაკუნე ეგ ზარი და პრობლემა არ შეგექმნება.
–ეს ზარიც ჯადოსნურია? ანუ ახლა რომ გავარაკუნო არაფრით არ შეიძლება, ხო? თვალისჩინივით მოვუფრთხილდები, რომ დანიშნულ მომენტამდე, არც ერთი ბგერა არ გამოსცეს.
–აუ, სად წახვედი შენ? არაკუნე, კაცო, რამდენიც გინდა, მაგრამ ხვალ საღამოს რომ წამოხვალ ტბაზე, მაშინ არ დაგავიწყდეს. მხოლოდ ხვალ საღამოს ეგ ზარი ერთი საათით მოაშთობს შენი მშობლების ყურადღებას და შენს არყოფნას ვერ შეამჩნევენ. აი, ამისთვის გაძლევ მაგას. წადი ახლა, გაიქეცი და საქმეს მიხედე. ხვალ იქ გელოდები.
–აუ, ძალიან დიდი მადლობა! ისა და... უნდა მეშინოდეს?
–რისი, კაცო?
–აი, ხვალ რომ მოვდივარ იქ, ტბაზე. რატომ უნდა მოვიდე?
–იმიტომ, რომ ახალი სამსახური უნდა შემოგთავაზოთ და შენ კარგი კანდიდატი ხარ.
–შემომთავაზოთ? თქვენ, რა, ბევრი ხართ?
–ბევრნი ვართ, ოღონდ ყველა ირემი არ არის იქ. სხვათა შორის, ბევრ შენნაირს ნახავ და ძალიან გაგიხარდება. ისე ბოდიში, რა, ცოტა თუ გევაჟნე. გიჟური დღე მქონდა და გადავიღალე. მოკლედ ასე, ჩემო ელფუნია, წადი ახლა და ხვალ გელოდები.
–კარგი, ირემო. ბარემ შენი სახელიც მითხარი.
–ჩემი? ფეუსი. ფეუს – ფოლკოვნიკ დი კორტეჟე დი პაპა ნოელ.
–ვაჰ, რამხელა სახელი გქონია.
–არა, ფეუსია სახელი, დანარჩენი წოდებაა. ამაზე მერე. წადი ახლა, წადი.
–აბა ჰე, ნახვამდის!...
ელფრუდი ირემს დაემშვიდობა და სოკოების გათრევას შეუდგა. ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე კი ჯიბიდან ზანზალაკი წკრიალებდა. მიუხედავად იმისა, რომ ბიჭს თავისი ყურებისა არასოდეს რცხვენოდა, იმ დღეს პირველად გამოაჩინა ისინი ქუდს გარეთ და მას შემდეგ აღარასოდეს დაუმალავს.
 to be continued...

Monday, December 7, 2009

მომიყევი ზღაპარი,ჩვენ ისედაც ყველა ფანტასტიკა ვართ


ფილაქნებით მოკირწყლულ ლაბირინთებში ორმაგად ხმამაღლა ისმის შენი ნაბიჯები და იძულებული ხარ იფიქრო იმაზე,სად მიდიხარ... როცა მიმართულებებზე ფიქრი მოგწყინდება,აუცილებლად შენიშნავ სად მთავრდება ფილაქანი და იწყება მინდორი. . . როგორც წესი,ხასხასა მწვანე ხასხასა ლურჯით იცვლება ხოლმე და გამომდინარე იქიდან რომ,ცაში ჩვენ ჯერ არაფერი გვესაქმება, ლურჯი ტბაა და და მის ნაპირზე ჩამომჯდარი,აუცილებლად დადგები ლოდინის ხასიათზე.ტბის პირას დილა-საღამოს ნისლი მოდის,იშვიათად გემი მგზავრებით და უფრო იშვიათად ნავი,საღებავაქერცლილი, სევდიანი მეზღვაურით და არაიშვიათად ღორმუცელა იხვები.
Bბოლოს,როცა ტბის პირას ვიჯექი, ჰაერში უკვე შობის სუნი იდგა,მე დრო არ მყოფნიდა და ჩემს გვერდზე მჯდომი წყვილის გადაყრილ ნამცეცებზე იხვების ნაცვლად გედები მოდიოდნენ,სათითაოდ,ხაზზე ჩამწკრივებულები...
ჯარისკაცები,ომის,სისხლი, ცრემლი და დრო გამახსენდა. . .
ეგრეა,როცა რამეს ელოდები,ნელ-ნელა მოდის და როცა რამე ძალიან გიყვარს, ის უცბად ქრება. . .
ახლაც,ჯერ თოვლი მოვა,მერე შობა,მერე ახალი წელი და მერე გაზაფხულის ლოდინი. . .ჩემ მეგობარს კი თავისი ბიჭი სულ ორ წამში აღარ ყავდა,როცა სხვა ბიჭებთან ერთად ჩამწკრივებული ომში წავიდა. . .
შობა მაინც მოდის. შობაზე სულ სიმყუდროვე მჭირს,შიზოიზმი ცოტა ხნით იკურნება და მინდა რომ საჩუქრების მაგივრად ზღაპარს ველოდებოდე. . .

ამიტომ,გადავწყვიტე,წელს ყველამ,ვისაც გიყვართ ზღაპრები,შობა,სიმყუდროვე და განკურნებული შოზოიზმი,ერთმანეთს ზღაპრები ვაჩუქოთ საშობაოთ. . .
უფრო სწორად,მე მაჩუქეთ,როგორც იდეის ავტორს და მე,როგორ კეთილი,გაგინაწილებთ ყველას. . .

ზღაპრები რატომღაც უმეტესობას ბავშვებისთვის საქმე გონია,მე არასოდეს წამიკითხავს ბავშვობაში ზღაპრები,იმიტომ რომ, რაც ძილის წინ კითხვის სწავლამდე მესმოდა,მოსაწყენი ამბები იყო...
გვიან მივხვდი,რომ უბრალოდ,იმაზე მეტი იყო,ვიდრე მე მაშინ მჭირდებოდა. . .
და კიდევ უფრო მერე მივხვდი,რომ თითქმის ყველაფერი ზღაპარია...ზღაპარია ბებიაჩემი,ზღაპარია ერთწლიანი დეპრესიული თავისუფალი თავგადასავალი,ზღაპრებია ჩვენი სიზმრები და ზღაპრებია ბავშვობის მოგონებები...
ამიტომ 6 იანვრამდე ჩვეულებრივ,დევებიან და კუდიან დედაბრებიან ზღაპრებს არ ველოდები...
შეგიძლიათ დაწეროთ:რეალური,დამთხვეული,მშვიდი, პარანოიდული, საპროტესტო, ეროტიული, დოკუმენტური,ეპისტოლარული ან სულაც ფლირტ ზღაპარი. . .