Sunday, July 4, 2010

2 სიბილა და 27 დაკარგული კოცნა

გუშინ თუ გუშინწინ ვიპოვე, მომეწონა, შემიყვარდა და გადავწყვიტე რომ ჩემია.
არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ ძალიან ტკბილია და სიბილა ქვია.

ჯერ ვერ მივხვდი, რატომ მეცნობოდა სახელი, მერე მივხვდი რომ რამდენიმე წლის წინ ზუსტად ეგრე ვიპოვე, მომეწონა და შემიყვარდა არაჩვეულებრივი ფილმი "ოცდაშვიდი დაკარგული კოცნა" და გოგონა, რომელიც ამბობს, რომ უბრალოდ არ შეუძლია ჩვეულებრივი იყოს, რომ მის გენში არის რაღაც არანორმალური. ფილმი მართლაც არაჩვეულებრივია, გოგონა ულამაზესი და მასაც სიბილა ქვია.

მე ხომ სახელების და ჟღერადობის და საერთოდ, ათასი ჯურის მაგიის მჯერა, ხოოდა, იმისიც მჯერა, რომ სიბილას სიმღერები იმიტოა ასე რბილი და ბედნიერი, რომ სიბილა ქვია.

ხო, თამომ დამთაგა თურმე, რა გიყვარს ყველაზე მეტადო. თეგ თამაშის მიხედვით 5 რამე უნდა მიყვარდეს.
ხოოდა, ასე, დილის ძილი და მერე პირველი ფინჯანი ყავა მიყვარს აუცილებლად შავი პურის კარაქიან ტოსტთან ერთად, ადამიანები, ყელში კოცნა, წანწალი (მოგზაურობასაც რომ ეძახიან ხოლმე უფრო ზრდილობიანად, აი ის) და კიდევ 2 000 რამე, რაც იმდენად გათავისებული და ჩემია, რომ ვეღარც ვგრძნობ, ისე მიყვარს.

ხოოდა, უცნაური ამბავია ეს სიყვარულები, დაკარგული კოცნები და რბილი და არარბილი ქალები.
მე სულ მგონია, რომ რაღაცეებს იმიტომ ვკარგავთ, რომ ვაცნობიერებთ, რას ვკარგავთ.
და კარგ რამეებსაც იმიტომ ვერ ვიყვარებთ, რომ ვერ ვხვდებით, ის რაღაცა ნამდვილად კარგია და ჩვენია თუ არა.
და საერთოდაც, მივხვდი, რომ ყველანაირი პროგრესისა და განვითარებისთვის, უფრო, უფრო და ათასჯერ უფრო მეტად ჭკვიანები უნდა ვიყოთ.


პ.ს. ერთი მეგობარი იტალიაში წავიდა, მეორე ჩინეთიდან ჩამოვიდა, მე სულ რაღაც 4 დღეში მაგისტრატურის გამოცდები მაქვს და სულ რაღაც 10 დღეში ბათუმის ჯაზ ფესტივალზე  წავალ.
როცა ღამის რომელღაცა საათია, შენ მეგობართან რჩები და გარეთ ძაღლებიც კი არ ყეფენ, არ გჯერა,  გგონია, რომ ცხოვრება გადასარევია და ბედნიერებას რა უნდა.
მე კიდე დღეს საბოლოოდ  ვაღიარე, რომ კატასტროფულად მეშინია ერთმანეთს აწყობილის კარგი ამბების, სულ მგონია, რომ რაღაც არაბუნებრივი ხდება და ასე დიდხანს არ გაგრძელდება.
არადა, არ არის რეკომენდირებული ეგეთი შიშები.

მოკლედ, ეს მიყვარს და მინდოდა აქაც მქონოდა:

უბრალო არითმეტიკის გარეშეც
ვხვდები რომ ასს - სამოცდაცამეტი
არ აკლდება,
რომ ოცდაშვიდი არ იყოფა
ჩვენ ორზე სიბილა!


ჩემი პირველი სიყვარულის
შენ პირველ ქმართან _ დამარხვასთან
ერთად მივხვდი,
რომ გაიყიდე სიბილა!


ჩახმახზე მომართული კერტების,
ყველა კუთხეში მიმოფანტული ნაყინის
და სამი წლის დაძველების
მერეც მახსოვსავით, რომ
ტფილი (სივით) ხარ _ მადის აღმძვრელი
სიბილა!


ყველა დაჟანგული კადრის
და გაბზარული ლავიწის
მერეც ვიცი,
დამტოვე სიბილა!


მენატრები, მენატრები, მენატრები
მე_ჯახები, მე_ლანდები, მე_ღამეები
მიტევენ სიბილა!


(მიუწვდომელია გზები შენი უფალო...)


დამანაწევრე, გამაბაზრე და დამალაგე
თავზე შენი ფეხები
გაპარსულ-გალაკული.
(ოღონდ დაბრუნდი)
გამშალე და შემიფარდე
ყველა შენ საყვარელი სიბილია...


შენეულ ცხრილზე
გადამამრავლე და ჩამყევი
ფეხით _ “ტრეტის”
დაცურებულ
საქანელასთან
ან უთუთო თუთებთან
ვერნერის ბაღში


გსუნთქავ სიბილა