Sunday, July 25, 2010

kiketi open air და ჩემი და თქვენი დღეები

შაბათ-კვირა ჩემი დღეებია, არ ვმუშაობ, დილას ბევრი მძინავს და გამუდმებით მაქვს მოთხოვნილება არა სახლში, ფაცხა-ფუცხით საუზმის, არამედ სადმე, არარსებული აგარაკის მანსარდაზე, ან აივანზე, ან ბაღში, ან რა მნიშვნელობა აქვს სად, უბრალოდ  მეგობრებთან ერთად საათობით ყავის, წვენების და კრუასანების თანხლებით  ჩემი  დღის ჩატკბარუნების.

რიტუალები წმინდა და აუცილებელი რამეა, მაგრამ რა რიტუალები, ზუსტად მეექვსე კვირაა, ყოველ ორშაბათს ჩემ თავს ვეუბნები: "აი, ნასტასია, ჩვენ ეს გამოგვივა, ეს კვირა ბევრად უფრო პროდუქტიული, მშვიდი და ბედნიერი იქნება, შენ ძალიან გვიან აღარ დაიძინებ, ძალიან ბევრი საქმე აღარ გექნება და უფრო ყურადღებიანი იქნები, დაღლილ გამომეტყველებას და გაბრუებულ მდგომარეობას მოიშორებ და იქნებ რიტუალებისთვისაც მოიცალო." ასე, ზუსტად ექვსი კვირის განმავლობაში.

მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ შაბათობით რამე იცვლება. ყოველ შაბათს გაღვიძებისთანავე ორ ბედნიერ დღეს ველოდები და სასტიკად განვიცდი, თუ უკვე სამი საათი გახდა და მე ჯერ კიდევ არ დამიგეგმავს საღამოები.

გუშინაც ასე,  ვიჯექი,  კრუასანებს ვჭამდი და კიკეთში წამომსვლელთა სავარაუდო სიას ვადგენდი.

საბოლოოდ ჩემი შედგენილი სია იქ არსებული ადამიანების სიას დიდად არ დაემთხვა, მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია რომ შაბათ საღამოს, ჩვენ მანქანაში ჩავსხედით, უცნაურ და ლამაზ გზაზე ვიარეთ, იქ ბევრი ადამიანები ვნახე, ბევრი ლუდი დავლიე  და კიდევ ერთხელ ჩავიბურდღუნე:  “როდესმე მუზამეს ფესტს რომ გავაკეთებთ, ის ბევრად კარგი იქნება”.
ანუშკა ამბობდა, რომ სულ პირველი ოფენ აირი ძალიან კარგი იყო, ცოტა ხალხი იყო და ნიკაკოი და ტუსია უკრავდნენ.  მე კიდე ის ქურთუკი მეცვა, ანუშკას რომ შარშან ეცვა კიკეთში და ქურთუკის ჩაცმამდე მთელი დღე ვიხსენებდი, რა ეწერა იმ პოსტში, კიკეთის ფესტზე რომ იყო და მე რომ შორიდან ვკითხულობდი.

მოკლედ, ეგრე.
შაბათი და კვირა არა მარტო ჩემი, თქვენი დღეებიცაა, ამიტომ აუცილებლად უნდა ვუთხრათ ხოლმე ერთმანეთს: "გამარჯობა კეთილო ადამიანო, დღეს ჩვენი დღეა." 
მერე უკვე მნიშვნელობა არ აქვს, კიკეთში წახვალ თუ კრუასანებით ისაუზმებ. მთავარია, რომ შენი დღეების ათვისებას ისწავლი.

თორემ როცა ისევ აგრილდება, როცა სხვა განწყობები მოვა და რაღაცეებს შორიდან დავინახავთ, აუცილებლად ვიტყვით, რომ 2010 წლის ზაფხულში ყველანი მოთენთილები და არაპროდუქტიულები ვიყავით, ძალიან ცხელოდა და ყველას ყველაფერი ძალიან გვეზარებოდა, ბევრ ფესტივალებზე დავდიოდით და ძირითადად იქ ვხვდებოდით ერთმანეთს.

ხოოდა, დღეს კვირაა კეთილო ადამიანებო და რას ვაკეთებთ?