Tuesday, August 3, 2010

ჭრიჭინები, ნაოჭები, გაყიდული ბილეთები და უაზროდ დაკარგული დროები

ალბათ არასერიოზულია, როცა ამინდზე, თვეებსა და წელიწადის დროებზე წერ, მაშინ როცა სულ რამდენიმე დღეში ერი ომის მოგებიდან ან წაგებიდან 2 წლის გასვლას აღნიშნავსკინოთეატრებში 101 ყველაზე მაგარი ფილმის ნახვა შეგიძლია ,  სიცხისგან ხანძრები ჩნდება და ჯერ კიდევ არ ვიცი, როგორ წავალ ბათუმში, მაშინ როცა მატარებლებზე ამ კვირის ყველა ბილეთი გაყიდულია.

ეგ არაფერი.

არც ის არის სერიოზული, როცა 22 წლის ხარ, ზაფხულია, თბილისში ხარ, სამსახურში დადიხარ და დროის დიდ ნაწილს არაფერთან დაკავშირებით  ხარჯავ ბილეთების რიგში, ტრანსპორტის სკამზე, უქმეებამდე სამსახურზე ბუზღუნსა და სიცხეზე წუწუნში. 

რამდენიმე ზაფხულის მერე, როცა 22 წლის აღარ იქნები, როცა სხვანაირი ზაფხული იქნება და შენ  როკ ფესტივალზე წასვლის მაგივრად რამე სხვა გექნება ამოჩემებული, უცბად მიხვდები, რომ ნაოჭები გაგიჩნდა, ფესტივალებზე სიარული გეზარება, არავინ ნერვიულობს, სახლში რომ იგვიანებ და საერთოდ, დრო ძალიან სულელურად გავიდა ამინდებზე, ბილეთებსა და სამსახურებზე ბუზღუნში.

ნაოჭები ლოგიკურია და ალბათ სულაც არ არის ისეთი კატასტროფა, მე რომ ახლა მგონია.

სამაგიეროდ, ის არის კატასტროფა, რომ  ნაოჭებამდე და ნაოჭების შემდეგ ერთნაირად  სულელურად გადის დრო.
ორი დღის წინ მივხვდი, რომ უკვე ხეებს ფოთლები  ცვივათ, ისე, რომ ფერისცვალებას არ დაელოდნენ.
მე კიდევ  ვერ მივხვდი, რომ თითქმის მთელი ზაფხული გავიდა და ფერისცვალებაც  სულ მალე იქნება.

ბავშვობაში ამბობდნენ ხოლმე, ფერისცვალების მერე აგრილდებაო.
ბავშვობაში ზაფხულებს ან იმერეთში, ან ხევსურეთში ვატარებდი და მაშინ, როცა ჭრიჭინები ჭრიჭინს იწყებდნენ, დედა ამბობდა: "ძილინებისა ნასტასია, უკვე გვიანია." ან, "ნასტასია, ადე რა, ნახე  რამდენი ციცინათელები დაფრინავენ".
დღეს მივხვდი, რომ ჭრიჭინების ჭრიჭინი ბავშვობის და სოფელში დასვენების ასოციაცაა და შუა თბილისში მაგათი ხმაური საშინლად უადგილოა.
დაახლოებით ისევე  უადგილო, როგორც პანიკა  რომ უკვე გვიანია, მე სახლში ჯერ კიდევ არ მივსულვარ, დღე-ღამეში  8 საათზე ბევრად ნაკლები მძინავს და ბევრ ლუდს ვსვამ.

დრო კატასტროფულად მალე გადის, მე არც იმერეთში ვარ და არც ხევსურეთში და მიუხედავად  ჭრიჭინებისა, უკვე 22 წლის ვარ და ბოლო რამდენიმე წელია დროს და გზას ყველაზე ემოციურად აღვიქვამ.

ამიტომაც, ყველაზე ზუსტად ვიცი როდის რომელი გზით დავრუნდე სახლში.

ამიტომაც, მოვიდეს ვინმე კეთილი და მითხრას: "ნასტასია, მერე რა რომ მატარებლის ბილეთები გაყიდული იყო, ბათუმში მაინც წავალთ."

ამიტომაც, როცა ნაოჭები გამიჩნდება და სულ სხვანაირი ზაფხულები მექნება, მაინც მითხარით, რომ ლამაზი ვარ.

ამიტომაც, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა გზებზე შემხვდით ხოლმე, თუნდაც ჭრიჭინებზე და ბავშვობებზე სალაპარაკოდ.

პ.ს.
დედა და მამა იმერეთში არიან, ამიტომაც : "ტკბილი ძილი ნასტასია, უკვე გვიანია"