Tuesday, August 24, 2010

დღეები და ამბები სვანეთიდან

მოკლედ, აი ასე:
დღე პირველი:

 მე და ცალი მაიმუნი ყველაზე ადრე მივედით დანიშნულების ადგილას, მერე მოვიპოვეთ ყოვლად სტრატეგიული ადგილები და ზუსტად 13 საათი ვიმგზავრეთ მანამ, სანამ აღთქმულ მესტიაში ამოვიდოდით.

 ცალი მაიმუნი, ანუ მანქი, ჩემი თანამშრომელია. იმ კომპანიაში, სადაც ახლა ვმუშაობთ, თითქმის ერთდროულად მივედით, მაგრამ ერთმანეთი იქ არა, მაკლაფინის კონცერტზე გავიცანით.



-         ისაა, შენ მგონი ვიცი ვინც ხარ..
-         ხოო, მგონი ერთად ვმუშაობთ
-         ხოო, სულ რამდენიმე დღეა რაც მანდ დავიწყე მუშაობა და ჯერ 2 კაცს ვიცნობ
-     მეც ახალი ვარ
-         ხო, ნუ ჯერ სტაჟიორი ვარ და როგორც წესი მარტო მაშინ მოვდივარ, როცა გადაღებაზე ვარ წასასვლელი
-         ხო, ხო, მეც, ჩართვებისთვის…

მოკლედ, ეგრე.
ვიჯექით ივენთ ჰოლში და ვშინაურდებოდით.
ეგ რამდენიმე თვის წინ იყო, ახლა უკვე დილის ყავის  რიტუალებს ვატარებთ ხოლმე,  მეორე ფესტივალს ვაშუქებთ ერთად და საერთოდ, კარგია, როცა შენ გვერდით ასევე მშვილდოსანია, კითხვების გარეშე ხვდები, როგორ არის, რა უნდა, რამდენი დალია, სად წავა  და ა.შ.

დღე ისევ პირველი, ამბავი მეორე:
სადღაც  უბისასთან, ერთ-ერთ მოსახვევში რამდენიმე წამის წინ ამოყირავებული მაზუთის ტრაილერი (ზუსტად არ ვიცი, ნამდვილად ასე ქვია თუ არა ეგეთ მანქანებს) ეგდო, მაზუთი იქცეოდა, ბორბლები ჯერ კიდევ ტრიალებდა და შიგნით ვინც იყო, იმას ბუნებრივია სასწრაფოდ ჭირდებოდა შველა.

ასევე ბუნებრივია რომ დასახმარებლად გავჩერდით. სანამ ჩვენ მანქანაში არსებული  გულისხმიერი მამრები ტრაილერის კარს ამტვრევდნენ და შიგ მყოფი და ცოცხლად გადარჩენილი მძღოლის აზრზე მოყვანას ცდილობდნენ, პატრულში დავრეკე და ვუთხარი რომ სასწრაფო და სამაშველოც აუცილებლად საჭირო იყო, თანაც სასწრაფოდ.
პატრული შედარებით მალე მოვიდა,მაგრამ სამაშველო სამსახურს კარგის ტრაკი
ვერაფრით ვერ გადაურჩა აბსოლუტურად დამსახურებულ გინებას.
და კიდევ, დრეს კოდის ფარგლებში სასწრაფოს ექიმებს მაღალ ქუსლებზე დგომა რომ აეკრძალოთ, კარგი იქნებოდა.

საბოლოოდ, ერთსაათიანი წვალების შემდეგ მძღოლი გამოიყვანეს, მძღოლის გვერდით მყოფი დაიღუპა.
მთელი ერთი საათი ვფიქრობდი, რომ უბრალოდ კატასტროფაა, როცა ადამიანი შეიძლება შენ თვალწინ მოკვდეს მხოლოდ იმიტომ, რომ შენ ვერ გამოგყავს და მაშველები აღგვილები არიან  პირისაგან მიწისა.

დღე პირველი. ამბავი მესამე.
ზუგდიდიდან მესტიამდე 200 კილომეტრზე ნაკლებია და დაახლოებით 5 საათი ჭირდება ჩვეულებრივ სტატისტიკურ მანქანას.
და  მარტო ის კი არ არის კატასტროფა, რომ შეიძლება კაცი შენ თვალწინ მოკვდეს, ისიც კატასტროფაა, 21 საუკუნეში კულტურულ ერს ასეთი გზები რომ აქვს. თანაც მაშინ, როცა ჩვენ ყველაზე, ყველაზე, ყველაზე საოცარი წარსული გვქონდა დედამიწის ზურგზე და როცა ტურიზმი ჩვენი პრიორიტეტია.

ამბავი სამი პოზიტიურ ჭრილში.
მთელ სვანეთში არანორმალურად ბევრი სატვირთო მანქანა მოძრაობს და როგორც ამბობენ, თითქოს ყველა მეორე  აბორიგენი საგზაო სამუშაოებზეა დასაქმებული. გზის რაღაც ნაწილი ფაქტობრივად განახლებულია და იმედია როდესმე გავიგებთ რას ნიშნავს 21 საუკუნე და კულტურული ერი.
ხო, დასაქმება კარგია, მაგრამ აბორიგენებს რეალური პრობლემები აქვთ ქონების პრივატიზაციის და არალოგიკურად იყიდება ვიღაცეების საკუთარი მიწები.

დღე მეორე, ამბავი პირველი.
დედამიწა ძალიან პატარაა, ჩვენ ყველა წრეზე დავდივართ და შესაბამისად ძალიან მარტივია მესტიაში მინიმუმ რამდენიმე  ისეთი ადამიანი აღმოჩნდეს შენთან ერთად, რომლების ნახვაც გიხარია.

მამიდაც გადაღებაზე იყო მესტიაში, ოღონდ სხვა ამბებს იღებდა.
სრულყოფილი გადაღებისთვის მესტიის ზემოთ ერთ-ერთ მთაზე ავედით, საიდანაც ყველაზე დებილიც კი ზუსტად 2 წამში  გააკეთებდა მარტივ, მაგრამ უტყუარ დასკვნას.
თუნდაც სვანური კოშკები ძალიან არაფერია სუფთა ჰაერთან, მთებთან  და ალპურ ზონებში არსებულ ლურჯ ყვავილებთან შედარებით.
ხოოდა, მაგ დროს ვდგავარ ხოლმე და ჩემ თავს ვეუბნები: კი, ნასტასია, შენ  მართალი ხარ, ადამიანური რესურსები, ენერგია და ა.შ კარგია,ჩვენ შეიძლება ყველაფერი გავაკეთოთ, რასაც მოვინდომებთ, მაგრამ რეალურად სხვა უფრო ძლიერი რამეებიც არსებობენ.

და მერე ისევ ისე, აღმართის მერე დაღმართი და დაღმართის მერე მუზეუმი.


დღე მეორე, ამბავი მეორე.
მესტიის მუზეუმი ერთადერთი მუზეუმია დედამიწის ზურგზე, რომელშიც სიამოვნებით შევდივარ.
და ის, რასაც აქ ვნახულობ ხოლმე, ის არის, რაც მართლა, რეალურად ჩვენი, როგორც ერის საგანძურია.
მე არ ვარ ყვირილისგან ხმაჩახლეჩილი პატრიოტი და არც გულჩვილობის ისტერიული შემოტევები მაქვს ხოლმე, მაგრამ აქ, უკვე მესამედ დახორკლილი კანით და გაფართოებული თვალებით ვათვალიერებდი ცხრაასრაღაცა წელს დაწერილ სახარებას, ჩვენ წელთაღრიცხვამდე   რომელღაცა საუკუნის ულამაზეს და უჭრელეს სამკაულებს და კიდევ ხატებს. 1200 ხატში მიხვდები, რომელია სვანური ხატმწერის ხატი.

მოკლედ, სულ საქართველოში ხატწერის სამი  სკოლა იყო. აქედან ერთ-ერთი სვანურია. ამათი უნიკალობის მთელი საიდუმლო ის არის, რომ ყველანაირი წესების გარეშე ხატავდნენ. ხოდა, სვანის დახატული წმინდანები  ძალიან, ძალიან გვანან ქუჩაში მოსიარულე სვანებს.სპეციფიური, წინ წამოწეული ყბებით და დაბღვერილი, მკაცრი სახით. 
 შესაბამისად, სვანი ხატმწერი არა მარტო წესების და ჩარჩოების გარეშე ხატავდა, წმინდანებს ძალიან, ძალიან რეალურად აღიქვამდა, სათნო სახის და თავზე დამდგარი ნათელის გარეშე.აი, ისე, ვინმე შენი ახლობელი რომ დახატო.


დღე მეორე. ამბავი მესამე.
მთელი ჩემი აქ ყოფნის მიზეზი მსოფლიო მუსიკის ფესტივალია, რომელიც რამდენიმე ჯგუფს აერთიანებს რამდენიმე ქვეყნიდან.
ფესტივალის პირველ დღეს კონცერტზე იმაზე ბევრად მეტი ადამიანი მოვიდა, ვიდრე მე ველოდი.
როგორც მერე მითხრეს, ადამიანები მეზობელი სოფლებიდან მოდიოდნენ ფეხით.
ხოო, პუბლიკა აქტიურია და ერთნაირად ბედნიერები ცეკვავენ საღამოობით აგერ უკვე მესამე დღეა.
ფესტივალის კიდევ ერთი კარგი მხარე ის არის, რომ ნებისმიერ  “უბრალო მოკვდავს” შეუძლია დაკვრა ან სიმღერა.
და საერთოდ, კარგია ასეთი შინაურულ-მეგობრული გარემო.
აი, ადრე, სიგურ როსზე რომ ვწერდი, ახლა, რაც აქ ვარ, სულ მგონია, რომ ვიღაცამ ის წაიკითხა, დამეთანხმა და ეს ფესტივალი დაგეგმა. რასაკვირველია რეალურად ეგ ეგრე არ არის და ჭკვიანური იდეების გენერატორი მარტო მე არ ვარ დედამიწის ზურგზე.

დღე მესამე. საინტერესო ფაქტი ერთი.
რაღაც სოფელში ვიყავით. სოფლის სასაფლაოზე 40 წელს გადაცილებული მამრის საფლავი ვერ ვიპოვე. სულ ერთი გვარის საფლავები იყო და ყველა ძალიან ახალგაზრდა  მომკვდარა.
ეგრეა, სისხლის აღება ცუდი რამეა.

დღე მესამე. უცნაური ფაქტი ერთი.
ამავე სოფელში გზაზე ბავშვები იდგნენ. სანამ სტრატეგიულ ადგილს ვარჩევდი და ფოკუსს ვასწორებდი, მშობლებმა ბავშვები ეზოში გადამიმალეს.

დღე მესამე. ყველაზე  კარგი რამე, რაც შეიძლება მომხდარიყო.
ერთ-ერთ სოფელში, ერთ-ერთი კეთილი აბორიგენის ეზოში  არაფერთან დაკავშირებით  მხიარულ-იმპროვიზაციული კონცერტი გაიმართა.
მე კიდევ ერთხელ გამახსენდა ფილმი სიგურ როსზე და ვიფიქრე, კარგი რამეები ჩვენ თავსაც ხდება.



დღე მესამე. უფრო სწორად ღამე.
დავაფიქსირე რომ სვანეთში ალკოჰოლის უზომო რაოდენობას ვიღებ და ეგ კარგი სულაც არ არის.
დანარჩენი ამბები, ფოტოები და ვიდეოები მას შემდეგ, როცა  ჩამოვალ. მწირი ინტერნეტ რესურსები გამაჩნია აქ და ეს პოსტიც ძლივს მოვაფორთხე აქამდე.