Sunday, August 29, 2010

მზეზე მბრწყინავი გეიშას დღიურები

გუშინწინ ჩემ საწოლში რომ გამეღვიძა, საშინლად გამიკვირდა. როგორც ჩანს, მთელი ძილის პროცესში  თავი ისევ მესტიაში მეგონა.

გუშინ მთელი დღე ვცდილობდი რამენაირად მომეყარა თავი იქაური ამბებისთვის და დამეწერა. მითხრეს, ძალიან სავსე როცა ხარ და ბევრი რამე ხდება, მერე დრო გჭირდება გასაშიფრად და დასალაგებლადო.

დღეს ადრე გავიღვიძე, მივხვდი, რომ უკვე ნამდვილად თბილისში ვიყავი და რომ ბევრი ემოციები კი რთული ამბავია, მაგრამ თუ იმას, რაც გაქვს, დროზე არ გამოიყენებ, მერე ან დაგავიწყდება, ან გაგიხუნდება და აზრს დაკარგავს.

ამიტომაც მოვყვები ამბებს მესამე დღიდან.
ან უბრალოდ ამბებს.დღეების და ნუმერაციების გარეშე.

მოკლედ, ეგრე.
აზრი იმის შესახებ, რომ სვანეთი ერთადერთი მთაა, სადაც მე ვერ ვდუნდები და მთის იმ მთავარ მუღამს ვერ ვგრძნობ, რასაც თავისუფლება და რელაქსაცია ქვია, ძალაშია.
აბორიგენები  იმდენად გადამდებად დაძაბულები და საშიშად დაბღვერილები არიან, რომ უბრალოდ უნდა დაივიწყო, რაა მთის მთავარი მუღამი და სხვა რამეებით დატკბე.

აზრი იმის შესახებაც ძალაშია, რომ ფესტივალი კარგი იქნებოდა. ყველა კონცერტზე  მრავლად ხალხი დაიარებოდა, იმდენად კარგი "ზვუკი" იდგა ( თუ ბოლო კონცერტს არ ჩავთვლით და ისიც გასაგებ-ასახსნელი მიზეზების გამო ) და  იმდენი ბედნიერი სახე მოძრაობდა ხოლმე რომ მზად ვიყავი ნებისმიერი ჯგუფი მომწონებოდა. და საერთოდ, ამ ფესტივალზე ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი საერთო გარემო  იყო, ვიდრე მუსიკალური პროგრამა.

ხოოდა, ცხოვრებაში პირველად აღმოვჩნდი ასე ახლოს "შიდა სამზარეულოსთან" და მინდა ვთქვა, რომ ძალიან მოსახერხებელია ასე მუშაობა, რომ დილას ერთად საუზმობთ შენ და ვინმე, საღამოს კი სცენაზე ერთად ადიხართ და ის უკრავს, შენ იღებ. მერე კონცერტი მთავრდება და თქვენ შეგიძლიათ რამე ითამაშოთ, ილაპარაკოთ, დალიოთ, თავში ქვა იხალოთ, სულ ერთია, მთავარია, რომ ყველა ერთად ხართ და ეგ კარგია.
ამიტომაც, ნებისმიერი ფესტივალის ორგანიზატორს შეუძლია პრესის და მონაწილეების ინტეგრაციაზე ზრუნვა.

პირობა, რომ გზაში აუცილებლად ვიფიქრებდი ჩემთვის მნიშვნელოვან კითხვებზე,  შევასრულე. მეტსაც გეტყვით, სულ ახალი კითხვები ამოვქექე და პასუხები ვერაფერზე მოვიფიქრე.

შესაბამისად, ჩემი ცხოვრების რეორგანიზაციის დასაწყები თარიღი კვლავ უცნობია და ჩემს გარშემო ფაქტები, ადამიანები,  დროები და სივრცეები კიდევ უფრო არეული.

სამაგიეროდ, ჩამოსვლიდან მეორე ღამეს, მეთოთხმეტე  სართულზე ვიდექი, თვითმფრინავს  ვუყურებდი და ვიცოდი, რომ სულ მალე დაეშვებოდა. შუაღამე იყო და გამახსენდა, როგორ მიხაროდა, როცა ჩემი თვითმფრინავი თბილისის თავზე ეშვებოდა, როგორ მეგონა რიგიდან თბილისამდე რომ ღამის რომელღაცა საათზე  კავკასიონს დავინახავდი და როგორ გულწრფელად ვთქვი თითქმის სახლში მოსულმა, "ჩემი ქუჩა დაბერებულა" თქო.

მესტიიდან უკანა გზაზე  ჩემს გვერდზე მჯდომს ვუყვებოდი, რომ ყველაზე დეპრესიული ის ერთი წელი იყო, როცა მე მეგონა, რომ შუაღამისას კავკასიონის დავინახავდი.

დრო აუტანლად სწრაფად გადის და ალბათ დაახლოებით 9 თვის შემდეგ რომელიმე ღამეს, რომელიღაცა სართულზე ავალ და  გამახსენდება, როგორ მოვდიოდი მესტიიდან 13 საათი, როგორ მყავდა ყველაზე კარგი თანამგზავრი, როგორი ცუდია გამოფიტულობა და როგორ ვუთხარი მამიდას მეორე ღამეს, რომ თბილისი ყველაზე კარგი ადგილია, სადაც შეიძლება იცხოვრო თქო.

თუ გინდა რომ დროის აღქმა დაკარგო, მაშინ აუცილებლად უნდა წახვიდე მთაში. მე უკვე ჩამოვედი, ამიტომ ისღა დამრჩენია, დარჩენილი კვირა დღე გარემოს ადეკვატურად აღქმას მოვანდომო და გავაცნობიერო, რომ რაღაცეები იწყება და მთავრდება, დიდი არაფერი იცვლება და ამიტომაც მე ხვალ, ჩვეული გამოუძინებელი სახით და დილის ყავის მოლოდინით სამსახურში წავალ.

მანამდე კი ფოტოები თქვენ. 

p.s. რაღაცატომ ამოვიჩემე, საღამოობით გეიშა ვხდები ხოლმე თქო და თმები იმიტომ გამოიყურება ასე უცნაურად.
დღის განმავლობაში ჩვეულებისამებრ გაბურძგნილი იყო და მზეზე ბრწყინავდა.

ხოოდა, მგონი მზეზე მბრწყინავი გეიშას დღიურების წერა უნდა დავიწყო.