Friday, August 13, 2010

ის, რასაც ბოლო დღეებში ვწერდი და სხვაგან ვაწყობდი

თბილისში თითქმის აღარავინ არის.
არც ბლოგებს კითხულობს არავინ და სამსახურში დაგვიანებისასაც  ვერ იტყვი, საცობში ვიყავი გაჭედილიო.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ბათუმში ვიყავი, ყოვლად რეზონანსული სტატია დავწერე, სულ რაღაც რამდენიმე საათში ხევსურეთში წავალ და ჩემ გადარეულს ძალიან, ძალიან მაგრად ჩავეხუტები. სამი დღის წინ მივხვდი, რომ არანორმალურად მომენატრა. თან დღეს იუბილარია.
ხო, თითქმის გადაწყვეტილია ისიც, რომ სვანეთში წავალ სამწლიანი პაუზის შემდეგ და რა გასაკვირია რომ მიხარია.

მადლობა სრულიად იმ ადამიანებს, რომლებმაც მითხრეს, მთავარია წამოსვლა გინდოდეს და რამე იქნებაო.

მანამდე კი ის, რაც ჩემს თავს ხდებოდა და რასაც რაღაცატომ აქ არა, სხვაგან ვწერდი. იქ უფრო ინტიმური გარემო მაქვს. მაგრამ ახლა მიმინდა რომ ყველაფერი ერთად აქ დამეწყო. ხოოდა, ასე.

ბლოგებს მაინც არავინ კითხულობს, ამიტომაც თავს  არ შევიწუხებ პოსტის სიდიდის გამო სინდისის ქენჯნით.
ბათუმში წასვლის ღამიდან გუშინდელ უძილო ღამემდე:


  • რა მგონია ჩემი ნავი ვნახო.
    არც ის მგონია, სადმე საერთოდ, არსებობდეს ჩემი ნავი.
    სამაგიეროდ, ვიცი, რომ ჩემი თმები უფრო ჟღალია, ვიდრე იყო და მზეზე იბზინებენ და მე ბედნიერი ვიქნები.
    სამაგიეროდ, ჩანთა უკვე ჩავალაგე და ჩალაგებები ყველაზე მეტად მიყვარს სადმე წასვლის პროცედურებში.
    სამაგიეროდ, არარსებული ბილეთები ვიშოვეთ და სადღაც ერთ საათში მატარებელში ვიქნები და დილამდე იმ სულელურ დგნ-დგნ-ს გავიგონებ, მე რომ მაინც მიყვარს.
    სამაგიეროდ, რამდენიმე დღე ლეპტოპის ეკრანის მაგივრად ცოცხალ რამეებს ვუყურებ.
    და საერთოდ, კარგია რომ ზღვა შემიყვარდა.

  • მატარებელში თავიდან მე, 6 მამრი და ბევრი სასმელი ვიყავით. 
    მერე სასმელი დაილია და დაიქცა და აორთქლდა და 6 მამრი 6 გადარეული, მთვრალი და აუტანელი მამრი გახდა.
    მე მეორე ვაგონში კიდევ ერთი ნაცნობი ვნახე და იმას დიდხანს ველაპარაკებოდი სან ფრანცისკოსა და პარიზზე.
    დილას, როცა ყველაზე ტკბილად ჩამეძინა, მატარებლის გამცილებელმა, გთხოვთ დაცალოთ ვაგონებიო და მე მეგონა რომ მატარებლის ყველა მგზავრის, ყველა მოწეული სიგარეტის და ყველა დაცლილი ბოთლის სუნით ვიყავი გაჟღენთილი და სულ აღარ მახსოვდა ჩემი თმა რომ განსაკუთრებით ჟღალი და ლამაზი იყო და მე ძალიან მინდოდა ზღვაზე შაბათ-კვირის გატარება.
    წყალი კარგი იყო, კიდევ ერთხელ დავაფიქსირე, რომ პლიაჟზე მიმოყრილი ყველა ადმაიანი ძალიან ერთნაირია და იქიდან არავინ არ არის ლამაზი ან მახინჯი, და ვერასოდეს ვერ მივხვდები, პლიაჟზე როგორ უნდა მოგეწონოს ვინმე.
    ხოოდა, მერე ტკბილად მეძინა, ახლა ბათუმურ რიტუალებიდან ერთ-ერთს, ლიტერატურულში გრილად ჯდომას ვატარებ და როგორც ყოველთვის, აქ ყოფნისას, ვხვდები, როგორ მიყვარს ზღვისპირა ქალაქები.
    მატარებლებიც მიყვარს, უბრალოდ, 6 მამრი და ბევრი სასმელია ბევრი აღმოჩნდა.



  • საშინლად ნესტიანი ჰაერია, ღამე ვერ ვიძინებ და უკვე სამი დღეა დღეა თვალებდასიებული დავდივარ.

    ზღვასთან ახლოს ცივი ნიავი ქრის, მსიამოვნებს ხოლმე და მეძინება.
  • ბოლო დღეებია დავაფიქსირე რომ მხოლოდ საჭმელებზე, ძილზე და ნესტიან ჰაერზე ვლაპარაკობ და ვფიქრობ. არ არის ეგ კარგი, როცა ზაფხულია, შენ ბევრ ადამიანთან ერთად ფესტივალზე ჩამოხვედი, მაგრამ ყველასთან ყოფნა გეზარება და ამიტომ ძირითადად მარტო დაბორიალობ. მარტო ბორიალს და ზღვას თავისი “პრელესტები” აქვს. (ანუშკას უყვარს ეგ სიტყვა, მე - ანუშკა ). გუშინდელი ბიჭი ცურვას მასწავლიდა და ამბობდა, ბარბს გავხარო. არც ქერა თმა მაქვს და არც მშრალი ვარ, მარტო დიდი ძუძუებით გადაწყვეტილება არ უნდა მიიღო-თქო, უნდა მეთქვა, მაგრამ დამეზარა. ცოტა ვიცურავე, ზრდილობიანად დავემშვიდობე და მწვანე კონცხზე წავედი. იქ ბინძური ძღვა იყო და ისღა დამრჩენოდა, დამეძინა. დავიძინე კიდეც. დღეს დილიდან ლიტერატულში ვზივარ, აქ გრილა და ნეტია. მომტანმა რუსულად მკითხა რაღაც, გვერდზე მჯდომმა გერმანელმა, ინგლისურად. ინგლისური არ ვიცი, გერმანულად ვილაპარაკოთ თქო, და საიდან იცი ასე კარგად გერმანულიო, ლაპარაკის მერამდენიღაცა წუთზე. ასე, ბავშვობიდან მასწავლესთქო. წიგნს წერო? მუზამესთვის ვწერდი ფესტივალის რევიუს. მერე მუსიკაზე, ჩვენ ქვეყნებსა და მოგზაურებებზე ვილაპარაკეთ და შევპირდი, რომ როდესმე, აუცილებლად დავწერდი წიგნს. მაინც ვერ გაიგო, რატომ ახლავე არ ვწერდი, ისე მუშაობ ლეპტოპთან, წიგნს უნდა წერდეო. ეგეც დღევანდელი ბიჭი. ბევრად ჭკვიანი და ასევე მალე აქროლადი. გუშინწინ ახალი არაფერი, ძველი ამბები ხდებოდა, მე დისკომფორტით სიკვდილის კანდიდატი ვიყავი და ძალიან მინდოდა ღამე ზღვაში ბანაოდა. სათანადოდ არ მეცვა და ჩემს გარდა არავის არ უნდოდა.  ერთი დღე დამრჩა.
  • საათები მეუბნებიან მალე ლუდის დალევის დრო მოდისო.
  • საათები მეუბნებიან, შემოდგომა ფოთოლ-ფოთოლ გიახლოვდებაო.
    საათები მეუბნებიან, დროს ყურადღებას ნუ მიაქცევ,თვითონ არასოდეს არ იფიქრებს შენზეო.
    და კიდე საათები მეუბნებიან, ჩვენი ისრები და შენი გული დაახლოებით ერთნაირი სიჩქარით მოძრაობენ ხოლმე, უბრალოდ, შენ ის უნდა მოიფიქრო, რომელზე დაითვლი დროსო.
    პ.ს.
    დედა ამბობს ხოლმე : “უდროო დროსო”
    საათებო იცით რამე ეგეთი?

  • ჩემო უძილო ღამეებო და ჩემი ქალაქის პანიკურო სიცხეებო, რატომ უნდა ვიწყებდე დილას ჩემდაუნებურად მაშინ, როცა სიზმრების დრო მაქვს.
    ჩემი უძილო ღამეებო და ჩემი ქალაქის პანიკურო სიცხეებო, ხომ შეგეძლოთ არ გაგესვათ ხაზი იმისთვის, რომ აუცილებელია ჩემი წასვლა ამ ქალაქიდან. ისედაც  მივდივარ.
    ჯერ ყავას დავლევ, მერე ჩანთას ჩავალაგებ და რამდენიმე ღამით მაინც გრილად დავიძინებ.
    ხოოდა, მერე რაო თქვენ ფიქრობთ  და არც არაფერი.უბრალოდ, მე სიზმრების მერე ყავა მიყვარს.