Friday, August 20, 2010

მსოფლიო მუსიკის და კინოს ფესტივალები, საგზაო ფიქრები და წინასამგზავრო ვნებები

თუნდაც 2 წლის წინ ვერაფრით ვერ დავიჯერებდი, რომ აქ, ჩვენ ქვეყანაში სამი თვის განმავლობაში 4 ფესტივალზე ამოვყოფდი თავს.


თუნდაც 2 თვის წინ მეგონა, რომ ეს ზაფხული კიდევ ერთი ჩვეულებრივი ზაფხული იყო, ბევრი შემთხვევითი ნაცნობით, ბევრი დალეული ლუდით, არაპროდუქტიული  დღეებით, არანორმალური სიცხეებით  და ცოტა სიახლეებით.


თუნდაც 2 კვირის წინ ვერაფრით ვერ დავიჯერებდი, რომ სვანეთში ასე მარტივად და ბედნიერად  წავიდოდი.

All tomorrow's parties
ახლა ჩანთა უკვე ჩალაგებულია, ფლეილისტი განახლებული და ეგაა. დილის 8-ზე გავალთ.

სვანეთში მესამედ მივდივარ და ერთადერთი ადგილია, რომლის აბორიგენ მოსახლეობასაც ზომიერი შიშით ვუყურებ.
ასევე ერთადერთი ადგილია, სადაც ალბათ ვერასოდეს ვერ წავალ მარტო და ვერასოდეს ვერ ვიგრძნობ თავს საკუთარ გარემოში.
მაგრამ ეგ არაფერი.
სამაგიეროდ, ვიცი, რომ ამ ჯერზე წინა წასვლებისგან განსხვავებით უფრო მეტს ვნახავ, უფრო ნაკლებს დავლევ   და საერთოდაც, უფრო გააზრებულად მივდივარ.

მოკლედ, სვანეთიდან ბევრ ფოტოს და მარილმოყრილ ამბებს აუცილებლად ჩამოგიტანთ.

მანამდე კი გზაში ვიფიქრებ რატომ ქრება აღფრთოვანების გრძნობა მაშინვე, როცა რაღაც, რაც ძალიან გინდოდა, შენი ხდება და როცა რაღაც, რასაც ვერასოდეს წარმოიდგენდი, რეალობაა.
რატომ არის წასვლა და დაბრუნება ყოველთვის ერთნაირად ემოციური და რატომ გვგონია, რომ ორივე რაღაცას შეცვლის.
რატომ ვერ იგებენ ხოლმე შემთხვევითი ნაცნობები, რომ ისინი, მხოლოდ მანამ არიან კარგები, სანამ გაშინაურებას დააპირებენ.
რატომ გვგონია, რომ მარტო ჩვენ გვწყინდება ადამიანები და საქმეები და გარემოები და არ ვფიქრობთ იმაზე, რომ ჩვენც ამოწურვადები და მარტივად გადასაგდებები ვართ.
რატომ გვეჩვენება, რომ რაღაც მაინც ზუსტად ვიცით და ვიღაც სადღაც მეორე მხარეს არასწორია.
ან რატომ არის ყველაზე ცხოველი ინტერესი შეცნობის ინტერესი და მერე ყველაფერი სულ ერთი რატომ ხდება.

აუცილებლად მოვიფიქრებ რამე ზუსტ თარიღს, ჩემი ცხოვრების რეორგანიზაციის დასაწყებად.

მერე  თარიღს  და რეორგანიზაციის აუცილებლობას დავივიწყებ  და ისევ სადმე წავალ.მაგალითად ბათუმის კინო ფესტივალზე. ხო, მართლა, იქ წამოსვლა ყველა ბლოგერს შეუძლია და ამისთვის მხოლოდ მეილის მიწერაა საჭირო. ასე რომ,  თუ ვინმეს ფილმები გიყვართ და ყურები ჯერ კიდევ არ შეგიბარტყუნებიათ, დროა გამოცოცხლდეთ.

თან  კარგი ამბები  ხომ ყოველთვის მოულოდნელად ხდება.

აქვე, ჩემს მიერ დაფიქსირებული არც კარგი და არც ცუდი ფაქტი:

სამი წლის წინანდელ ამბებს ვათეთრებ მგონი.

უფრო სწორად, ჩემდაუნებურად  იმავე გზებზე დავდივარ და იმდენად სხვა ემოციებით და განწყობით და მიზეზით და ა.შ, რომ სხვა გზები მგონი.