Tuesday, May 4, 2010

Sigur Ros, ისლანდიის ხავსიანი სახლები, ნიჭიერი და Heima

იქ იმაზე ხშირად წვიმს, ვიდრე ჩვენთან.
იქ იმაზე  მეტად ცივა, ვიდრე ჩვენთან.
იქ იმაზე კარგი მუსიკოსები ყავთ ვიდრე ჩვენთან.
იქ იმაზე ბევრი ხავსიანი სახლია ვიდრე ჩვენთან.
იქ ხავსიან სახლებში ცხოვრობენ და კარგ მუსიკას უსმენენ.
იქ ჩემი საოცნებო სკანდინავიაა, ადრე ვიკინგები ცხოვრობდნენ და ისლანდიური საგები იწერებოდა.
ახლა, სულ  ცოტა ხნის წინ ვულკანი ამოიფრქვა და  ვინმემ რომ თქვას, ისლანდიაო, დარწმუნებული ვარ ყველას ზუსტად ის ვულკანი გაახსენდება. ალბათ ძალიან ცოტას ისლანდიური ხავსისსახურავიანი სახლები ან Sigur Ros-ი.


 დარწმუნებული ვარ ყველა მეორე იოცნებებდა ამ სახლებში ცხოვრებაზე (ცოტა ხნით მაინც), ან  ისეთი ჯგუფის ყოლაზე, როგორიც სიგურ როსია.

სიგურ როსი კარგი ჯგუფი იმიტომ  არ არის, რომ განსაკუთრებული ჟღერადობის მუსიკას ქმნის, ან იმიტომ რომ  დიდი მუსიკალური დიაპაზონი აქვთ, ან იმიტომ რომ სიმპატიური 4 ბიჭისგან შედგება.
ეს სიმპატიური 4 ბიჭი კაი ბენდი იმიტომაა, რომ მსოფლიო ტურნეს მერე სახლში დაბრუნებამდე თქვეს, ახლა მშობლიურ ისლანდიაში ტურნეს ჩატარების დროაო და ყველანაირი აფიშების, ანონსების, ტელევიზიების და აპლოდისმენტების მოლოდინის გარეშე ყველაზე მიკარგულ და მივიწყებულ ადგილებში  ატარეს  კონცერტები 2 კვირის განმავლობაში.

აი, ვინმე რომ ადგეს და არხოტში, უშგულში, ჯავახეთის ტბებთან და კიდევ რა ვიცი, დართლოში გამართოს კონცერტები, დაახლოებით ეგრე.

მერე ეს საკონცერტო ჩანაწერები აიღეს, ფილმად აქციეს და მიუხედავად იმისა, რომ ისლანდიის ხსენებაზე ახლა ყველას პირველი ასოციაცია  ვუკლანი იქნება, ამ ფილმის ნახვის შემდეგ ალბათ ყველა მეორე დაიწყებს ოცნებას, ერთხელ მაინც მოხვდეს ისლანდიაში, სადმე მთებში ასეთ კონცერტს დაესწროს და აი იმ ხავსიან სახლებში იცხოვროს, მე რომ საშინლად მომწონს.

ფილმი ბუნებრივია ძალიან ბევრმა ადამიანმა ნახა.
ბუნებრივია, ძალიან ბევრი ადამიანი მიხვდა, რომ მაწანწალათა ტომის წევრობა პატივია, კარგი მუსიკოსობა ბედნიერება, მთები  ყველაზე კარგი ადგილი და შემთხვევითი მსმენელი ყველაზე კარგი მსმენელი.

მე, ვინაიდან ეს ყველაფერი უკვე ნაფიქრი მქონდა, როცა ფილმი ვნახე, ვიფიქრე, რომ პოსტს დავწერდი და გეტყოდით, რომ ადამიანებო, ,,ნიჭიერზე'' ლაპარაკს, ,,ჯეოსტარის'' ყურებას და ზოგადად, სუროგატებით ჭყიპვას, ნახეთ, რამდენი მაგარი ამბავი არსებობს. მოდით, კარგ ამბებზე ვილაპარაკოთ.
მოდით, მთებში ვიაროთ.
მოდით, შემთხვევითი ადამიანები უფრო ახლოს მოვუშვათ.
და საერთოდ, წვიმაზე და ვულკანებზე წუწუნს, ერთი  კარგი ამბავი რომ მომიყვეთ, გაცილებით ბედნიერები ვიქნებით მეც და თქვენც.



პ.ს.
ჩემი კარგი ამბავის მორალი ასეთია:
როცა ქვეყანას პრეტენზია აქვს ტურიზმის განვითარებაზე, როცა ერს გონია, რომ ბევრი ნიჭიერი ყავს და როცა ყველა მეორე ადამიანს გონია, რომ ჭკუას თუ კითხავ, აუცილებლად რამე ჭკვიანურს გეტყვის,მათ აუცილებლად უნდა უთხრა, რას ნიშნავს კარგი მაგალითი.
კიდევ ერთი პ.ს.
Heima ფილმს ქვია, ისე, შინ დაბრუნებას ნიშნავს.
მგონი ძველი ისლანდიელები ამბობდნენ, კარგი გზით და კონცერტებით და შინ მშვიდობითო.

ხოოდა, ადამიანებო, მოვაწყოთ, ან მოაწყვეთ, ან მოაწყონ( ან ნუ რა მნიშვნელობა აქვს ზმნის პირებს) რამე კარგი ფესტივალი. მერე შინ მშვიდობით დავბრუნდეთ და ,,შინ'' არსებული ყველა ტელევიზორი სამუდამოდ დავივიწყოთ.