Tuesday, May 11, 2010

დჰარმის მაწანწალა ვარ, ფეხმორთხმული ველოდები გასხივოსნებას - ანუ თვის ინტერვიუ

ტრადიციადქცეული ბლოგერული ინტერვიუ:
ამჯერად Jo Key-სთან ერთად ვარ. მგონი ყველამ იცით,მაგრმ ვინც არ იცის იმათთვის :
Jo Key-ი ვეგეტარიანელია, სიგარეტს ახლახანს დაანება თავი, სამაგიეროდ არქიტექტურის სწავლა დაიწყო და როდესმე შეიძლება ხელნაკეთი ნივთების სალონი და ვეგეტარიანული კაფეც ქონდეს.
თუნდაც ცოტა ხნით კენიაში უნდა წასვლა ან დროში გადასახლება და 60-იან წლებში მოხვედრა. მიზეზი აქვს, თან ორი.

მოკლედ, ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ბლოგის პატრონი და ძალიან, ძალიან  სიმპატიური Jo Key, რომელსაც დედამიწა უნდა მრგვალი და რომელიც ძალიან, ძალიან კარგად წერს  :)

რატომ მაინცდამაინც წითურთმიანი გოგონა? თან ასე ხშირად და თან შეუცვლელად?
 მწითური გოგო ჩემი ბავშვობაა - ყველაზე ნათელი დრო. იმის მერე მუდმივი გარდატეხის პერიოდია.

სკოლის ტუალეტთან ვხვდებოდით სრულიად შემთხვევით.
ახლა, იდეალურს როცა ვგულისხმობ, ყოველთვის ჟღალი თმები და დაჭორფლილი სახე მიდგას თვალწინ.

,,სიმბოლოები ჩარჩოში სვამენ ქალაქს და ერთ დიდ სტერეოტიპად აქცევენ. ‘’ მერე შენ ამ ქალაქიდან სკანდინავიაში წასვლა გინდა ხოლმე. რა არის თბილისის ჩარჩო, რაც ხელს გიშლის მშვიდად და ბედნიერად აქ ყოფნაში?
მგონია, ეს არის ქალაქი კონცეფციის გარეშე. რასაკვირველია ძველ უბნებს, სადაც ქუჩებს სული აქვთ და ხანდახან ლაპარაკობენ, არ ვგულისმობ.
აბსტრაქტული და უსულო სიმბოლოც არ მეგულება, ხელს რომ მიშლიდეს მშვიდ, ბედნიერ ცხოვრებაში.
უფრო ადამიანები და დამოკიდებულებები მოქმედებენ. არ მესმის, რატომ უნდა დავაგდო სიგარეტის კოლოფი ქუჩაში, როცა თბილისის სადღეგრძელო ფეხზედგომით 15 წუთის წინ მაქვს შესმული.
ძალიან უცნაურია, აქ შეიძლება ერთდროულად გიყვარდეს და გძულდეს, იყოს კარგი და ცუდი, მატყუარა და გულწრფელი... ეს მიშლის მშვიდ ცხოვრებაში ხელს!
,,ზაფხული აღარ მიყვარს. ზამთარი უფრო კარგია, შემოდგომაც, გაზაფხულიც, მაგრამ არა ზაფხული.  რაღაც მოხდება ცუდი და მერე ის სიტუაცია, დღე, დრო, სურნელი, ხმა და გემო აღარ მიყვარს.’’
რატომ მაინცდამაინც ზაფხულში? ზაფხულში ხომ მეგობრებთან ერთად დადიხარ დასასვენებლად, აივანზე საინტერესო თემებზე ლაპარაკობთ და ზღვისკენ ზურგით მჯდომი მარკესს კითხულობ.

ახალი ადამიანი - ახალი ემოციაა, ახალი განცდა, დრო, სურნელი, ფერი, გემო, ადგილი... და როცა ის მიდის ყველაფერი იცვლება.
აი, შვეიცარიის დრო წავიდა. ახლა სკანდინავიაზე ვფიქრობ. მე ნორვეგიაზე, ის შვედეთზე.
ბოლოს შევთანხმდით, რომ სადღაც საზღვარზე დავსახლდებით. საძინებელი და დიდი მისაღები ნორვეგიაში იქნება, ტერასა და ზამთრის ბაღი შვედეთში. მადლობა ევროკავშირს, რომ არ არის სავიზო რეჟიმი. აბაზანაში შესვლისთვის საელჩოში საათობით ყურყუტი გამიჭირდებოდა.
მეხსიერებას რომ კარგავდე, საყვარელი მუსიკის დიდ კატალოგს დაიტოვებდი. არ გგონია, რომ საყვარელ მუსიკასთან საყვარელი ემოციები გაკავშირებს და მეხსიერების დაკარგვის შემდეგ დატოვებული მუსიკა სხვა ჟღერადობის იქნება?
არ მიფიქრია ამაზე. მუსიკალური კატალოგის შექმნის იდეით ისე ვიყავი აღტკინებული (მკლავს ეს სიტყვა, ისევე როგორც სასოწარკვეთა და რუდუნება), ეს მცირე, თუმცა მნიშვნელოვანი დეტალი გამომრჩა.
დღის განმავლობაში ნებისმიერი თავისუფალი წუთი მუსიკას უჭირავს, საუკეთესო მეგზურია იცი შენ.
ბოლო დროს, პირველი ყოველთვის Manhattan Transfer-ის Chanson D'amour-ია, მერე Shuffle თავისას შვება. არ აქვს მნიშვნელობა რა იქნება შემდეგი. ყველა მუსიკალურ თემას ნაცნობი ემოცია მოაქვს.
კატალოგზე აქედანვე უნდა ვიზრუნო. ვინიცობაა მეხსიერება დავკარგო, დარწმუნებული ვარ Chet Baker-ის “I Rememeber You” სილას გამარტყავს და რეალობაში დამაბრუნებს.

შენთან ბევრი უცნაური ადგილია, თუ ხარ ბევრ უცნაურ ადგილას, : ) გვიმეგზურე სადმე, შენ მხარეში..
ჩემი მხარე მეტად უცნაურია.
ხელის გაწვდენაზეა ერთ დროს ნანახი, საყვარელი და ჯერ უნახავი ადგილი.
აქ ვაშლი ხე ყვავის, მზე აცხუნებს, შეყვითლებული ფოთლები ელვარებენ და თან თოვს.
აქ არის ყველა ვინც შემხვედრია როდესმე, ახლა მაქვს ურთიერთობა და მომავალში გავიცნობ.
თენდება და თან საღამოა... არის მთვარე და მზეც...
აქ ვართ ის და მე. ჩვენ, ერთად. ეს არის ჩემი სახლი… დედამიწა...

ბევრჯერ იცხოვრე. ერთ-ერთი რეინკარნაცია ინდოეთში მოხდა, გუპტას პერიოდში, ვატსიაიანა გერქვა. გიცნობდეთ უნდა. მეორეთაც ინდოეთში, გასული საუკუნის 50-იანებში. რავი შანკარის მსმენელი იყავი, ლალიტი. ახლა აქ ცხოვრობ, თბილისში, დროებით.

არ გინდა ხოლმე გამოიცნო, სად და ვინ იქნები შემდეგში?
 
არა, მოსაწყენი იქნება.
ამოუცნობი ლოკაცია აღმაგზნებს.
ვოლტერ სალესის „ბრაზილიის ცენტრალშია,“ მთავარი გმირი, დორა ამბობს ტაქსებზე მეტად ავტობუსები მიყვარს, დანიშნულების ადგილი ყოველთვის ცნობილიაო. მე პირიქით ვარ. დაგეგმილი - უინტერესოა, მითუმეტეს „არავინ იცის რა იქნება ხვალ, ახალი დღე თუ, მომდევნო ცხოვრება.“

გავიწყდება ხოლმე შენებს გამოუტყდე სიყვარულში. ახლა მე გაგახსენებ, რომ ესიამოვნებათ და შეგიძლია რამდენიმეს აქვე შეახსენო რომ გიყვარს. გასხივოსნებამდე
სასწრაფოდ მჭირდება შამპუნის ბოთლი ან კოდაკის თეატრის სცენა. ხელში ოსკარი და გულის ჯიბიდან ამოღებული დაკუჭული ქაღალდი.

„დედა, მამა მიყვარხართ, თქვენ მაქსიმუმი გააკეთეთ, ახლა აქ რომ ვმდგარიყავი.
მიყვარხარ ჩემო, რომ ხარ.
დიდი მადლობა ჩემს მეგობრებს სიყვარულისთვის. მადლობა კინო აკადემიას და ფეფეს, მისი ყველა ფილმი ჩემთვის შთაგონება იყო.“

პ.ს. ამ ინტერვიუს გაკეთებას მას შემდეგ ვგეგმავ, რაც საერთოდ, ბლოგერული ინტერვიუების იდეა გამოჩნდა და რაღაც სულ ვწელავდი, რამე სასიამოვნოს რომ ელოდები და შემდეგისთვის დებ. ხოოდა, მგონი სასიამოვნო გამოვიდა.

მადლობა  Jo Key-ის სტუმრობისთვის  :)