Thursday, May 13, 2010

არეული პერიოდი, ღირებულებები,მძიმე ნაბიჯები და პარიზის მეტროს ლაბირინთები

ბოლო პერიოდში იშვიათად ვნახულობდი მეგობრებს, ვამბობდი რომ არეული პერიოდი მქონდა და მართალიც ვიყავი. არა, მეგობრებს რომ არ ვნახულობდი, იმიტომ არა, იმიტომ რომ არეული პერიოდი მქონდა.
ნიკამ თქვა, მშვილდოსნები სულ რაღაცეებს აშენებთ და მერე თქვენივე ხელით ანგრევთ   თქვენ საკუთარ აშენებულსო.
მე სულ მგონია ხოლმე, რომ ჯერ ისეთი არაფერი შემიქმნია, რის დანგრევასაც აზრი აქვს. შესაბამისად, სამსახურიდან რომ წამოვედი, მერე რა. არც ეგ იყო ისეთი არაფერი.
ბათუმმაც არაო.
იმათ ალბათ თავიანთი ვერსიები აქვთ, რატომაც არა.
 ჩემი ვერსიის თანახმად, თბილისში უფრო მეტ ადამიანს ვუყვარვარ, მე კიდე მეტი სიყვარული უფრო მჭირდება, ვიდრე მაღალანაზღაურებადი სამსახური, სადაც პოლიკიტაზე დავწერდი.

ხოო, კატა ზოგჯერ ვერ წვდება ძეხვს და იმ დღეს კატისთვის აუცილებლად პარასკევია, მაგრამ მე  ზუსტად ვიცი რაც მჭირდება ხოლმე.

აი, გუშინაც ეგრე ვიგრძენი, რომ აუცილებლად სადმე უნდა წავსულიყავი, აუცილებლად უნდა ჩამელაგებინა ჩანთა და დილას ადრე ადგომაც კი არ დამეზარა.
ჩემ მეგობართან წამოვედი ჩვენი ბავშვობის ქალაქში. ძველი ნაცნობები ჩემს  მეგობარს  ცნობენ, მე ვერა. შეიცვალეო.
მე ვერასოდეს ვერ ვგრძნობ ხოლმე იმას, რაც ჩემგან დამოუკიდებლად ხდება. ამიტომ ვუსმენ და ვეთანხმები.

მერე გზას ვაგრძელებთ, მერე ისევ ვერ მცნობენ, ან მცნობენ და ამბობენ რომ კარგად გამოვიყურები.  აქ დიდი არაფერი შეცვლილა, არადა, აგვისტოს ომის შემდეგ არ ვყოფილვარ.

უბრალოდ, ის ბიჭები, ადრე რომ ბირჟაზე იდგნენ ხოლმე, ახლა მანქანებით დადიან ზემოთ-ქვემოთ, ზუსტად ისევე უფუნქციოდ, როგორც ადრე ბირჟაზე იდგნენ.
როცა პატარა ვიყავი, ძალიან არ მიყვარდა, სადმე იქ გავლა, სადაც ხალხი იყო შეყრილი.მით უმეტეს იმ ბირჟის წინ, სადაც ბიჭები იდგნენ, უფუნქციოდ, მაგრამ მაინც.
ზუსტად ვგრძნობდი ჩემი ორივე ფეხის წონას, ზომას, ნაბიჯების სიმძიმეს და სიჩქარეს და მეგონა,  ყველა, ვინც მე მხედავდა, ხედავდა იმას, რასაც მე ვგრძნობდი.
ცუდი იყო.
 ჩემი მეგობარი ამბობს, რომ ეგ ყველას ჭირს როდესღაც ბავშვობაში.

როდესღაც ბავშვობაში, ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუ აქაურობა ჩემზე კარგად იმოქმედებდა, არადა, მზე ისე ანათებდა და ღამე ისე თავდაჯერებულად წვიმს, ლაურაც ისე მღერის, მგონია, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში მხოლოდ  ბედნიერ სიზმრებს ვნახავ.
ჩემი მეგობარი ამბობს, რომ ლაურა ფრანგულად ლორია, ლაურა კი იმათ  მოიგონეს, ვინც პირდაპირ, ას-ასო წაიკითხა დაწერილი სახელი.
მე მახსენდება, როგორ მომენატრა რამდენიმე კვირის წინ პარიზის მეტროს ლაბირინთები და სენას ნაპირები.
პარიზი შორს არის, ბედნიერი სიზმრების გარანტი არ არსებობს,  სამაგიეროდ  ვიცი რომ პარასკევს ტრუფაზს მოვუსმენ და დიდი იმედი მაქვს, დარიჩინის გოგოს ვნახავ, შაბათს მუსიკის და ფოტოგრაფიის დიდ დოზას მივიღებ და თუ არ გარდავიცვალე, კიდევ უფრო კარგ რამეებს გავაკეთებ უახლოეს მომავალში, ვიდრე აქამდე ვაკეთებდი.
როდესმე  ხომ უნდა  ვიფიქრო, რომ რამე ღირებული შევქმენი.

პ.ს.
ღირებულებები სადაო თემაა.
იმაზე უფრო არეული, ვიდრე ჩემი ბოლო დღეები.
იმაზე უფრო გაურკვეველი, ვიდრე მოსალოდნელი სიზმრები და
იმაზე უფრო სუბიექტური, ვიდრე ადამიანების წარმოდგენები ერთმანეთზე.

პ.ს.ს.
ხოოდა, არეული დღეების შემდეგ ვხვდები ხოლმე რომ ჩემი ქარიზმა, ბლოგი და ადამიანები ჩემი ყველაზე არასადაო ღირებულებებია.