Friday, August 7, 2009

ომი,გასუქებული სასაფლაოები და წაგების საიდუმლოებები


3 დღეში პახოდში უნდა წავსულიყავი და სპალნიკი მქონდა საყიდელი. არადა, 10ზე გამეღვიძა და სამსახურამდე ძლივს ვასწრებდი ,,მონადირეში'' გასვლას...
გზაში ჯერ ისევ ნახევრად მძინარეს თვალში მომხვდა, რომ ყველა, ვინც ქუჩაში იდგა, ტელეფონზე ლაპარაკობდა...
მერე მეგობარმა დამირეკა: არეულობაა და პახოდი სავარაუდოდ გადაიწევსო...

მერე სამსახურში მთელი დღე ჩართული ტელევიზორი, დაძაბულობა, შიში, იმედი, მოუსვენრობა, მესამე დღეს თბილისში ვეღარ გაჩერება და სურამში წავედი,, ,,გიჟი ხარ'' კომენტარები ვისმინე თავზესაყრელად, მაგრამ მაინც...

იგოეთთან რეზერვისტები ყვითელი ავტობუსებიდან შოკოლადის და კოკა-კოლას საყიდლად  იყვნენ გადმოსულები და იმ ბავშვებს გავდნენ, მშობლები სადღაც რომ წავლენ და სახლში დიდობანას თამაშობენ, ოღონდ კარგად არ იციან დიდები რას აკეთებენ და უბრალოდ, უფრო მეტ ტკბილეულს ჭამენ.

გორში გაჩერებებზე მოპატრულე სამხედროები...

მანქანებით გადაჭედილი კახეთის გზატკეცილი...

მერე დაქალის შეყვარებულის სიკვდილი დამომბვებისას...

ლტოლვილად ქცეული დეიდაშვილები...

მამას ზარი თბილისიდან რომ რაღაც ააფეთქეს ძალიან ახლოს ჩვენთან ახლოს და მთელი უბანი გარეთ არის...

ისევ თბილისში წამოსვლა და ,,ისევ გიჟი'' ხარ კომენტარები...

სამსახურში ლექცია,რომ ზუსტად იმ დღეს მარშუტკიდან გოგოები ,, გააქრეს '' რუსებმა...

მე ვიცი, რომ ომის დროს აუცილებლად ქრებიან გოგოები, აუცილებლად ჩნდებიან შეყვარებულმკვდარი მეგობრები, ჩაშავებული დედები და გასუქებული სასაფლაოები...აუცილებლად ვერ ისვენებ ვერსად, ვერც აგარაკზე და ვერც სახლში...

მერე ის რომ ქსნის ხეობაში რუსები არიან...
ის რომ ატენის ხეობაში ტყე გადაიწვა...
შეგრძნება იმისა, რომ ეს მათხოვრული სიტუაცია არ მთავრდება და ომი არ მთავრდება, მაშინაც კი, როცა ლტოლვილები სახლში ბრუნდებიან, მკვდრებს ივიწყებენ და დაკარგულ ტერიტორიებს იბრუნებენ...
ომი არ მთავრდება მაშინ, როცა ავტომატების ხმა წყდება...
ომი რამდენიმე დღე არ არის, ომი არსებობაა, მთავარია იცოდე, როგორ არ დაიწყო და თუ დაიწყებ იცოდე, ვინ იმარჯვებს ომებში...


ომში ვერ გაიმარჯვებ თუ იტყვი ,,საფრთხე გადავლილია,თბილისის მიმართულებით მომავალმა ტანკებმა ორჭოსანისკენ აუხვიესოო''...
ვერ გაიმარჯვებ, თუ ,,დაკარგულ თაობას'' ,,რეზერვის თაობით'' ჩაანაცვლებ...
თუ იტყვი რომ დამნაშავე მარტო მეორე მხარეა...თუ პრობლემების გადასაჭრელად წელიწადში ორჯერ რუსთაველზე მიტინგბს მოაწყობ...
თუ ქვეყანაში არ იარსებებს ადამიანური ტელევიზია და თავისუფალი პრესა...
თუ არჩევნები და მინისტრთა კაბინეტი კარუსელია...
თუ 25 წლის ადამიანმა ზღვაზე წასასვლელად მშობლებისგან უნდა აიღოს ,,კურთხევა'' და 30 წლისამაც კი ჯიბის ფული...
თუ გგონია რო ყველა რუსი მტერია და უნდა მოკვდნენ და აუცილებლად სომხებთან ერთად...
თუ მარტო იმაზე ზრუნავ რომ შენ ქვეყანაში ეროვნული უმცირესობები დაცული იყვნენ და შენი ეროვნების ხალხი,რომლებიც სხვა ქვეყანაში ეროვნულ უმცირესობებს წარმოადგენენ,ჯანდაბამდე გზადალოცვილები...
თუ პოლიტიკა მთავარი სალაპარაკო თემაა...
თუ კინო-თეატრი ქვეყნის მარტო ხუთ ქალაქში ფუნქციონირებს..
თუ 70 პროცენტი ფანატიკი მრევლია და დანარჩენი 30 პროცენტი 70 პროცენტზე იცინის...
თუ წიგნის ბიზნესი ყველაზე წარუმატებელი ბიზნესია...
თუ პაციფიზმი სნობიზმია...


მე პაციფისტი ვარ და არ მიყვარს პაციფისტი კაცები...
მე ჩემი ქვეყანა მიყვარს და რასაც ყველაზე ხშირად მასზე,არის ის,რო ამაყი ვარ,ბილიკ-ბილიკ და სოფელ-სოფელ რო მაქვს მოვლილი და კიდე ის,რომ სადაც არ უნდა წავიდე,აუცილებლად დავბრუნდები...
კიდე არ მიყვარს ომებზე,პოლიტიკაზე და სოციალურ პრობლემებზე ლაპარაკი და წერა,მაგრამ ხანდახან არის ხოლმე დრო,როცა ამ ყველაფერს შენი ქვეყანა,შენი რეალობა და შენი ტკივილი ქვია...


ევროპაში ცისარტყელის ბოლოს განძით სავსე ყუთი იმალება...
მე ბავშვობიდან ვიცი რომ ცისარტყელა სიმშვიდის სიმბოლოა...
ფერადი პერსპექტივები და ცისარტყელა მიყვარს...