Friday, February 11, 2011

Mr. President, ადამიანები ნაწილებად არ იშლებიან

თითქმის ყოველ დილას, სანამ სახლიდან გამოვალ ხოლმე და კედლის მაგივრად არსებულ სარკეში ვიყურები, ვამბობ, რომ უსამართლობაა, მე ასეთი ლამაზი და მშვენიერი სამსახურში მივდიოდე და ვიცოდე, იმ დღეს მნიშვნელოვანი არაფერი მოხდება.

თითქმის ყოველ საღამოს, როცა მე ასეთი ლამაზი და გენიალური სახლში ვბრუნდები და იმავე კედლის მაგივრად არსებულ სარკეში ვიყურები, ვამბობ, რომ უსამართლობაა, როცა არაფერი მნიშვნელოვანი არ ხდება და სულ არ დავწერდი ამ პოსტს, ეს ფოტო ასე უცბად რომ არ მომხვედროდა თვალში.

კი, მე ნამდვილად არ ვარ ქერა ლამაზმანი, რომელიც პრეზიდენტებს უმღერის დაბადების დღეებზე და დედამიწის ზურგზე ათასობით კაცი უპირობოდ აღიარებს მის მიმზიდველობას, მაგრამ თუ რამე დამეჯერება, ისიც დამეჯრება, რომ მართლა ასე პომადა მოშორებული და თვალებდახუჭული ვზივარ ხოლმე საწოლზე და სულ არ აქვს არანაირი აზრი ლამაზი ხარ თუ არა, პრეზიდენტს უმღერი თუ საკუთარ მეგობრებსაც იმდენს არ ელაპარაკები, რამდენიც საჭიროა, მაშინ როცა არაფერი მნიშვნელოვანი არ ხდება.

ჩემმა ფსიქოლოგმა თქვა, რომ მე სამყაროსთან ბევრი მოთხოვნები მაქვს და ბედნიერება ხელშესახები და ფიზიკური მგონია, მაშინ, როცა ეგრე სულაც არ არის და სანამ სამყაროსადმი ჩემ მოთხოვნებს არ შევამცირებ, მანამ სულ ასეთი პომადამოშორებული და თვალებდახუჭული ვიჯდები საღამოობით, ჩემ საწოლზე, მნიშვნელოვანი ამბების ტყუილ მოლოდინში.
კიდევ თქვა, რომ მე პარანოია მაქვს და უსაფუძვლოდ აკვიატებული შიშები მაწუხებს. ახალი ამბავი, ისედავ ვიცოდი.

მე ვუთხარი, რომ უბრალოდ არ მინდა ჩემ გულახდილობებსა და აკვიატებულ შიშებზე უარის თქმა, იმიტომ რომ ამასობაში ჩემი შემადგენელი ნაწილები გახდნენ და მერე რა რომ საბოლოოდ ფსიქოლოგთან აღმოვჩნდი, მაინც ჩემები არიან.

გვიან ღამით, მახსოვს ვიღაცას ვეუბნებოდი, რომ ადამიანები ნაწილებად არ იშლებიან. ეტყობა, ჩემი შიშების და გულახდილობების ამბები მქონდა ჩარჩენილი.

ხოდა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 2 000 ჯერ დავდე პირობა, აქ აღარაფერსაც აღარ დავწერ  და ალკოჰოლსაც აღარ მივიღებთქო, როგორ გინდა, ასეთ ფოტოს რომ ნახავ, გულზე ხელები დაიკრიფო და დაიჯერო, რომ სამყაროსადმი მოთხოვნები უნდა შეამცირო.

არა, ჩემო ახალბედა ფსოქოლოგო და ლამის დავიწყებულო ქერა ლამაზმანო, არა მისტერ პრეზიდენტო და თავმომწონე მზეჭაბუკებო ( ერთ ეგეთს კამერა მივყიდე რამდენიმე საათის წინ და ბედნიერი წავიდა), არა კედლის მაგივრად გაჩენილო სარკეებო და სამუშაო საათებში გარეთ მიმზიდველად მანათებელო მზეებო, სამყაროსადმი ნამვილად უნდა გქონდეს დიდი მოთხოვნები და მოლოდინები, თორემ მერე პატარაც არ აგისრულდება და უფრო მეტი ალკოჰოლოს დოზა დაგჭირდება.
მერე მისტერ პრეზიდენტის და მზეჭაბუკების მაგივრად, ოფისში ვიღაცა შემთხვევით შემოხეტებულ ფამილარულ ტიპებს ყურადღებით მოუსმენ და გაუღიმებ როცა გეტყვიან, გენაილური სათვალე გიკეთიაო და დაგავიწყდება, რომ ადამიანები ნაწილებად არ იშლებიან, მით უმეტეს, სათვალეებისა და პომადებიგან არ  შედგებიან და უფრო ხშირად მოგიწევს ფსიქოლოგთან ვიზიტი. ისინი, კიდევ, როგორც თორნიკე ამბობს, მხოლოდ იმას გეტყვიან, რაც შენც შეგიძლია იცოდე, უბრალოდ, შენგან აღებული ფულით კარაქიან პირს შეჭამენ დილას საუზმეზე.

პ.ს.
მე სულაც არ მიყვარს ქერა ლამაზმანები, მისტერ პრეზიდენტები და გაურკვეველი ჯიშის ალკოჰოლური სასმელები. მე წითური ქალები და გაურკვეველი ჩალურჯებები მიყვარს სხეულზე.
გდების თერაპიის პიონერად მივიჩნევი და საერთოდაც, მთავარი უკვე გითხარით:  მნიშვენელოვანი ამბები  სულაც არ ხდება, მიუხედავად იმისა, რომ მე ასეთი ლამაზი და გენიალური ყოველ დილას სახლიდან ბედნიერების მოთხოვნილებით გამოვდივარ.