Saturday, February 19, 2011

The King of Limbs ანუ კომუნიკაციისა და მუსიკის ამბები

კაი ხნის წინ იყო ეგ ამბები:  მე ჩვეულებრივი ლაწირაკი ვიყავი ახლად ნაყიდი კომპიუტერით და ჯერ ჩამოუყალიბებელი მუსიკალური ( და არა მხოლოდ) გემოვნებით.  მოსაწყენი ზამთარი იყო და მგონი დიდი არაფერი საქმე მქონდა.

ხოოდა, სკაიპში გამოჩენილი ახალი კონტაქტი ზუსტად სულზე მისწრება აღმოჩნდა.
 ზამთარიც აღარ იყო მოსაწყენი, კომპიუტერმაც ფუნქცია შეიძინა და მე კიდევ ამ ჩემი chat lover-ისგან ყოველდღე ახალ-ახალ აუდიო ფაილებს ვიღებდი.

მშვენიერი იყო. იმ მოსაწყენ ზამთარში იმდენი ვინმე შემიყვარდა და იმდენი რამე აღმოვაჩინე, მეგობრებს რომ ვხვდებოდი ხოლმე, მგონი მარტო ჩათის ისტორიებს ვუყვებოდი. ისინიც თავებს უკმაყოფილოდ აკანტურებდნენ  და აღფრთოვანებას არც კი ცდილობდნენ.

ტომიკას გააზრებული სიყვარულიც მაგ ამბების ნაწილია. თან მაშინ  ჯერ კიდევ არ ჰქონდათ გამოშვებული ისეთი ალბომები,  ნიჰილისტი მელომანები  ცხვირს რომ  აიბზუებდნენ და სამართლიან  უკმაყოფილებას არ დამალავდნენ. მაგრამ მაგას მაშინ სულაც არ ჰქონდა დიდი მნიშვნელობა, მე ჩვეულებრივი ლაწირაკი ვიყავი.
მელომანები  და ალბომების რეცენზიები   სულ არ მადარდებდა.
უბრალოდ, მუსიკა  და კომუნიკაცია მსიამოვნებდა.

ხოოდა, დღეს გადმოსაწერი ლინკის დანახვაზე თვალები რომ ამიციმციმდა და სახლში მოსვლას არც დაველოდე, სამსახურშივე გადმოვწერე ეს ახალი ალბომი, ფეისბუქზეც დღის ტოპ თემა ეგ არის და ამ ვიდეომაც, ტომიკა ჯასტინ ტიმბერლეიქს რომ მაგონებს და მაინც მიყვარს, სულ რომ არ მინდოდა ისე, ის ზამთარი გამახსენა, მოსაწყენი რომ იყო და მე  ჩვეულებრივი ლაწირაკი ვიყავი.

არადა, სულაც არ მიყვარს ხოლმე ეგეთი ძველი ამბები რომ მახსენდება. არ არის სასიამოვნო იმის ხელახლა გამეორება, როგორ მოხვედი აქამდე. მაგაში გუშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, ჩაის ბოლო კრიზისის ამბებს რომ ვაყოლებდი. დიდი ვერაფერი სიამოვნებაა.

მაგრამ იმდენმა თქვა, ეს ის არ არის რასაც ველოდიო, აი, პირველი კი კარგია, მაგრამ მთლად ისეთი არ არის, როგორიც ალბომის პირველი ტრეკი უნდა იყოს, სამაგიეროდ, ბოლოზე ტანმა გვიგრძნო, რომ კაი იქნება და საერთოდ, სოლო კარიერას რომ მიხედონ ცალკე ტომიკამ და ცალკე მაგისმა დრამერმა, მეტი მაინც არაფერი ისმის ამ ახალ ალბომშიო, ვიფიქრე, რომ აუცილებლად უნდა ვიფიქრო ის, რასაც ვფიქრობ თქო.

სულაც არ არის მარტივი, ამდენ ადამიანს  უყვარდე და გელოდებოდეს. შენ კიდევ ყოველთვის იმას სთავაზობდე, რასაც ითხოვენ.


იმასაც რომ სთავაზობდე, რასაც ითხოვენ, მაინც მეტი მოუნდებათ და მაინც იტყვიან, წავიდეს და რამე უკეთესი გააკეთოსო.


თან შენ ერთხელ უკვე გააკეთე რაღაც ისეთი, რის გამოც ამდენ ადამიანს უყვარხარ, გელოდება და შენგან უკეთესს ითხოვს, შეიძლება მეტჯერაც და კაცმა რომ თქვას, ეგ  საკმარისიცაა. უბრალოდ, ძნელია თქვა, საკმარისია და გეყოთ, რაც დაგიწერეთო. თან გელოდებიან. რატომ იტყვი.


ადამიანებმა ის იციან, შენგან რას დაელოდონ, თორემ თვითონ იმის ნახევარსაც   ვერ/არ აკეთებენ, რასაც შენგან სიამოვნებით მოითხოვდნენ/მიიღებდნენ.


ადამიანებს სულ გვავიწყდება, რომ დაუმთავრებელი აღფრთოვანებები არ არსებობს და რომ თავისთავად მნიშვნელოვანი პირველი აღფრთოვანებებია,  მერე დანარჩენები ჩვევის, ინერციის, სიყვარულის და ყურებისარჩამოყრის სურვილის ბრალია. 
უბრალოდ, გინდა რომ  რაღაცეები გრძელვადიანი სიყვარულისთვისაც გრჩებოდეს.


და თუ რამემ როდესმე აღგაფრთოვანა, ის უკვე კარგია, სულაც არ შეუძლია ყველა მეორეს ეგ. 



ხოოდა, ეს ალბომი რომ არ გადმომეწერა და ასე გაბმულად არ მესმინა, სულაც არ დავდგებოდი ძველი  ამბების გახსენების ხასიათზე, არადა, ისეთი მარტივი და კარგი იყო მაშინ რაღაცეები. ეგრეა, როცა მარტო მუსიკა და კომუნიკაცია გსიამოვნებს და ასეა, როცა დეტალებს უჩიჩხინებ.

გზადაგზა სიამოვნების და აღფრთოვანების უნარს კარგავ, მერე წახვალ და ტომიკაზე იტყვი, უკეთესი ალბომი რატომ არ დაწერაო. მერე უცბად დაფიქრდები და სულ ვერ მიხვდები რატომ უძახი ამ კაცს ტომიკას, მაშინ როცა ფამილარული ურთიერთობები საშინლად არ გიყვარს, ეს კაცი კიდე შენი მეგობარი არ არის.

მოკლედ, ეგრე. ბარემ გადმოსაწერი ლინკიც, თუ ვინმეს მოგინდებათ, შორს რომ არ იაროთ . მე კიდევ, სულაც არ მინდოდა ამ ალბომის დაცვა და არც ნიჰილისტებიდან გვერდზე გადგომა. მეც ისე ხშირად ვარ ხოლმე უკმაყოფილო, იმდენს ვითხოვ და ისე მინდა, გარშემო მხოლოდ აღმაფრთოვანებელი რამეები ხდებოდეს, სულ მავიწყდება რომ როდესღაც მხოლოდ მუსიკა და კომუნიკაციაც კი საკმარისი იყო.
მერე კიდე ავდექი და სულ დავკარგე ეს აღფრთოვანებების უნარი და ახლა ინერციები დამატარებენ.

p.s. ბედნიერი შაბათ-კვირა თქვენ, ბედნიერი შაბათ-კვირა მე.