Monday, February 7, 2011

თავის დროზე, როგორც ამბობენ ხოლმე

თავის დროზე კარგი გოგო ვიყავიო, ამბობენ ხოლმე ზამთარში ერთმანეთის ღუმელთან შეყუჟული შუახანსგადაცილებული ქალები  ყველა თბილ  სახლში, სადაც ერთად იკრიბებიან ასეთი,  შუახანსგადაცილებული ქალები.

თავის დროზე კაი ბიჭი ვიყავიო, ამბობენ შუახანსგადაცილებული კაცები სუფრებსა და  ბირჟებზე  ყველგან საქართველოში, სადაც ერთად გაყავთ დღეები ასეთ შუახანსგადაცილებულ კაცებს.

სხვა ალტერნატივა არც აქვთ. ამ ასაკში ქალებთან ურთიერთობა მხოლოდ ძველი ამბების გახსენებით და თვალის გაყოლებით შემოიფარგლება. ქალები კიდევ სხედან ერთად ერთმანეთის სახლებში და უფრო მშვიდად არიან, ვიდრე კაცები, იმიტომ რომ სახლი უფრო მაგათია, ვიდრე კაცების.

შუახანსგადაცილებულ ადამიანებზე მხოლოდ მაშინ ვფიქრობ, როცა ჩემ ან ჩემი მეგობრების მშობლებს ვუყურებ, თორემ ისე ეგოცენტრიკი ვარ ძირითადად საკუთარი თავის პრობლემატიკით ვარ დაკავებული.
უბრალოდ, ცოცხალი თავით არ მინდა თავის დროზე რომ იყო, იმ ამბებში ჩავრჩე. მშვენივრად ვერთობოდი, ჭკვიანი ვიყავი, ლამაზი და გენიალურითქო ვთქვა და კიდევ ერთი ფინჯანი ყავა უდრტვინველად მოვიდუღო.მერე ავდგე, კატას თავზე ხელი გადავუსვა და რომელიმე მეგობრის მოსვლას დაველოდო.

სევდიანი ამბავია მოკლედ.

არადა, სულ შემთხვევით ამეკვიატა ეგ კომბინაცია  შხაპის დროს.
ცხელი წყალი მსიამოვნებდა  და ვფიქრობდი, თავის დროზე, სადღაც მეოთხე თუ მეხუთე კლასში, გვიანი გაზაფხულის ძალიან მზიან დღეს,  მე რომ დასვენებაზე სკოლის უკანა ეზოში ვიჯექი და დახუჭული თვალებით მზეს ვუყურებდი, სხვადასხვა ფერები რომ შემოდიოდა დახუჭულ თვალებში, რა სასიამოვნოდ მწველი დღეები იყო იმ გაზაფხულზე თქო.

ვფიქრობდი, თავის დროზე, რამდენიმე წლის მერე, იმავე სკოლის იმავე უკანა ეზოში, წვიმიან ამინდში დაჭერობანას რომ ვთამაშობდი, რომ წავიქეცი, ჩემი სრულიად ახალი და გენიალური ჟოლოსფერი კაპიუშონი სრულიად ტალახიანი რომ გახდა, მერე ონკანზე რომ გავრეცხე, სახლში წავედი და მე და გვანცა გვიანობამდე ტკბილეულობას ვჭამდით, გარეთ ისევ წვიმდა და ჩემი ჟოლოსფერი ჯემპრი სულ აღარ მადარდებდა, რა უდარდელი წვიმიანი ამინდები იყო იმ გაზაფხულზე თქო.

ვფიქრობდი, თავის დროზე, კიდევ რამდენიმე წლის მერე, რომელღაცა შემოდგომაზე, მე რომ ბედნიერი ვიყავი, წასასვლელად ვემზადებოდი და სამსახურის მერე საღამოებს მეგობრებთან სისულელეების დაუმთავრებელ მოყოლაში რომ ვატარებდი და სულ რომ არ ვფიქრობდი, წასვლის მერე ჩემ სისულელეებს ეგრე გულდასმით აღარავინ მოისმენდა, რა მშვიდი შემოდგომა იყო მაშინ,  მეგობრებიდან მაშინ მარტო მე რომ ვმუშაობდი, სიმპატიური ველოსიპედისტი მომწონდა და ყველაფერი ისე იდეალურად იყო, ხეებიდან ფოთლები რომ ცვიოდა, იმასაც კი ვერ ვამჩნევდი. უბრალოდ, წასვლის წინა დღეს ვიფიქრე, ეს ჩემი სიმპატიური ველოსიპედისტი იქითა შემოდგომაზე სხვა გოგოს სამსახურის დამთავრებას დაელოდება ალბათთქო და მიუხედავად იმისა, რომ ნერვიულობის დრო არ მქონდა, დიდად ვერ გამაბედნიერა მაგ იდეამ.

ვფიქრობდი, თავის დროზე, სულ ბოლო ზამთარში, მე რომ სუნთქვა ისე მესმოდა, როგორც  ცივ ამინდებში ქარის ზუზუნი როცა სახლში სითბო და სიმშვიდეა, ისე  კარგი და მარტივი მეგონა ყველაფერი ჩემს გარშემო, რომ არც მიფიქრია მეთქვა, ისეთი კარგია, როცა ცივ ამინდში სუნთქვა ისე გესმის, როგორც ქარის ზუზუნი კედლებს იქიდან, უბრალოდ, არ შეიძლება, ერთ მშვენიერ დღეს აღარაფერიც აღარ გესმოდეს, შენი საკუთარი ხელით შედგენილი ფლეილისტის გარდა.

თავის დროზე სულ  არ მიფიქრია, რომ კედლების იქით ყოველთვის სხვა რამეებია. არადა, სულ ბოლო ზამთრის დასაწყისაი ისეთი თბილი დღეები იყო, უბრალოდ არ შეიძლებოდა, რეალობა ადეკვატურად  აღგექვა. ახლა  გარეთ ისევ იგივე ზამთარია, მართლა საშინლად ქარიანი ამინდებით, მე სეირნობის მოთხოვნილება მაქვს და როცა ზაფხულამდე დარჩენილ დღეებს ვითვლი, ჯერ ისევ ბევრია.

ვფიქრობდი, თავის დროზე, როცა სიმბოლიკით და მეტაფორული აზროვნებით ვინტერესდებოდი და ყველაფრის გადატანით კონტექსტებს ვეძებდი, უფრო კონკრეტული ამბებით რომ დავინტერესებულიყავი, იქნებ თვითგამოხატვის და საკუთარი თავის ფიქსირების უფრო განვითარებული უნარი მქონოდა.
ამ ამბების მოყოლის მაგივრად მარტივად ვიტყოდი, რომ მე თავის დროზე, არც ერთ ამბავში ვერ ჩავრჩენილვარ, უბრალოდ, ვერ ვიტან, როცა მზე მენატრება, როცა ჩემი და ჩემი მეგობრების საღამოები გულახდილობის დეფიციტს განიცდის და როცა მამრი დგება და უცერემონიოდ მიდის. 

მაგრამ  თავის დროზე სიმბოლიკებით დავინტერესდი და მეტაფორული აზროვნება დამჩემდა, ამიტომაც  ვფიქრობდი, თავის დროზე დედა მურაბიან  ღვეზელებს რომ გვიცხობდა და მამა შაბათობით ძველ აღთქმას მიკითხავდა, ნეტა თუ ფიქრობდნენ, რომ ცოტა ან ბევრ წელიწადში ჩვენი სამყაროები ასე გაითიშებოდნენ ერთმანეთისგან და ორივე შეწყვეტდა ღვეზელების  ცხობას და წიგნების ხმამაღლა კითხვას.

პ.ს. ეგეთი შხაპის მერე მისწრებაა უელბეკის ინტერვიუს წაკითხვა, რომელშიც ამბობს, ვინმესთან ერთად იმიტომ უნდა იცხოვრო, რომ მარტო ცხოვრება უფრო მოსაწყენია, თორემ ოჯახის ტრადიციული გაგება რომ თვალსადახელსშუა ქრება, ეგ ხომ ისედაც ცხადიაო.

ხოოდა, უელბეკის და ჩემი ჭეშმარიტებები იქით და  ეს თავის დროები  რთული ამბავია.

კიდევ ერთი პ.ს.
არდადეგები გენიალური გამოგონებაა.