Friday, April 23, 2010

ძველი კარადა ჩრჩილისგან დაჭმული ტანსაცმლით

 მარტო ბლოგზე კია რა, ცხოვრებაშიც ასე ხოლმე.
როცა გაურკვეველ ხასიათზე ხარ, როცა ვერ ლაგდები და როცა რაიმე ჯიშის ან სულაც უჯიშო დისკომფორტი გაქვს, სულელურ ამბებს ყვები კონცერტებზე, ფესტივალებზე, დაჯილდოებებზე და პრემიერებზე რა ხდებოდა.
ბოლო პოსტებს რომ გადავხედე, ჯერ ჩემი ბლოგი შემეცოდა და მერე ჩემი თავი.

ვიცი რომ ჩემი საშველი ჩანთის ჩალაგება და ცოტა ხნით სადმე წასვლაა.
სადმე არა ნათესავებთან, არა მეგობრებთან, არა ძველ ნაცნობებთან, უბრალოდ, ასე ადგომა და სადმე წასვლა.
ჯერ რომ არ იცი იქ რა იქნება და ვინ შეგხვდება.
აი ეგრე. ხოოდა, ცოტაც, სულ ცოტაც და ვიზამ მაგას.

რომ მერე რომელიმე ტომის აბორიგენ მოსახლეობაზე ვილაპარაკო, ვინმეს ტრადიციებზე და რაღაცნაირ ნესტიან, ზღვის გემოიან ჰაერზე.
რომ მერე  დილას გაღიზიანებული არ ვიწყებდე და სეირნობის მაგივრად სადმე არ მეჩქარებოდეს.
რომ საკუთარ ოჯახის წევრებს  გულგრილად არ ვეურთიერთობებოდე.
და რომ უბრალოდ, ვცხოვრობდე.
უფრო სწორად უმადურად კი არა, მადლიერად ვცხოვრობდე.

ვინმეებისთვის ალბათ ახლაც ვცხოვრობ.
ჩემი გაკეთებული ინტერვიუ მარტო გუშინ 500-ზე მეტმა ადამიანმა ნახა და საკუთარი რეკორდი  გავიუმჯობესე.
ჩემმა მეგობარმა უკვე მეასიათასედ მითხრა ის, რისი მოსმენაც მინდოდა.
სამეგობროში ორი ახალი  და ცინცხალი ბავშვი გვყვავს და სულ რამდენიმე დღის  წინ ისევ ყველა ერთად მოვგროვდით, ბევრი ლუდი დავლიეთ და მე  მომეჩვენა რომ ძველ კარადაში ჩრჩილით დაჭმულ ტანსაცმელს ვქექავდი, მერე ვიცვამდი და სარკეში ვიყურებოდი.
ჩვენ არავინ არ ვამბობთ ხმამაღლა, რომ გავიზარდეთ, შევიცვალეთ,  სხვადასხვა მიმართულებებით  წავედით და სავარაუდოდ ყველამ ვინანეთ. რა ჩვენი ბრალია, სხვა გზა არ იყო, ბავშვობიდან ეგ გვესმოდა, ,,მარჯვნივ წახვალ, ინანებ, მარჯვნივ წახვალ, მაინც ინანებო''. ხოოდა, ამ ყველაფერზე არ ვლაპარაკობთ, არც გვეტყობა, უბრალოდ  მე მომყვება ხოლმე ის უცნაური, ჩრჩილით შეჭმული ტანსაცმელი და კიდევ უფრო და უფრო გულგრილად ვისმენ იმას, რისი მოსმენაც მინდოდა.

ვერ ვიტან გრილ რამეებს.
ზაფხულის ადამიანი ვარ. დამდე მზეზე და დამწვი.
ხოოდა, თუ მანამდე არა, ზაფხულში მაინც წავალ.

მანამდე  სამედიცინოში წავედი, წიგნის დღეს გილოცავთ. :)