Friday, June 18, 2010

იდეალური ცხოვრების ფოტორობოტი, ჭრელი ბალიშები და მეტი სიმშვიდე


ასე, დავდივარ, დავეძებ, მერე ვპოულობ და სხვენში არა, სოციალურ ქსელებში ვაწყობ.მერე თქვენ და სხვები მოდიხართ, აფიქსირებთ, რომ მოგწონთ და ყველაფერი ისევ ისე გრძელდება, ჩვენ-ჩვენთვის და არაიდეალურად. ან არც, რა ვიცი.

უცბად მივხვდი, რომ არ შეიძლება სასურველი ცხოვრების ფოტორობოტი შეადგინო, თანაც  კიბერსივრცეში. მერე ლეპტოპი დაკეცო და მშვიდად დაიძინო.

სისულელეა.

არადა, ისეთი კარგია ეს სასურველი ცხოვრება, ისე მომწონს სრულიად ეს დიდი სივრცე და ბევრი მწვანე, ისე მინდა სახლიდან გასვლა არ მჭირდებოდეს სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად და საზოგადოებრივი ტრანსპორტი დანიშნულების ადგილზე მისასვლელად, ისე მინდა  საღამოობით  გრილოდეს  და მე ჟაკეტს ვიცვამდე, ზამთარს ველოდებოდე და ბუხრიან-წითელღვინოიანი საღამოები მიხაროდეს, რომ  დამავიწყდა იდეალური ცხოვრების ფოტორობოტი რომ არ უნდა შეადგინო, მით უმეტეს კიბერსივრცეში.
და     ისიც დამავიწყდა, რომ იდეალური გარემო იდეალურ შინაარსს არ გულისხმობს და რომ   იდეალურ ცხოვრებას ჩემთვის სულაც არ ჭირდება არც   მაინცდამაინც  ბუხარი და არც  მაგიდაზე  ლარნაკით  ყვავილები. (ლარნაკი კარგი სიტყვაა) და რომ მთავარი ის კი არ არის, რა ტრანსპორტს იყენებ, მთავარი ის არის, გზის ბოლოს რა ხდება.



და  სულ დამავიწყდა ისიც, სიმშვიდის ასოციაციას სულ სადღაც შორს არსებული რამეები რომ  გიქმნის და ის, რაც გაქვს, ქრონიკულად გაშფოთებს, მშვიდ ცხოვრებაში გიშლის ხელს.
გგონია, რომ უფრო მეტი უნდა გქონდეს, უფრო ბევრი, უფრო ლამაზი და უფრო შენი.


აი, მაშინაც, იდეალური ცხოვრების ფოტორობოტი რომ შევადგინე, ალბათ ჩემი ქვეცნობიერი ამბობდა, რომ ასეთ სახლში რომ ვცხოვრობდე და აი,  აქ ვსვამდეთ ხოლმე პარასკევ საღამოობით გაცილებით ბედნიერი ვიქნებოდი, გაცილებით მშვიდი და გაცილებით მე.
 გაცილებით კარგ რამეებს გავაკეთებდი და შესაძლოა სულ სულ გავცილებოდი ყველაფერს, რითიც ახლა ვცხოვრობ.  აი, ასე, ჭრელი ვაგონით და ბედნიერების ილუზიით.

 მერე მივხვდი, რომ, მანამ, სანამ წასვლის და გაქცევის იდეებს არ შევეშვები, სანამ ჭრელი ამბები ისევე მიზიდავს, როგორც ბავშვებს ფერადი  და ჭყიპინა სათამაშოები, სანამ  არ  მივხვდები, რომ ჩემ სახლში არასაკმარისი სივრცე და სიმწვანე  კი არ არის პრობლემა, პრობლემა არასაკმარისი დიალოგებია და იმის არაღაირება, რომ ჩვენ ყველა ერთი და იმაზე მიზეზების გამო ვიქცევით სხვადასხვანაირად და რომ მთავარი გამოხატის ფორმები კი არა, შინაარსია, მხოლოდ ფოტორობოტები შემრჩება ხელში.
ფოტორობოტი კიდევ არასანდოა, სხვების მონაყოლის მიხედვით დგება და  ხან გავს ორიგინალს, ხან ძალიან არ.


არადა, რა ჩემი ბრალია, რომ ამოვიჩემე ბევრი სივრცე, ბევრი მწვანე, სიმშვიდე  და სიჭრელე.
უფრო საჭირო რამეებიც რომ არსებობს მეც  ვიცი, მაგრამ მაგალითად  იდეალური სიყვარულის   ფოტორობოტიც კი შავთეთრია და ოდნავ არადამაჯერებლად გამოიყურება.

პ.ს. ხოოდა, სულაც არ არის გამდასარევი, მაგრამ მგონი ნამდვილად ეგრეა, ფერადი მარტო ილუზიებია და კიდევ ბალიშებია, მე რომ მიყვარს, ისინი.