Friday, June 25, 2010

საშინელი კვირა, იტალიის წაგება, ბლოგერები კვარიათში და სკულპტურები კორეადან

იდეალურია, როცა ძველი სამსახურიდან გირეკავენ და იცი, იქ როცა არ უნდა ახვიდე, ყველაფერი ისე დაგხვდება, როგორც ადრე იყო, როცა შენ პირველად დაიწყე მუშაობა და როცა შეუმჩნევლად იზრდებოდი სწავლა-მუშაობაში.
იდეალურია, როცა უკვე გრძნობ, რომ გაიზარდე, სხვა რამეებიც იპოვე და ახლა უკვე სხვა სამსახური გაქვს და ძველ სამსახურში მაინც შეგიძლია როცა გინდა ახვიდე და ყველაფერი ისე დაგხვდეს, როგორც  დატოვე.
და იდეალურია, როცა იმდენად დაკავებული ხარ, რომ ვერ იცლი დაფიქრდე, რა გაურკვეველი რამე ყოფილა ქართული ბლოგოსფერო და რა  ცუდია, როცა რაღაც გაურკვეველი ამბები ხდება იმ სფეროში, რომლის ნაწილიც წესით შენც ხარ.
იდეალურია, როცა იმდენად დაკავებული ხარ, რომ არ გადარდებს, როგორ გამოვარდა იტალიის ნაკრები  მსოფლიო ჩემპიონატიდან.
იდეალურია,  ხანდახან  პერიოდი, როცა ისე  საშინლად დაკავებული იქნები, რომ  სულ ერთი იქნება, ვინმეს შენთვის მნიშვნელოვანს გაახსენდები თუ არა და ვინმე შენთვის მნიშვნელოვანები გაგახსენდებიან თუ არა.
როცა სულ ერთი იქნება გამოხატავ თუ არა შენ თავს და როცა უცბად დაივიწყებ, როგორ ისტერიულად გიყვარს დილის ძილი და როგორ ისტერიულად გეზიზღებიან აქცენტიანი ფილოლოგები.

მთელი კვირაა ორ სამსახურს ვითავსებ, ლექციებზე პატიოსნად დავიარები, საღამოობით ვხვდები რომ ყველაზე კარგი ადამიანები დედამიწის ზურგზე ჩემს გარშემი ტრიალებენ.


ასეთი რეჟიმში ადრე ხანგრძლივად ვცხოვრობდი, ახლა ვიცოდი რომ სულ რაღაც ერთი კვირა იქნებოდა და მერე ვსიო, გრანდიზულად დაღლილი რამე გრანდიოზულად კარგ საღამოს დავგეგმავდი. ხვალ ჩემი ბოლო პერიოდის ყველაზე დაკავებული კვირა ჩაფართხალდება და საღამო უკვე დაგეგმილია.
მე უბრალოდ მიხარია, რომ ხანგრძლივად არ მიწევს დაძაბულ რეჟიმში ცხოვრება და რომ ცოტა ხნით ყველაფერი კარგია.

მანამდე კი მთელი კვირის განმავლობაში მახსენდებოდა  კორეელი მხატვრისკუპტურები და მეგონა, რომ მეც გამჭვირვალე  და მსხვრევადი ვიყავი, ოდნავ ამაზრზენი,  მეტყველსახიანი და მისტიური.
სინამდვილეში კი, როცა ჯინ იუნგისთვის თავისი სკულპტურები ის ადამიანები არიან, რომლებიც ცხოვრების დიდ ნაწილს სახლში ატარებენ და როცა სოციუმს უერთდებიან, კუთხესა და  ჩრდილში სხედან შეუმჩნევლად და არადოდეს არ უყვებიამ თანამშრომლებს თავის სიზმრებს და ოცნებებს და ოჯახის წევრებთან საუზმე-ვახშმობა მიიჩნევს მნიშვნელოვნად.

მოკლედ, ისეთები, ქუჩაში ძაღლს უემოციოდ რომ ასეირნებენ და თუ შენს გვერდით ირუჯება სადმე ზღვისპირეთში, ცოცხალი თავით რომ არ დალეპარაკება ამინდზეც კი. ჯინი ამბობს, რომ თავის ხასიათთან ახლოს არიან სკულპტურები და რომ თვითონაც კუთხეში  ჩუმად მჯდომი ადამიანია. მე ვამბობ, რომ ძნელია ასე ცხოვრება,  მხოლოდ იმიტომ რომ შენ თუ ჩუმად ზიხარ, შენი სახე ლაპარაკობს, სკუპტურებიდან მაინც.
მეც მგონია ხოლმე, რომ მარტო შუშის და მსხვრევადი კი არა, ჩუმად ჩემთვის მცხოვრებიც ვარ, მაგრამ ვიცი, კაციშვილი არ დამიჯერებს.

პ.ს.ეგრეა, როცა ადამიანი  ლაპარაკისას ხშირად ახსენებს სიტყვას იდეალური, არ ტირის და არ ჩხუბობს, გგონია, რომ იდეალურად  ცხოვრობს. ჩვეულებრივი ამბავია.