Tuesday, June 15, 2010

სახელების მაგია, ბევრი ნასტასია, სარწმუნო ამბები და საკუთარი განმარტებითი ლექსიკონი


dark was the night | Music Codes

ალბათ ათიათასჯერ მაინც მიფიქრია, რომ ძალიან მაგარია, როცა რამის ძალიან გწამს და რომ ისინი, რისიც გწამს, ძალიან ბევრს ყვებიან შენზე.
მაგალითად, საკუთარი თავის მორწმუნენი მკვეთრად განსხვავდებიან ბუდას მორწმუნეთაგან, მაგრამ არსი მაინც  ერთი და იგივეა.
აი, მე მაგალითად, არც ბუდასი მწამს, არც  ადამიანური შესაძლებლობების და არც უცხოპლანეტელების, სამაგიეროდ, კანონზომიერებების, მისტიკის და სახელთა მაგიის მჯერა. ხოოდა, ისინი მერე და სახელთა მაგია ახლა.


ამასწინათ დათოს ვუყვებოდი ნასტასიებზე და ისე გავერთე, ვიფიქრე, სხვებსაც მოვუყვები თქო.
მოკლედ, გადასარევია, როცა თბილისში ხარ და თან ნასტასია.ზუსტად იცი, რომ ერთადერთი ხარ, თუ სტიას არ ჩავთვლით, რომელიც მაგარი მასტია. თანაც მართლა.
გარდა სტიასი, არსებობს, კიდევ ერთი მუსიკასთან ასოცირებული ნასტასია , რომელიც შორეულ ჰოლივუდში გაიზარდა და რაღაც ისეთ მუსიკას წერს, მშვიდი  და საყვარელი ქალები რომ წერენ ხოლმე, ოღონდ ზოგჯერ სიწყნარე წყინდებათ და ცოტა არასაჭირო ტონზე გადადიან, ხან ამლაშებენ, მაგრამ მაინც წყნარები და საყვარლები არიან.

ოლივუდელ ნასტასიას მეორე სახელიც აქვს, ნინა ქვია და ალბათ სულაც არ იცის  ნინა ერთ-ერთი ყველაზე ტკბილი სახელია დედამიწის ზურგზე და რომ  არსებობს ყველა ნასტასიაზე უკეთესი ნასტასია ფილიპოვნა.
 მანამდე არასოდეს არ მიფიქრია, რომ დამნაშავეები და იდიოტები შეიძლება გიყვარდნენ, დანით სიკვდილს მიზანმიმართულად ელოდებოდე და რომ შეიძლება საერთოდ ასეთი საწყალი, თავხედი, მიმზიდველი, ექსცენტრული, ქრონიკულად მოუსვენარი და ასევე ქრონიკულად შეშფოთებული ერთად იყო. მოკლედ, თუ წაკითხვა დაგეზარებათ, შეგიძლიათ ფილმს უყუროთ. ლაპარაკი დოსტოევსკის "იდიოტზეა" და სავალდებულო არც ფილმია, კაცმა რომ თქვას. თან ეკრანიზაციები იშვიათად ამართლებენ.

ხო, კიდევ არსებობს ნასტასია კინსკი, რომელიც მაშინ როცა  15 წლის იყო, თვით რომან პოლანსკის საყვარელი გახლდათ. დიდი პოლანსკი მაშინ 43 წლის იყო და სულ მაინტერესებს, რას ფიქრობს ხოლმე კინსკი მაშინ, როცა რომანის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები მიმდინარეობს პედოფილიის ბრალდებით.
ის არ ვიცი და მე მგონია, რომ რომანი კი არ არის პედოფილი, უბრალოდ, იმ მაშინ სულელმა გოგოებმა დაივიწყეს, რომ პოლანსკიზე თვითონაც ოცნებობდნენ.
.ხოოდა, კინსკი არც არაფერს ივიწყებს, არც არაფერს იხსენებს, არის ასე თავისთვის უკვე თვითონაც დაბერებული და მე მაინც სულ მაინტერესებს, რას ფიქრობს პოლანსკის პედოფილიაზე.
კინსკის ყველაზე კარგი კინოროლი იმ ფილმშია, სადაც ის მუსიკა ისმის მთელი ორი საათის განმავლობაში, ზემოთ რომ დატოვეთ.

მოკლედ, ეგრეა იმ ნასტასიების ამბები, დათოს ვიზეც ვუყვებოდი.
ხოოდა, მე ვფიქრობ, რომ ზოგადად სახელები ძალიან მისტიური რამეა და ბევრ რამეს განსაზღვრავს ის, რაც გქვია. მინდა რომ როდესმე შვილი რომ მეყოლება აუცილებლად ალექსანდრე დავარქვა. აი, ასე.

ადრე ხევსურეთში ადამიანებს ორ სახელს არქმევდნენ, ერთს ჩვეულებრივს, რასაც მერე სულ ეძახდნენ და მეორეს სულისას. ავი ძალები ცნობილ სახელს ერჩოდნენ, სინამდვილეში კი იმ ადამიანს სულ სხვა, სულის სახელი ერქვა და რჩებოდნენ ავი სულები ასე, ხახამშრალები.

ამიტომაც მჯერა მისტიკური ამბების და სახელების მაგიის და ამიტომ ვცდილობ ხოლმე ყველაფერს ის სახელი დავარქვა, რაც ყველაზე ადეკვატური კი არა, კომფორტულია.


მაგალითად:
  • ეგოიზმი-ეგზისტენზიალიზმია
  • ცუდი ხასიათი-კრიზისი (რომელსაც ყველა გაგებით უნდა შეხვდეს)
  • ყველა აქამდე არსებული მამრი - მეგობარი
  • სამსახურში არ წასვლა - სახლიდან საქმის გაკეთება
  • ახირება - მონატრება
  • თავხედობა - გულახდილობა
  • უკუღმართობა - განსაკუთრებულობა
 
და კიდევ უსასრულოდ. უბრალოდ ახლა აღარ მახსენდება.