Sunday, June 13, 2010

ლუდის ფესტი, ჩემპიონატი, აფხაზეთი და უმიზეზოდ დაკარგული ლეკვი

ძალიან ადრე ჩვენ ეზოში ერთი პაწაწუნა, უსახური ლეკვი მოვიდა. სულ შავი იყო და დიდი, საწყალი თვალები ქონდა. სასწრაფოდ გადავწყვიტე, რომ ლეკვი ჩემთან შეგნებულად მოვიდა, იმიტომ რომ მე მაშინ ეზოში სულ მარტო ვიჯექი ხოლმე და იმის მოსვლის მერე ერთად ვიქნებოდით. რამდენიმე კვირა სულ ჩემ კალთაში იჯდა.
მერე სადღაც წავედი, მოვედი და  ეზოში ისევ  მარტო ვიჯექი.ლეკვი სადღაც  გაქრა. არადა, ამბობდნენ, რომ ძაღლები სულ იმახსოვრებენ პატრონის სუნს და არ იკარგებიან.იმასაც ამბობდნენ,  რომ ეგეთი "უჯიშო" ძაღლი არავის არაფერში არ ჭირდებოდა და არავინ წაიყვანდა ჩემ იქ არ ყოფნაში.

მოკლედ, დღემდე არ ვიცი სად წავიდა ის სულელუკა და საწყალთვალებიანი ლეკვი, უბრალოდ ვიცი, რომ იმის მერე ძაღლი აღარასოდეს აღარ მყოლია.
უბრალოდ ახლა  ტვინში დანაკარგების თემა გამიაქტიურდა და უცბად გამახსენდა, როგორც ერთ-ერთი პირველი.
ზუსტად არ მახსოვს რა განვიცადე კიდევ ეგრე ძალიან, მაგრამ ვიცი, ბუნებაში რამეები კანონზომიერად ხდება, მაგრამ ეგ ჩემთვის დიდი ვერაფერი ნუგეშია. ვერ ვიტან ამ ოხერ დანაკარგებს, თუნდაც კანონზომიერს და თუნდაც იმის ნაცვლად უკეთესის დაპირებას.

იმიტომ რომ ვიცი, რეალურად  ისედაც იმაზე მეტს ვკარგავთ ხოლმე, ვიდრე ვაფიქსირებთ.
და ვერასოდეს ვერ მიხვდები რა დაკარგე, თუ ის რაღაცა შენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არ იყო. აი, ისე, როგორც ის ჩემი საწყალთვალება ლეკვი.
 მოკლედ, რთული ამბავია.
ვერავინ ვერ გეტყვის, ვისთვის რაა მნიშვნელოვანი და ვის რისი დაფიქსირება შეუძლია.

ეს ყველაფერი არაფერი და რა შუაშია მაშინ, როცა თბილისში ლუდის ფესტივალია, დედამიწაზე მსოფლიო ჩემპიონატი, გარეთ აუტანელი ხვატი და შიგნით კიდე სხვა აუტანლობები, გუშინ სრულიად შემთხვევით ერთ-ერთ გერმანულ საიტზე რომ არ წავწყდომოდი შარშანდელ ფოტო რეპორტაჟს აფხაზეთიდან.
პირველი რეაქცია რაც მქონდა, ის იყო, რომ იქ, სადაც ჩვენ  ცხვირს არავინ შეგვაყოფინებს, სხვები თავისუფლად დაიარებიან და მერე მივხვდი, რომ არასოდეს არ მიფიქრია აფხაზეთზე, როგროც რაიმე ჩემსაზე და საშინლად არ მომეწონა. არადა, არ არის ჩემი ბრალი. არც აფხაზეთის. აი, იმ წესის ბრალია, რასაც არ იცნობ, იმას რომ ვერ დაკარგავ.
 შესაბამისად, ძალიან ძნელია როდესმე ის დაიბრუნო და შენი გახდეს, რაც  თავიან-ფეხებიანად არ გიგრძვნია და რაც ძალიან გაცნობიერებულად არ გიყვარს.

საშინლად არ მიყვარს პოპულისტურ თემებზე წერა და გადარჩენის გზების დასახვა. ჯერ თვითგადარჩენის ინსტინქტებს ვიმუშავებ და უფრო გლობალურად პოპულისტები ფიქრობენ.
უბრალოდ, ძალიან უბრალო ამბავია, როცა ამ სურათებს უყურებ, ხვდები, რომ ეს რომ შენი იყოს, იქ რომ შენ და შენი მეგობრები ჩადიოდეთ, რომ იცოდე, რა ხდება იქ, მაშინ როდესაც შენთან ლუდის ფესტი, დედამიწაზე მსოფლიო  ჩემპიონატი და გარეთ ხვატია, მაშინ ეს ყველაფერი ასე საცოდავი არ იქნება, პლიაჟზე უფრო ბედნიერი სახით დაწვებოდი და ადგილობრივებსაც დიდხანს, დიდხანს, ელაპარაკებოდი ათას ერთი დღის და ღამის ამბებზე. 
  
პ.ს.   ფეხბურთი და ფესტები იქით და დასვენება მინდა.  
  • მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი კანონზომიერია, მაინც არ შემიძლია მშვიდად ვუყურო დანაკარგებს.
  • ძაღლი ისევ მინდა, ოღონდ დიდი და გრძელვადიანი.
  •  ადამიანებს ქრონიკულად გონიათ ხოლმე რომ რამის შეცვლა შეუძლიათ.
  • ადამიანებს კიდევ ბევრი სისულელე გონიათ და იმიტომ ვერ ხვდებიან რომ თუ რამე შენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არ არის, აზრი არ აქვს.