Showing posts with label ძუძუ. Show all posts
Showing posts with label ძუძუ. Show all posts

Friday, April 16, 2010

ოცნების ქალაქი

უკვე ბევრი დაწერეს და ალბათ კიდევ დაწერენ. არ მიყვარს ხოლმე ეგრე,  მაგრამ თბილისი ჩემთვისაც ოცნების ქალაქია, ამიტომ მე ჩემ ოცნების ქალაქზე მოგიყვებით.

აქ, ამ ქალაქში პრემიერებზე ბევრი ხალხი იყრის თავს. ყველა ყველას ნაცნობია, ყველამ ყველაზე იცის მინიმუმ ერთი ახალი ჭორი და ყველას უნდა რამე განსაკუთრებული თქვას ფილმზე.
აქ, ამ ქალაქში, ახალი ფილმები როგორც წესი ან ძალიან მოწონთ, ან ძალიან არ მოწონთ, უფრო, რა თქმა უნდა, მეორე.
აქ, ამ ქალაქში სიყვარულს კიდევ შეიძლება დაემალო, მაგრამ ბევრ ნაცნობებს ვერსად დაემალები.
აქ ამ ქალაქში  მე ვერასოდეს ვერ ვხვდები, როგორ მიყვარს აქაურობა, მაგრამ ფილმ ,,ოცნების ქალაქში'' ამბობენ, რომ რაც გიყვარს, ის ცოტა ხნით უნდა დაკარგო რომ  მერე მიხვდე, რა დაკარგეო.
ხოოდა, მე  ვიცი, როგორია როცა ძალიან  გენატრება ის, რაც არ იცოდი თუ ასე გიყვარდა.
ხოოდა, ახლა ვიცი, რომ უფრო სიამოვნებით კოჯორში ან წყნეთში ვიცხოვრებდი ნაკლებად პაპსა ცხოვრებით, მაგრამ აქაურობა ის არის, რაც ყველაზე მეტ ჩემთვის მნიშვნელოვან ცნებას ერთად შეიცავს.
მოკლედ, მიყვარს საწყალი და უბედური.


მენატრებოდა რამე ქართული ფილმის ნახვა, რომლის დამთავრების მერე არაფერი ცუდის თქმა არ მომინდებოდა. ხოოდა, გუშინ ზუსტად ეგრე წამოვედი პრემიერიდან.
ყველანაირი შემაწუხებელი ემოციის გარეშე, უბრალიდ ვიღიმოდი.

კი, ერთჯერადი მელოდრამაა.
კი,ათას ფილმში შეყვარებია მდიდარი მამიკოს გოგოს ვიღაცა.
კი, შორენას ძუძუები (და არამხოლოდ) აქაც ძალაშია.
კი, მანქანებში ლუკოილის საკიდები კონწიალებენ, წამლებს მარტო პე-ეს-პე-ში ყიდულობენ და ფილმი გაძეძგილია თვალში ადვილად მოსახვედრი რეკლამებით.
კი, მაია ასათიანის და ,, პროფილის'' ადგილი არ არის ზოგადად ფილმში.
 და კიდევ ათასი რამე.
მაგრამ:
  • სცენარი ირაკლი სოლომონაშვილისაა. ირაკლიმ წერა იცის.
  • მუსიკა მგზავრებისაა. ,,მგზავრები'' ჩემი მუსიკა არ არის, მაგრამ აი, ზუსტად ვიცი, რომ 2 კვირაში ეგ სიმღერები ყველა მეორეს ექნება მობილში, ყველა მეორე იღიღინებს  და ყველა მეორე შეიყვარებს. ,,მგზავრებს''   მეტი მე მგონი არც უნდათ.
  • სახელი აქვს  იდეალური: ვის არ უნდა ოცნების ქალაქში ცხოვრება, ვის  არ ქონია ოცნების ქალაქი და საერთოდ, გაცილებით კარგ დამოკიდებულებას მიჩენს, ვიდრე ბოლო პერიოდის  სხვა ქართული ფილმების სახელდებები.
  •  ძლივს ვიღაცა მიხვდა რომ პრემიერაზე ბლოგერების დაპატიჟება სასურველი კი არა, აუცილებელია, და ინტერნეტ მედია ზოგჯერ უფრო კარგი მედია და უნდა ეცადო, გამოიყენო.
  • იუმორი კარგ როლს თამაშობს და ძალიან კარგი, მხოლოდ აქაურობისთვის დამახასიათებელი პასაჟები კარგად არის ,,გამაიმუნებული''.
  • ნანკა ძალიან, ძალიან ლამაზია.
დარბაზიდან გამოსვლის მერე ქალაქი ისევ ნაცრისფერი, სნობური, ყელში ამოსული ან სოფლელებით გატენილია, ვისთვის როგორ.
დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ ოცნება გეზარება და არ გჯერა, რომ ოცნებები მართლა ახდება.
დარბაზიდან გამოსვლის მერე აუცილებლად დარწმუნდებით რომ მართალი ვარ და ფილმი მართლა ერთჯერადი მელოდრამაა.

პ.ს.
hey, ვარსებობთ ადამიანები, ვისაც შიგადაშიგ სულელური მელოდრამები გვიყვარს, შიგადაშიგ  ჩვენი ქალაქი და შიგადაშიგ ოცნება.
ჩემ ქალაქს სახლში რომ მოვდიოდი უკვე  ღრმად ეძინა.
ახლა მეც დავიძინებ და როდესმე იქნებ კოჯორში ან წყნეთში ნაკლებად პაპსა ცხოვრებისთვისაც გადავსახლდე.

Thursday, April 1, 2010

,,მაიტა ნასოსი'', ანუ რას გვიშვრება ძუძუები და პროვინციალიზმი

სავარაუდოდ ყველა ნორმალურს აქვს რაღაც ისეთი, რაც მისთვის ძალიან, ძალიან წმინდაა და ძალიან არ უყვარს როცა ამ ძალიან, ძალიან წმინდას ულახავენ.

აი, ეგრეა ჩემთვის საკვები.
თუ რამე ,, სიწმინდე'' არ მაქვს წინ, ავდგები და მთელი დღე არ შევჭამ არაფერს.
 გამომდინარე იქიდან, კუჭის გარდა, ტვინიც მაქვს გამოსაკვები, უფრო ცუდად ვხდები, თუ ვინმემ ცუდი საკვები ტვინისთვის შემომთავაზა.

ნუ, არსებობს პასუხი, თუ არ გინდა, ნურც იმას მიიღებ და აქვე მორჩი წუწუნსო, მაგრამ, მაგაზე აქვე გიპასუხებთ, რომ წუწუნს არც აქვე და არც მერე არ მოვრჩები, იმიტომ რომ იმ ცუდი ფილმებით, ცუდი კლუბებით, ცუდი ავტორებით და ფსევდო კულტურით ჩემს გარდა ბევრს უმასპინძლდებიან.

შეიძლება ვიღაცისთვის ერთი მარად უკმაყოფილო არსება ვარ, რომელსაც არ მოწონს რესტორნის მერომელღაცა სართულზე გახსნილი ინტელექტუალური კლუბები და სარდაფში ობის სუნიანი კლუბები, მაგრამ ფაქტია, ეგ არ უნდა მოგწონდეს.
ისიც ფაქტია, რომ ამაზე ლაპარაკს არ წამოვიწყებდი, ახალი რისხვის ობიექტი რომ არ მქონდეს.

ჩემი ახალი მსხვერპლი არც მეტი არც ნაკლები,  ქართული კინოს მორიგი კრახი, ,,მაიტა ნასოსია''.

ვიცოდი, რომ  პროვინციალიზმის ჭირს ვერასოდეს ვერ მოვიხდით.

ვიცოდი, რომ ფილმში ერთ-ერთი მოქმედი პირი შიშველი ძუძუ იქნებოდა. გაგვიმართლა და ყველაზე ყბადაღებული თუ როგროც არი, ის.

ვიცოდი, რომ პუბლიკაზე კარგად მოქმედებს, თუ ვინმე ეკრანიდან ყვირის, ქალი მინდაო და საერთოდ გვიხარია ხოლმე, ხამები რო ვართ.

ვიცოდი ისიც, რომ არავინ არ იტყოდა, 2 კვირაში გადაღებული ფილმი ფილმი არ არის და ცოტა უფრო მეტი პასუხისმგებლობა არ გაწყენდათო.

მაგრამ არ ვიცოდი, თუ ვინმეს აზრად მოუვიდოდა ანეგდოტების მიხედვით აეწყო სცენარი.
ფილმის პრემიერაზე სატვირთო მანქანიდან ყიჟინით გადმომხტარიყო, ასევე ყვირილ, ,,აე-აეს'' ძახილით გაეკვლია გზა რახამდე და  იქ სადღეგრძელოების სმა გაემართა.
რეჟისორს ფილმზე არაფრის თქმა არ მონდომებოდა და მსახიობებს ეთქვათ,  რომ გადაღების პროცესი ისეთი სასიამოვნო იყო, ვერ კი ხვდებოდნენ, რომ მუშაობდნენ.

ხოოდა, ასე, ფილმი უკვე გამოვიდა კინოთეატრებში, ნახავენ ადამიანები და კიდევ ერთხელ არ შერცხვებათ პროვინციალიზმის და სატვირთო მანქანით ხრიგინი პერფორმანსად ჩითვლება.

პოსტი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დავწერე რომ დაგუგვლის შემდეგ ვერაფერი ვერ ვიპოვე, ინფორმაციული ხასიათის და კიდე, მაია ასათიანმა და გურულ- მეგრულმა ანეკდოტებმა გამახსენეს გუშინდელი.

ხოოდა, ადამიანებო, ან გიყვარდეთ ეს საწყალი ქვეყანა მთლიანად, ან არა.  რა უბედურებაა კუთხეებად დაჩეხვა.

ან გადაიღეთ კარგი კინო, ან ნუ ატენით ადამიანებს საკვებად გამოუსადეგარ საჭმელს.
და საერთოდ გვაცალეთ ისე ცხოვრება, რომ გვიყვარდეს ჩვენი გარემო  და ჩნდებოდეს მსგავსი ფიქრები, : ,, აქ არაფერი კარგი არ ხდება'' , ,,გურჯისტანია'', ,,ჩვენ კაი ხანია კრიზისი გვაქვს და ფასეულს ვერაფერს ვქმნით'' და ა.შ.

პ.ს. არა, მე გუშინ მართლა იდეალური დღე მქონდა,
ახალი ფილმების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს  და
ის რახი მეც  გამეხარდა.
იმიტომ რომ მე ვიცი,  ის ფილმი არ არის, როცა მსახიობები ვერ ხვდებიან რომ გადასაღებ მოედანზე არიან და მუშაობენ  და როცა ანეგდოტებით აწყობილ ფილმს  2 კვირაში გადაიღებ.


  თქვენ რას გერჩით, აქ სავარაუდოდ არ შემოდის ის ხალხი, ვისაც ,,მაიტა ნასოსი'' კარგი მოეჩვენება. მაგრამ  ნუ მაინც, არ  შემიძლია არ ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ იკვებები.

საკვები ჯანმრთელი უნდა იყოს და გემრიელი.

Sunday, February 14, 2010

გამარჯობა,მე facebook -ზე ვცხოვრობ

მოკლედ,აი ასე,უსასტიკესად გაციებული ვარ,აზროვნების უნარი როგორც ხდება ხოლმე,დაქვეითებული მაქვს და ჩაითრია გარეთ გასვლის და სურვილიც.თან გარეთ ჭყაპი და ვარდიანი შეყვარებულები არიან,მე არც ერთი არ მიყვარსა და გამომდინარე იქიდან,რომ ცოტა დაბურულად ვაზროვნებ,იმას დავწერ,რაც კაი ხანია მინდოდა დამეწერა და საცოდავად სულ დაუწერელი რჩებოდა.
არ გკითხავთ რომელია თქვენი საყვარელი სოციალური ქსელი,იმიტო რო fb-სე ყველანი ერთად ვცხოვრობთ.არც იმას გეტყვით,მითხარით,რომელ ჯგუფში ხარ გაწევრიანებული და გეტყვი ვინ ხარ შენ-თქო,იმიტო რომ ვიცი ვინ სად ხართ.და კიდე,ამასობაში ვისწავლე ის,რომ ადამიანი,სადაც მიდის და სახლდება,ყველგან ცდილობს თავისთვის მაქსიმალურად მოხერხებული გარემო შექმნას.
ადამიანები,რომლებიც დასაბამიდან დღემდე ქალიშვილობის ინსტიტუტს დაცინის,facebook-ზე ყოფნის დროს ტყუილად ხო არ დახარჯავს,ამიტომაც,ირჩევს პრეზიდენტად აპკს.ხალხი,ვინც შეწუხებულია სახლიდან გამოსვლისთანავე ჩაცუცქული და საქმის გამრჩევი ბიჭების სიმრავლით,ქმნის ჯგუფს,საქართველო ძველბიჭობის და ერთმანეთის ჩეხვის გარეშე და ვისაც ჩემსავით უყვარს ჩაის მყუდროდ სმა,სანამ აპკი გაპრეზიდენტდება და ძველი ბიჭები ერთმანეთის ჩეხვას გადაეჩვევიან,წევრიანდება ჯგუფში,მე მიყვარს ჩაი.მაგალითად არსებობს ძალიან საყვარელი ჯგუფი, ,,ყირამალა'',რომელიც იმათთვისაა შექმნილი,ვისაც ბავშვები და ყირაზე გადასვლა უყვარს.მაგრამ fb-ი ძირითადად მსგავს წვრილმანებზე არ ცდება და გაძლევს საშუალებას გაიგო,რომ ქველმოქმედებით სიღარიბეს ვერ დაძლევ,რომ ქართველებს მაილ.რუ-ში და ოდნოკლასნიკებში არაფერი ესაქმებათ და რომ ინტერნეტ პროვაიდერები სასტიაკდ არღვევენ მომხმარებელთა უფლებებს.
თუ ჩემსავით ავად გახდით და აზროვნება გაგიბუნდოვნდათ,არ შეწუხდეთ,მაინც გაიგებ 50 ფილმს ან წიგნს,რომელიც სიცოცხლის ბოლომდე უნდანახო ან წაიკითხო.მერე ან აზროვნება ისევ დაგიბრუნდება,ან ვალმოხდილი მოკვდები.არიან ხალხი,ვინც არ ხმარობს ტერმინს,სუსტი სქესი და არც გულისხმობს,არიან ისეთები,ვინც ბოზებში არ არიან ნამყოფები და სიგარეტს თავს არ დაანებენ,მაშინ როცა სხვები საპირისპიროსკენ მოგიწოდებენ.

არსებობს მოქალაქეობრივი სულით გამსჭვალული ჯგუფი: - მე არ ვაგდებ ქუჩაში ნაგავს,კიდევ უფრო მოქალაქეობრივი სულით გამსჭვალული: საქართველოშო არსებულ შენობებზე კომუნისტური სიმბოლიკის დემონტაჟი და ლიბერალურ პრინციპებზე ამოსული: საქართველოს ლიბერალური საზოგადოება,ან კიდევ უფრო გლობალურ-ლიბერალური:ძირს ეროვნება,მე მსოფლიოს მოქალაქე ვარ.თუმცა,მანამ სანამ ვიღაცა მსოფლიოს ითავისებს,იქმნება გურიის ანარქიული რესპუბლიკა.ძალაშია ჩვენი ცუდი წარსულის დანატოვარი შავი ლაქებიც: 90–ანი წლების ნოსტალგია ანუ შევარდნაძე დაგვიბრუნეთ, ფარჩაკებო! ჯერ კიდევ გვახსოვს,რომ კასეტას პასტით ვახვევდით,რომ ხაჭაპურში ყველი აუცილებელი შეიძლება არ იყოს და რომ ორი უნდა გადაიხადო,ერთი როდესმე მერე ჩამოვა.თუმცა ვერ ვიტყვი,რომ სოციალურ ჯგუფებს მარტო წარსული პრობლემები აქვთ საფუძვლად: ტროტუარი ფეხითმოსიარულეებისთვის და პროტესტი ბენზინის ქართულ ფასებს,აშკარად ჩვენი ცუდი რეალობაა.
რა თქმა უნდა ადგილი მოიპოვება შორენასთვის,რუსული ესტრადისთვის,ძუძუებისთვის,ჩაკ ნორისისთვის და მსგავსი ყოველდღიურობებისთვის,მაგრამ უცნაურია ის რომ თავისთავად ეს ჯგუფები მხოლოდ რამდენიმე კომენტარის და ფოტოს დასადებად იქმნება.არა,კაცმა რომ თქვას,უცნაური კი არა,ლოგიკურიც არი,მსგავს თემებზე,რაღა უნდა ილაპარაკო,ისედაც ყველამ ყველაფერი ვიცით.

თუ თქვენ იცით რამე ისეთი,რაც მე ჯერ კიდევ არა,შეგიძლიათ გამაგებინოთ.
თუ უფრო საინტერესო ჯგუფებს იპოვით,გამაწევრიანოთ.
თუ პოსტის კითხვისას იფიქრებთ,რა სისულელეაო,რაც შეიძლება მალე გამოჯანმრთელება მისურვეთ.
მანამდე კი კიდევ ერთხელ ვიტყვი,რომ სოციუმზე დაკვირვება ყველაზე კარგი გასართობია,ყველაზე საინტერესოა და ნებისმიერ სოციუმს ყველანაირ გარემოში ერთნაირი მახასიათებლები აქვს.
და რომ თქვენც პრინციპში,მაგრამ მე fookfaceb-ზე ვცხოვრობ