Showing posts with label მონატრება. Show all posts
Showing posts with label მონატრება. Show all posts

Friday, April 16, 2010

ოცნების ქალაქი

უკვე ბევრი დაწერეს და ალბათ კიდევ დაწერენ. არ მიყვარს ხოლმე ეგრე,  მაგრამ თბილისი ჩემთვისაც ოცნების ქალაქია, ამიტომ მე ჩემ ოცნების ქალაქზე მოგიყვებით.

აქ, ამ ქალაქში პრემიერებზე ბევრი ხალხი იყრის თავს. ყველა ყველას ნაცნობია, ყველამ ყველაზე იცის მინიმუმ ერთი ახალი ჭორი და ყველას უნდა რამე განსაკუთრებული თქვას ფილმზე.
აქ, ამ ქალაქში, ახალი ფილმები როგორც წესი ან ძალიან მოწონთ, ან ძალიან არ მოწონთ, უფრო, რა თქმა უნდა, მეორე.
აქ, ამ ქალაქში სიყვარულს კიდევ შეიძლება დაემალო, მაგრამ ბევრ ნაცნობებს ვერსად დაემალები.
აქ ამ ქალაქში  მე ვერასოდეს ვერ ვხვდები, როგორ მიყვარს აქაურობა, მაგრამ ფილმ ,,ოცნების ქალაქში'' ამბობენ, რომ რაც გიყვარს, ის ცოტა ხნით უნდა დაკარგო რომ  მერე მიხვდე, რა დაკარგეო.
ხოოდა, მე  ვიცი, როგორია როცა ძალიან  გენატრება ის, რაც არ იცოდი თუ ასე გიყვარდა.
ხოოდა, ახლა ვიცი, რომ უფრო სიამოვნებით კოჯორში ან წყნეთში ვიცხოვრებდი ნაკლებად პაპსა ცხოვრებით, მაგრამ აქაურობა ის არის, რაც ყველაზე მეტ ჩემთვის მნიშვნელოვან ცნებას ერთად შეიცავს.
მოკლედ, მიყვარს საწყალი და უბედური.


მენატრებოდა რამე ქართული ფილმის ნახვა, რომლის დამთავრების მერე არაფერი ცუდის თქმა არ მომინდებოდა. ხოოდა, გუშინ ზუსტად ეგრე წამოვედი პრემიერიდან.
ყველანაირი შემაწუხებელი ემოციის გარეშე, უბრალიდ ვიღიმოდი.

კი, ერთჯერადი მელოდრამაა.
კი,ათას ფილმში შეყვარებია მდიდარი მამიკოს გოგოს ვიღაცა.
კი, შორენას ძუძუები (და არამხოლოდ) აქაც ძალაშია.
კი, მანქანებში ლუკოილის საკიდები კონწიალებენ, წამლებს მარტო პე-ეს-პე-ში ყიდულობენ და ფილმი გაძეძგილია თვალში ადვილად მოსახვედრი რეკლამებით.
კი, მაია ასათიანის და ,, პროფილის'' ადგილი არ არის ზოგადად ფილმში.
 და კიდევ ათასი რამე.
მაგრამ:
  • სცენარი ირაკლი სოლომონაშვილისაა. ირაკლიმ წერა იცის.
  • მუსიკა მგზავრებისაა. ,,მგზავრები'' ჩემი მუსიკა არ არის, მაგრამ აი, ზუსტად ვიცი, რომ 2 კვირაში ეგ სიმღერები ყველა მეორეს ექნება მობილში, ყველა მეორე იღიღინებს  და ყველა მეორე შეიყვარებს. ,,მგზავრებს''   მეტი მე მგონი არც უნდათ.
  • სახელი აქვს  იდეალური: ვის არ უნდა ოცნების ქალაქში ცხოვრება, ვის  არ ქონია ოცნების ქალაქი და საერთოდ, გაცილებით კარგ დამოკიდებულებას მიჩენს, ვიდრე ბოლო პერიოდის  სხვა ქართული ფილმების სახელდებები.
  •  ძლივს ვიღაცა მიხვდა რომ პრემიერაზე ბლოგერების დაპატიჟება სასურველი კი არა, აუცილებელია, და ინტერნეტ მედია ზოგჯერ უფრო კარგი მედია და უნდა ეცადო, გამოიყენო.
  • იუმორი კარგ როლს თამაშობს და ძალიან კარგი, მხოლოდ აქაურობისთვის დამახასიათებელი პასაჟები კარგად არის ,,გამაიმუნებული''.
  • ნანკა ძალიან, ძალიან ლამაზია.
დარბაზიდან გამოსვლის მერე ქალაქი ისევ ნაცრისფერი, სნობური, ყელში ამოსული ან სოფლელებით გატენილია, ვისთვის როგორ.
დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ ოცნება გეზარება და არ გჯერა, რომ ოცნებები მართლა ახდება.
დარბაზიდან გამოსვლის მერე აუცილებლად დარწმუნდებით რომ მართალი ვარ და ფილმი მართლა ერთჯერადი მელოდრამაა.

პ.ს.
hey, ვარსებობთ ადამიანები, ვისაც შიგადაშიგ სულელური მელოდრამები გვიყვარს, შიგადაშიგ  ჩვენი ქალაქი და შიგადაშიგ ოცნება.
ჩემ ქალაქს სახლში რომ მოვდიოდი უკვე  ღრმად ეძინა.
ახლა მეც დავიძინებ და როდესმე იქნებ კოჯორში ან წყნეთში ნაკლებად პაპსა ცხოვრებისთვისაც გადავსახლდე.

Saturday, January 2, 2010

meine piratin,მეც მიყვარხარ :)






ასე,მართალია,მოვიდა,წავა და მაინც არაფერი,მაგრამ რაღაცეები მაინც სულ ხდება,როგორც რაღაცეების წესია...
მე მგონი ცხოვრებაში პირველად მივიღე წერილი,რომელმაც სულ დამავიწყა რომ თოვლის ბაბუა არ მოვიდა,ჩემი მეგობრები მენატრებიან და თოვლი ოცნებებში დარჩა ზღვასთან ერთად...

მე თვითონ ხშირად არ ვეუბნები ხოლმე ადამიანებს იმას,როგორ მიყვარს და რა კარგია და როცა მეუბნებიან,ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა,სულ მეშინია დაჯერების...
ეს წერილი იშვიათი გამონაკლისი იყო,რომელმაც რაღაცნაირად გამახსენა,რომ ჩემი თავი უნდა მიყვარდეს...

ხოო,კიდე,ამ ახალ წელთან დაკავშირებით,ვიფიქრე,ვიფიქრე და მოვიფიქრე,რომ ჩემი თავი კი შემიყვარდა,მაგრამ არსებობს რაღაცეები,რაც სასწრაფოდ გამოსწორებას საჭიროებს:მაგალითად უნდა ვცადო,ცოტა უფრო კონკრეტული გავხდე,თორე ჩემი ჩამოუყალიბებლობის გამო ვერასოდეს ვიპოვი პასუხს ისეთ კითხვებზე,როგორიცაა: რა გეგმები მაქვს,სად მინდა მუშაობა,რატომ არ ვაგრძელებ სწავლას და რას ვაკეთებ ხვალ საღამოს :D
გულწრფელად შემშურდა ხალხის,რომლებმაც ჩამოწერეს პოსტებში კონკრეტული სურვილები ახალი წლისთვის და უკვე გაკეთებული საქმეები წინა წელში....
მაინც მიყვარს ჩემი აბსტრაქტული თავიც და დაულაგებელი წლებიც....
ბოლო პერიოდია სულ სადღაც ვარ და დღეს კატასტროფულად მომინდა სახლი,ამიტომ არ წავედი სიღნაღში,ვკითხულობდი და ვისმენდი თბილ სიმღერებს,მაგრამ,ისევ სადღაც წასვლა გადამიწყვიტეს ჩემმა გადარეულებმა...
არადა,ძალიან მინდოდა ახალი დიზაინი ამერჩია ჩემი ბლოგისთვის,თორე მომწყინდა ეს,თან აღმოვაჩინე,რომ არც ისეთი ფუნქციურია,როგორიც მე მჭირდება და მოკლედ,გამოვუჩინე ჩემ თავს ახალი თავსატეხი...
 წავალ ახლა,მივატოვებ ჩემ თბილ სახლურ დღეს და როდესმე ავარჩევ ახალ დიზაინს,დავწერ უფრო საინტერესო პოსტს და გავიღიმებ ხოლმე,როცა ეს წერილი გამახსენდება...
meine piratin,მეც მიყვარხარ :)

Saturday, December 26, 2009

ათვლის წერტილი არ მახსოვს

ათვლის წერტილი არ მახსოვს,მახსოვს რომ წერტილს წერტილობა მოწყინდა,გაიდღაბნა, ლაქა გახდა და ციფრებმა მნიშვნელობა დაკარგეს...

ლაქა წესით ფერადია...
დღეებიც...ფერადი დღეების დათვლა უფრო ადვილიცაა...
სად დღე მეექვსე და სად აგურისფერი დღე მუქი ლურჯი დღის შემდეგ რო გათენდა. ..
დღეები ბევრია,მაგრამ საკმარისი თითქმის არასოდეს,ისევე როგორც სხვანაირი. . ..
სხვანაირები ,,სხვები’’ არიან, ჩვენს გვერდით თანაცხოვრობენ და ჩვენი მთელი სხვადასხვა ფერის დღეებით და …უწერტილი მოქმედებებით მათგან სუვერენიტეტს ვითხოვთ. . .
ისინი სანაცვლოდ აღიარებას და მერე ისევ ვაგრძელებთ ცხოვრებას. . .
პრინციპში ჩვენ რას ვაგრძელებთ,ცხოვრება გრძელდება,ოღონდ ძალიან უცნაური თავისუებურებით,რაც უფრო მეტად გრძელდება,მით უფრო მოკლდება. . .
ზოგისთვის სულაც მთავრდება. . .
დამთავრება წერტილივითაა,ოღონდ ლაქად გადაქცევის შემთხვევაში ვერ გაფერადდება...წერტილის ფერია და დანაკარგის გემო აქვს. . .

დანაკარგები ცუდია,არ მიყვარს და მეშინია. . .
დანაკარგები მშრალ არგუმენტებზე და ფაქტებზე უფრო ცუდიც კია...
ფაქტები და არგუმენტები ერთად მე მგონი იმიტო გამახსენდა,რომ მამა ჩემი ბავშვობის პარალელურად ძალიან ხშირად კითხულობდა რომელ რუსულ გაზეთს,თქვენც მიხვდებით. . .
მე რუსულად ნელა ვკითხულობ,გაზეთებს საერთოდ არ და მამა მინდა,ახლოს, ჩემთან, დიდხანს და ბევრსალაპარაკოდ. . .
არადა,მამა ძალიან ცოტას ლაპარაკობს,სამაგიეროდ ძალიან გულიანად იცინის და ვერ იტანს,როცა ჩემზე ვინმე რამე ცუდს ამბობს. . . თუნდაც ფაქტი იყოს. . .

მე არ ვიცი ხოლმე,როგორ ვხდები ფაქტი,მაგრამ ვიცი, დღევანდელი ფაქტები:
დღეს შემოდგომის გაზაფხულივით დღე იყო,ახლა უკვე  ღამეა და ფეხები მაქვს გაყინული. . .
აქ ყველას გაყინული ფეხები აქვთ,იმიტომ რომ ყველა გაზაფხულივით შემოდგომის დღეს გამოვიდა გარეთ და საღამოზე მოახლოებული ზამთრის სუსხმა დააწიოკა მანამდე თბილი ფეხები. . .
მაგრამ ფეხები ისეთი მნიშვნელოვანი არ არის,როგროც ის,რომ 20 წუთში ავტობუსი მოვა,ერთ საათში მეგობართან ვიქნები და ორ საათში ჩვენთან ერთად იქნება პირველი დაცლილი ბოთლი. . . მერე ალბათ ან ერთმანეთს მოვუსმენთ,ან რამეს,ან ღამეს და დილას ერთად მოვიდუღებთ ყავას. . .
მერე ტბაზე ჩავალთ, იხვებს გამოვკვებავთ საუზმიდან დარჩენილი ფუნთუშებით და ვიტყვით რომ უკვე მალე შობა მოვა. . .

წელს მე ჩემ შობას ჩემებურად შევხვდები,ღამის თევით და მეორე დღეს ალილოთი,ჩემი მეგობარი არაჩვენებურ შობას შეხვდება,ნაძვის ხის ქვეშ დახვავებული საჩუქრებით და სულელური სიმღერით ნაძვის ხეზე. . .

თოვლი მინდა,იცით ვინმემ თოვლი როდის მოვა?
,არა,ავტობუსი მეც ვიცი რომ უკვე 10 წუთში მოვა. . .
ისე,რამდენი რამეა,რაც არ ვიცი. . .
მაგალითად არ ვიცი გამრავლების ტაბულა, კონტიტუციის ძირითადი მუხლები და კიდე,კაკლის მურაბის გაკეთება. . .
არც ის,ბოლოს როდის ჩავხედე ადამიანს თვალებში და დღეს საღამოს რამდენი ცარიელი ბოთლი დაიძინებს ჩვენთან ერთად. . .

ხო ვამბობ,ციფრებმა მნიშვნელობა დაკარგეს თქო. . .
რამდენი ხანია რამდენ სისულელეს ვლაპარაკობ?
იმიტომ რომ არავინ მელაპარაკებით,თორე მოგისმენდით…

ეგრეა:
მელაპარაკე-არამარტო მოგისმენ,დაგიმახსოვრებ
მითხარი- და მოგიყვები ლამაზ ამბავს ნებისმიერ თემაზე. . .
გამიღიმე- არა,რა,მე ცოტა მეტი მინდა
გამიცინე-აი,ზუსტად ეგ მინდოდა...ერთად ვიხარხაროთ დიდხანს. . .
გამომიგონე – დაგესიზმრები
მეთამაშე- გებავშვები
შემომიჩნდი-დაგემჩნევი
მომაწევინე-გაგიღრუბლდები
მეძილისწინე-გაგიმზიანდილავდები
დამათარიღე-დროში შენთან ერთად დაგეკარგები. . .
გადამწერე-დაგამახსოვრდები
გამაფერადე-გემხიარულები

p.s.წამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე,ავტობუსის გაჩერებაზე დავწერე და ვფიქრობდი,იმავე საღამოს დამედო აქ,მაგრამ სხვა რამეებზე გადავერთე... მერე დროში აცდენილივით იყო და ახლა დავდებ,მაინც შობაზე და ჩემ მოტხოვნებზეა და კიდე,ის ჩემი მეგობარი,ვისთანაც მივდიოდი,უკვე მომენატრა... 

Wednesday, December 16, 2009

შეცდომების გასწორება



ჩემ მონატრებას შენი სუნი უდის...
ჩემი ბავშვობა შენი გასაგრძელებელი იყო. . .
ჩემი ,,შენ’’ მინდოდი. . .

შენ ეგოისტი ხარო,გინდა კარგი იყო და მაგისთვის არაფერს აკეთებო. . .
ეგოისტებს მარტო თავიანთი თავი ყოფნით ხოლმე,მე არ. . .
კარგი და ცუდი არ არსებობს,არსებობს აღქმა და სუბიექტივიზმი.. . .
მე არ შემიძლია არარსებულისთვის რამე გავაკეთო. . .
მე მარტო არსებული რამეებისთვის შემიძლია რამის გაკეთება...
aრარსებულებს თვითონ ვიგონებ. . .
ზოგჯერ ვიყვარებ. . . მერე ვივიწყებ. . .და ვისიზმრებ . . .
როგორც გუშინ. . .
მაგრამ სულ ერთია.. .
ჩემი მონატრება ჩემიდან მიმავალ გზას ისწავლის ან სხვას მოძებნის . . . ბავშვობას თვითონ გავიხანგრძლივებ. . .
შენ მაგასაც რამის გაკეთებას მოთხოვ. . .

გამოგონილი რამეები რეალობაში კვდებიან ხოლმე. . .
საპნისბუშტდებიან. . .
მზეზე გაიბრჭყვიალებენ და სკდებიან. . .





შეცდომების გასწორება:
მინდოდა შენ ყოფილიყავი კარგი და მაგისთვის არაფერი გავაკეთე. . .
რეალობა გამოგონილია,უბრალოდ უფრო დამაჯერებელია,როცა ასე ქვია. . .
ბავშვობას გაგრძელება არ ჭირდება,ზოგისთვის ის არასოდეს არსებობდა,ზოგისთვის არ მთავრდება. . .
მარტო თავიანთი თავი არავის არ ყოფნის,უბრალოდ ეგოისტები ამ შემთხვევაში უფრო ,,მალემრწმენები’’ არიან…

პ.ს.მე  მინდა რამე როცა მწამს,ღრმად და სულ მწამდეს. . .

Sunday, December 13, 2009

ნირვანა

ზუსტად ერთი კვირაა...
ექსპერიმენტი არავინ არ იცის რამდენ ხანს გაგრძელდება. . .
სამაგიეროდ ვიცი რომ ნირვანა არსებობს,ის ახლა მე მაქვს და ძალიან მაინტერესებს ადამიანებს რამდენ ხანს შეუძლიათ აბსოლუტურად ბედნიერები იყვნენ. . .
ექპერიმენტში მარტო მე არა,ყველა თქვენ,ფაქტორი,გარემოება და შემთხვევითი არსებებიც კი მონაწილეობენ,იმიტო რომ მე მარტო არ მიყვარს. . . მე მარტოს სხვანაირი ექპერიმენტები მაქვს. . .


მე ვიცი რომ ადამიანის დანიშნულება ბედნეირებაა
ვიცი რომ ბედნიერება ცატაა, იშვიათად მოდის და აბსოლუტური თითქმის არ არ არსებობს.. . .
ვიცი,რომ ადამიანები გამუდმებით ცდილობენ შენი საკუთრებების დაქუცმაცებას, გადღაბნას და ხელიდან გამოგლეჯვას. . .
მე მიყვარს, გაგრძელებული ნირვანები, საკუთრების დაცვა და ბედნიერი ჩემი თავი. . .
და კიდე,ყოველთვის გაცნობიერებულად მოულოდნელად,მაგრამ კანონზომიერად დაუჯერებლად მოსალოდნელია ხოლმე იდეალთან ახლოს შენი თავი. . .
შეიძლება არ ბუხარი,შეიძლება არ ჭრელ ბალიშებიანი დივანი და შეიძლება არ ერთად დილა,მაგრამ ადამიანები მაინც შენები არიან,იცი,რომ დრო გაჩერებადია, ერთადერთი რაც სახლიდან გასვლისას არ უნდა დაგავიწყდეს, შენი იმდღევანდელი გულწრფელი განწყობაა. . .

რატომ მივარს იცით აქ?
იმიტომ რომ აქ გულწრფელობა სასიცოცხლო მოთხოვნილებად მაქვს,იმდენად ეშინიათ აქ ადამიანებს მზეზე ყოფნა გახუნების შიშით. . .
აქ მინდა რო მარტო ფეხით ვიარო,იმდენად საშინლებაა მანქანებზე დამოკიდებულ ხალხთა კასტა. . .
მინდა ბევრჯერ გავიღიმო და გულიანად გავიცინო,იმიტომ რომ მგონია აქ მსგავსი რამეები დოზირებულია. . .
კიდე,მინდა ბევრი ხალხი მყავდნენ,დღეს უფრო მეტი საათი ქონდეს,ღამეს ბუხარი,მე სახლი და ერთი თვის მერე ,,ინწელეტქტუალური'' სამსახური და ,,რომანწიკა'' და კიდე ამ ყველაფრის გარეშეც აბსოლუტური სისავსე. . .

Monday, June 29, 2009

წიგნიs ფესტივალი

ბოლო დღეებია თბილისში წიგნის ფესტივალი ტარდება და ხალხი ბლოგებზე შთაბეჭდილებებს წერს...
მე კიდე მიჭირს იმის გათავისება რო წიგნის ფესტივალი უჩემოდ ტარდება...
არ ვდგავარ ჩვენ სტენდთან და ჩემი ხელით გასცორებულ წიგნებზე არ ვქაქანებ...
ჩემ ,,ინტელექტუალ'' მეგობრებს არ ველოდები...
ბიძაჩემის მეგბართან ერთად ყავას არ ვსვამ და მუზილზე არ ვჭორაობ...
უბრალოდ,წიგნებს არ ვყიდულობ,ან არ ვათვალიერებ...
და იქ არ ვარ,სადაც ბოლო წლები ვიყავი...

სტრანი გრძნობაა...

Wednesday, April 1, 2009

დეე, ანუ რატომ არის ნასტასია სქოლიოზიანი ემბრიონი

მე ერთი ჩვეულებრივი ემბრიონი ვარ, შენ მუცელში ვზივარ  და დაბადებას ველოდები..
შენში სასიამოვნო სითბო და ბურუსია,გარეთ კი თქვენი მოლოდინებია,ხმაური და სქოლიოზი, რომელიც აქ ემბრიონის ჩვეულებრივ პოზად მეთვლება, მანდ კი მთელი ცხოვრება შემაწუხებს…როგორც თქვენი მოლოდინების ასრულების აუცილებლობა…

დე,რო დავიბადები, შენ  ალბათ ისევ ის  დიდთვალება, კუდრაჭა გოგო იქნები, რომელიც ყველაზე კარგად თავს კაი ხნის წინ გარდაცვლილი მშობლების სახლში გრძნობს…

ალბათ ისევ დაჯდები უმშობლებო სახლის წინ ყვითელყვავილებიან მინდორზე , როცა უზრუნველი, ჩითისკაბიანი, მზიანი ბავშვობა მოგენატრება და შენ უკვე თვითონ დედას, შენივე ჩითის კაბები, კარგა ხნის წინ დაპატარავებულები და გახუნებულები მოგიყვებიან შენი ბავშვობის ამბებს……

მე აქედანვე ვგრნობ იმ კაბებზე შერჩენილ ბებიას სუნს…

დეე, რო გავიზრდები, მერე ალბათ აღარ მომიყვები იმ ამბებს, ახლა რომ მიყვები ხოლმე...
მერე ალბათ მე უნდა ავიდგა ფეხი და თვითონ დავიწყო ამბების შეგროვება დასაწყისში ,,მე ‘’ –თი და როგორღაც შემოუკერებელი ბოლოებით…

დეე,შენ ალბათ მერეც ასე გადამისვამ ხოლმე თავზე ხელს, ჩემი უფორმო და ჭკუის უკითხავად ჩამოწლაწული ძუძუების გამო ჩემი სილამაზის აღქმის უნარს რო დავკარგავ და თმებს გადავიპარსავ.
ალბათ მერეც გააგრძელებ დედის ლოცვების კითხვას, როცა ჩემი დილა შენი ჩურჩულის მოსმენის ნაცვლად სხვა ქვეყანაში, სხვა აივანზე ფინჯან ყავაზე შეტანებული სიგარეტით და ბავშვობის მოგონებებით დაიწყება...

დეე,მითხარი რო არასოდეს არ მეტყვი, რომ სხვა ემბრიონები უკვე დაიბადნენ და დროა მეც დავიბადო...
არ მეტყვი, რომ სხვებმა უკვე აიდგეს ფეხი და მე რაღას ვუცდი...
სხვებმა უკვე ისწავლეს სიტყვები და მე რატომ ვარ ჩუმად..
სხვებმა დათვლა იციან, მე კი მარტო ცაში ვიყურები და ვარსკვლავებზე ვერასდროს ვისწავლი რაოდენობის აღქმას…..

დეე, ვთქვათ რომ სხვები სხვები არიან და შენ ის მითხარი  რისთვის ღირს დაბადება, სად უნდა წავიდეს ადამიანი და რის გამოსახატად არსებობენ სიტყვები…
რიცხვებს  მე მოვუვლი, ტარკოვსკის გავიცნობ და დავიჯერებ რო 1 + 1 = 1-ს და ცის ნაცვლად მიწაზე დავიწყებ მეორე ერთის მოძებნას…

დეე,  დაგღალე, წავედი  და იმ ჩვენ ყვავილებიან მინდორზე შევხვდებით...
ის  კუდრაჭა გოგო დამხვდი რა, მე რომ მიყვარს

… და კიდე,ისევ გააგრძელე დედის ლოცვების კითხვა,მე ჯერ ისეც არ გავზრდილვარ რომ ღმერთთან სალაპარაკო სიტყვები ვიცოდე…

Friday, March 27, 2009

ბებო, დაკარგული სიტყვები და ვაშლის ღვეზელის რეცეპტი

ბებიაჩემს  არასოდეს გამოუცხვია ვაშლის ღვეზელი და არასოდეს მოუყოლია ჩემთვის ზღაპარი.
სამაგიეროდ მთელი ბავშვობა მხიბლავდა მისი თხელი აღნაგობა, კეხიანი ცხვირი და ნიკოტინით გაყვითლებული სამი თითი.
ბებიაჩემი ჩემს ბავშვობაშივე დავმარხეთ, ადრეულ გაზაფხულზე, სიფრიფანა და თხელი, ოღონდ იმ დღეს უფრო გაფშიკული იყო, ვიდრე საერთოდ, რაღაცნაირად იმ ,,სუხარივით’’ 90-იანების კრიზისში რომ იკვებებოდა და მე დედას გაკეთებულ ყველა გემრიელ საჭმელზე მეტად რომ მიყვარდა.

მე არასოდეს მითქვამს შენთვის, რომ ასე შორს შენგან, სადაც ყველა მეორე ბებია ვაშლის ღვეზელით უმასპინძლდება კვირაობით სტუმრად მისულ შვილიშვილებს, რომლებსაც მთელი ცხოვრება ზღაპრებს უყვებიან და აჯერებენ, ყოველ დილას სიგარეტს ყავის ნაცვლად შენზე ფიქრებს ვაყოლებ და მჯერ,ა რომ ოდესმე მეც დავწერ ჩვენ თუ არა, ჩემ ზღაპარს მაინც.

არც ჩემ გაზაფხულს უთქვამს არასოდეს არაფერი სუიციდზე, უბრალოდ მარტის ბოლოს დგება ხოლმე და აყვავებულ აპრილსა და მაისში იკარგება, გამოფარტული განწყობის ამარას ისე მტოვებს უსასრულო წვიმაში, იმედგაცრუებასაც ვერ ვასწრებ..

არასოდეს უთქვამს  წვიმას რომ ჩემს ყელზე შეხებისას ყოველთვის გრძნობდა, შენ ვერასოდეს შეგცვლიდა, და არასოდეს გამოუთქვამს მწუხარება იმის გამო, რომ მუდამ მახსენებს იმ ადრეული გაზაფხულის დღეს, როცა ბებია ჩვეულებრივზე უფრო გაფშეკილი იყო.

არც დედასთვის მითქვამს რომ ამ წვიმიან თვითმკვლელ გაზაფხულზე ყველაზე მეტჯერ ვნახე სიზმარში და ყოველთვის პატარა გოგო იყო, ჭრელი ჩითის კაბით და ყვავილებიან მინდორზე თამაშობდა, იმ მინდორზე.

არავის უთქვამს ჩემთვის რომ ყვავილებიან მინდორზე წოლა და მზის სხივების საკუთარ სხეულში შეგროვება მთელი ცხოვრება ვერ გაგრძელდება, უბრალოდ მე თვითონ დავინახე მინდორზე ძლივს შესამჩნევი კვალი და მას გამოყოლილმა მზის გოგონას ნაცვლად ძლივს შესამჩნევი სილუეტი დავინახე სარკეში.

მერე
როცა ჩემ ყვავილებიან  მინდორს მარტო სიზმრებში ვხედავდი და როცა ჩემი ყელი ისევ გულგრილი იყო წვიმის წვეთების მიმართ და შენ გიხსენებდა, სადღაც თვალი მოვკარი მზის შუქზე ალაპლაპებულ სარკის ნამტვრევებს…


პ.ს.როდესმე  დაკარგულ სიტყვებს და ვაშლის ღვეზელის რეცეპტს ალბათ ვიპოვი