Showing posts with label რაც მიყვარს. Show all posts
Showing posts with label რაც მიყვარს. Show all posts

Saturday, October 27, 2012

შემოდგომის თანხმლები ჭყლოპინები

მარიამი, რომელიც ჩემსავით პარასკევ დღეს და 27 რიცხვში გაჩნდა, 3 თვის გახდა.
მარიამის დედისთვის ეს იყო ყველაზე გრძელი და ემოციური 3 თვე მის ცხოვრებაში.
ეს კი ნაწყვეტია ჩემი და მაროს საღამოს დიალოგებიდან.



წუხელ მესამედ მესიზმრა მოსიარულე მარიამი.
როგორც ჩანს, ყველაზე მეტად ეგ მეჩქარება.

კარგი შემოდგომაა, მთელი თავისი ღამეული წვიმებით, დილას შედარებით ჯანსაღი ჰაერით, სასიამოვნო მოლოდინებით და თანმხლები ჭყლოპინებით.
მე ამ შემოდგომაზე საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ შვილზე ლაპარაკი გაცილებით მარტივი ყოფილა, ვიდრე მაგალითად ქმარზე.

მალე ჩემი დაბადების დღეც მოვა, რომელიც მინდა რაღაცნაირად განსხვავებული იყოს, თუმცა ჯერ ვერ მოვიფიქრე, ზუსტად როგორი მინდა. ხუმრობა საქმე ხომ არ არის, ბოლოს და ბოლოდ 25 წლის ვხდები.

ბედნიერი შაბათ-კვირა თქვენ,
ბედნიერი შაბათ-კვირა ჩვენ.

Wednesday, January 25, 2012

just a slow day




სულ, სულ ცოტა ხანში ჩვენ ერთად ვიცხოვრებთ. იმედია დიდხანს და ბედნიერად.

მანამდე კი, სანამ ღამღამობით ძალიან ძალიან ლამაზად თოვს, სანამ ისე მეზარება მეცადინეობა, რომ  ადამიანური ენით ამას ვერ გადმოცემ,  იმაზე ვფიქრობდი, როგორი უნდა იყოს სახლი, სადაც დიდხანს და ბედნიერად უნდა იცხოვრო, ორიათასრვაასზე მეტი რესურსი გამოვიწერე.
სულ  ლამაზი სახლების ლამაზი სურათებით გაძეძგილი და იმდენი ლამაზი ნივთი ვნახე, სულ ამებნა თავგზა.

ხოოდა, მინდა ეს ჩემი ლამაზი და თავგზააბნეული პერიოდი ბლოგზეც დარჩეს.

მერე როდესმე მოვბრუნდები, გამეხარდება, გამახსენდება, რა იცი, რა ხდება
















პ.ს. ესეც დღევანდელი სიმღერა

Tuesday, January 10, 2012

ჩემო ღმერთო, წამიყვანე გორელოვკაში

იცით რაა ძალიან, ძალიან ცუდი?
აი, დილას ადრე რომ დგები, სამსახურში მოდიხარ და შუადღისას ამ შენ საოცარ, საოცნებო ოფისში მზე ისე რომ შემოდის, გეგონება გაგანია ზაფხულია, გარეთ თბილა, ყველა ბედნიერია და ეგეთები. ფანჯრებს აღებ, გიხარია, ვოტ, სითბო. 
გარეთ კიდევ არაფერიც. ჩვეულებრივი ზამთარია.
სუსხებით და ბევრი ტანსაცმელი რომ უნდა გეცვას შენი ნების საწინააღმდეგოდ, ეგეთი. 

მე კიდე გაზაფხული მინდა და  ჩემო ღმერთო, თუ ამ გაზაფხულზე არა, როდესმე გაზაფხულზე მაინც წამიყვანე დუხაბორების სოფელში. აი, ეგეთი სახლები რო დგას, იმაში. 



და კიდევ, ბარემ აქვე.
როდესმე ალბათ ისევ ვიტყვი, წავედით, ბევრი ვიარეთ, ასე ოფისებში გამოკეტილი მზე საკმარისი არ არისთქო და ისეთ ადგილებს ვნახავ, რომლებიც გადამაფიქრებენ, რომ მალე სამყარო სრულიად ერთნაირი და მოსაწყენი გახდება და მე ისევ ისე გატაცებით ავიღებ კამერას ხელში, როგორც ადრე. აი, ოლიას უვლია ეგეთ ამბებში და გადაუღია კარგი ფოტოები. 


Wednesday, January 4, 2012

ხორცი, კვერცხი და ბალახეულობა ნადღესასწაულევს


ხო, მე მიყვარს ხორცი, კვერცხი და ბალახეულობა იშვიათად. 

სამუშაო საათების დამთავრებამდე რამდენიმე წუთი დარჩა. 
მე საშინლად მშია.
 და საერთოდ, მე აქამდე სულაც არ ვიცოდი, რა იყო შიმშილი. 
ეს ამ ბოლოს გავიგე და იმის შემდეგ ახალი საქმე მაქვს.
 დავდივარ და ვათვალიერებ დღეში ათასობით საჭმლის რეცეპტს და მგონია ხოლმე, რომ ასე უფრო ნაკლებად მომშივდება. და როცა საჭმელები აუცილებლად ჩემი გასაკეთებელი იქნება, მე ყველა რეცეპტი მემახსოვრება და რიგრიგობით გავაკეთებ მთელ ამ გემრიელობებს. 
უკვე ნადღესასწაულებ ახალ წელს გილოცავთ.



Saturday, September 24, 2011

ვაკანტური ადგილები, ასეთი ცხოვრებები და სხვა ბედნიერებები

მთელი კვირა  ჩემ სამსახურში ვიღაცეები დადიოდნენ გასაუბრებაზე.

ასე მოდიან, ფიქრობენ, რომ რაღაც კონკრეტული თანამდებობა მაინცდამაინც მაგათთვის არის შექმნილი, ზოგს შეიძლება არც აქვს იმედი, მაგრამ მაინც მოდის, იმიტომ რომ დაურეკეს და იფიქრა, იქნებ რამე იყოს, იქნებ ტყუილად ვარ ნიჰილისტიო.
 ზოგი ალბათ არც არაფერს არ ფიქრობს, უბრალოდ, უსაქმურობა და უფულობა მოწყინდა და სამსახურის ძებნა დაიწყო.

ისე მოდიან, სათითაოდ, მერე  ჯგუფ–ჯგუფად ერთიანდებიან  და სანამ ვინმე გაესაუბრება, დერეფანში კონკურენტებთან იწყებენ კომუნიკაციას. თან ისეთ კომუნიკაციას, აბა ვნახო, ეს ვინ არის, რა გამოცდილება აქვს, რა მოსაზრებები ამ ვაკანსიაზე, რა იცის, სად უსწავლია. მოკლედ, ადამიანური ამბებია.

მე კიდე მთელი კვირაა ყველა ჩემი ძველი სამსახური და იქ მოსახვედრად გავლილი გასაუბრებები გამახსენდა.
აქვე გეტყვით, რომ მე კატეგორიული ტონით არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ სამსახურის დასაწყებად ნაცნობ/ახლობელია საჭირო და არც იმას, რომ რაც არ უნდა ჭკვიანი იყო, ამ ქვეყანაში არაფერს აზრი არ აქვს.
მეტიც, კატასტროფულად ვერ ვიტან, როცა იმას მიმტკიცებენ, რასაც წლებია საკუთარი სამსახურებით ვაბათილებ. დავდივარ ხოლმე გასაუბრებებზე, მჯერა რომ ეს ის არის, რაც მე მინდა და მერე ხარ ვიწყებ მუშაობას, ხან ძველ ადგილზე ვრჩები. ასე, ახლობლების და ამერიკული ოცნებების გარეშე აგერ უკვე რამდენი ხანია.

ხოოდა, მთელი კვირაა მახსენდება, როგორ ვიჯექი 17 წლის მე ზაფხულის არდადეგების მიწურულს სახლში მარტო, როგორ ვნახე რაღაც გაზეთში ვაკანსიების ვრცელი ჩამონათვალი და იმ ჩამონათვალში ერთადერთი დასახელება, რომელიც ჰუმანიტარებისთვის იყო განკუთვნილი. მეორე კურსზე გადავდიოდი და ვიფიქრე, სწავლის დაწყებამდე ვცდი, სახლიდან გარეთ გასვლის მიზეზი მაინც მექნებათქო. დიდხანს დავიდიოდი გასაუბრებებზე, მერე სტაჟიორი ვიყავი, მერე ფრილანსერი, ამასობაში სამი წელი გავიდა და მე  გერმანიაში წავედი.

მერე მახსოვს როგორ ვიყავი 20 წლის მე სრულიად მარტო შემოდგომის ბოლოს ცენტრალურ გერმანიაში, როგორ მეგონა, რომ ყველა უნდა მომსალმებოდა და ეთქვა: რა კარგია, რა გადასარევია, შენ რომ ჩამოხვედი, შენ ხო აქ ჩამოსვლა მეორე კლასიდან გინდოდა და მოსაწყენ გერმანული გრამატიკის სავარჯიშოებსაც გულმოდგინედ ავსებდი. აი, ეგრეა, რასაც მოინდომებ, გექნება. ახლა აქ ხარ და დატკბი აქაურობითო. მაგრამ სულ ტყუილად მეგონა. იმ ცივ გვიან შემოდგომას  1 თვეში 3 სამსახური გამოვიცალე და არავის არ უთქვამს, რა კარგია, აქ რომ ხარო. მე სულ მარტო ვიყავი, 20 წლის და ქვეყნის მოსახლეობა 80 მილიონზე ბევრად მეტს ითვლიდა უკვე იმ დროისთვის. სრულიად არამხიარული ამბავი იყო, უბრალოდ, ბევრი ვიმოგზაურე იმ წელს.

მახსოვს გერმანიიდან ჩამოსულს როგორ მინდოდა დასვენება, მერე როგორ წავედი ზა ინწერესა გასაუბრებაზე და დავიწყე ერთ–ერთ წყეულ ტელევიზიაში მუშაობა, სადაც თავიდან მეგონა რომ ტაქსის გარდა არაფერი მიდიოდა და საღამოობით შემოგარენში ტურები კიოდნენ. გულისხმიერი ოპერატორი მყავდა და ზოგჯერ გადაღებების მერე ალკოჰოლს მთავაზობდა რელაქსაციისთვის.
იქიდან მალე წამოვედი, საკმარისად სკანდალური ხმა არ მქონდა. გამოვიდა, არ ვივარგე ჯოჯოხეთისთვის.

მერე კიდე ვიყავი გასაუბრებაზე, მერე კიდევ, მერე კიდევ. ბათუმში არ ამიყვანეს, თბილისში ამიყვანეს, ძველ სამსახურში ვერ დავბრუნდი, სრულიად ახალი ვიპოვე და ასე. შიგადაშიგ კერძო პროექტები ჩნდებოდნენ, სამსახურებზე უფრო საინტერესოები და რამდენიმე დღით სხვა რამეზე გადადიოდა კონცენტრაცია.

ხოოდა, რაღაც სევდიანი სურათია რომ უყურებ ადამიანებს, რომლებსაც შენზე მეტი ან ნაკლები გამოცდილება აქვთ, შენზე მეტი ან ნაკლები უნახავთ, შენზე იმედიანები ან უიმედოები არიან, შენზე თავდაჯერებულები და მიზანთროპები ან სულაც პირიქით და ფიქრობ, რომ ის, რაც ამ წუთას მათთვის მნიშვნელოვანია, რაზეც იმედებს ამყარებენ, რის გამოც ვიღაცა თავისსავე მდგომარეობაში მყოფს სახელდახელო დიალოგში ითრევენ, მნიშვნელოვანი მხოლოდ რამდენიმე დღეა.
გზადაგზა რუტინა ხდება, შენ სისტემის ნაწილი ხარ და თან ისეთი, რომ შენი ქარიზმების ქრობას და უძილო სახეს პროტესტის გარეშე იღებ.

ეგეთია ცხოვრება ჩემო დერეფანში გადაყრილო უცნობებო, თავგამოდებით მომუშავე და შედარებით უსაქმურო მეგობრებო, ყველა ჩემო გადასარევო ადამიანო, რომლებიც ფიქრობთ, რომ სამსახურები ბედნიერებებს მოგიტანთ და იმათაც, რომლებსაც უკვე წლებია ვაკანსიებისთის თვალი არც კი შეგივლიათ, შემთხვევითო გამვლელებო, ერთ დროს რომ მივიჩქარით დილაობით  ოფისებისკენ და საღამოობით სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახეებით რომ მივდივართ სხვადასხვა ადგილებისკენ.



მე კიდე მჯერა, რომ არსებობს სხვა ბედნიერებიც.

და ისიც კარგად ვიცი, რა მაგარია, როცა შენ რაღაცას აკეთებ, როცა შენ ხარ ის, ვიზეც არჩევანს აკეთებენ, როცა შენში ძალას გრძნობ და იცი, რომ რაღაც შეგიძლია და  იცი, რომ სხვა ბედნიერებების არსებობის შემთხვევაში, მათთან მისასვლელად ზოგს დიდი და ზოგს მოკლე გზის გავლა ჭირდება.

p.s. ტექსტში ჩართული სიმღერა, შეიძლება რომ გეგონოს, ტექსტთან არაფერ შუაშიაო, შუაშიაო. აი, მაგ კაცმა იცოდა სხვა  ბედნიერებების ამბები და ეგ ჩანაწერი მგონი ერთ-ერთი ყველაზე კარგი ლაივის ჩანაწერია/

Monday, March 14, 2011

Bits Of My Weekend

ერთი კარგი ბლოგერია, კარგა ხნის წინ აღმოვაჩინე, იმას აქვს ხოლმე ეგეთი პოსტები, Bits  of my weekend, თავისი მეგობრის, კატის, მოგზაურობების, საჭმელების და ოთახების სურათებს დებს ხოლმე, კაი ტიპია მოკლედ.
 რამე ანალოგი არ არის ეს პოსტი, უბრალოდ, მინდოდა კიდევ ერთხელ მეთქვა ჩემი თავისთვის : "კი, ჩემო ტკბილო ნასტასია, ნამდვილად გენიალურია, როცა 23  წლის ხარ, ლამაზი და მშვენიერი და გიხარია, რომ გაზაფხული უკვე მოვიდა. "
რადიაცია ალბათ გაიზრდება, სამუშაო კვირაც თავის წილ ნერვებს წაიღებს და მე გამიჭირდება ხვალ დილას ადრე ადგომა, მაგრამ დიდი არაფერი, მე  ვიცი ჩემი წილი ბედნიერებები სად შეიძლება გამოიქექოს.
ბედნიერ კვირას გისურვებთ :)
პ.ს. ამის წინა პოსტი სულაც არ იყო ისეთი საშინელი, რომ კაციშვილს არ წაეკითხა, მერე რამ დიდი იყო, ბოლოში მშვენიერი ამბები ეწერა. 

Thursday, March 3, 2011

დედები არ ჭამენ დაშაქრულ მარწყვს



პირველად რომ მოვისმინე ოდნავ პათეტიკური მომეჩვენა.
მაგრამ სისულელეა რამე მოგწონდეს ან გიყვარდეს და გული გეთანაღრებოდეს, სულელურად, გულუბრყვილოდ ან პათეტიკურად ხომ არ ჟღერსო.

საერთოდ ,როცა გიყვარს ან მოგწონს, გული არ უნდა გეთანაღრებოდეს.


როცა გიყვარს, ქუჩებს რომ წალეკავს ხვალ, იმ ყვავილების თაიგულები არ უნდა მიათრიო სახლში.


როცა გიყვარს, არ უნდა ამშვიდებდე იმით, რომ კომუნიკაციის დეფიციტი ჩვეულებრივი მოვლენაა და არასოდეს არ არის ჰარმონია თაობებს შორის.


როცა გიყვარს, არ უნდა ამტკიცებდე რომ შენი საქმის შენ უკეთ იცი და მათ უკვე მიიღეს თავიანთი წილი გადაწყვეტილებები.


როცა გიყვარს, არ უნდა თვლიდე, რომ  ახლა და ამ სივრცეში შენ უკეთ ორიენტირებ. დედამიწაზე იშვიათად იცვლება რამე და ყველა ჩვენ გარშემო მოქმედი წესი კარგად გემრიელად ძველია.


როცა გიყვარს, არ უნდა ფიქრობდე, რომ ისედაც ცხადია და ლაპარაკად არ ღირს.
ზუსტად ვიცი, როგორი სასიამოვნოა, როცა კიდევ ერთხელ გახსენებენ, რომ ვიღაცას ზუსტად შენ უყვარხარ.


როცა გიყვარს, გგონია, რომ ვინაიდან გიყვარს, უკვე რაღაც გააკეთე და ახლა უკვე სრულიად ბუნებრივია, დილა საღამოს რომ იმეორებ დაჟინებით, თქვენ გარეშე უკეთ ვიცხოვრებდიო და შეიძლება მართალიც იყო.
მაგრამ ჩვენ დედებს ალბათ ყველაზე ცუდად რაც გამოდით, "როცა გიყვარს" კონსტრუქციიანი წინადადებებია, ისინი თვლიან, რომ უკვე რაღაც გააკეთეს და ლაპარაკად არც ღირს. ჩვენ კიდევ ყველაფერი ვისწავლეთ იმის გარდა, რაც წესით პირველად უნდა გვესწავლა.


ხოოდა, ეგრე, ქალაქს რომ წალეკავს იმ ყვავილების და პათეტიკის გარეშე.

პ.ს.გენიალურია, რომ ჩვენ ყველას ძალიან გაგვიმართლა, როცა ჩვენმა დედებმა 5-6 წლის ასაკში შეშის ნაჩეხებით არ დაგვხოცეს.

Saturday, February 19, 2011

The King of Limbs ანუ კომუნიკაციისა და მუსიკის ამბები

კაი ხნის წინ იყო ეგ ამბები:  მე ჩვეულებრივი ლაწირაკი ვიყავი ახლად ნაყიდი კომპიუტერით და ჯერ ჩამოუყალიბებელი მუსიკალური ( და არა მხოლოდ) გემოვნებით.  მოსაწყენი ზამთარი იყო და მგონი დიდი არაფერი საქმე მქონდა.

ხოოდა, სკაიპში გამოჩენილი ახალი კონტაქტი ზუსტად სულზე მისწრება აღმოჩნდა.
 ზამთარიც აღარ იყო მოსაწყენი, კომპიუტერმაც ფუნქცია შეიძინა და მე კიდევ ამ ჩემი chat lover-ისგან ყოველდღე ახალ-ახალ აუდიო ფაილებს ვიღებდი.

მშვენიერი იყო. იმ მოსაწყენ ზამთარში იმდენი ვინმე შემიყვარდა და იმდენი რამე აღმოვაჩინე, მეგობრებს რომ ვხვდებოდი ხოლმე, მგონი მარტო ჩათის ისტორიებს ვუყვებოდი. ისინიც თავებს უკმაყოფილოდ აკანტურებდნენ  და აღფრთოვანებას არც კი ცდილობდნენ.

ტომიკას გააზრებული სიყვარულიც მაგ ამბების ნაწილია. თან მაშინ  ჯერ კიდევ არ ჰქონდათ გამოშვებული ისეთი ალბომები,  ნიჰილისტი მელომანები  ცხვირს რომ  აიბზუებდნენ და სამართლიან  უკმაყოფილებას არ დამალავდნენ. მაგრამ მაგას მაშინ სულაც არ ჰქონდა დიდი მნიშვნელობა, მე ჩვეულებრივი ლაწირაკი ვიყავი.
მელომანები  და ალბომების რეცენზიები   სულ არ მადარდებდა.
უბრალოდ, მუსიკა  და კომუნიკაცია მსიამოვნებდა.

ხოოდა, დღეს გადმოსაწერი ლინკის დანახვაზე თვალები რომ ამიციმციმდა და სახლში მოსვლას არც დაველოდე, სამსახურშივე გადმოვწერე ეს ახალი ალბომი, ფეისბუქზეც დღის ტოპ თემა ეგ არის და ამ ვიდეომაც, ტომიკა ჯასტინ ტიმბერლეიქს რომ მაგონებს და მაინც მიყვარს, სულ რომ არ მინდოდა ისე, ის ზამთარი გამახსენა, მოსაწყენი რომ იყო და მე  ჩვეულებრივი ლაწირაკი ვიყავი.

არადა, სულაც არ მიყვარს ხოლმე ეგეთი ძველი ამბები რომ მახსენდება. არ არის სასიამოვნო იმის ხელახლა გამეორება, როგორ მოხვედი აქამდე. მაგაში გუშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, ჩაის ბოლო კრიზისის ამბებს რომ ვაყოლებდი. დიდი ვერაფერი სიამოვნებაა.

მაგრამ იმდენმა თქვა, ეს ის არ არის რასაც ველოდიო, აი, პირველი კი კარგია, მაგრამ მთლად ისეთი არ არის, როგორიც ალბომის პირველი ტრეკი უნდა იყოს, სამაგიეროდ, ბოლოზე ტანმა გვიგრძნო, რომ კაი იქნება და საერთოდ, სოლო კარიერას რომ მიხედონ ცალკე ტომიკამ და ცალკე მაგისმა დრამერმა, მეტი მაინც არაფერი ისმის ამ ახალ ალბომშიო, ვიფიქრე, რომ აუცილებლად უნდა ვიფიქრო ის, რასაც ვფიქრობ თქო.

სულაც არ არის მარტივი, ამდენ ადამიანს  უყვარდე და გელოდებოდეს. შენ კიდევ ყოველთვის იმას სთავაზობდე, რასაც ითხოვენ.


იმასაც რომ სთავაზობდე, რასაც ითხოვენ, მაინც მეტი მოუნდებათ და მაინც იტყვიან, წავიდეს და რამე უკეთესი გააკეთოსო.


თან შენ ერთხელ უკვე გააკეთე რაღაც ისეთი, რის გამოც ამდენ ადამიანს უყვარხარ, გელოდება და შენგან უკეთესს ითხოვს, შეიძლება მეტჯერაც და კაცმა რომ თქვას, ეგ  საკმარისიცაა. უბრალოდ, ძნელია თქვა, საკმარისია და გეყოთ, რაც დაგიწერეთო. თან გელოდებიან. რატომ იტყვი.


ადამიანებმა ის იციან, შენგან რას დაელოდონ, თორემ თვითონ იმის ნახევარსაც   ვერ/არ აკეთებენ, რასაც შენგან სიამოვნებით მოითხოვდნენ/მიიღებდნენ.


ადამიანებს სულ გვავიწყდება, რომ დაუმთავრებელი აღფრთოვანებები არ არსებობს და რომ თავისთავად მნიშვნელოვანი პირველი აღფრთოვანებებია,  მერე დანარჩენები ჩვევის, ინერციის, სიყვარულის და ყურებისარჩამოყრის სურვილის ბრალია. 
უბრალოდ, გინდა რომ  რაღაცეები გრძელვადიანი სიყვარულისთვისაც გრჩებოდეს.


და თუ რამემ როდესმე აღგაფრთოვანა, ის უკვე კარგია, სულაც არ შეუძლია ყველა მეორეს ეგ. 



ხოოდა, ეს ალბომი რომ არ გადმომეწერა და ასე გაბმულად არ მესმინა, სულაც არ დავდგებოდი ძველი  ამბების გახსენების ხასიათზე, არადა, ისეთი მარტივი და კარგი იყო მაშინ რაღაცეები. ეგრეა, როცა მარტო მუსიკა და კომუნიკაცია გსიამოვნებს და ასეა, როცა დეტალებს უჩიჩხინებ.

გზადაგზა სიამოვნების და აღფრთოვანების უნარს კარგავ, მერე წახვალ და ტომიკაზე იტყვი, უკეთესი ალბომი რატომ არ დაწერაო. მერე უცბად დაფიქრდები და სულ ვერ მიხვდები რატომ უძახი ამ კაცს ტომიკას, მაშინ როცა ფამილარული ურთიერთობები საშინლად არ გიყვარს, ეს კაცი კიდე შენი მეგობარი არ არის.

მოკლედ, ეგრე. ბარემ გადმოსაწერი ლინკიც, თუ ვინმეს მოგინდებათ, შორს რომ არ იაროთ . მე კიდევ, სულაც არ მინდოდა ამ ალბომის დაცვა და არც ნიჰილისტებიდან გვერდზე გადგომა. მეც ისე ხშირად ვარ ხოლმე უკმაყოფილო, იმდენს ვითხოვ და ისე მინდა, გარშემო მხოლოდ აღმაფრთოვანებელი რამეები ხდებოდეს, სულ მავიწყდება რომ როდესღაც მხოლოდ მუსიკა და კომუნიკაციაც კი საკმარისი იყო.
მერე კიდე ავდექი და სულ დავკარგე ეს აღფრთოვანებების უნარი და ახლა ინერციები დამატარებენ.

p.s. ბედნიერი შაბათ-კვირა თქვენ, ბედნიერი შაბათ-კვირა მე.

Wednesday, January 19, 2011

მზევ შინ შემოდი

ეს სურათი უძველესია. მე კიდევ
ისეთი მსუქანმკლავებიანი,
სინდისი რო მქონდეს, წავშლიდი.
ამ დროს მე მიყვარს.
ტომუშკამ მე ვხედავ მზეს და თქვენც დაინახეთ, თუ კაი ხალხი ხართო.

რატომაც არა თქო, მაგრამ მერე ვიფიქრე, ისედაც  არეული პერიოდი მაქვს, კონცენტრაცია მიჭირს, გაღვიძება მიჭირს, ყურადღების მოკრეფა მიჭირს, რა დროს მზეა, თან ხალხი თოვლს უფრო ნატრობს, ვიდრე მზეს თქო.

მერე ვიფიქრე, ამ ბლოგზე სულაც და სულაც აღარაფერს აღარ დავწერ და თვითგამოხატვის სხვა გზას ვიპოვი, ისედაც საკმარისი ვწერე, როდესმე ხომ ყველაფერი მთავრდება თქო.

მერე არაფერიც აღარ ვიფიქრე, ავდექი და ამ პოსტის წერა დავიწყე.მზის და პოზიტივების ხათრით, შიგადაშიგ პოზიტივებს გამოვთლი და სხვენზე შემოვაწყობ ხოლმე.


პარასკევი:
  • თმა კიდევ ერთხელ შევიღებე და უფრო წითელია. თმების შემღებავმა აზა დეიდამ პავლიაშვილის მოსკოვის ბინის ფოტოები იძულების წესით დამათვალიერებინა, სამაგიეროდ მითხრა, ჯანსაღი თმა გაქვსო. ძალიანაც კარგი.
  • მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ისე ვიჯექით, როგორც რეანიმაციაში სხედან ხოლმე, სანამ ვინმე ძალიან ახლობელი კვდება და მე ჯერ კიდევ ვერ გავიგე, მთელი ეს ამბავი კარგია თუ ცუდი,იმ საღამოს  გემრიელად ვიტირე და ხომ სისულელეა, მაგრამ რაღაცნაირად კარგი იყო.  ემოციების დაბლოკვა ცუდი ამბავია, მე კიდევ  იმდენი ხანი მეგონა, რომ  ნამდვილ ნასტასიას არ უნდა ეტირა. სულაც არ არის ეგრე. თუ რაღაც შენთვის მნიშვნელოვანი სულელურად მთავრდება, ისე რომ ვერ იგებ, მარტო შენთვის იყო მთელი ეს ამბები მნიშვნელოვანი თუ კიდევ ვინმესთვის დედამიწის ზურგზე, როცა ვერ ხვდები რატომ ზიხარ ასე, თითქოს ვინმე რეანიმაციაში გიკვდებოდეს, ზუსტადაც რო უნდა იტირო.
შაბათი: 
რეკომენდირებული საკითხავი
დილას სავარაუდოდ გვიანობამდე მეძინა. მერე ავისხი გუდა ნაბადი კი არადა, ლეპტოპი,  საჯაროს საშვი, თერმოსით ყავა და გემრიელი ზღაპრები ვიკითხე საღამომდე.

ნატამ თქვა, საჯარო ისევ ის მგონია, კატალოგები რომ იყო და გათბობა მხოლოდ ქართველოლოგიის დარბაზში იყოო. მაშინ აბა რომელი ერთი ვიოცნებებდით ინტერნეტსა და ციფრულ კატალოგებზეო. იმის მერე სულ რამდენიმე წელი გავიდა.

მე მაშინ ზღაპრებს არ ვკითხულობდი, ნატას ბავშვი არ ყავდა და ერთმანეთისთვის ბევრად მეტი დრო გვქონდა.
სამაგიეროდ, ასე ზუსტად არ ვიცოდი, რომ ხშირად ნახვების და სხვადასხვა ცხოვრების სტილის მიუხედავად მაინც ასე მიყვარდა.

კვირა:

  • ძველი ტელეფონი უმოკლეს დროში ნორმალურ ფასად გავყიდე ვიღაც ემიგრანტზე. ყავის სანაცვლოდ მომიყვა ოკეანის კუნძულებზე საფრანგეთის ლეგიონის მოღვაწეობის ამბებს, აფრიკაში მსახურობის სირთულეებს და კიდე იმ ემიგრანტულ ამბებს, ყველა ერთმანეთს რომ გავს.მე მაინც გული მიჩუყდება მაგ დებილი ამბების მოსმენისას და ჩემი ყველაზე დეპრესიული წელი მახსენდება ხოლმე.
  • 2 ახალი სათვალე, 2 ახალი ჟაკეტი, დიდი და გრანდიოზული ყურსასმენები  და მაქმანებიანი თეთრეული ვიყიდე. იმდენი ხანია საყიდლებს ვგეგმავდი და სულ მეზარებოდა. ყველაფერი მომწონს. სანდრომ თქვა, მთელი ტელეფონის ფულით ყურსასმენები უნდა გეყიდა და მერე იქნებოდი მაგარიო, მაგრამ სად ესმით კაცებს რომ ქალებს ბევრი გასართობი და სისულელე  ერთად ჭირდებათ. ასე რომ საყიდლები გენიალური იყო.საღამოს კონცერტზე ვიყავით.
  •  პირველად ცხოვრებაში ნამდვილი იაპონელი მუსიკოსების კონცერტზე. კონცერტი ნარმალნო, სამაგიეროდ ჩვენ წინ ვიღაც წყვილი ცეკვავდა ისე, ლოგიკური იყო ადრე რომ წამოვედით. როცა ჩემი საკუთარი ამბები არ მაკმაყოფილებს, სულაც არ არის გადასარევი ვიღაც შემთხვევით გადაყრილების უადგილო ბედნიერებები. ყოველ შემთხვევაში მაშინ ეგრე ვიფიქრე.

ორშაბათი
მეგონა, რომ ლექტორების გულისხმიერების მეტი დიდი არაფერი მექნებოდა აღსანიშნი.
მერე ბაბისა ვნახე და კიდე მერე აღმოჩნდა, რომ პლიუს ერთი ბიძაშვილი მეყოლა.
მამა მთელი საღამო იძახდა, ჩვენ გვარში 5 შვილი მგონი არავის ყოლიაო.

მე კიდევ  სინდისი მქენჯნიდა, რომ ბავშვები რაც მეტია, სიხარული ნაკლებია. და საერთოდ, რაღაცას რომ არ ელოდები და ისე მოდის, ზედმეტი ვნებათაღელვების გარეშე, ჩვეულებრივი მოვლენა გგონია. 
რაღაცეები სულ რომ ხდება, ეჩვევი და აღარ გიხარია და საერთოდ,
ამ პაწაწუნა, 2 კილო და 200 გრამ, 48 სანტიმეტრიან არსენებას სულ არ ადარდებს, მეხუთეა თუ პირველი. მერე კიდე ალბათ ადგება და კაი ტიპი გაიზრდება და ჩვენც ჩვეულებრივად შეგვიყვარდება.ვინ იცის, ჩვენ რო ბებრები ვიქნებით და ეგ ახალგაზრდა, იქნებ აღვფრთოვანდეთ კიდეც. 23 წელი კაი დიდი სხვაობაა.
კი, 23 წლის მერე მე ნამდვილად სოლიდური ასაკი მექნება.
მერე ალბათ ასე მტკიცედ აღარ მექნება გადაწყვეტილი, რომ ან ჩვეულებრივ არ უნდა მოხდე, ან კაი ტიპი უნდა გამოხვიდე, როცა გაიზრდები, იმისთვის რომ გარშემომყოფებს სიყვარულის მეტი გზა არ დაუტოვო. კაია სოლიდური ასაკი, მკვეთრი მიჯნები უნდა იშლებოდეს წესით.
სოლიდურ ასაკში ჩვეულებრივ შეგიძლია მოხდე.ახლა არა. რა წესია.


სამშაბათი
როგორც იქნა დავამთავრე რაღაც მორეფერატო და დავტოვე კათედრაზე. საშინლად უკმაყოფილო ვარ, ბევრად უკეთესი მინდოდა ყოფილიყო, მაგრამ ეგრეა, სამსახური და სწავლა და არანაირი თავისუფალი დრო ერთად.

სამსახურში საქმეებს მალე მოვრჩი და "ბავშვები" ვნახე.
ბავშვები ძველი კარგი მეგობრების განსაკუთრებით ალერსიანი სახელია. მე მიყვარს რომ რაც დრო გადის ინდივიდუალიზმის დონე იმატებს და გასაცვლელი ამბებიც უფრო საინტერესო და ნაკლებ სავარაუდოა.
ხოოდა, მერე რა რომ უფრო და უფრო ნაკლები დრო გვაქვს ერთმანეთისთვის, სამაგიეროდ, ერთმანეთი გვყვავს.


შემდეგ პოზიტივებამდე.
მე ვხედავ მზეს კი არადა, მზევ შინ შემოდი რომ ერქვას ამ პროექტს, უფრო მომეწონებოდა.
ხოოდა, ამ პოსტს თუ დაუჯერებ, ყოველდღე სხვადასხვა განწყობები მქონია.

Wednesday, January 12, 2011

გენიალური გოგოს და მუსიკის ამბები, ზამთარში ნაბიჯების ტემპს რომ გირეგულირებს

ალბათ გახსოვთ  ლეგენდარული ოჯახი, სერჟ გინგსბურგის და ჟან ბირკინის?

აი, ზუსტად იმათი, სიმღერებში ”ინტიმური ხმები” (:D) რომ ისმოდა და ქალი ძალიან, ძალიან ლამაზი იყო და კაცი თითქმის შეუხედავი და ფაქტობრივად ხელიდან წასული, უბრალოდ,  ჭკვიანი და ქარიზმატული.

ხო, ზუსტად იმ ბირკინის, ზაფხულში ზუგდიდში რომ მღეროდა დევნილების მხარდასაჭერად და ჩემნაირი გულჩვილი ადამიანები ემოციებს რომ ვერ მალავდნენ, როგორ უცნაურად ბერდებიან და იცვლებიან ადამიანებიო.
ალბათ მათი ქალიშვილიც გახსოვთ, შარლოტა, რომელიც საოცრად გავს მამას და რომლის განსაკუთრებით  მესამე სტუდიური ალბომიც ყველა იმ ადამიანისთვისაა, რომელიც ამტკიცებს, ქალის ჭკუაზე არასოდეს გამივლიაო.

ალბომი ზუსტად საწინააღმდეგოში დაგარწმუნებთ.
 პირველივე ორი სიმღერა ისეთ რიტმებზეა აგებული, მოგინდება შენი გზა არასოდეს დამთავრდეს და შენ ნაბიჯებს ეს რითმები არეგულირებდეს, მესამე უკვე ფრანგულია და ისეთი, ოჯახური მემკვიდრეობის სუნი რომ ადის. ვოკალს თბილი ჟღერადობა აქვს, შენ ჩამოჯდომა გინდება და რამე თბილ, ოდნავ  ბნელ კაფეში გულახდილი საუბარი. მე არ ვიცი ფრანგული და არც ის, რაზე მღერის შარლოტა, ამ სიმღერაში, მაგრამ ვიცი, როგორ  შემიძლია გავიგო მისი ტკბილი, ნაკლებდინამიური ტექსტი. თუ თანმდევი ოდნავ პათეთიკური ინსტრუმენტალი ხელს არ შემიშლის, ნა-ნა-ნა-ნა ნა-ნა-ნა-ნა..
ეს გოგო გენიალურია.
მარტო ამ ალბომის გამო არა, ზოგადად არის გენიალური.
როდესღაცა, აწ უკვე წინა წლის მიწურულს, ავდექი და თითქმის ყველა ფილმი ვნახე, სადაც თამაშობდა.
 ქუჩაშიც სულ მაგას ვუსმედი,  აი, განსაკუთრებით რესპუბლიკის მოედანზე, რედისონის გვერდზე რომ ჩამოუხვევ და თაბუკაშვილს ჩამოუყვები, იქიდან  ისე გადის გზა ჩემ სახლამდე, თაბუკაშვილის დანგრეული სახლების ეზოებიდან გამოძურწულ უპატრონო კატებსაც კი ვერ შეამჩნევ.


ბოლოს რომ შევხედე,  last.fm-ზეც ჯერ ისევ  პირველ ადგილას მყავდა, მერე ვფიქრობდი, მუზამეზე დავწერ ოფიციალურ და რაღაც ისეთ რეცენზიას, გულზე რომ მოხვდება კაცს და შეუყვარდება, ბოლოს და ბოლოს ალბომში შესული ყველა სიმღერა მინუს ერთით Beck-ს ეკუთვნის და ამ გადარეულმა შარლოტამ მაშინ ჩაწერა, ავტოკატასტროფის მერე ტვინში სისხლის გაჟონვით სიკვდილს რომ გადაურჩა და საავადმყოფოდან ისევ ჯანმრთელი გამოვიდა, უბრალოდ, მერე ამტკიცებდა, ახლა უკვე სხვანაირად ვუყურებ ცხოვრებასო.
მაგრამ მერე ვიფიქრე, ისე ჩემთვის და ისე არა მხოლოდ ამ ალბომისთვის მიყვარს, ოფიციალური რეზენზია შეუფერებელი იქნებათქო, ახლა სამსახურის საქმეები მომწყინდა და მაინც გადავწყვიტე პრივატულ  გარემოში მომეყოლა ჩემი სიყვარულის ამბები. ისე,რეცენზიების და გასერიოზულების გარეშე.

გუშინ  კიდევ  last.fm-ზე ისეთი წერილი მივიღე, ლამის მართლა სხვანაირად შევხედო ცხოვრებას.
გადასარევია, ეს თუნდაც წელიწადში ერთხელ ისეთი წერილები და შემსრულებლები, მერე სულ რომ გაგახსენდებიან.


ხო, მადლობა შარლოტა რომ გაზაფხულივით ზამთრის მაინც სუსხიან ამინდებში შენს გამო გარეთ გასვლა ყოველთვის სასიამოვნო იყო.

ადამიანებს ისე ჭირდებათ, ვიღაცა რომ ასე ამოჩემებულად უყვარდეთ, გადასარევი ქენი, ეს სიმღერები რომ ჩაწერე და იმ ფილმებში ითამაშე, თორემ კაცმა არ იცის, ვინ განსაზღვერავდა ამ ზამთარში ჩემი ნაბიჯების ტემპს და როგორ დავარწმუნებდი ადამიანებს, რომ ქალის ჭკუაზე როდესღაც ყველას გაუვლია, ზოგჯერ სიამოვნებითაც კი.

პ.ს. სამსახური ზოგჯერ არც ისე აუტანელია, თუ იმ დღეს ლექციები არ გაქვს.
 მე ჯერ კიდევ არ ვიცი ნამდვილად თვალშისაცემია  ჩემი ასოციალურობა და სიმყუდროვე თუ მარტო მე მელანდება ამ გაზაფხულივით ზამთრის სამუშაო დღეების ბოლოს.

ფაქტია რომ აუტანლად მიჭირს დილას საწოლიდან გადმოფორთხება, კონცენტრაცია და ბედნიერების ისეთივე აიტანელი მოთხოვნილება მაქვს, როგორც ყველა ნორმალურ ნასტასიას უნდა გააჩნდეს.


Saturday, December 11, 2010

ფამუქის ქუჩა პარიზში და ახალი მთვარის ეფექტები თბილისში

ყველა შემდეგო შაბათო დილავ, ძალიან გთხოვ, ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე დღეს იყავი.
სულაც არ მომწონს ინტერნეტპროვაიდერებით დაწყებული დღეები, მით უმეტეს შაბათები.

არადა, სიზმარში პარიზში ვიყავი, სასტუმროში დედაჩემი, ჩემი და და კიდევ ილო აღმოვაჩინე.პარიზში სხვა რომელღაცა ქალაქიდან ჩავედი, მერე გერმანიაში მივდიოდი და მანამდე ფამუქის ქუჩაზე დავდიოდი. მიკვირდა, რომ პარიზში ფამუქის ქუჩა არსებობდა და ვაპროტესტებდი, რომ ის სულაც არ იყო წითელი.

პარიზი სულაც არ გავდა პარიზს, სასტუმროს ნომრებში ბევრი "ყიყლიყოები" იყო და საერთოდ, ჩემი სიზმრები ერთ დიდ გაუკვევლობად იქცა.

წინა ღამეს ვიღაც მეგობართაგანმა რაღაც გაურკვეველ ფართიზე გრძელი და ბევრთვლებიანი ყელსაბამის ძაფი გამიჭრა. თვლები მთელ იატაკზე მიმოიფანტნენ, მე ვამბობდი, რომ რეალურად თვლები კი არა, იატაკზე ჩემი დღეები, ემოციები და რეფლექსები ეყარა.

მამამ 9 საათია, ადექიო, თვალები გავახილე, ვიტირე და ისევ დავიძინე. 10ზე ხელახლა გავიღვიძე.
ლექციაზე დამაგვიანდა.
საღამოს ვფიქრობდი რომ სავარაუდოდ ძალიან სენტიმენტალური მოხუცი ვიქნები და სულაც ვერ აღვფროვანდი.სავარაუდოდ აუტანელი იქნება.

მე დაფაფიქსირე, რომ სავსე  მთვარეზე ვამპირების ეშვების ანალოგიით, ახალ მთვარეზე ძველი ბიჭები გამოდიან. არ ამ აღმოჩენას გავუბედნიერებივარ. მოსაწყენია მთელი ეს წრეები.

რამდენიმე დღის წინ 3 ერთმანეთზე მომხიბვლელი და რეალური სურვილი გამიჩნდა და მივხვდი, რომ ასე ძალიან და მკვეთრად განსაზღვრულად უკვე წლებია არაფერი მნდომებია.
ხოოდა, დავდივარ და ვკითხულობ, რამე ძალიან რომ გინდა ის ხომ აუცილებლად, აუცილებლად გამოვა თქო.
რაც არ უნდა მიპასუხოთ თქვენ ან სიზმრებმა,ახალმა და ძველმა მთვარეებმა ან ახალმა და ძველმა ბიჭებმა, მე მაინც ძალიან, ძალიან მინდა რომ ჩემი მკვეთრი სურვილები ასრულდნენ.

გუშინ საღამოს იმ საშინელი წითელი პომადის წასმა დამავიწყდა სამსახურდან გამოსვლის წინ და მეგონა, მარშუტკები მხოლოდ იმიტომ არ მიჩერებდნენ. მერეც, სადღაც მივედი და თავს საშინლად ვგრძნობდი. მალევე წამოვედი და სწორადაც მოვიქეცი.
საშინელებაა ღამე ტრანსპორტი რომ გჭირდება, ვერაფრით ვერ ვარჩევ მარშუკტების ნომრებს.ამიტომაც საბოლოოდ სახლში ფეხით დავბრუნდი. ჩემი და ირაკლის თეორიის თანახმად აუცილებელია სახლში მისვლამდე ფეხით სიარული, თუ საბოლოოდ დაცომებას და გამოშტერებას არ გეგმავ.
საწინააღმდეგო არგუმენტები არ მიიღება.

მე სულაც ვერ მივხვდი, რომ უკვე ერთი წელი გავიდა.
ადაპტირება სახეზეა, ცვლილებებიც და მარადიული ამბებიც.

თოვლის ბაბუავ, შენ რა გენაღვლება, წელსაც მოზიდავ სულელურ საჩუქრებს და გააცრუებ იმედებს, ისე რომ მე ერთხელაც კი არ გამახსენდები, შაბათმა დილებმა იკითხონ, ყოველ კვირას პრეტენზიებით რომ ვხვდები.