Showing posts with label ფოტო. Show all posts
Showing posts with label ფოტო. Show all posts

Saturday, March 24, 2012

"პაკაზუხა" ხალხი

ადრეც ვიცოდი, მაგრამ რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენ "პაკაზუხა" ხალხი ვართ.
ასე, ღამე იყო, ნეტში დავძვრებოდი და ამ ვიდეოს წავაწყდი. 



დიდი არაფერი, ერთი ვინმე გერმანელის აქ გადაღებული ფოტოებია, მერე სულ მარტივად აკინძული და ვიდეოდ ქცეული. რამდენიმე აქვს კიდევ სვანეთზე,თუშეთზე, მცხეთაზე, იმაზე, ამაზე... ხოოდა, ამას რომ ვუყურებდი, უცბად მივხვდი, რომ ჩვენ ძალიან იშვიათად ვიღებთ, ვხედავთ, ვაკვირდებით, ვაფიქსირებთ ესეთ ყოფით რამეებს,იმიტომ რომ ძირითადად რამე საოცრებებზე, კულტურულ ძეგლებზე, შედევრებზე, უკიდურესად მნიშვნელოვან ამბებზე ვართ მიჯაჭვულები.

 არადა, ყოველდღიურობა ხომ ზუსტად ეს ბაზრები, ქუჩები,ვირტინები, ნაგვის ურნები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ადამიანებია, ვიდრე სალი კლდეები და ციხის ქონგურები. კი. მაგრამ ჩვენ უმეტესად მაინც იმეებს ვიღებთ, თბილისს ნარიყალადან ან მთაწმინდიდან, მცხეთას ჯვრიდან, ქუჩებს ძველ თბილისში,ზღვას მზის ჩასვლისას, პორტრეტებს "სელებრითების" და ასე.


სხვებს რას ვერჩი, აგერ მე. 

იმის მაგივრად, რომ შიგადაშიგ ვწერო ხოლმე, როგორ მიხარია მზიანი ამინდები და როგორ ვსეირნობ ხოლმე საათობით, როგორ დავდივარ მარტო კინოებში, კონცერტებსა და კაფეებში მაშინ, როცა სხვები თავიანთ საქმეებში არიან ჩაძირულები, მოვყვე, როგორ ვეძებ აგერ უკვე 2 თვეზე მეტია ერთ-ერთი ოთახისთვის სანათს და როგორ ვიპოვე გუშინწინ 2 მეტნაკლებად მოსაწონი, ახლა კიდევ როგორ ვერ გადამიწყვეტია, რომელი უფრო მინდა, ან ის, რა გადასარევი საჭმელების კეთებას ვსწავლობ გზადაგზა და მათი მომზადების მარტივი წესები გაგიზიაროთ, ან გითხრათ, რა კარგია, როცა ბევრწლიანი მუშაობის მერე ბევრი თავისუფალი დრო აღმოგაჩნდება და რა ცუდი, შენ თუ მაინც სამსახური გინდა და ამ ბევრი დროით ტკბობის მაგივრად ახალ სამსახურზე ფიქრში ხარჯავ თითქმის მთელ გამოთავისუფლებულ დროს, ვზივარ და ველოდები როდის მექნება თქვენთვის რამე უფრო მნიშვნელვანი ამბავი მოსაყოლი და არაფერსაც არ ვყვები ხოლმე, იმიტომ რომ ზუსტად ესენია ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები და მე სხვა ამბები ვერაფრით ვერ აღმომაჩნდება. ისევ იმ მოსულელო მოსენტიმენტალურო გაურკვევლობებს ხო ვეღარ დავწერ, ბლოგის პორველი პოსტები რო ქვია და შემთხვევით თუ ამომექექა გული მისკდება.
ხოოდა, ეგრე. ამ ყველაფერს ალბათ სულაც არ დავწერდი, წეღან რომ ამ ბლოგის კითხვას არ შევყოლილიყავი.

Sunday, March 18, 2012

მე გენიალურ ფოტოებს ვიღებ


მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გაზაფხულის იდეალურობას ხელს უსამსახუროდ დარჩენა უშლის, რომელსაც სავარაუდოდ ასე მალე ვერ გადავიტან და კიდევ დიდხანს მომიწევს ვლანძღო საშინელი შრომითი კოდექსი, აუტანელი უფროსები, უწესო გადაწყვეტილებები, პროტექციები, რეკომენდაციები და სამსახურებრივი ჩახლართული ამბები, ეს ქარიც ისევე დაქრის, როგორც ზამთარში დაქროდა და მე ჯერ კიდევ ვერ გამოვალაგე ჩემი ფერაფერადი კაბები და ვერ მოვაწყვე ხანგრძლივი სეირნობები, როგორც ამას ოფისში გამოკეტილობის და ათასი საქმის დროს ვგეგმავდი,  მაინც ვფიქრობ, რომ ყველაფერი იმაზე კარგად არის, ვიდრე რომელიმე გაზაფხულზე.

რაც მთავარია, მე სრულიად გენიალური ვარ, გენიალურ ფოტოებს ვიღებ და ამას ბოლო დღეებში უფრო და უფრო ხშირად ვიმეორებ. 
ძლივს დრო გამომიჩნდა ყველა იმ საქმისთვის, რისთვისაც დრო არასოდეს მყოფნიდა. 

და ვინაიდან ბევრი დრო და სულ სხვადასხვანაირი ჩაიები მაქვს, შეგიძლიათ მესტუმროთ კიდეც. 

Tuesday, January 10, 2012

ჩემო ღმერთო, წამიყვანე გორელოვკაში

იცით რაა ძალიან, ძალიან ცუდი?
აი, დილას ადრე რომ დგები, სამსახურში მოდიხარ და შუადღისას ამ შენ საოცარ, საოცნებო ოფისში მზე ისე რომ შემოდის, გეგონება გაგანია ზაფხულია, გარეთ თბილა, ყველა ბედნიერია და ეგეთები. ფანჯრებს აღებ, გიხარია, ვოტ, სითბო. 
გარეთ კიდევ არაფერიც. ჩვეულებრივი ზამთარია.
სუსხებით და ბევრი ტანსაცმელი რომ უნდა გეცვას შენი ნების საწინააღმდეგოდ, ეგეთი. 

მე კიდე გაზაფხული მინდა და  ჩემო ღმერთო, თუ ამ გაზაფხულზე არა, როდესმე გაზაფხულზე მაინც წამიყვანე დუხაბორების სოფელში. აი, ეგეთი სახლები რო დგას, იმაში. 



და კიდევ, ბარემ აქვე.
როდესმე ალბათ ისევ ვიტყვი, წავედით, ბევრი ვიარეთ, ასე ოფისებში გამოკეტილი მზე საკმარისი არ არისთქო და ისეთ ადგილებს ვნახავ, რომლებიც გადამაფიქრებენ, რომ მალე სამყარო სრულიად ერთნაირი და მოსაწყენი გახდება და მე ისევ ისე გატაცებით ავიღებ კამერას ხელში, როგორც ადრე. აი, ოლიას უვლია ეგეთ ამბებში და გადაუღია კარგი ფოტოები. 


Sunday, October 23, 2011

ღმერთივით შაბათი
























მე უკვე ცხოვრება აღარ მინდოდა. დილას სწრაფ-სწრაფად ვიღვიძებდი და სამსახურში მივდიოდი, ტირილისთვის საღაამობით თუ ვიცლიდი, ისიც ყოველთვის ვერა. ანუ, თუ ძალიან გადავიღალე, ვეღარც ვტირი და ვეღარც ვიძინებ.

ღმერთივით შაბათს სრულიად მოულოდნელად ხევსურეთში წავედი, ასევე  მოულოდნელად ჩვენ ახლა უკვე მიტოვებულ სოფელში ავედი, სადაც როგორც გავიხსენე ბოლოს ალბათ 6 წლის ვიყავი და პირველად გადავიღე ამ კამერით ამ რეჟიმში ფოტოები.

მე იმდენად მომწონს, თქვენ შეგიძლიათ აღარ გადაირიოთ, მაინც ვერავინ დამარწმუნებს, რომ ისინი გადასარევები არ არიან, ისე როგორც აქამდე ვერც ერთმა სამსახურმა ვერ დამარწმუნა, რომ სუფთა ჰაერს, მზეს და ბალახს რამე ჯობია.

ხოოდა ეგრე. ჯერ ისევ კვირაა.  ეს ყველაფერი ძალიან გავს ადგილობრივ ანესთეზიას. ოპერაციისას  ვერაფერს გრძნობ, არაფერი  გტკივა, რამდენიმე საათი და ყველაფერი ისევ ისეა. + ჭრილობა. მაგიტომაც აღარ დავდივარ ბოლო პერიოდში იმდენს, რამდენსაც ადრე დავდიოდი.
1 დღიანი არა, ბევრდღიანი ბედნიერებები მინდა.

ტკბილ ნოემბერს გისურვებთ.

Monday, July 25, 2011

საზაფხულო თამაშები 2

არ ვიცი როგორ არის თქვენთვის ეგ ამბავი, მაგრამ მე ვგიჟდები ადამიანებზე და ჩემ ცხვირწინ დატრიალებულ ამბებზე. ზოგჯერ ისე დაჟინებით ვუყურებ ხოლმე ადამიანებს, თითქმის უხერხულია.

მაგრამ ეგ არაფერი, სამაგიეროდ, მე შემიძლია ვიცოდე ისეთი ამბები, რასაც სხვა სულაც ვერ შეამჩნევდა. მე შემიძლია საკუთარი ინტერპრეტაციები ჩავრთო საქმეში და ამბები უფრო საინტერესო გავხადო და მე შემიძლია არ მოვიწყინო მაშინაც კი, როცა დიდი არაფერი ხდება. მთავარია, რამდენიმე ადამიანი შეინიშნებოდეს სადმე ახლომახლო.

 ეს ფოტოებიც არტ-გენზე გადავიღე, სანამ დიდი კონცერტები და ბედნიერებები დაიწყებოდა და მერე, სახლში რომ ვათვალიერებდი, გამახსენდა რომ მსგავსი ამბები შარშანაც გადავიღე.
როგორც ჩანს, საინტერესო ხალხია ეს პატარა ბიჭები, ზაფხულობით თვალშისაცემები რომ ხდებიან, მერე უცბად რომ იზრდებიან და სულ სხვა თამაშებს იწყებენ.





არტ-გენი  დამთავრდა, ეს კი ამ ზაფხულის  ბოლო არტ-გენული ამბავია. დარჩენილი ზაფხულის სრულიად ბედნიერად გატარებას გისურვებთ.

Thursday, July 21, 2011

ახ ტურფავ, ტურფავ...

თავისუფალ დროს ყველა სხვადასხვანაირად იყენებს.
არტ-გენის ერთ-ერთი პლიუსი ჩემი აზრით ზუსტად ეგ არის,
კულტურული მემკვიდრეობების დაცვის და
ტრადიციების დარაჯობის და ფოლკლორის წახალისების და
 სხვა ეგეთი გრანდიოზული მისიების გარდა,
 რომ ზაფხულში, რამდენიმე დღე შეგიძლია არ იფიქრო,
 სად წახვიდე. ადგები და ახვალ ეთნოგრაფიულში.
ხალხი არის, სიგრილეც არის, მუსიკაც არის,
ფერად-ფერადი აქსესუარები და ჰამაკებიც არის,
 და მწვადი და მსგავსიგემრიელობებიც მოიპოვება.
 მშვენიერი ამბავია. კვირამდე ეჯრ კიდევ გაქვთ დრო.
ასეთი ლამაზი გოგონების ნახვა არტ-გეზე წარმოუდგნელი არაა,
 მაგრამ არც ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე შეგხდებიან.
მე კიდევ ისე მიყვარს, დიდები და პატარები
ერთად რომ აკეთებენ  რაიმე ერთსა და იმავე საქმეს.
კავშირების გასამყარებელი იდეალური საშუალებაა.
ასეთი გოგონების ნახვა, სხვადასხვა ფერის ყვავილებიან კაბებში
და სხვადასხვა კუთხის წრმომადგენელთა საცეკვაო ნომრების
შესრულება არტ-გენზე ძველი ამბავია.
უბრალოდ, ზოგი უფრო ლამაზია, ზოგი უფრო არგად ცეკვავს,
 ზოგი პირველად გამოდის, ზოგი მერღცამდენედ და კარგია,
 გამოდის, რომ უწყვეტი ციკლი არსებობს,
 ყვავილებიან კაბიანი მოცეკვავე გოგონების.
აი, ასეთი გოგოები კი მართლა იშვიათია. იმდენჯერ დავწერე,
ეს ქალი ძალიან., ძალიან მიყვარს თქო, აღარ განვმეორდები.
 მითუმეტეს, სიყვარულებს სულაც არ უნდა არგუმენტები და ფაქტები.
გიყვარს და ვსო.
უბრალოდ, ძალიან გენიალური და როცა ყოველთვის,
როცა ვუყურებ, რეებს აკეთებს სცენაზე, როგორ იღებს პუბლიკას,
 როგორ ელაპარაკება პუბლიკას, სულ ვფიქრობ ხოლმე,
რომ ნამდვილად ბედნიერი ქალია.
და საერთოდაც, ინდივიდუალიზმი, გულწრფელობა
და მსგავსი ამბები კარგი რამეა.

ამდენი ხალხი არტ-ტენის არცერთ კონცერტზე არ მინახავს.



ეს კიდე სულ სხვა ლაივის ჩანაწერია, მაგრამ კარგია. ამიტომაც იყოს. მაინც  გადარეული სიარულების დრო მაქვს და თემასთანაც ახლოს იქნება.

Saturday, June 25, 2011

გამართლებული მოტივატორების ამბავი, ანუ არტ გენი რუსთავში

 რუსთავი თბილისის გვერდზე მყოფი ქალაქია, სულ რამდენიმე წუთის სავალზე, სავსეა ერთმანეთის მსგავსი  კორპუსებით  და არ გამოირჩევა თითქმის არაფრით, სხვა მსგავსი ქალაქებისგან.
ამიტომაც, ჩემი არსებობის ოცდარაღაცა წლის განმავლობაში არასოდეს მიფიქრია, წავსულიყავი და რომ არა  არტ-გენი, ალბათ არც არასოდეს წავიდოდი. ეგრეა, მოტივატორების გარეშე თითქმის ყველა საქმე რთულია. 

ერთი ეგ არის, მოტივატორები ხან ამართლებენ, ხან არა.
ამჯერად, გამართლებული აღმოჩნდა.

იმიტომ კი არა, რომ რამე ჯერთ უნახავი ცეკვა ვნახე ან სიმღერა მოვისმინე, იმიტომ რომ ვნახე ცოცხალი ნამდვილი აშუღი მომღერალი აზერბაიჯანიდან, დავაგემოვნე აზერბაიჯანული ნამცხვარი, ბევრფენებიანი და ხრაშუნ-ხრამუნა, და ვუყურე ჭიდაობას, რომელიც იმაზე მეტად საინტერესო და სასიამოვნო საყურებელი აღმოჩნდა, ვიდრე მე წარმოვიდგენდი. 
აშუღი მომღერალი 
ბაბუას ქონდა ადრე სამოვარი, მერე ჩემმა დეიდაშვილმა წაიღო და
ახლაც მახსოვს,
როგორ ვტიროდი, რო მიქონდა. მართალიც ვიყავი, ბაბუას
გარემოსთვის უფრო შესაფერისი ნივთი იყო. 
სამოვარი ბავშვობის მერე არ მინახავს, თუხთუხა და ფუნქციონირებადი,
და მეგონა რომ აღარც აღარავინ იყენებდა.
სულ ტყუილად. ქვემო ქართლში მცხოვრები აზერბაიჯენელები
ძალიანაც კარგად იყენებენ თურმე.
ეს ის ხრამუნ-ხრაშუნა ნამცხვარია


ეგეც ჭიდაობა



ხვალ მალთაყვას ტბაზე იქნება მსგავსი და განსხვავებული ამბები, ივლისის ბოლოს კი ეთნოგრაფიულში. გადასარევი გამოსავალია, თუ ჯერ კიდევ არ დაგიგემავს ზაფხული და მოწყენილობისგან და სიცხის სიკვდილის მომხრეც არ ხარ. 
დასტურ იმისა, რომ წითელი თმა გენიალური რამეა 

ხოოდა, შაბათ-კვირას კიდე შეგიძლიათ ლუდის ფესტივალზე წასვლის და მგზავრების მოსმენის მაგივრად, აგერ ამ გადასარევ ფესტივალზე წახვიდეთ, მერე მოხვიდეთ და მითხრათ, რომ  გენიალურ რჩევებს ვიძლევი. 
აი მაგალითად ასეთს, შეიარეთ ჩორვენთან და ნახეთ რას წერს ამავე თემაზე. მერე იპოვეთ ამ პოსტსა და იმ პოსტს შორის  10 განსხვავება და იყავით ბედნიერები.

Sunday, June 19, 2011

არტ-გენი

არასოდეს არ მომსვლია აზრად არტ-გენზე თბილისის გარდა სადმე წავსულიყავი.
წელს წავედი მირზაანში და გადასარევადაც მოვიქეცი. 

მანქანიდან გადმოსვლისთანავე სუფთა ჰაერმა,სოფლის არომატებმა, მწვანე ბალახმა, ფუტკრების ყოვლად საშიშმა ბუდეებმა, ჭრიჭინების  და ჩიტების ხმაურმა და ა.შ. "პრელესწებმა" სრულად ბედნიერ ადამიანად მაქცია. 

და საერთოდ, მე ვფიქრობ, რომ არტ-გენი, რომელიც აგერ უკვე რამდენი წელია შესაშური დაჟინებით ტარდება და აგერ უკვე რამდენი წელია თითქმის ერთსა და იმავე კოლექტივებს და ადამიანებს აერთიანებს, ამდენი ხნის განმავლობაში მუსიკალური ფესტივალიდან, რომელსაც ფოლკლორის აღორძინებისთვის უნდა შეეწყო ხელი და ჩვენი არტი და გენი გაეერთიანებინა,  ერთმანეთთან შეხვედრის, კომუნიკაციის, სიარულის, სხვა ადგილების გაცნობის მიზეზად უფრო გადაიქცა. შეიძლება ეგ არტ-გენის არა და ჩვენი საკუთარი  გენების და არტების ამბავია და მეტი აღარც გვინდა აღარაფერი, ან მეტის რესურსი აღარ გვაქვს და უბრალოდ, კომუნიკაციაც მნიშვნელოვანია.

ხოოდა, როცა ეგრე ხდება, მერე დიდად აღარ ფიქრობ იმაზე, ისევ თვითმყოფადია თუ არა ქართული ფოლკლორი, ვითარდება თუ არა და კარგია თუ არა, რომ ერთსა და იმავე სიმღერას ათი სხვადასხვა შემსრულებელი ასრულებს ერთი დღის განმავლობაში. 
იმიტომ კი არა, რომ მწვანე ბალახმა და სუფთა ჰაერმა გაგაბედნიერა და სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანი გახდა, იმიტომ რომ სხვა შენც არაფერი შეგიძლია.
 ვერავის ეტყვი, წადი ახალი ჩაკრულო შექმენი და მომავალ არტ-გენზე  ისე მოდიო. 

მოკლედ, არტ-გენი გუშინ მირზაანიდან  დაიწყო, 23-ში რუსთავში იქნება, 25-26-ში მალთაყვას ტბის პირას და მერე უკვე ივლისის ბოლოს თბილისში. 
მე განსაკუთრებით მალთაყვას ტბას ველოდები. მგონია რომ ძალიან ლამაზი იქნება და წინასწარ მიხარია. 
ხრიდოლი / ქართული საბრძოლო ხელოვნება



ეს ყოვლად საყვარელი არსება ფოროსმანის ნახატი ყოფილა. რომლის ორიგინალიც კაცს არ აქვს
ნანახი, ნეგატივიდანაა აღდგენილი.
მე სულ მეგონა, რომ ფოროსმანის ნახატები მაინც ვიცოდი, მაგრამ მუზეუმში
შებორიალება-გამობორიალების შედეგად დავადგინე, რომ რაღაცეები სულაც არ ვიცოდი და
ვერც წარმოვიდგენდი, თუ ნიკალას ფუნჯის შედეგი იყო ( მაგ. თამარ მეფე ეტრატით და
ეტრატის გარეშე და სხვ. )
და ნიკალას ტიპებს უფრო კეთილი თვალები ქონიათ, ვიდრე მე ბავშვობაში მეგონა.
აქედან დასკვნა, რაღაცეები კია სიეთი, ბავშვობაში რო გაიგებ და მერე აღარასოდეს აღარ
უბრუნდები( მაგალითად,ლადო ასათიანი, დიდგორის ბრძოლა, ფოროსმანი, ამდერსენი და ა.შ) ,
მაგრამ ზოგჯერ მიბრუნებები კარგი რამეა. 


პოსტი ამავე თემაზე, შეგიძლიათ იხილოთ ჩორვენთანაც , თუ ჯერ კიდევ არ ცაგილაგებიათ ჩანთა და დამგზავრებიხართ არტ-გენს.