Showing posts with label ფესტივალი. Show all posts
Showing posts with label ფესტივალი. Show all posts

Saturday, June 25, 2011

გამართლებული მოტივატორების ამბავი, ანუ არტ გენი რუსთავში

 რუსთავი თბილისის გვერდზე მყოფი ქალაქია, სულ რამდენიმე წუთის სავალზე, სავსეა ერთმანეთის მსგავსი  კორპუსებით  და არ გამოირჩევა თითქმის არაფრით, სხვა მსგავსი ქალაქებისგან.
ამიტომაც, ჩემი არსებობის ოცდარაღაცა წლის განმავლობაში არასოდეს მიფიქრია, წავსულიყავი და რომ არა  არტ-გენი, ალბათ არც არასოდეს წავიდოდი. ეგრეა, მოტივატორების გარეშე თითქმის ყველა საქმე რთულია. 

ერთი ეგ არის, მოტივატორები ხან ამართლებენ, ხან არა.
ამჯერად, გამართლებული აღმოჩნდა.

იმიტომ კი არა, რომ რამე ჯერთ უნახავი ცეკვა ვნახე ან სიმღერა მოვისმინე, იმიტომ რომ ვნახე ცოცხალი ნამდვილი აშუღი მომღერალი აზერბაიჯანიდან, დავაგემოვნე აზერბაიჯანული ნამცხვარი, ბევრფენებიანი და ხრაშუნ-ხრამუნა, და ვუყურე ჭიდაობას, რომელიც იმაზე მეტად საინტერესო და სასიამოვნო საყურებელი აღმოჩნდა, ვიდრე მე წარმოვიდგენდი. 
აშუღი მომღერალი 
ბაბუას ქონდა ადრე სამოვარი, მერე ჩემმა დეიდაშვილმა წაიღო და
ახლაც მახსოვს,
როგორ ვტიროდი, რო მიქონდა. მართალიც ვიყავი, ბაბუას
გარემოსთვის უფრო შესაფერისი ნივთი იყო. 
სამოვარი ბავშვობის მერე არ მინახავს, თუხთუხა და ფუნქციონირებადი,
და მეგონა რომ აღარც აღარავინ იყენებდა.
სულ ტყუილად. ქვემო ქართლში მცხოვრები აზერბაიჯენელები
ძალიანაც კარგად იყენებენ თურმე.
ეს ის ხრამუნ-ხრაშუნა ნამცხვარია


ეგეც ჭიდაობა



ხვალ მალთაყვას ტბაზე იქნება მსგავსი და განსხვავებული ამბები, ივლისის ბოლოს კი ეთნოგრაფიულში. გადასარევი გამოსავალია, თუ ჯერ კიდევ არ დაგიგემავს ზაფხული და მოწყენილობისგან და სიცხის სიკვდილის მომხრეც არ ხარ. 
დასტურ იმისა, რომ წითელი თმა გენიალური რამეა 

ხოოდა, შაბათ-კვირას კიდე შეგიძლიათ ლუდის ფესტივალზე წასვლის და მგზავრების მოსმენის მაგივრად, აგერ ამ გადასარევ ფესტივალზე წახვიდეთ, მერე მოხვიდეთ და მითხრათ, რომ  გენიალურ რჩევებს ვიძლევი. 
აი მაგალითად ასეთს, შეიარეთ ჩორვენთან და ნახეთ რას წერს ამავე თემაზე. მერე იპოვეთ ამ პოსტსა და იმ პოსტს შორის  10 განსხვავება და იყავით ბედნიერები.

Friday, October 29, 2010

Tbilisi altervision newcomers 2010

ყველაფერი კანონზომიერად მოხდა. ვიღაცა აუცილებლად უნდა მიმხვდარიყო,. რომ მუზამე მუსიკალური ჟურნალია, თან კარგი და საინფორმაციო მხარდამჭერი რომ იყოს, კარგი იდეაა.

ხოოდა, ალტერვიჟენ ჯგუფი აღმოჩნდა ის, ვინც პირველმა იფიქრა ეგ და მუზამე გახდა პროექტის მხარდამჭერი.
გადასარევი ამბავია.
ინტერნეტჟურნალია და არ ხარ შეზღუდული დროში, სიუჟეტის ქრონომეტრაჟში და სიახლეებისათვის გამოსაყოფ დროში. შესაბამისად, შეგიძლია ისე გააშუქო, როგორც ყველაზე საჭიროდ მიიჩნევ.

აქვე მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც მეხმარებოდა.

ხოოდა, სულაც არ არის მარტივი ამბავი ყოველდღე რეპეტიციებზე სიარული და ერთმანეთის მიყოლებით სხვადასხვა მუსიკის მოსმენა, ისიც მუშაობის პროცესში.
თან როცა ამბობ სხვადასხვა მუსიკა და თვითონვე ეჭვი გეპარება, ნამდვილად მრავალფეროვნებასთან გაქვს საქმე თუ პროექტში მონაწილე ბენდთა ერთი ნაწილი უკვე არსებულ-წარმატებულ-გადასარევი ბრიტ-პოპ კოლექტივების კოპირებაა, მეორე კი თავისდაუნებურად ათეული წლებით უკან გაბრუნებს და გახსენებს, რომ ნაითვიში შენი ბავშვობაში დარჩენილი მუსიკა არ არის და ბურზუმი ან სეპულტურა რამდენჯერმე, prosta za interesa მოსმენილი ჯგუფები.

არა, ეს მუსიკა ისევ ცოცხალია, ისევ აქტუალური და ამას აქვე, შენ ქალაქში, შენ ცხვირწინ ისევ აკეთებენ ადამიანები და ეს ყველაფერი შეიძლება სულაც არ იყოს შენთვის ორგანული, მაგრამ ისინი, ვინც ამას აკეთებენ, კარგად აკეთებენ. უნდა აღიარო.უბრალოდ, ნე ტვოი ვკუს და ეგ არავის ბრალი არ არის, არც შენი და არც იმათი.

მერე ფიქრობ რომ დროში აცდენა რეალურად არსებობს და გახსენდება არაერთხელ ნათქვამ-გაგონილი უნიკალური ფრაზა, რომ საქართველო პროგრესულ მსოფლიოს რამდენიმე ათწლეულით მაინც ჩამორჩება და ერთადერთი, რაც შედარებით კარგად და დროულად ავითვისეთ, სოციალური ქსელებია, ისიც წლების დაგვიანებით, მაგრამ მთავარია ათწლეულები არ დაგვჭირვებია.

მერე ყველაფერი თავისით ლაგდება და აღარ გიკვირს, რომ აქ, შენ ცხვირწინ ადამიანები იმას აკეთებენ, რაც მსოფლიოს პროგრესულმა ნაწილმა კაი ხნის წინ გააკეთა, აითვისა და გადახარშა, მერე მოდიან ადამიანები ლეპტოპებით და იმათი მუსიკის გაგონებაზე შენ მეგობარს უჩნდება კითხვა, აღიზიანებთ თუ არა მათ ცარცის ხრაჭუნის ხმა დაფაზე.

მერე აღმოჩნდება რომ ლეპტოპიან მუსიკოსს  ცარცის დაფაზე ფხაჭუნის ხმის არა, საკუთარი ბებოსი ეშინია, უფრო სწორად იმის, რომ ბებოზე ადრე მოკვდება, მანამდე კი, სანამ ორივენი ცოცხლები არიან, თურმე იქვე, შენ უბანში ცხოვრობს, 2 ქუჩის დაშორებით, შენსავით წაუსნობებს და ხაზგასმით აღნიშნავს რომ ქალაქის ცენტრში ცხოვრობს. თან  შენსავით შავჩარჩოიანი სათვლე უკეთია, აი ისეთი, მავანს რომ ინტელექტუალური იმიჯისთვის ჭირდება, შენ კიდე მართლა გჭირდება.
სავარაუდოდ, ლეპტოპიან მუსიკოსსაც.

საერთოდ კი, ეს ყველაფერი სულაც არ არის სტატიის თემა, ეს სხვა, შინაურული ისტორიებია, აი ისეთი, მეგობრებს რომ უყვებიან ხოლმე ადამიანები მეგობრებზე, მაგრამ ეგრეა, როცა თითქმის ყველა რეპეტიციას ესწრები, როცა მთელი ეს ამბები შენ ცხვირწინ ხდება, შინაურდები, ადამიანებს უახლოვდები, უმეგობრდები და ხვდები, რომ შენდაუნებურად, შენც ამბავი ხარ, ზოგისთვის შინაურული, ზოგისთვის ყურით მოთრეული. მაგას უკვე აღარ აქვს დიდი მნიშვნელობა. სუბიექტურ აღქმაზეა დამოკიდებული.

მე არ მიყვარს, როცა რესპოდენტს ვუშინაურდები, მერე მეც სუბიექტური ვხდები და იძულებული ვარ, ვინერვიულო იმაზე, რომ ერთ-ერთი ჯგუფის ვოკალმა თმა არასასურველ ფერად შეიღება, მაშინ, როცა 40 წლამდე, ან ჭაღარამდე მაინც სულაც არ აპირებდა თმის შეღებვას. ახლა კი ზის აქვე, წითელ პუფზე და გონია, რომ ამფერი თმით სულაც არ გამოიყურება ნიუქამერულად.
კიდევ, აფიქსირებ, რომ, აი, ეს ადამიანი, ყველაზე ხმაურიან ჯგუფში რომ უკრავს, შენ უკვე სადღაც გინახავს, უფრო მეტიც, ერთად გიმგზავრიათ, მერე ქუჩაშიც გადაყრიხარ და გაცნობით მხოლოდ აქ გაიცანი.

მოკლედ, უცნაური ამბავია.

ეს უკვე მეორე ფესტივალია, რომელშიც ასე თავიან-ფეხებიანად აღმოვჩნდი ჩართული და სულ მეგონა, რომ ასეთ პირობებში გაცილებით კარგია მუშაობა.
არადა, არც მთლად ეგრეა.

 გარდა იმ პრელესტებისა, რაც ბევრ ინფორმაციას, გარკვეულობას, ხელმისაწვდომობას ახლავს თან, შენ იმასაც იგებ, რისი გაგებაც სულაც არ გჭირდებოდა.
არ გინდა იცოდე, რომ ნებისმიერ ამბავს თან უსიამოვნო ამებებიც ახლავს, რაც როგორც წესი, კამერების, სტატიების და სცენის იქით ხდება, რომ საბოლოოდ სცენაზე რაც ხდება, ის მხოლოდ კარგი და ცუდი ამბების ნაზავი, კარგად შეფუთული ამბებია, რეალობა კი მანამდეა, იქ, სადაც ამჯერად მე 10 დღის განმავლობაში ვიჯექი.

ხვდები იმასაც, რომ იდეალები არ არსებობენ და ადამიანები, რომლებსაც სკოლის, უნივერსტეტის, გაზაფხულის აღმოჩენების პერიოდებში სახეგაბადრული უსმენდი, ზუსტად, ზუსტად ისეთივეა, როგორც ყველა სხვა დანარჩენი და მერე ხვდები, რომ შენც აბსოლუტური ჩვეულებრიობა ხარ, რაც და როგორც არ უნდა გააკეთო, რამდენად ახლოსაც არ უნდა იყო ნამდვილ ამბებთან და რამდენად კარგადაც არ უნდა იცოდე მიმდინარე პროცესები.

უბრალოდ, ასე, შუა მუშაობის პროცესში ხვდები, რომ შენ სტატიისთვის საჭირო ამბები კი არა, სულ სხვა ამბები დააგროვე, რაც მართალია უფრო მეტად გჭირდებოდა, მაგრამ არა იმ  საქმისთვის, რომლისთვისაც საერთოდ იქ აღმოჩნდი.
 ხვდები, რომ ინტერვიუები, რომელიც შენ ჩაწერე, საშინლად, საშინლად დასახვეწია და შეიძლება ბევრმა ნახოს და ზოგს მოეწონოს კიდეც, მაგრამ შენ იცი, რომ ეს ის არ ნამდვილად არ არის, რაც ასე ძალიან გინდოდა.

მერე ფიქრობ, რომ შეიძლება ყველა იმ ადამიანსაც, ვისაც ამ დღეების განმავლობაში ხედავდი, რეალურად შეიძლება სულ სხვა რამის გაკეთება უნდათ, უბრალოდ, საბოლოო პროდუქტი ისეთი გამოდის, რასაც ხვალ სპორტის სასახლეში ნახავთ.

პ.ს.
მე მტკიცედ მჯერა იმის, რომ ადამიანები მხოლოდ  საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით განიცდიან პროგრესს და მე ძალიან მიყვარს, როცა რამე ისეთს ვაკეთებ, რასაც გამოცდილება მოაქვს.

ყველა ჩემო რესპოდენტო, მკითხველო და ნაცნობ-მეგობარო, უკაცრავად, რომ მე თქვენთან ურთიერთობებს პროგრესისთვის ვიყენებ.
აქვე შენიშვნა ნომერი ერთი:
 იგივე შეგიძლიათ თქვენც გააკეთოთ. ია ვსეგდა ზდეს.
შენიშვნა ნომერი ორი: პროგრესი მხოლოდ გეგმა მინიმუმია, თუ მანდ გავჩერდი, თქვენი ბრალი იქნება, რომ ვერასოდეს გაიგებთ გეგმა მაქსიმუმი.

პ.ს.ს.
მე უკვე სუბიექტური ვარ და ვერ გეტყვით, როგორი კონცერტი იქნება ხვალ სპორტის სასახლეში, ან როგორები არიან ჩვენი თანამედროვე ნიუქამერები, მე უბრალოდ გეტყვით, რომ კარგია, როცა რაღაც ხდება.
ყველა სხვა დანარჩენი ინფოსთვის ბენდების, ანონსის და ა.შ. ამბებისთვის, მუზამეს შეგიძლიათ ესტუმროთ, რომელსაც მე ამ პროექტზე მუშაობისას მივხვდი, რომ ჯერ ძალიან ბევრი აკლია იმისთვის, რომ კარგი მუსიკალური ჟურნალი იყოს.

და საერთოდ, ალბათ კარგია პროცესი, როც რაღაცის კეთბის დროს გარედან უყურებ შენ პროდუქციას და ხვდები რაა კარგი და რა ცუდი და ალბათ მე მაშინ ვიფიქრებ, რომ ამ ყველაფერს, რაც მე, რაც მუსიკოსებმა, რაც სტეპ რეკორდსმა და რაც ყველა სხვა ამ ამბებთან დაკავშირებულმა ადამაინმა გააკეთა, აზრიანი და გამართლებული იყო, თუ მეცოდინება, რომ ჩვენ ყველამ დავინახეთ ჩვენი პლიუსები, მინუსები, გამოსასწორებელი ამბები და ძნელად შესამჩნევი, მაგრამ არსებული რეალური ფაქტორები.

მანამდე კი ერთადერთი, ზუსტად ვიცი, რომ გადასარევ ფოტოებს ვიღებ და  არაჩვეულებრივი ვარ :დ

Sunday, September 12, 2010

პრეზიდენტი, რუსულ-ქართული სიყვარული, დაგვიანებული თვითმფრინავი და ბოლო დღეების საუნდტრეკი

სათაური ლაშა ბუღაძის გავლენა არ არის, სულ ეგეთებს ვწერ, მოგეხსენებათ.
საუნტრეკი ტომიკას სიყვარულის შედეგია. სიყვარულს რომ ზოგჯერ ტექსტი არ ჭირდება, ის ამბავია.
Radiohead - Hunting Bears by nastasia
წესით კინოფესტზე უნდა ვწერო.
ხოოდა, მაგალითად ვენეციის კინოფესტივალის გამარჯვებული სოფია კოპოლა გახდა ფილმით, რომელიც როგორც თვითონ ამბობს, მშობლების და შვილების ურთიერთობას ეხება და მასზე მუშაობა იმ დროიდან დაიწყო, რაც ამ ურთიერთობებზე ფიქრი.
ანუ ფეხმძიმობიდან.

როგორც კი ეს ინფო გავიგე, მაშინვე მომინდა ფილმის ნახვა, მაგრამ ჯერ სხვა ფილმები მაქვს სანახავი, რომლებიც ფესტივალის ფარგლებშია გათვალისწინებული.
ყველაზე მეტად  რიბჩინსკის  ფილმების რეტროპერსპექტივას ველოდები და კიდე გია დიასამიძის "ინსაითს". მეორეს მეტნაკლებად სუბიექტური მიზეზების გამო.  გია სვანეთში გავიცანი, იქაც ფილმს იღებდა, ოღონდ სხვას. იმ ფესტივალის შესახებ, რომელზეც გავიცანი. ხოოდა, საღამოობით მაფიოზობანას ვთამაშობდით ხოლმე და ერთ-ერთი ყველაზე მაგარი "მაფიოზია", ვისთან ერთადაც მაფიოზობანა ოდესმე მითაშია. ხოოდა, ახლა ავდგები და ვნახავ, როგორი რეჟისორია. 

მანამდე კი, დილაობით ე.წ. "ხაზეიკასთან" ერთად  ჩავატარე დილის ყავის რიტუალი და მერე ტბის გარშემო მწვანე ბალახებიან პარკში გავატარე მეცადინეობის  საათები. ჩრდილში ციოდა და ფეხები მეყინებოდა, მზეში ცხელოდა და ტვინი მიცხელდებოდა და ისევ სახლში დავბრუნდი, ჩემ კეთილ დიასახლისთან. 

ხოო, ჩვენი დიასახლისი უსაყვარლესი ქალია. 35 წლის წინ ჩამოვედი რუსეთიდან და იმის მერე აქ ვცხოვრობ, რამდენიმე წლის წინ მივხვდი, რომ "ნიჩევო ნე პანიმაიუ, სადაური ვარ, ნე გრუზინკა, ნე რუსალკაო". ჩემი ქმარი რუსეთშივე გავიცანი,4 თვის მერე მამაჩემმა მითხრა, დედაშენი და მე 4 წელი დავდიოდით ერთად და შენთან რომ დადის იმ კაცს რა უნდა  შენგანო?  მერე 7 თვის მერე ნახეს მამაჩემმა და ჩემმა მომავალმა ქმარმა ერთმანეთი. ქმარი მამამისთან ერთად იყო მოსული და ჩემ ცოლობას ითხოვდაო. ვსიო ეტო ბილა სუდბა, ნი  ჩევო ასებენოვო, და საერთოდაც, დიდი სიყვარულების მეშინია, ძალიან რომ ხარ აღფრთოვანებული, მერე ადვილია იმედგაცრუება,  თან ყოველდღიურობაში ადვილად ვცდება აღფთოვანებებიო. 
ისე კი, ვერასოდეს ვერ გაიგებ, ვინ გიყვარს, თუ იმასთან ერთად არ იცხოვრეო.
ასე, აღფრთოვანების გარეშე გათხოვილი ჩემი დიასახლისი 20 წელი ცხოვრობდა თავის ქმართან ერთად და აპრეხილი ცხვირის წვერზე ეტყობა, რომ ქმარი, რომელიც თანაცხოვრების დროს გაიცნო,  შეუყვარდა.

მერე ქმარი ერთ-ერთი რუსული არდადეგების დროს ავარიაში დაღუპულა 5 წლის შვილთან ერთად და ნატაშა დეიდა ატირდა.

მე ვუთხარი რომ ძალიან მიყვარს საქართველოში მცხოვრები რუსი ქალები, სიკვდილამდე საყვარელი აქცენტით რომ ლაპარაკობენ, სხვანაირად ყურადღებიანები არიან და თვალებიც სიკვილამდე სხვანაირად უციმციმებთ და კიდე, რუსული "ფეჩი" მიყვარს, აუ, რუსი კლასიკოსების წიგნებში როა, კატა და თავადები რომ ერთად თბებიან და ზედ აფორთხება და გამოძინება რომ შეგიძლია. ეგეთ ფეჩს სადმე გადაკარგულ სოფელში თუ ნახავ, მე ჩემ ბავსვობაში ვნახე, ბებიის სახლში ბოლოს და მაშინ უკვე იშვიათობა იყოო. 

მოკლედ ეგრე. კინო მხოლოდ  ის არ არის, რასაც დიდ ეკრანზე გიჩვენებ, მაქსიმუმ სამ საათში მთავრდება და ბოლოს სუბტიტრები ჭირდება მთავარი და არამთავარი სახელებით და გვარებით.

დღეს ფესტივალის გახსნაზე  აბას კიაროსტამის ფილმს აჩვენებენ. აბასის თვითმფრინავმა ერთი საათით დაიგვიანა, სამაგიეროდ სამთავრობო დაცვაა მობილიზებული. ფესტივალზე სხვა სტუმრებთან ერთად პრეზიდენტსაც ელოდებიან.

Saturday, September 11, 2010

ქარიზმატული ლიდერი, ცარიელი ბულვარი და წამოსვლამდელი ამბები

წამოსვლამდე მინდოდა დაწერა, მაგრამ დრო არ მქონდა.
წერისთვის კი არა, ვოგში უსაყვარლესი ფეხსაცმელების ყიდვა მინოდოდა და იქ გასვლისთვისაც ვერ მოვჩხრიკე დრო. ორშაბათიდან ახალი კოლექცია იქნება და სულ კარგად ბრძანდებოდეო.
ხოოდა, დავრჩი ეგრე, საყვარელი ბასანოჩკების გარეშე, მაგრამ დიდი არაფერი. სამაგიეროდ ახლა ბათუმში ვარ, სულ, სულ მალე ბაბისას ვნახავ, და ხვალიდან საფესტივალო ამბებით დავკავდები.
ცხოვრებაში პირველად ვნერვიულობ ამ ფესტივალზე.რაღაცნაირად საპასუხისმგებლო საქმე მგონია და იმიტომ.
იმედია ყველაფერი კარგად იქნება.

ფესტივალის ამბები ხვალიდან, მანამდე კი წამოსვლამდელი ამბები.

არ ვიცი ეგ კარგია თუ ცუდი, მაგრამ მახსოვს, რომ სიტყვა ქარიზმა პირველად მაშინ შემოვიდა ჩემ ცნობიერებაში, როცა სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა. იმ დღეებში ყველაა პირზე  "ქარიზმატული ლიდერი"  ეკერა.
მოკლედ, მე არც ლიდერი ვარ, არც პრეზიდენტობას ვაპირებ და ერთადერთი რაც ამ ამბავთან მაკავშირებს, სიტყვა ქარიზმაა. კარგი ჟღერადობა აქვს და როგორც ყველა ეგეთი სიტყვა, მიყვარს.

მე ქარიზმის ჩემი საკუთარი აღქმა და საზომი მაქვს.
მოკლედ, თუ ვიცი, რომ სადმე წასვლაზე უფრო ჭკვიანური არწასვლა იქნება, იმიტომ რომ გარეთ წვიმს, უკვე გვიანია, ან რამდენიმე დღეში გამოცდა მაქვს და მაინც მივდივარ, ესე იგი, მე ჯერ კიდევ ქარიზმატულად ვითვლები.

ხოოდა, ყოლველთვის, როცა მეუბნებიან ხოლმე: "ნასტასია, შენ ახლა დასვენება გჭირდება, მოდი, სახლში დარჩი და დაისვენე", ან "ნასტასია, ყველგან მაინც ვერ იქნები, ყველაფერს მაინც ვერ გააკეთებ და ყველას მაინც ვერ ეყვარები, მოდი, საკუთარ ენერგიას გაუფრთხილდი", და მაშინაც, როცა მეუბნებიან, "ნასტასია, როდემდე უნდა იყო ასე იმპულსებზე დამოკიდებული", სულ მოდის ხოლმე რაღაც პატარა წკაპი ტვინში და მეუბნება:
"ნასტასია, ესენი მართალს გეუბნებიან, და ურიგო სულაც არ იქნება დაუჯერო. მაგრამ შენ გაქვს ქარიზმაც, რომელიც შეგიძლია გამოიყენო  და არც დაუჯერო".


წკაპი კაიტიპია, ვუჯერებ ხოლმე,  ვიყენებ ამ ნეტარხსენებულ  ქარიზმას და ყველაფერი იმაზე კარგად ხდება, ვიდრე  იმპულსებს რომ არ ავყოლოდი, ან სახლში რომ დავრჩენილიყავი  დასასვენებლად. არადა, დასვენება  მართლა იმდენად მჭირდება, რომ წინა კვირაში რამდენიმე დღე სახლიდან ვერ გავედი გამოუცნობი  დაავადების გამო, რომლის ერთადერთი რეალური მიზეზი სტრესი და გადაღლა იყო.

ხოოდა, გუშინ, საჯაროში ერთკვირიანი მეცადინეობის შემდეგ რომ ვუთხარი ბიბლიოთეკარს - ეს წიგნები შეგიძლიათ დააბრუნოთ, აღარ მჭირდება თქო, ღრმად ამოვისუნთქე და გამეხარდა, რომ გამოცდისთვის რეალურად ძალიან ცოტა ხანში კარგად მოვემზადე.
მერე ყველას ნახვა რომ მოვასწარი, ვისი ნახვაც მინდოდა და ჩანთა მართლა ნახევარ საათში ჩავალაგე, როგორც ამას მთელი დღე ვგეგმავდი. მერე  კეთილი მეგობრები წამოსვლის წინ ვაგზალზე რომ გეგმავდნენ, ბათუმის პორტში ყავის დასალევად ჩავიდეთ და უკან წამოვიდეთო, ბედნიერად გავიღიმე.

გზაში მარკესს ვკითხულობდი და მივხვდი, რომ ეგ კაცი არანორმალურად უხდება ჩემ ბათუმურ გზებს.
მანამ სანამ წამოვიდოდი, ვამბობდი, რომ მთელი ათი დღით მივდივარ, ათი დღე ბევრია  და სანამ ჩამოვალ, აღარავის ვემახსოვრებითქო.
კიდევ რაც შემოდგომა მოვიდა, ვამბობ, რომ კარგია, რომ მოვიდა, სიმშვიდე თუ რაღაც ეგეთი მოიტანა და მიხარია.

და ყოველთვის, როცა შემოდგომა მოდის ხოლმე, მგონია, რომ მერე ზამთარში აუცილებლად მოვიწყენ და რამდენიმე დღის წინ ვიფიქრე, მოწყენილობისგან რომ არ მოვკვდე, პლასტელინებს ვიყიდი და რაღაცეებს გამოვძერწავ თქო.სულელური იდეაა, მაგრამ ვიფიქრე და.

მანამდე  კი, ქარიზმატული ნასტასია ცარიელ ბულვარში ზის, იმიტომ რომ  ჯერ ძალიან ადრეა და ელოდება, როდის გაიღვიძებს მინიმუმ ლიტერატურულის სტაფი და მაქსიმუმ ბაბისა.
მერე კიდე, ფესტივალის დაწყებას დაელოდება, მერე გამოცდის წინა ღამეს თბილისში წავა, იმედია კარგად დაწერს საგამოცდო საკითხებს და მერე ისევ უკან დაბრუნდება.

მერე სხვა ამბები დაიწყება, როგორც ამბების წესია.

Saturday, September 4, 2010

ყველას თავისი კინო აქვს

გახსოვთ ეგ ფილმი?
რამდენიმე რეჟისორის ნამუშევარს  აერთიანებს, პაწაწუნა ნოველებია და ყველა კინოს თემატიკაზეა შექმნილი.

გადასარევი ამბავია. გარდა იმისა, რომ  თუ სწორად მახსოვს,  საათნახევარში 34 რეჟისორის ნამუშევარს უყურებ, კიდევ ერთხელ რწმუნდები, რომ სამყაროში ყველაფერი სუბიექტურ აღქმაზეა დაფუძნებული და იმას, რასაც შენ განიცდი, და ისე, როგორც შენ ხედავ, სხვა სავარაუდოდ ვერასოდეს ვერ დაინახავს და განიცდის.

კიდევ ხვდები იმასაც, რომ ფილმის ყურებაც  ჩვეულებრივი რიტუალია და ამ რიტუალს ყველა თავისებურად ასრულებს.

და საერთოდ, ფილმი დიდი არაფერი, ოდნავ ნერვებისმომშლელიც კია, უბრალოდ, როცა უყურებ, იმიტომ რომ ნერვები არ მოგეშალოს, ზიხარ და ფიქრობ რაა შენი კინო, რაა შენი ცხოვრების ან დღეების საუნდტრეკი, როდის უყურე ბოლოს  რიტუალურად ფილმს და  კიდევ მსგავს რამეებს.

 გადასარევი ამბავია ისიც, რომ უკვე მეხუთედ ბათუმში კინო ფესტივალი ტარდება, რომლის განმავლობაშიც იქ მყოფი ადამიანები ყველაზე მეტს ფილმებზე იფიქრებენ.

 ფესტივალი 12- 19 სექტემბერს ბათუმში ბათუმის ხელოვანთა სახლ ”არგანის” ორგანიზებით  გაიმართება და ამ პერიოდის განმავლობაში ძირითადი პროგრამის თანახმად დაახლოებით 45 სრულ-  და 30-მდე მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება მოეწყობა.
ასევე გაიმართება ჟიურის წევრების ფილმების, გერმანული  და ბრიტანული ფილმების კოლექციების ჩვენებები. ეს უკანასკნელი ღია ცის ქვეშაა დაგეგმილი და მე ძალიან მომწონს რომ წელს პირველად ღია ცის ქვეშ ვუყურებ ფილმებს.

იგეგმება ასევე  აბას კიაროსტამის  და ზბიგნევ რიბჩნისკის ფილმების რეტროსპქეტივა.

საერთოდაც, აბას კიაროსტამი და ზბიგნევ რიბჩნისკი საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრებიან კინოფესტივალის და  ფესტივალის ფარგლებში  მასტერკლასებსაც  ჩაატარებენ.

მოკლედ, ეს არის ფესტივალი ყველასთვის, ვისაც  თავისი კინო აქვს. და თუ თქვენ 12-დან 20 სექტემბრამდე ბათუმში აღმოჩნდებით, აუცილებლად უნდა ნახოთ, რა ხდება მეხუთე საავტორო კინოფესტივალზე.


რაც  მე ყველაზე მეტად მომწონს არის ის, რომ:
  •  ფესტივალი არ ტარდება თბილისში და სადმე,  თბილისს გარეთაც შესაძლებელია ადამიანებს ბედნიერი თუნდაც ერთი კვირა ქონდეთ.





  • ამ ფესტივალის ორგანიზატორები იმაზე ბევრად ჭკვიანები არიან, ვიდრე ზოგადად ფესტივალების ორგანიზატორებს ჩვევიათ ხოლმე. დასკვნა სუბიექტურია და ემყარება მხოლოდ იმ ფაქტს, რომ მათ ადეკვატურად აღიქვეს ბლოგერები და გასაშუქებლად მიიწვიეს.
  • გადასარევია, რომ 4 ფესტივალიდან, რომელსაც ბოლო 3 თვეში ვესწრები, 3 ბათუმში ტარდება. მიყვარს ეს ქალაქი.


პ.ს. დანარჩენ ამბებს ფესტივალის და ფილმების შემდეგ უკვე ბათუმიდან მას შემდეგ მოგიყვებით, რაც ჩემ კუთვნილ ბეჯს მოვირგებ და საფესტივალო ცხოვრებაში ჩავებმები.



მანამდე კი მეტი ინფორმაციისთვის:


ხოოდა, გადაწიოს რა ვინმემ მაგისტრატურის გამოცდა, მაინცდამაინც 16-ში რომ დამინიშნეს და არც კი იფიქრეს იმაზე, რომ  მე  სულაც არ  ვარ ორი და არ  შემიძლია ერთდროულად  ორ ქალაქში ყოფნა. 

Tuesday, October 13, 2009

ფრანკფურტის წიგნის ფესტივალი


დღეს ფრანკფურტში წიგნის საერთაშორისო ფესტივალი კიდევ ერთხელ გაიხსნა და კვირის ჩათვლით ათასობით გამომცემელი, მთარგმნელი, მწერალი, მხატვარი, ილუსტრატორი, ექსპერტი,
მკითხველი, ცნობისმოყვარე, საქმიანი და უსაქმური წიგნის იდეის გარშემო გაერთიანდება.

როდესაც ფესტივალის იდეა ყალიბდებოდა და ფესტივალი ფორმას იძენდა, ყველაზე უხვი ფანტაზიის მქონე ადამიანიც კი ვერ წარმოიდგენდა, თუ როდესმე ამდენ განყოფილებიანი იქნებოდა. . .

მაშინ ხომ საჭმელების გასაკეთებლად არავის ჭირდებოდა წიგნები, თამაშით მარტო ბავშვები თამაშობდნენ, ისიც ტყეში და სილაში, მოსმენით მარტო ადამიანებს უსმენდნენ და არა ჩიპებსა და დისკებზე ჩაწერილ ისტორიებს, კომუნიკაცია მარტო რეალური იყო,საავტორო უფლებები მარტო საკუთარ კარმიდამოსა და ცოლ-შვილზე ვრცელდებოდა და წერა-კითხვა პრივილეგია. . .


ბოლო წლების ფრანკფურტის ფესტივალზე ტრადიციული წიგნების გვერდით უხვად გამოიფინება აუდიო და ციფრული წიგნები, იყიდება თამაშები და კინოები, მზარეულთა შოუები, იხატება კედლები, იმართება მსჯელობები, ზოგადი დროის უკმარისობის პირობებში როგორ არ უნდა დაიკარგოს კითხვის კულტურა...

წელს იმართება კონფერენცია თემაზე: ,, კითხვის კულტურა ციფრული კომუნიკაციების ტექნოლოგიის ეპოქაში’’, სადაც ბიბლიოთეკების წარმომადგენლები,ავტორები და გამომცემლები შეეცდებიან მოიფიქონ,როგორ გამოიყენონ ტექნიკური პროგრესი თავიანთი მიზნებისთვის.

ტარდება პრეზენტაცია : ,,წიგნები და ბაიტები’’ ,სადაც პრეზენტირდება ონლაინ პროდუქტები წიგნისა და წიგნებით ვაჭრობის თემაზე.

იგეგმება ასევე სიმპოზიუმი : ,, ვინ კითხულობს დღეს რომანს’’. . .

სანამ სიმპოზიუმი გაიმართება და ჩემზე უფრო ჭკვიანები მოიფიქრებენ, კითხულობს თუ არა ვინმე რომანს, მანამ წიგნის ფესტივალის საგამოფენო სივრცეში თავიანთ ადგილს იკავებენ კომიქსები.
წელს კომიქსების მოყვარულებს განსაკუთრებით მყუდრო და მოხერხებულ ბალიშებიან ოთახში შეეძლებათ მოკალათება და კომიქსებით ტკბობა. . .

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისა და ნიურნბერგის თამაშების ბაზრობის ერთობლივი პროდუქტი,თამაშების საგამოფენო სივრცე უკვე ცხადია რომ დამთვალიერებელთა მაგნიტი იქნება . . .

 Aასევე განსაკუთრებული ყურადღების ცენრტშია ფოტოები და სურათები. . .
იმართება მასტერკლასები სხვადასხვა თაობის ფოტოგრაფებს შორის, ვორკშოფების შემოთავაზებები სააგენტოების მიერ, პორტფელიოების განხილვები და ფესტივალის დასრულებამდე აუცილებლად აირჩევა 20 საუკეთესო ალბომი.


 ზოგადად მსგავსი ფესტივალები წიგნის მოყვარულებს აერთიანებს, მაგრამ ფრანკფურტში მკითხველებზე მნიშვნელოვანი, გამომცემლობების, მთარგმნელების და ავტორებისთვის არის, რადგან უჩვეულოდ ბევრი მონაწილე, ბევრი განყოფილება, ბევრი სიახლე ხელს უწყობს ახალი კონტაქტების, ახალი იდეების ჩასახვას, პრობლემების მოსაგვარებლად გამოცდილებების გაზიარებას. . .

სწორედ ამიტომ, ფესტივალის განმავლობაში მრავალფუნქციურ თეთრ ოთახში, მედიისა და კომუნიკაციის ექსპერტები ყველა დაინტერესებულს ესაუბრებიან ახალი საზოგადოების მოდელირების პირობებში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებაზე, ეფექტურ სტრატეგიებზე, ბეჭდვის მეთოდებზე. . .
ყოველ დღე გაიმართება ბიზნეს საუზმე, რომელიც ასევე კომფორტულ და უშუალო გარემოში გაცნობასა და დაახლოებას ისახავს მიზნად. . .
არის ასევე ჩაის დრო, იგივე მიზნით. . .

იმართება სემინარები საავტორო უფლებებისა და ლიცენზიების მოპოვების გზებზე, პირატული გამოცემების პრობლემებზე და რა თქმა უნდა იმაზე, აქვს თუ არა გუგლს უფლება, მოახდინოს წიგნების გაციფრულება. . .

წიგნის ფესტივალს ყოველწლიურად ყავს საპატიო სტუმრის რანგში რომელიმე
ქვეყანა. . . წელს სტუმარი ჩინეთია, რომელიც თავის მხრივ თავისი კულტურით მასპინძლობს ფესტივალის სტუმრებს. . .

გარდა ჩინური წიგნების პრეზენტირებისა, ავტორების, მთარგმნელებისა და გამომცემლობების შეხვედრებისა, იმართება ღონისძიებები თემაზე: ,,ტრადიციები და ინოვაციები’’. რომლის ფარგლებშიც გამოიფინება უძველესი ჩინური ხელნაწერები, მხატვრობის ნიმუშები, მოხდება თანამედროვე ბეჭდვის ტრადიციების გაცნობა. . .

ასევე, ჩინელი მხატვრები მოაწყობენ გამოფენებს, იგეგმება ცეკვის,საბრძოლო ხელოვნების, ლომების ცეკვის პერფორმანსები...
ასევე, ჩრდილებისა და თოჯინების თეატრალური წარმოდგენები, ხეზე ამოჭრილი გრაფიკების, მინიატურების, ბუდისტური მხატვრობის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენები. . .
და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი უგემრიელესი ჩინური ჩაის არომატის თანხლებით. . .

ჩემი ჩარევის გარეშეც მიხვდებოდით, რამხელა განსხვავებაა თბილისისა და ფრანკფურტის წიგნის ფესტივალებს შორის, და იმასაც რომ მთავარი სხვაობა მასშტაბები არ არის, მთავარი განსხვავებული დამოკიდებულებებია. . .

აქ არავინ ფიქრობს იმაზე,რომ ჩინელები სამშობლოს ართმევენ. . . არავინ ფიქრობს იმაზე, რომ კომიქსები არასერიოზული ხალხის საქმეა. . .
 არავინ ამბობს, რომ კომპიუტერის ბრალია,ხალხი წიგნებს რომ აღარ კითხულობს. . .
  არავინ ცდილობს პრობლემების სხვებზე გადაბრალებას.. .
  არავინ დადის წიგნის ფესტივალზე მოდის გამო...

თუმცა არსებობს სუნი, რის გამოც არც ეს ფესტივალი მეიდეალურება. . .
აქ გარემოს წიგნების სიყვარულზე მეტად კომერციის სუნი ადის. . .

მე კიდე ქართველი მკითხველი ვარ.