Showing posts with label ბათუმი. Show all posts
Showing posts with label ბათუმი. Show all posts

Sunday, July 3, 2011

ის აქ არის


ის აქ ჩამოვიდა, ის უკვე ბათუმშია, უკვე ცნობილია, რომ ის ხუთ სიმღერას იმღერებს, ქართულმა საზოგადოებამ უკვე გამოხატა სიხარული, რომ მის შესრულებულ ხუთ სიმღერას მოისმენს  და რუსთავი 2-მაც უკვე გვამცნო, რომ ვინც პიაცაზე ვერ მოახერხებს მისი ხუთი სიმღერის მოსმენას,  მათი პირდაპირ ეთერით შეეძლებათ სტინგით ტკბობა.

დილას 9 საათიდან ყოველ საათში ერთხელ საინფორმაციო გამოშვებები იწყება და აღარასოდეს აღარ მთავრდება ამ ამბებით.

მე სტინგზე არაფერს, იმ ადამიანებზე ვწერ, რომლებიც ერთნაირი აღფრთოვანებით აშუქებენ კრის ბოტის და კრის დე ბურგის ჩამოსვლას, ნიჭიერს და თბილისის ჯაზ ფესტივალებს,  არტ-გენის კონცერტებს და Tbilisi Open Air-ებსა და Altervision-ებს, კონცერტებზე ძირითადად არ რჩებიან და არც სახლში იკლავენ თავს იმ შემსრულებლების მოსმენით, რომელზეც მთელი დღე შეუძლიათ ილაპარაკონ, რომ ჩამოვიდნენ, აი, ამ სასტიმროში გაჩერდნენ, აი, სოფო ნიჟარაძესთან ერთად ამას იმღერებენ, აი, ნიკა მემანიშვილიც აქ არის, აი, აი, რა მნიშვნელოვანი ამბავია.

იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ საინფორმაციო გამოშვებების უკან დგანან და წყვეტენ, ომ ჟურნალისტმა მარტო მუსიკოსის ჩამოსვლის დეტალები უნდა მოყვეს და მარინა ბერიძის სინქრონი ჩაურთოს აუცილებლად თავის ყველა ჩართვას. ისიც, რა საკვირველია, ისეთივე სახით, როგორც ერთ ვინმე ჯეოსტარელზე, სტინგზეც იტყვის კაი ბიჭია, სცენაზე დგომა იცის და ალბათ სასიამოვნო იქნება მისი მოსმენაო. არადა, ჟურნალისტმა ისიც უნდა მითხას, რატომ უხარია დილიდან ასე ძალიან სტინგის ჩამოსვლა, რითია საერთოდ ეს კაცი მნიშვნელოვანი (გარდა გაყიდული ალბომების რაოდენობისა) და რატომ უნდა გადავიხადო მის ბილეთში ლამის ორჯერ მეტი, ვიდრე მის კონცერტში ვინმე გერმანელი გადაიხდიდა მიუნხენში გასამართ კონცერტზე თუ მოინდომებდა წასვლას?

საერთოდაც, ჟურნალისტი, ინფორმაციის მომწოდედელი ტიპია და რამე პოზიციაც უნდა ქონდეს მშრალ ინფორმაციასთან ერთად. ის მაინც თქვას ბოლო ბოლო, სტინგის რომელი სიმღერის მოსმენას ისურვებდა. მაგრამ არა, ეგ ალბათ სადმე სხვაგან შეიძლება მოხდეს, სადაც ანალიტიკა მითი არ არის და მომასმედიო რაღაცა არსებობს.  სადაც ამ მომასმედიო რაღაცის "მესვეურები" მაინცდამაინც ხალხის დაშტერებაზე არ ფიქრობენ და ხალხიც იმ კონცერტზე წასასვლელად კი არ ირაზმება, სადაც "ელიტა" იკრიბება, ან სადაც "სმის პონტი იქნება", ისეთ კონცერტებზე დადიან, სადაც მათთვის სასურველ მუსიკას შეთავაზებენ. ანუ, დგანან და ფიქრობენ, სად უნდათ წასვლა და სად არა და არა ასე, უი, სტინგი ჩამოდის, წავალ აბა რას ვიზამ.

საერთოდაც, კონცერტებზე წასვლა, საყვარელი  შემსრულებლების ყოლა და ასე შემდეგ ამბები, სულაც არ არის ადვილი რამე, პასუხისმგებლობას მოიცავს, შენი გემოვნება ჩანს, შენი დამოკიდებულება, შენი ინტერესები, ქვეცნობირი, მოკლედ, შიფრირების კარგ საშუალებას იძლევა.

ხოოდა, რა ვიცი, რაღაც ეჭვი მეპარება, ამ სტინგზე გადარეული 3 000 კაცი გვყვავდეს ქვეყანაში ვინც ბილეთს მხოლოდ სიყვარულის გამო იყიდდა და კიდე ერთი 50 000, ვისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია მისი აქ ჩამოსვლა.

აი მე მაგალითად ვიფიქრე, ვიფიქრე და ვერაფრით ვერ გავიხსენე, ბოლოს ჩემი ნებით როდის მოვუსმინე სტინგს, კრის ბოტი გავიხსენე, სადღაც 17 წლის ვიყავი ალბათ, ცხელი ზაფხული იყო და მე სრული მიქსი მქონდა თავში.  ხოოდა, არ არი რა კარგი, როცა მთელი ერი ისეთ აგონიაშია, შენ რო წლების წინ იყავი, ისიც ისიც გარდატეხის ასაკის ეგიდით

პ.ს. ყველაფერი ცხელი კვირა დღეების ბრალია.

პ.ს. 2. თუ თვითონ სტიგზე ამბები მოგინდებათ, ვოტ ლინკი, მშვენიერი ამბებია.


Sunday, September 12, 2010

პრეზიდენტი, რუსულ-ქართული სიყვარული, დაგვიანებული თვითმფრინავი და ბოლო დღეების საუნდტრეკი

სათაური ლაშა ბუღაძის გავლენა არ არის, სულ ეგეთებს ვწერ, მოგეხსენებათ.
საუნტრეკი ტომიკას სიყვარულის შედეგია. სიყვარულს რომ ზოგჯერ ტექსტი არ ჭირდება, ის ამბავია.
Radiohead - Hunting Bears by nastasia
წესით კინოფესტზე უნდა ვწერო.
ხოოდა, მაგალითად ვენეციის კინოფესტივალის გამარჯვებული სოფია კოპოლა გახდა ფილმით, რომელიც როგორც თვითონ ამბობს, მშობლების და შვილების ურთიერთობას ეხება და მასზე მუშაობა იმ დროიდან დაიწყო, რაც ამ ურთიერთობებზე ფიქრი.
ანუ ფეხმძიმობიდან.

როგორც კი ეს ინფო გავიგე, მაშინვე მომინდა ფილმის ნახვა, მაგრამ ჯერ სხვა ფილმები მაქვს სანახავი, რომლებიც ფესტივალის ფარგლებშია გათვალისწინებული.
ყველაზე მეტად  რიბჩინსკის  ფილმების რეტროპერსპექტივას ველოდები და კიდე გია დიასამიძის "ინსაითს". მეორეს მეტნაკლებად სუბიექტური მიზეზების გამო.  გია სვანეთში გავიცანი, იქაც ფილმს იღებდა, ოღონდ სხვას. იმ ფესტივალის შესახებ, რომელზეც გავიცანი. ხოოდა, საღამოობით მაფიოზობანას ვთამაშობდით ხოლმე და ერთ-ერთი ყველაზე მაგარი "მაფიოზია", ვისთან ერთადაც მაფიოზობანა ოდესმე მითაშია. ხოოდა, ახლა ავდგები და ვნახავ, როგორი რეჟისორია. 

მანამდე კი, დილაობით ე.წ. "ხაზეიკასთან" ერთად  ჩავატარე დილის ყავის რიტუალი და მერე ტბის გარშემო მწვანე ბალახებიან პარკში გავატარე მეცადინეობის  საათები. ჩრდილში ციოდა და ფეხები მეყინებოდა, მზეში ცხელოდა და ტვინი მიცხელდებოდა და ისევ სახლში დავბრუნდი, ჩემ კეთილ დიასახლისთან. 

ხოო, ჩვენი დიასახლისი უსაყვარლესი ქალია. 35 წლის წინ ჩამოვედი რუსეთიდან და იმის მერე აქ ვცხოვრობ, რამდენიმე წლის წინ მივხვდი, რომ "ნიჩევო ნე პანიმაიუ, სადაური ვარ, ნე გრუზინკა, ნე რუსალკაო". ჩემი ქმარი რუსეთშივე გავიცანი,4 თვის მერე მამაჩემმა მითხრა, დედაშენი და მე 4 წელი დავდიოდით ერთად და შენთან რომ დადის იმ კაცს რა უნდა  შენგანო?  მერე 7 თვის მერე ნახეს მამაჩემმა და ჩემმა მომავალმა ქმარმა ერთმანეთი. ქმარი მამამისთან ერთად იყო მოსული და ჩემ ცოლობას ითხოვდაო. ვსიო ეტო ბილა სუდბა, ნი  ჩევო ასებენოვო, და საერთოდაც, დიდი სიყვარულების მეშინია, ძალიან რომ ხარ აღფრთოვანებული, მერე ადვილია იმედგაცრუება,  თან ყოველდღიურობაში ადვილად ვცდება აღფთოვანებებიო. 
ისე კი, ვერასოდეს ვერ გაიგებ, ვინ გიყვარს, თუ იმასთან ერთად არ იცხოვრეო.
ასე, აღფრთოვანების გარეშე გათხოვილი ჩემი დიასახლისი 20 წელი ცხოვრობდა თავის ქმართან ერთად და აპრეხილი ცხვირის წვერზე ეტყობა, რომ ქმარი, რომელიც თანაცხოვრების დროს გაიცნო,  შეუყვარდა.

მერე ქმარი ერთ-ერთი რუსული არდადეგების დროს ავარიაში დაღუპულა 5 წლის შვილთან ერთად და ნატაშა დეიდა ატირდა.

მე ვუთხარი რომ ძალიან მიყვარს საქართველოში მცხოვრები რუსი ქალები, სიკვდილამდე საყვარელი აქცენტით რომ ლაპარაკობენ, სხვანაირად ყურადღებიანები არიან და თვალებიც სიკვილამდე სხვანაირად უციმციმებთ და კიდე, რუსული "ფეჩი" მიყვარს, აუ, რუსი კლასიკოსების წიგნებში როა, კატა და თავადები რომ ერთად თბებიან და ზედ აფორთხება და გამოძინება რომ შეგიძლია. ეგეთ ფეჩს სადმე გადაკარგულ სოფელში თუ ნახავ, მე ჩემ ბავსვობაში ვნახე, ბებიის სახლში ბოლოს და მაშინ უკვე იშვიათობა იყოო. 

მოკლედ ეგრე. კინო მხოლოდ  ის არ არის, რასაც დიდ ეკრანზე გიჩვენებ, მაქსიმუმ სამ საათში მთავრდება და ბოლოს სუბტიტრები ჭირდება მთავარი და არამთავარი სახელებით და გვარებით.

დღეს ფესტივალის გახსნაზე  აბას კიაროსტამის ფილმს აჩვენებენ. აბასის თვითმფრინავმა ერთი საათით დაიგვიანა, სამაგიეროდ სამთავრობო დაცვაა მობილიზებული. ფესტივალზე სხვა სტუმრებთან ერთად პრეზიდენტსაც ელოდებიან.

Saturday, September 11, 2010

ქარიზმატული ლიდერი, ცარიელი ბულვარი და წამოსვლამდელი ამბები

წამოსვლამდე მინდოდა დაწერა, მაგრამ დრო არ მქონდა.
წერისთვის კი არა, ვოგში უსაყვარლესი ფეხსაცმელების ყიდვა მინოდოდა და იქ გასვლისთვისაც ვერ მოვჩხრიკე დრო. ორშაბათიდან ახალი კოლექცია იქნება და სულ კარგად ბრძანდებოდეო.
ხოოდა, დავრჩი ეგრე, საყვარელი ბასანოჩკების გარეშე, მაგრამ დიდი არაფერი. სამაგიეროდ ახლა ბათუმში ვარ, სულ, სულ მალე ბაბისას ვნახავ, და ხვალიდან საფესტივალო ამბებით დავკავდები.
ცხოვრებაში პირველად ვნერვიულობ ამ ფესტივალზე.რაღაცნაირად საპასუხისმგებლო საქმე მგონია და იმიტომ.
იმედია ყველაფერი კარგად იქნება.

ფესტივალის ამბები ხვალიდან, მანამდე კი წამოსვლამდელი ამბები.

არ ვიცი ეგ კარგია თუ ცუდი, მაგრამ მახსოვს, რომ სიტყვა ქარიზმა პირველად მაშინ შემოვიდა ჩემ ცნობიერებაში, როცა სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა. იმ დღეებში ყველაა პირზე  "ქარიზმატული ლიდერი"  ეკერა.
მოკლედ, მე არც ლიდერი ვარ, არც პრეზიდენტობას ვაპირებ და ერთადერთი რაც ამ ამბავთან მაკავშირებს, სიტყვა ქარიზმაა. კარგი ჟღერადობა აქვს და როგორც ყველა ეგეთი სიტყვა, მიყვარს.

მე ქარიზმის ჩემი საკუთარი აღქმა და საზომი მაქვს.
მოკლედ, თუ ვიცი, რომ სადმე წასვლაზე უფრო ჭკვიანური არწასვლა იქნება, იმიტომ რომ გარეთ წვიმს, უკვე გვიანია, ან რამდენიმე დღეში გამოცდა მაქვს და მაინც მივდივარ, ესე იგი, მე ჯერ კიდევ ქარიზმატულად ვითვლები.

ხოოდა, ყოლველთვის, როცა მეუბნებიან ხოლმე: "ნასტასია, შენ ახლა დასვენება გჭირდება, მოდი, სახლში დარჩი და დაისვენე", ან "ნასტასია, ყველგან მაინც ვერ იქნები, ყველაფერს მაინც ვერ გააკეთებ და ყველას მაინც ვერ ეყვარები, მოდი, საკუთარ ენერგიას გაუფრთხილდი", და მაშინაც, როცა მეუბნებიან, "ნასტასია, როდემდე უნდა იყო ასე იმპულსებზე დამოკიდებული", სულ მოდის ხოლმე რაღაც პატარა წკაპი ტვინში და მეუბნება:
"ნასტასია, ესენი მართალს გეუბნებიან, და ურიგო სულაც არ იქნება დაუჯერო. მაგრამ შენ გაქვს ქარიზმაც, რომელიც შეგიძლია გამოიყენო  და არც დაუჯერო".


წკაპი კაიტიპია, ვუჯერებ ხოლმე,  ვიყენებ ამ ნეტარხსენებულ  ქარიზმას და ყველაფერი იმაზე კარგად ხდება, ვიდრე  იმპულსებს რომ არ ავყოლოდი, ან სახლში რომ დავრჩენილიყავი  დასასვენებლად. არადა, დასვენება  მართლა იმდენად მჭირდება, რომ წინა კვირაში რამდენიმე დღე სახლიდან ვერ გავედი გამოუცნობი  დაავადების გამო, რომლის ერთადერთი რეალური მიზეზი სტრესი და გადაღლა იყო.

ხოოდა, გუშინ, საჯაროში ერთკვირიანი მეცადინეობის შემდეგ რომ ვუთხარი ბიბლიოთეკარს - ეს წიგნები შეგიძლიათ დააბრუნოთ, აღარ მჭირდება თქო, ღრმად ამოვისუნთქე და გამეხარდა, რომ გამოცდისთვის რეალურად ძალიან ცოტა ხანში კარგად მოვემზადე.
მერე ყველას ნახვა რომ მოვასწარი, ვისი ნახვაც მინდოდა და ჩანთა მართლა ნახევარ საათში ჩავალაგე, როგორც ამას მთელი დღე ვგეგმავდი. მერე  კეთილი მეგობრები წამოსვლის წინ ვაგზალზე რომ გეგმავდნენ, ბათუმის პორტში ყავის დასალევად ჩავიდეთ და უკან წამოვიდეთო, ბედნიერად გავიღიმე.

გზაში მარკესს ვკითხულობდი და მივხვდი, რომ ეგ კაცი არანორმალურად უხდება ჩემ ბათუმურ გზებს.
მანამ სანამ წამოვიდოდი, ვამბობდი, რომ მთელი ათი დღით მივდივარ, ათი დღე ბევრია  და სანამ ჩამოვალ, აღარავის ვემახსოვრებითქო.
კიდევ რაც შემოდგომა მოვიდა, ვამბობ, რომ კარგია, რომ მოვიდა, სიმშვიდე თუ რაღაც ეგეთი მოიტანა და მიხარია.

და ყოველთვის, როცა შემოდგომა მოდის ხოლმე, მგონია, რომ მერე ზამთარში აუცილებლად მოვიწყენ და რამდენიმე დღის წინ ვიფიქრე, მოწყენილობისგან რომ არ მოვკვდე, პლასტელინებს ვიყიდი და რაღაცეებს გამოვძერწავ თქო.სულელური იდეაა, მაგრამ ვიფიქრე და.

მანამდე  კი, ქარიზმატული ნასტასია ცარიელ ბულვარში ზის, იმიტომ რომ  ჯერ ძალიან ადრეა და ელოდება, როდის გაიღვიძებს მინიმუმ ლიტერატურულის სტაფი და მაქსიმუმ ბაბისა.
მერე კიდე, ფესტივალის დაწყებას დაელოდება, მერე გამოცდის წინა ღამეს თბილისში წავა, იმედია კარგად დაწერს საგამოცდო საკითხებს და მერე ისევ უკან დაბრუნდება.

მერე სხვა ამბები დაიწყება, როგორც ამბების წესია.