Friday, March 27, 2009

ბებო, დაკარგული სიტყვები და ვაშლის ღვეზელის რეცეპტი

ბებიაჩემს  არასოდეს გამოუცხვია ვაშლის ღვეზელი და არასოდეს მოუყოლია ჩემთვის ზღაპარი.
სამაგიეროდ მთელი ბავშვობა მხიბლავდა მისი თხელი აღნაგობა, კეხიანი ცხვირი და ნიკოტინით გაყვითლებული სამი თითი.
ბებიაჩემი ჩემს ბავშვობაშივე დავმარხეთ, ადრეულ გაზაფხულზე, სიფრიფანა და თხელი, ოღონდ იმ დღეს უფრო გაფშიკული იყო, ვიდრე საერთოდ, რაღაცნაირად იმ ,,სუხარივით’’ 90-იანების კრიზისში რომ იკვებებოდა და მე დედას გაკეთებულ ყველა გემრიელ საჭმელზე მეტად რომ მიყვარდა.

მე არასოდეს მითქვამს შენთვის, რომ ასე შორს შენგან, სადაც ყველა მეორე ბებია ვაშლის ღვეზელით უმასპინძლდება კვირაობით სტუმრად მისულ შვილიშვილებს, რომლებსაც მთელი ცხოვრება ზღაპრებს უყვებიან და აჯერებენ, ყოველ დილას სიგარეტს ყავის ნაცვლად შენზე ფიქრებს ვაყოლებ და მჯერ,ა რომ ოდესმე მეც დავწერ ჩვენ თუ არა, ჩემ ზღაპარს მაინც.

არც ჩემ გაზაფხულს უთქვამს არასოდეს არაფერი სუიციდზე, უბრალოდ მარტის ბოლოს დგება ხოლმე და აყვავებულ აპრილსა და მაისში იკარგება, გამოფარტული განწყობის ამარას ისე მტოვებს უსასრულო წვიმაში, იმედგაცრუებასაც ვერ ვასწრებ..

არასოდეს უთქვამს  წვიმას რომ ჩემს ყელზე შეხებისას ყოველთვის გრძნობდა, შენ ვერასოდეს შეგცვლიდა, და არასოდეს გამოუთქვამს მწუხარება იმის გამო, რომ მუდამ მახსენებს იმ ადრეული გაზაფხულის დღეს, როცა ბებია ჩვეულებრივზე უფრო გაფშეკილი იყო.

არც დედასთვის მითქვამს რომ ამ წვიმიან თვითმკვლელ გაზაფხულზე ყველაზე მეტჯერ ვნახე სიზმარში და ყოველთვის პატარა გოგო იყო, ჭრელი ჩითის კაბით და ყვავილებიან მინდორზე თამაშობდა, იმ მინდორზე.

არავის უთქვამს ჩემთვის რომ ყვავილებიან მინდორზე წოლა და მზის სხივების საკუთარ სხეულში შეგროვება მთელი ცხოვრება ვერ გაგრძელდება, უბრალოდ მე თვითონ დავინახე მინდორზე ძლივს შესამჩნევი კვალი და მას გამოყოლილმა მზის გოგონას ნაცვლად ძლივს შესამჩნევი სილუეტი დავინახე სარკეში.

მერე
როცა ჩემ ყვავილებიან  მინდორს მარტო სიზმრებში ვხედავდი და როცა ჩემი ყელი ისევ გულგრილი იყო წვიმის წვეთების მიმართ და შენ გიხსენებდა, სადღაც თვალი მოვკარი მზის შუქზე ალაპლაპებულ სარკის ნამტვრევებს…


პ.ს.როდესმე  დაკარგულ სიტყვებს და ვაშლის ღვეზელის რეცეპტს ალბათ ვიპოვი