Wednesday, April 1, 2009

დეე, ანუ რატომ არის ნასტასია სქოლიოზიანი ემბრიონი

მე ერთი ჩვეულებრივი ემბრიონი ვარ, შენ მუცელში ვზივარ  და დაბადებას ველოდები..
შენში სასიამოვნო სითბო და ბურუსია,გარეთ კი თქვენი მოლოდინებია,ხმაური და სქოლიოზი, რომელიც აქ ემბრიონის ჩვეულებრივ პოზად მეთვლება, მანდ კი მთელი ცხოვრება შემაწუხებს…როგორც თქვენი მოლოდინების ასრულების აუცილებლობა…

დე,რო დავიბადები, შენ  ალბათ ისევ ის  დიდთვალება, კუდრაჭა გოგო იქნები, რომელიც ყველაზე კარგად თავს კაი ხნის წინ გარდაცვლილი მშობლების სახლში გრძნობს…

ალბათ ისევ დაჯდები უმშობლებო სახლის წინ ყვითელყვავილებიან მინდორზე , როცა უზრუნველი, ჩითისკაბიანი, მზიანი ბავშვობა მოგენატრება და შენ უკვე თვითონ დედას, შენივე ჩითის კაბები, კარგა ხნის წინ დაპატარავებულები და გახუნებულები მოგიყვებიან შენი ბავშვობის ამბებს……

მე აქედანვე ვგრნობ იმ კაბებზე შერჩენილ ბებიას სუნს…

დეე, რო გავიზრდები, მერე ალბათ აღარ მომიყვები იმ ამბებს, ახლა რომ მიყვები ხოლმე...
მერე ალბათ მე უნდა ავიდგა ფეხი და თვითონ დავიწყო ამბების შეგროვება დასაწყისში ,,მე ‘’ –თი და როგორღაც შემოუკერებელი ბოლოებით…

დეე,შენ ალბათ მერეც ასე გადამისვამ ხოლმე თავზე ხელს, ჩემი უფორმო და ჭკუის უკითხავად ჩამოწლაწული ძუძუების გამო ჩემი სილამაზის აღქმის უნარს რო დავკარგავ და თმებს გადავიპარსავ.
ალბათ მერეც გააგრძელებ დედის ლოცვების კითხვას, როცა ჩემი დილა შენი ჩურჩულის მოსმენის ნაცვლად სხვა ქვეყანაში, სხვა აივანზე ფინჯან ყავაზე შეტანებული სიგარეტით და ბავშვობის მოგონებებით დაიწყება...

დეე,მითხარი რო არასოდეს არ მეტყვი, რომ სხვა ემბრიონები უკვე დაიბადნენ და დროა მეც დავიბადო...
არ მეტყვი, რომ სხვებმა უკვე აიდგეს ფეხი და მე რაღას ვუცდი...
სხვებმა უკვე ისწავლეს სიტყვები და მე რატომ ვარ ჩუმად..
სხვებმა დათვლა იციან, მე კი მარტო ცაში ვიყურები და ვარსკვლავებზე ვერასდროს ვისწავლი რაოდენობის აღქმას…..

დეე, ვთქვათ რომ სხვები სხვები არიან და შენ ის მითხარი  რისთვის ღირს დაბადება, სად უნდა წავიდეს ადამიანი და რის გამოსახატად არსებობენ სიტყვები…
რიცხვებს  მე მოვუვლი, ტარკოვსკის გავიცნობ და დავიჯერებ რო 1 + 1 = 1-ს და ცის ნაცვლად მიწაზე დავიწყებ მეორე ერთის მოძებნას…

დეე,  დაგღალე, წავედი  და იმ ჩვენ ყვავილებიან მინდორზე შევხვდებით...
ის  კუდრაჭა გოგო დამხვდი რა, მე რომ მიყვარს

… და კიდე,ისევ გააგრძელე დედის ლოცვების კითხვა,მე ჯერ ისეც არ გავზრდილვარ რომ ღმერთთან სალაპარაკო სიტყვები ვიცოდე…