Sunday, November 11, 2012

ბანალური სიუჟეტები

"- შენი ტოლი მეგობრები არ გყავს?
- არა, დიდი ხანია სკოლაში აღარ დავდივარ. არც იქ მქონია სურვილი ვინმეს დავმეგობრებოდი.
- რატომ?
- ჩემი ასაკის ბიჭები იმდენად უცხონი არიან ჩემთვის, არც კი ვიცი, რაზე შეიძლება მათთან საუბარი.
- თუ აჩვენე მათ შენი ნიჭი და ოსტატობა ჯადოქრობაში?
- კი და ვფიქრობ, ცხოვრებაში უარესი არაფერი ჩამიდენია. ფოკუსზე მხოლოდ ერთი რეაქცია შეიძლება ჰქონდეთ: "აბა, საიდან დააძრე ეს ტრიუკი? აგვიხსენი! " როცა გსურს გააგებინო, რომ ეს უბრალოდ ტრიუკი კი არ არის, არამედ ცხოვრების გარკვეული მონაკვეთი, გზა, რომელიც შენ გამოიარე; რომ დიდი ძალისხმევის წლებია; რომ ეს ფიქრისა და აზროვნების შედეგია, ხელოვნებასთან ზიარებაა, მათ სახეზე მხოლოდ იმედგაცრუებას თუ წაიკითხავ. 
- მართალია, ახალგაზრდებს ყველაფერი ორ წამში უნდათ. სულსწრაფები არიან.
- მეც ახალგაზრდა არ ვარ?
- შენ განსაკუთრებული ვინმე ხარ. ეს პრივილეგიაა და ამისთვის  გარკვეული ხარკიც უნდა გაიღო.
- ხარკი გავიღო? ესე იგი ვნახო, როგორი კრეტინები არიან სხვები?
- შენ მხოლოდ მათ სიშტერეს ხედავ. " 


ეს ნაგლეჯია ამელი ნოტომის ახლადგადმოქართულებული წიგნიდან, რომელიც ისეთივე არაფრისმომცემი და მაინც მიმზიდველი და მომნუსხველი საკითხავია, როგორც ამ გოგოს ყველა სხვა  წიგნი, რაც კი როდესმე ჩამვარდნია ხელში. დილას ვკითხულობდი, სანამ ოჯახის დანარჩენ წევრებს მშვიდი ძილით ეძინათ (ჯერ კიდევ თანაცხოვრების საწყის ეტაპზე მივხვდი და მას შემდეგ ამაში ეჭვი არასოდეს, რომ კითხვისთვის ყველაზე კარგი დრო მაშინაა, როცა შენს გვერდზე მყოფის გაღვიძებას ელოდები). როგორც ჩანს, რომ მან  საბოლოოდ მოიფიქრა ფაბულა - ერთი მონსტრი და ორი მისი მსხვერპლი,  ორგანული ნაწილად გაიხადოს და ყველაფერი, რასაც კი დაწერს, ამ ქარგზე იქნება მოჭრილი. მაინც მილიონობით ეგზემპლიარებს ყიდის. რატომაც არა.


მე კიდევ გუშინ საღამოს, ამ წიგნის ხელში აღებამდე კიდევ ერთხელ გამახსენდა, როგორია, როცა არც ისე ბევრი მეგობარი გყავს და იმათთანაც, ვინც შენი მეგობარია, ფრაგმენტული ურთიერთობა  რომ გაქვს. ასე, როგორღაც ისე მოხდა, რომ ჩემი ნაცნობების უმეტესობასთან დისტანციურად ვურთიერთობ, ალბათ დაახლოებით იმავე მიზეზით, რა მიზეზითაც ნოტომის მიზანთროპი პერსონაჟი. ან უფრო სწორად, მე და ჩემს იმ ნაცნობებს, რომლებთანაც შემეძლო მემეგობრა, ერთმანეთი დიდად არ გვჭირდებოდა, ისეთებს, კი ვისთანაც სიამოვნებით ვიმეგობრებდი, არც ისე ბევრს ვიცნობ. სიმართლე რომ ვთქვა, ამის გამო დიდად არც ვწუხვარ. უბრალოდ, ზოგჯერ მწყინს ხოლმე, როცა ვუყურებ ადამიანებს, რომლებიც სრულიად არ ინდომებენ უკეთესები, უფრო საინტერესოები, კეთილები ან კარგები იყვნენ, ბოლოს და ბოლოს წლიდან წლამდე ოდნავ მაინც შეცვალონ რამე, განვითარდნენ.

ხვალიდან ახალი სამსახური მაქვს და სევდა, რომელსაც  სამთვენახევრის მარიამის 8 საათიანი მიტოვება იწვევს. სამაგიეროდ აღარ მექნება შინაური ცხოველის შეგრძნებები და მეც და მარიამიც უფრო ორგანიზებულ ცხოვრებას დავიწყებთ.
იდეაში სწორედ იმ ამბებზე უნდა დამეწერა, ბავშვის ყოლას რომ თან ახლავს და სანამ ბავშვი გეყოლება, წარმოდენაც რომ არ გაქვს, თუ ეგეთი რამეები არსებობს, მაგრამ ამ განმეგობრებებზე იმდენ ხანს ვილაპარაკეთ გუშინ მე და ზაზამ, მერე ეს ნოტომიც და ბარემ აქაც იყოს.

ხო, მარიამს რამდენიმე დღის წინ პირველი წიგნი ვაჩუქე, რომელიც ისე მოწონს, ყველა სხვა სათამაშო ჩამოვუხსენი. ფურცლავს, აჟღარუნებს და უხარია.

რეკომენდაციის სახით შემიძლია გითხრათ, რომ 3 თვემდე ბავშვისთვის სათამაშოს ყიდვას აზრი არ აქვს, სრულიად არ დააინტერესებს, მერე კი აუცილებლად ჭირდება ხმაურიანი, ფერადი და მხიარული რამეები. 

მოკლედ ეგრე.
ნოემბერი ჩემი თვეა. სასიამოვნო ნოემბერს გისურვებთ.