Sunday, November 25, 2012

ურბანული სევდა და შემწვარი ვაშლი დარიჩინით

მოვიდა ღუმელში შემწვარი კარტოფილის, ვაშლის, გოგრის, წაბლის ტკაცატკუცის, პლედებში გახვევის და სუსხისგან გაწითლებული ცხვირების დრო. ანუ ჩემი დრო.

გაჭერით ვაშლი შუაზე, ამოაცალეთ კურკები, ანუ  "ამოღტუტნეთ", ამ ამოღრუტნულში მოაყარეთ ცოტა დარიჩინი, ჩაასხით ასევე ცოტა თაფლი (სასურველია წაბლის), არაჟანი, ლიმონის წვენი და შედგით ღუმელში დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში და თქვენ სახლშიც ისეთივე ბედნიერების გემრიელი სუნი დატრიალდება, როგორც ჩემსაში დგას ბოლო 2 დღეა. 

მიუხედავად იმისა, რომ სეირნობისას  ურბანული სევდა მიპყრობს, ტყეებისგან, მთებისგან და ნისლიანი დილებისგან სიშორით გამოწვეული, შემოდგომა მაინც ჩემი დროა, ნოემბერი ჩემი თვე და კვირა ჩემი დღე.


სამსახური მომწონს, რაც ნამდვილად  იმსახურებს აღნიშვნას.  ასეთი რამ ხშირად არ ხდება ხოლმე.

სამაგიეროდ საშინლად არ მომწონს ჩვენი ქალაქი, რომელიც საშინლად მოუხერხებელია ეტლით სიარულისთვის და საერთოდ, სიარულისთვის. არც პარკებია ისეთი და იმდენი,  ბავშვი სად გავასეირნო კითხვას რომ დაფიქრების გარეშე გაცე პასუხი და საერთოდ, ოცნებების სიაში პირველ ადგილზე აგარაკია, დიდი ეზოთი და ბევრი ხეებით.

ბედნიერი დღეები თქვენ. ჩვენ დანგრეული და უხვმანქანებიანი გზების გავლით ეთნოგრაფიულში მივდივართ.