Sunday, July 17, 2011

განახევრებული ზაფხულები, დაკონსერვებული ამბები და ტრანსფორმირებული იდეალები

არტ-გენმა თბილისში გადმოინაცვლა, რას იმას ნიშნავს, რომ ზაფხული უკვე განახევრდა, ვისაც ბედმა, აგარაკებმა, შვებულებებმა და ბებია-ბაბუებმა გაუღიმეს, ქალაქიდან გასვლა მოახერხა, ვინც არა ადგა და კუს ტბის მისადგომებთან გადაწყვიტა შვება ეპოვა.

აგერ უკვე მერვე წელია, ასე ხდება. ამ ხნის განმავლობაში მე ხან პახოდებში ვიყავი და იმას ვფიქრობდი, ეე, არტ-გენი უჩემოდ ტარდება თქო, ხან არტ-გენზე და ვამბობდი, ეე, ახლა პახოდში რომ ვიყო უკეთესი იქნებათქო.
ეგრეა, როცა ყველაფერი ერთად გინდა ადამიანს. ამასობაში მე სრულიად დამაჯერებელი ბურჟუა გავხდი და ცხელი ზაფხულში საღამოს შედარებით გრილად გასატარებლად  ეთნოგრაფიულში წავედი.

ვიჯექი და  ვფიქრობდი:
პირველი ჯგუფი, რომელსაც  - "ფიცვერცხლი" იყო . ცუდი ჯგუფი არ არის, შეიძლება მეტიც, კარგ ხასიათზე მყოფმა თქვა, რომ კარგია, მაგრამ დინამიკა თუ ქარიზმა თუ ცეცხლი თუ რაღაც მსგავსი აკლიათ და საერთოდაც, არ არის ადვილი, ურბანულ გარემოში ფოლკის კეთება.
და არაურბანული გარემო კიდე ისეთი დეპრესიული და მძიმეა საქართველოში, მით უმეტეს რთულია, იქ რაიმე შეიქმნას. მომკალით და არ მჯერა, რომ ფოცხო-ეწერებში, წეროვანის კოლოფჩიკებში, სამმოხუციან მაღალმთიან სოფლებში და ეროვნული უმცირესობებით გაძეძგილ სამხრეთის ვრცელ ველებში რამე შეიქმნება.

სულ ვფიქრობ ხოლმე, რომ კონკრეტული პროდუქტი
 უამრავი ფაქტორის ჰიბრიდით იქმნება და ფოლკლორიც ზუსტად ეგრეა, გარკვეული გარემოს, ფაქტების, ხასიათის, დროის, წესების კარნახით იქმნება და როცა სადმე თბილისში ცხოვრობ, დილას ავტობუსით მიდიხარ უნივერსტეტში, მერე სამარშუტო ტაქსით მეგობართან, საღამოს ერთად უყურებთ ფეხბურთს რაიმე დიდ მონიტორზე, ძილის წინ სოციალურ ქსელებში ყვები მთელი დღის ამბებს, ბუნებრივია, შენთვის სრულიად არაბუნებრივია გურული კრიმანჭული და კახური მრავალჟამიერი, რაც არ უნდა კარგი საშემსრულებლო მანერა და ვოკალური მონაცემები გქონდეს, არ არის ეგ საკმარისი.

და  თუ მაინც გინდა რამეს აკეთებდე, ამის უარყოფას კი არ უნდა შეეცადო, დაკონსერვებაც საქმეაო, კი არ უნდა იძახო, შენი გარემოს ამსახველი და შენი რეალობისთვის ადეკვატური მუსიკა უნდა შექმნა.
ეგ კიდევ რთული ამბავია, განსაკუთრებულ ნიჭს საჭიროებს და ასე, 5 კაცი შევიკრიბეთ, დაკვრა დავიწყეთ,  არ არის საკმარისი. 
მთელი ეს ტექსტი უბრალოდ, ჩემი ფიქრებია ფოლკლორის მომავალთან დაკავშირებით და არაფერ შუაშია კონკრეტული ჯგუფი - "ფიცვერცხლი", რომელიც მხოლოდ ფიქრების საუნდტრეკის ავტორებად შეგვიძლია მოვიხსენიოთ.


შემდეგი საუნდრეკის ავტორი - ლეჟავები.

რაც უფრო ვიზრდები, მით მეტს ვფიქრობ თაობებს შორის გაუცხოებაზე. ადამიანებს ისედაც ძალიან ცოტა დრო რჩებათ ურთიერთობებისთვის და ამ ურთიერთობებში მშობლებთან ურთიერთობა თითქმის ყველაზე ბოლო ადგილას გადადის.
 სამსახურიდან რომ მოდიხარ, დედასთან ან მამასთან ერთად ტელევიზორის ყურებას, მეგობრების ნახვა გირჩევნია, ეს ნორმალურიც არის და ალბათ მგრძნობიარე  ადამიანების გარდა, არავინ აპროტესტებს, უბრალოდ, მერე, გზადაგზა, ხვდები, რომ ყველაზე ცოტა დროს მათ უთმობ, ვინც უფრო მეტს იმსხურებს და საერთოდ, დროზეც არ არის ლაპარაკი.

 მშობლებს სულ უნდათ რომ შენზე იზრუნონ, შენი ამბები იცოდნენ, საკუთარი გამოცდილება გაგიზიარონ, შენ კიდე უკვე გაიზარდე და მთელი ეს ამბები ან აღარ გჭირდება, ან გეხამუშება. მოკლედ, რთული ამბავია, თითქმის შეუქცევადი და თავისი არსით ალბათ სრულიად კანონზომიერი და იშვიათად თუ ვინმე ახერხებს მსგავს სიტუაციებში თავის არ გაყოფას.

აი, ლეჟავების ორი თაობა ერთად იდგა სცენაზე, და ჩემმა ფიქრებმაც იმიტომ მიიღეს ასეთი მიმართულება, რომ მივხვდი, რა კარგი გამოსავალია, როცა შენ და მამა ერთად აკეთებთ რაიმეს. ავტომატურად უფრო მაგარი ხდება მაკავშირებელი ძაფები.
მუსიკალურ მხარეს რაც შეეხება, ინდივიდუალიზმს არ უჩიოდნენ, დიდი ნაწილი ინსტრუმენტალს ეკავა და არტ-გენის სივცრისთვის ცოტა მოუხერხებელი იყო, რამე პატარა და დახურულ სივრცეში სავარაუდოდ უფრო ეფექტური იქნებოდა.
მთელ ამ ოჯახურ ამბებზე და გაუცხოებებზე ერთი გადასარევი გერმანული ფილმი გამახსენდა, თუ არ გაქვთ ნანახი, რეკომენდირებულია ჩემს მიერ.

 და ბოლოს,მისი აღმატებულება რობი
ამ ბოლოს, ხშირად ვფიქრობ, რომ  რობი ნამდვილად ყველაზე კარგი მუსიკოსია საქართველოში და იმასაც ვფიქრობ, რომ ალბათ დიდი დრო უნდა გავიდეს, რომ ჩემსავით ბევრმა იფიქროს. ყველაზე სწორი აქცენტებით, ყველაზე ნამდვილი, ყველაზე გულწრფელი, ინდივიდუალური, თბილი და კეთილი.

აი, ადრე, იდეალები რომ გვყვავდნენ, 13-14 წლის ასაკებში, უკომპრომისო, რევოლუციონერი, სიმართლეების მოლაპარაკე და საზოგადოების გამოფხიზლების მსურველი ყოვლისშემძლე გმირები, ჩეგეები, ლენონები და ათასი ეგეთი, მერე რომ აღმოვაჩინეთ რომ არც ეგეთი ყოვლისშემძლეები და იდეალისტები იყვნენ.

 იმ იმედგაცრუების საფასურია ჩემთვის რობი, პერფორმანსად ქცეული კონცერტებით, გეხუტუნეებით, უკომპრომისო, მართალი განცხადებებით, სიმღერებს შორის ტექსტებით და უნარით, იუმორით უყუროს თავის თავსაც და ყველაფერ დანარჩენსაც.


აი, სულ თავში რომ ვამბობდი, გარემოსთვის ადეკვატური მუსიკათქო, ეგაა ზუსტად რობი.
მერე რომ ვამბობდი, გაუცხოება თქო, ეგეც რობია, მეგობარივით შეგიძლია ელაპარაკო, რაზეც გინდა, გაუხარდება. კონცერტზე თქვა, 45 წლის კაცი ვარ, დავიღალე, ამდენი კი არ შემიძლიაო, 2 წლის ბავშვივით გვახარა, მალე კბილები მექნებაო. არ არის უცხო, შენიანია.
თან ისეთი შენიანი, რო გიხარია.