Wednesday, October 24, 2012

სტერეოტიპული სოციალური წნეხები და დილა-საღამოს ლოცვები

ზუსტად ისეთი ამინდია, სახლში რომ უნდა იყო გამაგრებული, კომშის კომპოტს სვამდე, საკუთარი ხელით გამომცხვარ შინდიან პეჩენიებს სიამაყით უყურებდე და შემოდგომური საფიქრალებით გქონდეს თავი დაკავებული.

ამასობაში ჩემ მუცელზე გართხმულ მარიამს ტკბილად ძინავს და ალბათ ზუსტად იმავეს ფიქრობს ამ ამინდზე, რასაც მე. წვიმის დაწყებამდე სეირნობა მოვასწარით. გზაშივე ჩაეძინა და იმის მერე ძინავს. მარიამთან ერთად სეირნობა ახალი საყვარელი საქმიანობაა. ჰაერზე მალევე ეძინება, სახე უფრო ნათელი და ბედნიერი უხდება და გამვლელ-გამომვლელის ყურადღების მიქცევას მარტივად ახერხებს. მეც, როგორც ყველა დედას ჩემთვის, ჩუმად მიხარია ჩემი შვილით აღფრთვანებულების კომენტარები.



მაგალითად წინა კვირას,  "მუზამეს ბავშვების" სანახავად მარიამიც წავიყვანე და ისე ამიჩუყდა გული ყველა სათითაოდ რომ დაინტერესდა/მოიხიბლა, ორი დღე გაღიმებული დავდიოდი. საერთოდ, დედობა ემოციურად არამდგრადი და გულჩვილი ადამიანებისთვის ნამდვილი კატასტროფაა. განსაკუთრებით პირველ კვირებში დღეში რამდენჯერმე ვტიროდი, ასევე რამდენჯერმე თავს ვგრძნობდი ყველაზე ბედნიერ ადამიანად, მერე ხან მარო მეცოდებოდა, ხან ჩემი თავი და ხან ზაზა, ხანაც სრული გაშტერება და დიდხანს გადაბმულად ძილის მძლავრი სურვილი მკლავდა და ასე, დღის ბოლოს ემოციების სწრაფი ცვლილებებისგან უფრო ვიყავი დაღლილი, ვიდრე სხვა საქმეებისგან. ახლაც კაი არამდგრადი ვარ, უბრალოდ, მივეჩვიე და ნაკლებდრამატულად გამოვიყურები.


ისე, თუ მომავალი, დამწყები ან რაიმე ჯიშის დედა ხართ, აუცილებლად შეიყვარეთ სლინგი.ტრანსპორტირება/გადაადგილების ყველაზე კომპაქტური, კომფორტული და პრაქტიკული საშუალებაა. ბავშვი ბუნებრივ მდგომარეობაშია  შენთან მაქსიმალურად ახლოს, შენ კი შეუზღუდავად გადაადგილდები. გადასარევია. ეტლის წარმოდგენაზე  კი ახლავე გული მისკდება. წარმოუდგენელია ამ სრულიად გაუმართავი ტროტუარების, სავალი ნაწილების და ხისტი კიბეების პირობებში ეტლით გადაადგილება. აი, სლინგი სულ სხვა საქმეა, ბავშვიც ბედნიერია და  ბავშვის პატრონიც.

საერთოდ, ეს სოციუმის ინტერესები, მოლოდინები, კითხვები, შენიშვნები და  დამოკიდებულებები ერთი ცალკე ამბავია და ეგეც კაიხელა ნერვებს მოითხოვს. მით უმეტეს ჩემგან, რომელსაც ფამილარობა ბოლოს  მიღებს და პირადი სივრცის დარღვევას კრიმინალად განვიხილავ. რაღაცატომ ყველამ, შინაურმაც და გარეულმაც ყველაფერი იცის, მზადაა საკუთარი ცოდნა და გამოცდილება არ დაიშუროს (ამას ჯერ კიდევ სამშობიაროში მივხვდი, როცა ადამიანები თავიანთი გამოცდილების დეტალურად მოყოლის სანაცვლოდ ჩემგანაც იგივეს ითხოვდნენ და ისეთ კითხვებზე ელოდებოდნენ პასუხს, რასთანაც არანაირი საქმე არ ქონდათ წესით.), ყველანაირად შეეცდება თავის თანამოაზრედ, თავისნაირად გაქციოს და მეტიც, მისებური "კარგის" კრიტერიუმებს მოგარგოს. ასე მაგალითად, "კარგი" დედა აუცილებლად ძუძუთი უნდა კვებავდეს ბავშვს, ძუძუს დაუშტერელობისთვის აუცილებლად უნდა ჭამდეს ურიცხვ და უთვალავ სიმსუყეებს და სულ არ ადარდებდეს თუ ამასობაში ფორმას დაკარგავს, კარგი დედა ბავშვიანად უნდა რჩებოდეს ბებიაბაბუებთან დღეებისა და ღამეების განმავლობაში, ყველას აფრქვევდეს თავისი შვილის ამბებსა და  სურათებს, კითხვის გარეშე იჯერებდეს ყველანაირი ჯიშის რეკომენდაციასა და რჩევას, თავში აზრად არ უნდა მოდიოდეს, რა მძიმეა ზოგჯერ უწყვეტი მზრუნველობის რეჟიმში ცხოვრება და რა ლოგიკურია გამოვიფიტვა თვეების განმავლობაში მიმდინარე პროცესებისგან და ა.შ. ამას ძირითადად იმ ადამიანებისგან ისმენ, ვისაც უკვე ყავს ბავში და ოჯახი და "თავისი წილი იწვალა"(იმასაც ვერ ვხვდები, რატომ არის ეს წვალება ასეთი აუცილებელი).

მეგობარ/ნაცნობ/ახლობლები კი მოთმინებით ელოდებიან რომ შენ დაიწყებ წუწუნს იმაზე, რომ მთელი დღე სახლში ზიხარ, პამპერსებისა და სათამაშოების გარემოცვაში, რძის სუნი გიდის და ხშირად გამოუძინებელი თვალები გაქვს, თმა გცვივა და რაღაცნაირად გადაეჩვიე საზოგადოებასთან კომუნიკაციას, მასობრივი თავშეყრის ადგილებში ცოტა დაბნეულად გამოიყურები და მთელი ამ ხნის განმავლობაში კიდევ უფრო შეგიმცირდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომელიც უპირობოდ გსიამოვნებს და ა.შ.

არადა, ღმერთმანი, ეს პერიოდი მთელი თავისი ვნებათაღელვებით, სახლში ჯდომებით, რძის სუნებით, გამოუძინებელი თვალებით და ყოველდღიური წვრილმანი სიახლეებით იმდენად სენსიტიური და კარგია, იმდენად შენი, პირადია და ინდივიდუალურია, რომ სულ არ ჭირდება დამატებითი ეფექტები.თანაც ყველაფერი მაინც ისეა, როგორც უნდა იყოს, გაკითხვა-გამოკითხვების გარეშეც.

მიუხედავად იმისა, რომ მინიმუმამდე მაქვს დაყვანილი საკონტაქტო პირთა რაოდენობა, როგორღაც მაინც ახერხებს ეს საზოგადოებრივი აზრები ჩემ შეწუხებას. არადა, რატოა ასე ძნელი, რომ ადამიანებმა შევიგნოთ, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და ღირებული მხოლოდ ის გამოცდილებაა, რასაც შენ დააგროვებ. ან იმას რატომ ჭირდება ახსნა, რომ ბავშვს და დედას თავიანთი საკომუნიკაციო ველი აქვთ და თვითონ ბავშვი ყველაზე კარგად გასწავლის როდის რა ჭირდება.

მოკლედ ეგრე. საზოგადოებრივი წნეხების ფარგლებში კინაღამ დამავიწყდა იმის ჩანიშვნა, რისთვისაც შემოვედი:
თითქმის 3 თვის მარიამი გადასარევად არჩევს ერთმანეთისგან ე-სა და ა-ს, რომლებიც ამავდროულად მისი ლექსიკის ძირითადი საყრდენი ერთეულები არიან არიან, განსაკუთრებით ვუყვარვართ მე და მუსიკა (თუმცა იწყებს ოჯახის სხვა წევრებთან გაშინაურებას),  ნელ-ნელა ერკვევა საკუთარი კიდურების ფუნქციებში და ენის სტრუქტურაში, არის კონტაქტური და მხიარული. ამდროინდელი პროგნოზით (რომელსაც შეიძლება სურვილიც დავარქვათ :)  მალე დაიწყებს ლაპარაკს და სიარულს. 



მე კი ყოველ დილას, როცა ნახევრად მძინარე, პირველ დაძახებაზე ვდგები ხოლმე და საწოლიდან მოცინარი არსება მიყურებს, ყოველ საღამოს, როცა თავის სავარძელში მოკალათებული  ჩემთან ერთად ცდილობს მარტივი სიტყვების გამეორებას, პარალელურ რეჟიმში ვლოცულობ ხოლმე, რომ სულ ასეთი ბედნიერები ვიყოთ./