Thursday, June 16, 2011

ყოფითი სისულელეები და უფილტრებო ამბები 2

მაღვიძარას აღარ ვაყენებ, რაც დათბა, დღეები დაგრძელდა და გადავწყვიტე რომ ჩემი ბიოლოგიური საათი გადასარევად მუშაობს.

10 საათზე ლექცია მაქვს. ავტობუსში ამოდის ჩინელი გოგონა და მეკითხება მიიყვანს თუ არა ეს ავტობუსი აზერბაიჯანის საელჩომდე. მეკითხება რა, ქაღალდის ნაგლეჯზე უწერია დანიშნულების ადგილი და იმ ქაღალდის ნაგლეჯს მაჩვენებს. ჯერ ჩინელი რომ ხარ, მერე 2 დოლარით მეტის საშოვნელად  საქართველოში რომ ჩამოხვალ და ცელოფნის წინდებს და პლასტმასის ფეხსაცმელებს გაყიდი და მერე კიდევ აზერბაიჯანში გადასვლის გენიალური იდეა რომ მოგივა სისხამ დილას თავში და მე დამემგზავრები ყვითელ, საზიზღარ, გაძეძგილ ავტობუსში... ლექციაზე 15 წუთი დამაგვიანდა.

1-ს რომ აკლია 15 წუთი, ეპილაციაზე ვარ ჩაწერილი. 3 წუთით ადრე მივედი, 17 წუთით გვიან შევედი. არადა, წესით რესპექტაბელური ადგილია, კლიენტებზე ზრუნავენ და რაღაც ეგეთები. ნუ ჯანდაბას.

2-ის წუთებზე ბანკში კლიენტების მრჩეველის წინ მოვკალათდი.
ვინაიდან მე თავხედმა გავბედე და  გერმანიიდან ისე წამოვედი, რომ საბანკო ანგარიშები არ დავხურე, ბოლო 2 თვეა ინტენსიურად ვიღებ ლანძღვა-გინება-შეჩვენების წერილებს ამ ჩემი ბანკებიდან, რომლებიც იტყობინებიან, რომ თუ მათი მომსახურების საფასურს არ გადავიხდი, კარგი არაფერი დამემართება. მე სადღაც გულის სიღრმეში უკიდურესად პატიოსანი ადამიანი ვარ, ამიტომაც ავდექი და ჩემი ბოლო ჰონორარი სრულიად დამპალ ბიოროკრატიას ჩავჩარე პირში. არასოდეს არ მკითხოთ, რატომ არ მიყვარს გერმანია. აი, ეგეთი რამეების გამო.

3ის წუთებზე ბიბლიოთეკაში შევიარე, დოკუმენტების დასაპრინტერებლად. ბიბლიოთეკარს ჩემი ჩარვალი მოეწონა და ჩამოეკიდა. არც ფამილარობები არ მიყვარს.

3ზე უნივერსტეტში მივბრუნდი, 4მდე ვარკვევდი ათას ხრინგალს. 5მდე საცოდავი სახით ვიჯექი კათედრის კომპიუტერის წინ, რომელსაც დედამიწის ზურგზე არაფერზე რეაქცია არ ქონდა და არაფერს არ მიხსნიდა. 5ზე დანიშნულ ლექციაზე მოვიბოდიშე, რომ მე ვარ ცუდი ადამიანი, რომელმაც ვერ მოამზადა დავალება, რომელიც მთელი დღე რაღაცა ფულებსა და პროგრესის ავ მხარეებზე ფიქრობს და წამოვედი.არ მიყვარს, როცა ლექცია ჩემი მოუმზადებლობის გამო ცდება. მართლა ცუდი ვინმე მგონია თავი.მართლა უკიდურესად კეთილსინდისიერი ადამიანი ვარ.

5ს აკლდა წუთები, სამსახურში რომ მოვედი.
გზაში ვიღაცა ლამაზ კაბებიანი გოგოები მხვდებოდნენ. უკვე ზაფხულია, მთელი ამ ჯანდაბების მიუხედავად.

სემესტრის დამთავრებას აკლია მხოლოდ ერთი დღე, მოსაგვარებელი საქმეების რიცხვმა ყოველგვარ ზედა ნიშნულს მიაღწია.
შაბათს არტ გენი იწყება, რომლის ამბებსაც ჩემი ბლოგიდან მიმდინარეობის დროს პერმანენტულად გაიგებთ.

ხოდა, იცით რა, სისულელეა მთელი ეს ლექციები, საბანკო ანგარიშები, ჰონორარები, ლექციები, ფესტივალები და მერე კიდევ იმათი გამშუქებელი ჟურნალისტები, ბლოგერები და სხვა კომპეტენტური ხალხი, სამსახურები და სიფტები სართულებს შორის.
სისულელეა შუქნიშნები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გზადაგზა მოხდილი ბოდიშები და ზრდილობის ფორმულა - მადლობები, მაღვიძარები და კალენდარზე მიწერილი შეხვედრების სიები.
სისულელეა ზაფხულები და გაზაფხულები, რომლებსაც არაფერში არ იყენებ.


იმიტომ რომ არც ერთ მათგანს არასოდეს არავისთვის ბედნიერება არ მოუტანია. ისინი როდესღაც ჭკვიანმა ადამიანებმა მოიგონეს მნიშვნელოვანი ამბებიდან უმნიშვნელოებზე ყურადღების გადასატანად და გადასარევადაც გამოუვიდათ. 

ახლა დავდივართ და გვგონია, რომ ჩვენი უძილობა ქუჩის პირზე ცხოვრების ბრალია, დაგვიანებები ტრანსპორტის მოუწესრიგებელი მოძრაობის და ქრონიკული დაღლილობა დატვირთული სამუშაო გრაფიკების.

გამჭვირვალე  ჰაერი მინდა, მწვანე ბალახი და გაწელილი დილის ძილები.