Thursday, June 2, 2011

ჟურნალ-გაზეთების ჯიხურთან მისვლამდე საკითხავი

აი ასე.
სრულიად მალე, რაღაც რამდენიმე დღეში შეგიძლიათ მიხვიდეთ ჟურნალ-გაზეთების ჯიხურებთან და იკითხოთ ჟურნალი ტაბულა არტი.
იქ დაგხვდებათ სავარაუდოდ ბევრი სტატია. იმათი ამბები არ ვიცი, მე ვიცი, რომ იქნება ჩემი ჩაწერილი 2 ცალი ინტერვიუ.
მართალია, ცოტა შელამაზებულ-შემოლამაზებულები, მაგრამ მაინც ჩემები.


და საერთოდაც, სანამ მეც მივადგები ჟურნალ-გაზეთების ჯიხურებს, ვიფიქრე, ვიფიქრე და მოვიფიქრე, რომ ინტერვიუების ჩაწერა მიყვარს. აი ასე, მიდიხარ სრულიად უცნობ ან ოდნავ ნაცნობ ადამიანთან და მანამ ელაპარაკები, სანამ იმ დონეზე ნაცნობი არ ხდება, სადამდეც შენ გჭირდება. მერე ივიწყებ ამ შენ ემოციებს და წერ. კიდე მერე სადმე შეგხვდებიან, რამე ამბავს გაიგებ და ისევ გახსენდება ემოციები. მოკლედ, კაი რამეა. ინტერვიუების ჩაწერა კი არა, ადამიანების სიყვარული.

ცოტა უფრო მეტი ადამიანი რომ ფიქრობდეს ეგრე, ნაკლებად შემეშინდებოდა ტელევიზორის ჩართვის, ნაკლებად ავუვლიდი გვერდს მიტინგის და ნამიტინგარ ადგილებს, ნაკლებად შემეპარებოდა ეჭვი დადგმულ საზეიმო განწყობილებებში და საერთოდაც, ჩემს სრულიად ბედნიერ პერიოდს კიდევ უფრო კარგად შევიგრძნობდი.

სხვა ისეთი არაფერი, უბრალოდ, როცა პოსტის სათაურს ვწერდი, მივხვდი, რომ ჟურნალ-გაზეთების ჯიხურებთან მისვლა უკვე ძალიან ძველმოდურად ჟღერს, მგონი ყველა ყველაფერს ონლაინ ვკითხულობთ. ყოველ შემთხვევაში, მე ისეთივე ძველი ამბავი მგონია, როგროც ბავშვობაში მუსიკის გაკვეთილებზე  სრულიად უშედეგო და უმიზნო სიარულები და გაზაფხულზე დათბობის აღსანიშნავად პირველად ჩაცმული მოკლემკლავიანები მაიკების და შორტების ჩაცმის სიხარული.

ხო, ეგრეა, მე სრულიად ბედნიერად ვცხოვრობ და როცა ფანჯრებში მუსიკალურ სკოლაში მისული ბავშვების გაკვეთილების ხმები შემოდის, მგონია, რომ ძალიან, ძალიან ადრე ვიყავი მაგხელა და ახლა უკვე დიდი გოგო ვარ. მერე ჩაიში ლიმონს ვწურავ, რამეს ონლაინ ვკითხულობ და ბედნიერ ზაფხულს ველოდები.