Wednesday, April 6, 2011

ჩვენი დროები და სივრცეები

სადღაც ვნახე და მომეწონა.
ზუსტად ისეთია, საგაზაფხულო-საბედნიერო.

მაგრამ თავს დავდებ და მართალიც ვიქნები 2 700 ასეთი კაბა ვერ უშველის ჩემ უგაზაფხულობას.  არა, არც ცუდად ვარ, არც ამ კაბას ვითხოვ და არც არაუშავს, მერე რა მოხდა, ყველა ეგრე ვცხოვრობთ, ზოგი უარესადაც -  ფრაზებს.  უბრალოდ, გაზაფხული არ მაქვს და სულაც არ მომწონს ეგ ამბავი.  
მარტი ისე გავიდა, ვერაფერი გავიგე, რამდენიმე ლინგვისტური თეორიის გარდა. აპრილიც გული მიგრძნობს ზუსტად ეგრე მოიქცევა და მაისი კიდევ რაღა გაზაფხულია. 
ზაფხულის სისულელეების სუნი ადის აქედანვე.
ერთადერთი, რასაც ვაფიქსირებ, ის არის, რომ  რაც კი ოდესმე მიფიქრია, ყველაფერი სხვადასხვა დროის ინტერვალით, მაგრამ მაინც სრულდება. თან ახლა კი არა, უკვე რამდენი ხანია. 
ასე, გაყრია ბევრი ამბები და გინდა არაფერზე არ იფიქრო. გადის 2 კვირა და არაფერზეც არ ფიქრობ, თმის შესაღებადაც კი ვერ იცლი. ერთადერთი მიზანი ძილია. ეს დიდხანს გრძელდება და შენც ბედნიერი ხარ. ზუსტად ისე, როგორც გინდოდა ყოფილიყავი.
უყურებ ადამიანს და ფიქრობ, რომ ის 2, 3 , 4 ან მნიშვნელობა არ აქვს, რამდენიმე კვირაში ამოწურავს თავის თავს, მოსაწყენი გახდება და შენ სულაც აღარ მოგინდება კიდე ნახო.
გადის რამდენიმე კვირა და ჯანდაბასაც წაუღია ყველა მოსაწყენი ადამიანი. ის კი არა, სხვებიც აღარ გინდა ამ ამოწურვადობის მანიით შეპყრობილს.

ფიქრობ, რომ შენი ჯინსი გადასარევი როა და ასე გიყვარს, ზუსტად 2 წლის წინ ზალცბურგში რომ იყიდე და შენს გარდა იშვიათად თუ ვინმეს მოწონს, აგერ შენ მესამე გაზაფხულს უყურებს შენი ფეხებიდან. 
2 დღის მერე ზიხარ, მეგობარს ელოდები და ამჩნევ, რომ მუხლზე გადახეულა. 

ფიქრობ, რომ შარშან, მართალი გაზაფხულის ძებნაში ამბობდი, მზიურში ერთხელ მაინც უნდა დალიო მართალ გაზაფხულზეო.მერე მარუსიას ნახულობ, 13 წლის თინეიჯერივით ლუდსაც სვამ, სულელურ ამბებსაც ყვები, გარეთაც თბილა და არა რა, არ არის მზიური და ლუდი გაზაფხულის გარანტი. თან 13 წლისაც აღარ ხარ და უფრო დამაჯერებლად ჩანს იდეა ფიქრის შეწყვეტის საფუძველზე.

აი, მართლა რომ წავიდე, ჯერ იტალიაში, მერე ბუდაპეშტში, მართლა რომ მქონდეს ახალი  სამსახური, მართლა კარგი ტიპები რომ აღმოჩნდნენ ახალი ადამიანები, მართლა რომ დავწერო მთელი ის ამბები, რაც მინდა რომ დავწერო, მართლა ისეთი ზაფხული რომ მქონდეს, კვირაში ლექციებზე გატარებული 21 საათის კომპენსირებას რომ მოახდენს, მართლა ისეთი ჭკვიანი რომ ვიყო, მე როგორც მინდა, მერე ხო კიდევ უფრო შემეშინდება ჩემი აკვიატებების, მერე ალბათ საერთოდ ვეღარ გავიგებ წელიწადის დროების ამბებს და საერთოდაც, მთელ ამ უგაზაფხულობას მარტო იმიტომ ვჯავრობ, რომ რეალურად ერთადერთი ქონება, რაც გაგვაჩნია, ჩვენი დროები და სივრცეებია, ჩვენ კი იმის მიხედვით ვართ კაი ან ცუდი ტიპები, როგორ, რისთვის, ვისთან, სად რამდენ დროს ვატარებთ. 
ხოოდა, როცა რაღაც გაქვს და იმას არ იყენებ, არ უნდა იყო მთლად კარგი ტიპი.ხოოდა, მგონი იმიტომაც არ მაქვს გაზაფხული, რომ ბუნდოვანი წარმოდგენაც კი არ მაქვს, რა უნდა ვუყო.აი, ისეთი კაბაც იმიტომ არ მაქვს, რომ ლექციებს მოუხდება და არც სამსახურს.და საერთოდაც, ყველაფერი ისეთი ლოგიკურია, გადარევა შეიძლება.იმიტომაა, რომ  რაც კი ოდესმე მიფიქრია, ყველაფერი სხვადასხვა დროის ინტერვალით, მაგრამ მაინც სრულდება. თან ახლა კი არა, უკვე რამდენი ხანია. 
ხოოდა, ეგრე.
მოდით ახლა მომიყევით თქვენი გაზაფხულის ამბები : )
ან თქვენი ლოგიკური თანმიმდევრობები, ან არ ვიცი, რაც გინდათ.